გესმის სალ? - კვირის პალიტრა

გესმის სალ?

-ღამის პირველი საათი იყო დაწყებული. ძაღლთან ერთად საღამოს სეირნობიდან ვბრუნდებოდი. აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე სკოლის წინ საცხოვრებელი სახლის კედელზე ბიჭები რაღაც ფურცლებს აკრავდნენ. თვალი გვერდით გამექცა, სკვერში, ხეებზეც იგივე ფურცლები იყო გამოფენილი. ქაღალდზე უზარმაზარი წითელი გული გამოესახა შეყვარებულს და გოგოს სახელიც ჩაეწერა გულის გულში, - სალი. ე.ი. ბიჭს სურდა საქვეყნოდ ეთქვა, მიყვარხარ სალიო და თქვა კიდეც.

მინახავს ქუჩაში ცეცხლის ალით, ან გაჩახჩახებული ნათურებით დახატული გული, რომლითაც ავტორი ადრესატს სიყვარულს უხსნის. მინახავს სადარბაზოში შეყვარებულის ბინის კარამდე ყვავილებით მორთული კიბე, მაგრამ არასდროს მინახავს სიყვარულის ასე ორიგინალურად ამხსნელი და არც შეყვარებულის გასაოცებლად გაქაფული ყმაწვილის შრომას შევსწრებივარ. ლუკა მარტო არ იყო, თან ახლდა ორი მეგობარი და მამა. დიახ, მამა იჯდა ავტომობილში და თვალს ღიმილით ადევნებდა ბიჭებს.

ბავშვებს ვუახლოვდებოდი და სახეზე უფრო და უფრო მეტყობოდა სიხარული. ვეღარც მე ვუყრიდი ღიმილს თავს. როგორც იქნა სასიამოვნო ამბავს შევესწარი და კიდევ ერთხელ არ დამჭირდა მოჩხუბარი ბიჭების გაშველება, ერთმანეთი რომ სასიკვდილოდ ემეტებათ ხოლმე. ბიჭები მიმხვდნენ, რომ მათი სიხარული და სიყვარული მიხაროდა და გულღიად მიმიღეს. მამასაც ეცინებოდა, მე კი დიდხანს არ მჯეროდა, რომ ჩემი ასაკის, ახალგაზრდა კაცი, რომელიც უთბილესი თვალებით ამხნევებდა შვილს, ნამდვილად ლუკას მამა იყო.

დღეს მშობლებსა და შვილებს შორის გაციებული ურთიერთობების გამო მგონია, რომ ბევრი მამა და დედა საერთოს ვერ პოულობს ბავშვებთან. ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფლულებს თითქოს ჰგონიათ, რომ მოზარდებისთვის მეგობრულ ურთიერთობაზე მეტი მათ ჩაცმა-დახურვაზე და კვებაზე ზრუნვაა. მამა ჩემი საუკეთესო მეგობარია, ამაყობს ლუკა და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ამ ასაკში მათ აუცილებლად სჭირდებათ გზაზე გამყოლი, მიმართულების მაჩვენებელი, რომ მხოლოდ საკუთარ ალღოს მინდობილებმა, გამოუცდელობის გამო ბევრი წინააღმდეგობა არ ნახონ და ტკივილით არ დაეღალოთ გული.

ეს “აქციაც” მამასთან და მეგობრებთან ერთად დაუგეგმავს. ბევრი უფიქრიათ, რით მოეწონებინათ სალომესთვის თავი. მუსიკოსი ლუკასთვის მეგობრებს შეუთავაზებიათ, წამო, ფიალებში ცეცხლი ავანთოთ, თქვენი სიყვარულისთვის ხელებსაც დავიწვავთ, ერთად ვუმღეროთ, ან სულაც შენ დაუკარი მისთვის რამეო. ლუკას არჩევანი გულების გამოფენაზე გაუკეთებია, - “წარმოვიდგინე, როგორ მოდის სალი სკოლისკენ და გზადაგზა ეს გულები ხვდება. ყველა ნაცნობი გოგო მას უყურებს, თითქმის შურით სავსე, რომ ნეტავ მათი სახელები იყოს ამ გულებზე დაწერილი. მთავარია დილით, სწავლის დაწყებამდე დასუფთავების სამსახურმა არ ჩამომიხსნას ეს ნაწვალები. ვიმედოვნებ მიხვდებიან, რომ ეს ამბავი შეყვარებული ბიჭის ჩადენილიაო.” - შიშობდა ლუკამ.

სალომე ცოტათი პატარაა ჩემზეო, ძალიან ქალურიაო, ნაზიაო, ისეთი თვალებით შემომხედავს ხოლმე, რომ მერე სიცოცხლე მიხარიაო და ვხვდები, რომ ყველაფერი, რაც კი ამ ქვეყანაზე მეკუთვნის ან რისი გაკეთებაც თვითონ შემიძლია, მისთვის მინდაო.

აი, თურმე როგორია სიყვარული ამ ასაკში, მე კი მისი კბილა რომ ვიყავი ბიჭებს სიტყვის თქმას არ ვაცლიდი, არ მაინტერესებს შენი მოსმენა - თქო, დავუტატანებდი ჩემზე შეყვარებულს და მისი სევდით სავსე თვალების არაფრად ჩამგდები ცხვირაბზუებული გავეცლდებოდი ხოლმე. სალომეც ასე მოქცეულა. ეჰ, სალომე მე რომ შენი დედა ან დეიდა ვიყო, გეტყოდი, რომ ასე არ შეიძლება.

მერე რა თუ არ გიყვარს ლუკა, ხელს უხეშად ნუ კრავ. ადამიანი, მით უფრო თქვენს ასაკში ძალიან ფაქიზი და სათნოა. ერთ უხეშ სიტყვას და ჟესტსაც კი შეუძლია ცხოვრებაზე და სამყაროზე შეუცვალოს წარმოდგენა. არ გიყვარს? დახარე ლამაზი თვალები და მშვიდად უთხარი. ლუკა ისეთი კარგი ბიჭი სჩანს, არ შეგაწუხებს, მას ხომ ყველაფერი შენთვის უნდა სალ. ის წრფელი და სუფთა გულით გეტრფის, ისე, როგორც ზრდასრული ადამიანები რატომღაც ვეღარ ეტრფიან ერთმანეთს. მეგობრები მაინც იქნებით და ცხოვრების გრძელ გზაზე ყოველთვის გულს გაგითბობს, როდესაც გაგახსენდება ოდესღაც შენთვის ლუკასგან ხეებზე აბრიალებული გულების გამოფენა.

ბიჭებს “სკოჩი” გაუთავდათ და მე გამოვურბენინე სახლიდან. სასაცილოა, მაგრამ კინაღამ მათი სიყვარულის მფარველი მეგონა თავი. თქვენ რომ გაგიკეთონ იგივე, მოგეწონებათ? ჩამეძიენ ბიჭები. სამწუხაროდ ჩვენს ასაკში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელებს ჰყოფნით სულიერი ძალა ასეთი რომანტიკისთვის. მომეწონებოდა კი არა, ძალიან მომეწონებოდა, გესმის სალ?