რა ღირს ღირსება? - კვირის პალიტრა

რა ღირს ღირსება?

ახალგაზრადა კაცია. დაბანილი, გაკრეჭილი და სუფთად ჩაცმული შთამბეჭდავი სანახავი იქნებოდა, მაგრამ ახლა ისეთია, ახლოს რომ ჩაგივლის, სულ ცოტა, სამი წუთით მაინც ცხვირზე ხელი უნდა მოიჭირო. პირველად ორი წლის წინ შევნიშნე. უკვე თმები გაბურძგნული ჰქონდა, მაგრამ ასეთი სახედაკარგულიც არ იყო. ეტყობოდა, რომ მაწანწალის სტატუსი ცოტა ხნის წინ "მოერგო". როგორც ყოველ დილით, იმ დღესაც ძაღლს ვასეირნებდი, შორიდან შეგვნიშნა, გზის მეორე მხარეს გადავიდა, ხელები წინ ისე გაიშვირა, როგორც ორ თათზე შემდგარმა კურდღელმა და სკუპ-სკუპით ჩაგვიარა. მაშინ მივხვდი, რომ "ვერ იყო" და გული დამწყდა. იმის შემდეგ ყოველ დღე ვხვდებით, ხან დილით, ხან საღამოს. როგორც მისნაირებს ახასიათებს, დაათრევს უზარმაზარ ჩანთებს ან ცელოფნების გროვას და ხალხს ხმას არ სცემს. წეღანაც კიდევ ერთხელ დავინახე უზარმაზარ ნაგვის ურნაში ჩაყუდებული. ცნაურია, კატები არასდროს ერიდებიან. ის ინტერესით იქექება ნაგავში, ლითონის კედლის კიდეზე ჩამომსხდარი ცხოველები კი მშვიდად განაგრძობენ თვლემას.

რატომღაც მომინდა დავლაპარაკებოდი, რაღაც გამეგო მის შესახებ. არ მოგბეზრდა ნაგავში ქექვა, არ გინდა კარგი საქმე მოგცე? თავი არც აუწევია, ისე გააქნია უარის ნიშნად, თითქოს ცდილობდა ეგრძნობინებინა, რომ ჩემთან ლაპარაკი არ სურდა. მიუხედავად ამისა, რაღცნაირი სითამამე ვიგრძენი და არ მოვეშვი. მაგარი საქმეა, შენზე ეჭვს ვერავინ მიიტანს, კარგად გადაგიხდიან, ყველაფერი სუფთად გამოვა. სხაპასხუპით მივაყარე ენაზე რაც მომადგა, თან ვფიქრობდი რა სისულელეს ვლაპარაკობ-მეთქი. უცებ თავი ასწია, შენ დებილი ხომ არ გგონივარო? ისეთი სახით მკითხა, რომ კინაღამ ენა ჩამივარდა. გიჟი მგონიხარ-მეთქი, ვუპასუხე გაოცებულმა და "საქმის შეთავაზება" განვაგრძე. უცებ მომიბრუნდა, ჯერ ხელი ამიქნია , მერე კი ნაგვის ურნაზე მიმითითა, ამაზე სუფთა არცერთი საქმე არ არისო. ახლა ვეჭვობ, რომ ის კაცი გიჟი კი არ არის, უბრალოდ თავისი ცხოვრების წესით პროტესტს უცხადებს გარესამყაროს. ჩავეძიე, სახლი არ გაქვს? გაკვირდები, ყინვაშიც კი, სადღაც ქუჩაში, შენი ცელოფნების გროვაში მიყუჟულს გძინავს-მეთქი. სახლი ბანკმა წაიღოო, ჩაიბურტყუნა და ისევ ჩაყო თავი ნაგვის ურნაში. არ გინდა, ახალი სახლი იყიდო? ბევრ, ძალიან ბევრ ფულს გადაგიხდიან –მეთქი. ისევ მშვიდად და სუფთად იცხოვრებ, თბილ ლოგინში დაიძინებ და ცხელ კერძს შეჭამ, ამ საზიზღრობას, ნაგავში ქექვას კი თავს დაანებებ-მეთქი. ურნაში ჩაყუდებულმა თავი მოაბრუნა და ჩუმად გამოცრა, შემეშვი, სახლი და ჭერი დავკარგე, იმისათვის, რომ ღირსება შემენარჩუნებინა და ჩემგან ვერანაირ გარიგებას ვერ ეღირსებიო. ის მაინც მითხარი ვინ ხარ-მეთქი? განდეგილიო, ჩაიბურტყუნა და ისევ ჩაყო თავი ნაგავში.

ახლა ცნობისმოყვარეობით ვკვდები, ასეთი რა შეემთხვა, რომ ღირსების შესანრჩუნებლად ყველაფერი სასწორზე დადო? თვალწინ მიდგას სკვერში, ხის გრძელ მერხზე ჩამომჯდარი სიგარეტს რომ აბოლებს ხოლმე. უნდა ნახოთ, როგორ ზის, რა მანერები აქვს და მიხვდებით, რომ ის ჩვეულებრივი, რიგითი მაწანწალა არ არის. მინდა, რომ როგორმე ჩავითრიო ლაპრაკში, ვკითხო როგორ შეძლო, რომ ფულის, კომფორტის, ფუფუნების სიყვარულმა არ სძლია. იქნებ იმ წამალს მივაგნოთ, მთელ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს რომ ჭირდება. იქნებ დავადგინოთ რა უშველის ადამიანებს ფულის სიყვარულისგან განსაკურნებლად. არადა, რას უშვება ეს ოხერი ადამიანებს, ადამიანობას აკარგვინებს. უფრო და უფრო მეტი უნდებათ და ამ ნდომაში ისე თელავენ სხვებს, რომ საკუთარ წაშლილ სახეებს სარკეშიც ვეღარ ამჩნევენ.

შენ მე დებილი ხომ არ გგონივარო, ღირსება ვერ დავთმეო... დავდივარ და ყურებში მესმის მისი ხმა. ნეტავ აბების ან ვაქცინის სახით იყიდებოდეს ღირსება, ვიყიდდი და თუნდაც რამდენიმე ადამიანს ძალით გავუკეთებდი ან წყალში ჩავუყრიდი. საინტერესოა დღეს რა ფასი აქვს ღირსებას?