ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფეისბუქელი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფეისბუქელი დაიღუპა

ფეისბუქისთვის სამი ახალი პოსტი მოიფიქრა, მაგრამ დაწერა ვერ მოასწრო. რამდენიმე მეგობრის სტატუსზე კომენტარები უნდა მიემატებინა. “დასალაიკებელი” დარჩა 5 ახალი მეგობრის ფოტო და 11 კაცი მარადიულად გაიჭედა მისი “ფრენდობის” მსურველთა რიგებში. ჰო, “თაიმლაინზე” ახალი გადასული იყო, მაგრად ისიამოვნა, კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ფეისბუქზე გამოჩენის დღიდან თავის “შემოქმედებას” და სამ დღეში აღსასრულიც მოვიდა. შუქნიშანთან გადადიოდა. სწორედ ახალ სტატუსზე ფიქრში ისე გაერთო, რომ მწვანე წითელში აერია...

მომხდარის გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა სხეულს მიღმა. გაოცებული უყურებდა ავტომობილების ბორბლებში აზელილ საკუთარ გვამს და უკვირდა, რომ თვითონაც ისეთივე იყო, როგორც ის დალეწილი ვიღაც, მას რომ ძალიან ჰგავდა, მაგრამ სისხლის გუბეში ცურავდა. რატომღაც გაქცევა მოუნდა იმ ადგილიდან. უახლოეს ბაღში შევარდა და ხის სკამზე დაჯდა. იცოდა, რომ იქ “ვაი ფაითი” შეეძლო სარგებლობა.

ნოუთბუკი უნდა გაეხსნა და ფეისბუქზე შესულიყო ახალი სტატუსის დასადებად, ვიღაც გოგო პირდაპირ კალთაში ჩაუჯდა. რაღა კალთაში, თითქოს მის სხეულში ჩაჯდა. გაოგნებული წამოვარდა ფეხზე და გოგოს ჰკითხა, რას აკეთებო? ის კი იჯდა არხეინად, სიგარეტიც გააბოლა, თითქოს ვერც ამჩნევდა. ვითომ ბრმაა? გაუკვირდა და მოპირდაპირე მხარეს მოხუცის გვერდით ჩამოჯდა გრძელ სკამზე.

გახსნა ნოუთბუქი, მაგრამ რად გინდა, ინტერნეტი ვერ დაიჭირა. ინტერნეტკაფისკენ სწრაფი ნაბიჯით გასწია, ერთი სული ჰქონდა ყველასთვის მოეთხრო რა უცნაურობები ემართებოდა იმ დღეს. კაფეში მაგიდასთან დაჯდა და შეეცადა მიმტანისგან “ვაი ფაის” პაროლი გაეგო, ზედაც არ უყურებდნენ. უნდა ეყვირა, რამ დაგაბრმავათ და დაგაყრუათო, რომ თვალი კედელზე დაკიდებული მონიტორისკენ გაექცა. საინფორმაციო გამოშვება პირდაპირ ეთერში გადასცემდა ჩართვას ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან. კადრში თვითონ ჩანდა, ასფალტზე ეგდო დალეწილი, სისხლში აზელილი, გვერდით დამსხვრეული ნოუთბუქი ეგდო. “ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, სავარუადოდ,  მან თავის მოკვლა სცადა, რადგან პირდაპირ წითელზე გადავიდა და მანქანებს ბორბლებში ჩაუვარდა,” _ ამბობდა ჩია ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში.

მოვკვდი? თავში ხელი შემოირტყა და გაახსენდა რამდენი რამ დარჩა გასაკეთებელი. შინისკენ გასწია, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა. საკუთარი დალეწილი გვამის ნახვა არ უნდოდა. სადარბაზოსთან მეზობლები შეკრებილიყვნენ. ერთმა, ინტერნეტპაკეტი მასთან საზიარო რომ ჰქონდა, სახედაღრეჯილმა სთქვა, ეგ აქამდეც არ იყო ამქვეყნად, სულ ინტერნეტში იყო შემძვრალიო. იმას ის უფრო ადარდებდა, რომ გარდაცვლილს ორი თვის თავისი წილი გადასახადი გაჰყვა ვალად.

სამი დღე ათენებდა და აღამებდა სადარბაზოს წინ. სახლში ვერ შედიოდა. ამ ხნის განმავლობაში აღმოაჩინა, რომ ამ ქვეყანაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეები არსებობდა, ვიდრე ცხოვრება ფეისბუქში. მაგალითად დედა, რომელსაც ბოლო ორი წელია თითქმის ვერ ხედავდა, არადა ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. ის ხომ 24 საათი ინტერნეტში ფეისბუქისთვის ცხოვრობდა. ყველაფერს იმისათვის ეძებდა, რომ ფეისბუქზე “დაეშეარებინა.” ვერასოდეს ამჩნევდა როდის მოჰქონდა დედას ცხელი ყავა ან კერძი მონიტორთან, ეგ კი არა, ისიც ვერ გაიხსენა საერთოდ როდის ჭამდა... მოკლედ, ძალიან მოუნდა ცხოვრების დაწყება თავიდან, მაგრამ გვიან იყო.

სანამ შენთვისაც გვიანი არ არის, დაფიქრდი გზაზე გადასვლისას. წითელი მწვანე არ არის და არც ფეისბუქშია ნამდვილი ცხოვრება.