”ავღანელსაც” ისეთი თვალები ჰქონდა - კვირის პალიტრა

”ავღანელსაც” ისეთი თვალები ჰქონდა

გუშინ საღამოს კარზე მორიდებულად დააკაკუნეს. კიბის ბაქანზე გამხდარი, შუახნის, ჭაღარა, სანდომიანი სახის მამაკაცი იდგა. მხარზე დიდი, კუბოკრული, “ლილოს ჩანთა” ეკიდა. დაბალი ხმით მითხრა: ავღანეთში ვმსახურობდი, ინვალიდი ვარ, ეპილეფსია მჭირს, მკურნალობისთვის ფული მინდა, იქნებ ბოთლებით ან ფულით დამეხმარო, ლუდის და არყის ბოთლები გექნებაო. გამაჟრჟოლა, ავღანეთის ხსენებაზე უცებ წარმოვიდგინე რა გამოიარა და გული ჩამწყდა, რომ ოდესღაც ჯოჯოხეთში სიკვდილთან ბრძოლაში გამარჯვებული გაჭირვებას ებრძოდა. ჩემს სახლში აბა ლუდის და არაყის ბოთლებს რა უნდა, ფულიც... რა? ხუთი ლარი მედო საფულეში. ორი დღე გზის ფულად უნდა მეყოს, სანამ... თუმცა, ამის ახსნა რა საჭიროა, მოკლედ, იმას თუ მივცემდი, მერე მე უნდა მეჩალიჩა შოვნაზე და პრაგმატულად მხოლოდ ბოდიში მოვიხადე, თან გულში გავიფიქრე, ესეც შენი გულმოწყალება ფარისევალო... ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. იქნებ თქვენი კოორდინატები დამიტოვოთ, ოჯახში მოვალ, ვისაუბროთ, თქვენი ამბავი მომიყევით, იქნებ რაღაც გამოსავალი მოვძებნოთ-მეთქი. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, სოციალურ თემებზე ვწერ, საზოგადოებას ეკონომიკურად ხელმოკლე ოჯახებს ვაცნობ, მერე ხალხი ეხმარება მათ - მეტქი... გამიღიმა, დაიწერე მისამართ, დაგირავებულ ბინაში ვცხოვრობთ, მეუღლე, ქალიშვილი და შვილიშვილებიო. მაპატიე, ამ ეტაპზე რომ არაფერი შემიძლია-მეთქი, დავადევნე უკან. გმადლობ სითბოსთვის, რაღაცით ხომ დაინტერსდი? მოდით ჩვენთან ოჯახშიც, მაგრამ მერე რა... დაწერთ, რა მოყვება მაგას? არავინ გვეხმარება, ყველას ფეხებზე ვკიდივართ, როდესაც ხელისუფლებისგან შემწეობას ვითხოვთ, გვპასუხობენ, ჩვენ კი არ წაგიყვანეთ ავღანეთში, კომუნისტებს მოსთხოვეთ პასუხიო... ზოგადად ძალიან მტკივა, როდესაც ადამიანებს უსამართლოდ ექცევიან, მაგრამ განსაკუთრებით ვღიზიანდები, როდესაც დაუმსახურებლად ექცევიან ჯარისკაცებს ან ყოფილ სამხედრო პირებს. მით უფრო ომში ნამყოფებს, ვეტერანებს. ძალიან ძვირფასია ჯარისკაცი ჩემთვის, ცხინვალის ომის დროს განსაკუთრებით ხშირად ვფიქრობდი ამაზე, კაცი თმობს სიცოცხლეს და მიდის ომში, მზადაა შენთვის მოკვდეს, ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე გაიღოს ყველასთვის, ის ხომ მხოლოდ თავის ოჯახს არ უკვდება? აი, ასეთ კაცს და მის ოჯახს რომ არ დააფასებ, ვინ ხარ?  სახელმწიფო? ხელისუფლება? საზოგადოება? ოპოზიცია? ვინ ხარ საერთოდ, სრულფასოვანი ხარ?სანამ თავში გვღირსებია წესრიგი, დაწყდა ხალხი შიმშილით.

შუადღისას, ძაღლი გავიყვანე ქუჩაში, შინ რომ ვბრუნდებოდით, 40 წელს მიტანებული კაცი შემხვდა, ხელში მინიატურული ფანდურები, ჩონგურები და სხვა საკრავები ეჭირა, ყიდდა, რაღაცნაირი, ვედრებით სავსე თვალებით შემომხედა. საღამოს “ავღანელსაც” ისეთი თვალები ჰქონდა...