ამოწყდა ოჯახი - კვირის პალიტრა

ამოწყდა ოჯახი

ღამის 00.16 წუთი იყო. აღმაშენებლის გამზირზე საავადმყოფოს ეზოსთან უნდა გამევლო, რა მნიშვნელობა არ აქვს რომელთან? ის, რაც ამ დროს მოხდა, შეიძლებოდა თბილისში მდებარე ნებისმიერ საავადმყოფოსთან მომხდარიყო. ეზოს რომ მივუახლოვდი, საშინელი კივილი გაისმა. 40 წლამდე ასაკის ქალი საავადმყოფოს კიბესთან ეგდო და ასულიერებდნენ... მის გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა, 40 წელს გადაცილებული კაცი, სავარაუდოდ იმ ქალის ქმარი დაჭრილი დათვივით ღრიალებდა და ძლივს აკავებდნენ, სავარაუდოდ ნათესავები... მტერს არ უსურვებს ადამიანი, იმას, რაც იქ გავიგე. ქალი და კაცი ცოლ-ქმარი ყოფილან. მათი ვაჟები, 19 და 15 წლისანი ავარიაში დაიღუპნენ, უფრო სწორად ერთი ადგილზევე მომკვდარა, მეორე საავადმყოფოში, საჭესთან ბიძაშვილი მჯდარა, 20 წლის. სამივე ნასვამები ყოფილან. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, მძღოლი ნაწილ-ნაწილ ამოიღეს დაკეპილი მანქანიდანო... ის, სულაც დედისერთა ყოფილა... ამოწყდა ორი ოჯახი. იქნებ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ სამი, სამი ოჯახი განადგურდა, სამი ბიჭი სამ ოჯახს შექმნიდა, შვილები ეყოლებოდათ... სამწუხაროდ ყველაფერი წარსულში დარჩა. რატომ გამიჩნდით, თუ ასე მალე უნდა მიგეტოვებინეთო, მოთქვამდა დედა... ღმერთო, ყველა დაიფარე, მაგრამ რამდენი ოჯახი უბედურდება ასე, ალბათ ყოველდღე.

საპატრულო პოლიციელს თვალზე ცრემლი ადგა, ვერაფერს ვწერო, სავარაუდოდ ოქმი ხელში შეაჩეჩა მეწყვილეს, არანაკლებ გახევებულს. ჩვენც გვყავს შვილები, ჩვენც მშობლები ვართ. ეს რომ პირველი და უკანასკნელი არ არის, ეგ უფრო გვტკივა, ძირითადად სულ პატარა ბიჭები იღუპებიან, არ ვიცით სად ეჩქარებათო.

ამ შუაღამისას ციფრებს ვერ გადავამოწმებდი, საპატრულო პოლიციელმაც ვარაუდით თქვა, წელიწადში დაახლოებით 1000-მდე კაცი იღუპება ავტოკატასტროფების შედეგადო... წინა წლებში ამ თემაზე მომზადებული რამდენიმე სტატიიდან მახსოვს, რომ სტატისტიკის სამსახურებმაც თითქმის ანალოგიური ციფრი დაასახელეს. რა გამოდის? ყოველწლიურად კატასტროფულად მცირდება გენოფონდი? სტატისტიკის მიხედვით ხომ ძირითადად რეპროდუქტიული ასაკის თაობა იღუპება, ისინი, ვინც ერი უნდა გაამრავლოს.

იქნებ სჯობს, რომ ავტომანქანის საჭესთან დაჯდომის უფლება უფრო მოწიფულ ასაკში მიეცეთ ბიჭებს? თუნდაც 25 წლიდან ზევით... ან იქნებ მართვის მოწმობის აღების წესები გართულდეს? მაგალითად, არ მიეცეს მართვის მოწმობა, სანამ არ დადგინდება, რომ პოტენციური მძღოლი ფსიქოლოგიურად მდგრადი პიროვნებაა და კარგად აქვს გააზრებული რა შეიძლება მოჰყვეს მოძრაობის წესების დარღვევას, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდომას ან სიჩქარის გადაჭარბებას. ან, ან... რა შეიძლება რომ გაკეთდეს ამდენი ხალხის გადასარჩენად? შემძრა ამბავმა, რომელსაც შევესწარი...

ჩემი ძმა ისეთ სამსახურში მუშაობს, რომელსაც სამწუხაროდ ხშირად უწევს გასვლა ავტოკატასტროფის ადგილზე. ერთხელ შუაღამისას დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან ცუდად იყო და ვინმესთან ლაპარაკი სურდა. "ორ საათში ორი უმძიმესი ავარია დავაფიქსირეთ. ერთი მანქანიდან ექვსი 17 წლის ასაკის მოზარდის დასახიჩრებული გვამი ამოვიღეთ, ბანკეტიდან მოდიოდნენ ნასვამები, ზუსტად ერთ საათში კი გმირთა მოედნისა და "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი ვაჟკაცი გადმოვასვენეთ დალეწილი მანქანიდან და ვატყობ, რომ ნერვებმა მიმტყუნა. მიჭირს იმის წარმდგენა, რომ ერთ ღამეში ამდენი ახალგაზრდა სიცოცხლე გამოგვაკლდაო...

როდემდე? გამოსავალი არ არსებობს?