მიშა მაგარია?! - კვირის პალიტრა

მიშა მაგარია?!

დიახ, მაგარია. მიხეილ სააკაშვილზე ამბობენ, რომ პიარის დიდოსტატიაო, სავსებით ვეთანხმები. ნეტავ ასეთივე მაგარი იყოს საქვეყნო საქმის კეთებაშიც.

სიცრუეა, რომ მიშას არ უყვარს თავისი ხალხი. რას ამბობთ? მაშინ, როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციის სამუშაო კაბინეტიდან მოსასვენებელ აპარტამენტში უნდა მიდიოდეს და სახელმწიფოსთვის მოსახმარ ტვინს ასვენებდეს, თავს ძალას ატანს და პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის ჩასაბარებლად საღამოს 8 საათზე მიდის. განა არ შეეძლო ეს ამბავი დილის 8 საათიდან ან თუნდაც 12 საათიდან “მოეყომარებინა”? მერედა როგორ მოუსმენდი შენ, კერძო თუ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულო საქართველოს მოქალაქევ? ის, ხომ პარლამენტშიც, ავღანეთშიც და ჯანდაბაშიც ყოველთვის იმისათვის გამოდის სიტყვით რომ შენ მოუსმინო და დაიჯერო, მიშა რა მაგარია.

რა, არ არის მაგარი? აბა მითხარით სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ან ტომის ბელადი, რომელიც ამხელა მსხვერპლს იღებს საკუთარი ხალხისთვის? პრეზიდენტი ზრუნავს, რომ თქვენ, საქართველოს თითოეულო მოქალაქევ სამსახურიდან აუჩქარებლად მიხვიდეთ შინ, დაისვენოთ, დანაყრდეთ და ტელევიზორის წინ თვალის გასართველად (ქართულ არხებზე გონების გასართველს თითქმის ვერაფერს ნახავთ) ჩაესვენოთ სავარძელში. ჰოდა, რომ Dჩაესვენები (მნიშვნელობა არ აქვს ტელესამების რომელ არხზე ჩართავ, რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი სამია, მაგრამ ერთია) და პულტს მომართავ, პრეზიდენტიც გამოგეცხადება. გგონია დაღლილობის კვალი ექნება სახეზე? ნურასუკაცრავად, პრეზიდენტი ხომ თქვენზე ზრუნავს, ის იმაზე უფრო ომახიანი იქნება, ვიდრე ოდესმე ტელეგამოსვლის დროს. მეტიც, პრეზიდენტი დღეს ყველა პარლამენტარს, რომელიც სიტყვით უნდა გამოვიდეს, აიძულებს ისეთივე ქორფა და ცოცხალი იერი ჰქონდეს, როგორც მას. მიშამ იცის, რომ ენერგია გადამდებია, ტელევიზორიდანაც კი და ის არ დაუშვებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან ვინმე მხრებჩამოყრილი და სახემომჩვარული დაგველაპარაკოს (ოპოზიციას კი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს რა მომჩვარავს).

მოკლედ, ახლა, როდესაც წუთები აკლია პარლამენტში პრეზიდენტის მისვლას, კიდევ ერთხელ გაოცებული ვარ ამ ადამიანის საქციელით. ვის გაუგია ღამისთევით პარლამენტში ყოფნა, რა უბედურებაა საღამოს 8 საათზე საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის ჩასაბარებლად მისვლა? რა, საგანგებო ვითარებაა? ომი დაიწყო (ჯვარი აქაურობას) თუ რა ჯანდაბა ხდება? ამასწინათ ერთმა მეგობარმა ფსიქოლოგმა მირჩია, საღამოს 8 საათიდან აქტიურ სამუშაო რეჟიმს შეეშვი, გამოიფიტები, ეს ის დროა, როდესაც ადამიანის გონება დუნდება და რელაქსაციისთვის, ძილისთვის ემზადება, რომ მეორე დღეს კარგად იმუშაოსო. ვერ გავიგე რა ხდება, პრეზიდენტი მართლა საკუთარ თავს წირავს და ამიტომაც დანიშნა ანგარიშის ჩაბარება საღამოს 8 საათიდან, თუ სწორედ ის გათვალა, რომ ამ დროიდან ტელემაყურებლის გონება მოდუნებას იწყებს და თუ მაინც და მაინც რამე გააბრაზებს, გამოძინებულს, დილით აღარ ემახსოვრება საღამოსდროინდელი წყენა, ან თუ ემახსოვრება, ისე მძაფრად არა, რომ ქუჩაში გამოვარდეს საპროტესტოდ.

მოიცა, მოიცა, იქნებ ტელემაყურებელიც არაფერ შუაშია და მიშამ დეპუტატებზე გათვალა რეგლამენტი, საღამოს 8 საათიდან მათი გონებაც ხომ მოდუნებას იწყებს. როგორც ამბობენ, “ნაციონალების” გონება ისედაც მოდუნებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში და პარლამენტში თუ მის გარეთ მიშას არცერთი სიტყვა არ აღელვებს. ე.ი. პრეზიდენტი ოპოზიციას ებრძვის, თანაც საპარლამენტოს. მდა, წინ დიდი სანახაობა გველის.

ჰო, კიდევ ისა, ვეჭვობ, რომ პრეზიდენტი დააგვიანებს, რათა მეტი დრო მისცეს მოსადუნებლად მასების გონებას.