ეს არ არის კანონიკური ხატი - კვირის პალიტრა

ეს არ არის კანონიკური ხატი

არ შეიძლება ფეხმძიმე ღვთისმშობლის ხატზე გამოსახვა

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ორსული ღვთისმშობლის ხატი, რომელიც უამრავმა ინტერნეტმომხმარებემა გაიზიარა. თუმცა, მათ უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს, რომ ფოტო, რომელზეც მიდგომილი ღვთისმშობელია გამოსახული, კანონიკური არ არის და შესაბამისად საქართველოს საპატრიარქო არ აღიარებს როგორც ხატს. ორსული ღვთისმშობლის ფერწერული გამოსახულება შექმნილია ფრესკის მიხედვით, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, მდინარე ფრონეს ხეობაში მდებარე დირბის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის ტაძრის კედელზეა გამოსახული.

თამარ კვანტალიანი საქართველოს საპატრიარქოს ხურთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი _ "ბოლო დროს საქართველოში არამხოლოდ საერო პირები, სამღვდელოების წარმომადგენლებიც ხატების სახით ავრცელებენ არაკანონიკურ გამოსახულებებს. მათ შორის ერთ-ერთი ფეხმძიმე ღვთისმშობელს ასახავს. ხატის სახით გავრცელებულ სურათს მიდგომილ ღვთისმშობელს უწოდებენ. ის შექმნილია დირბის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მეთოთხმეტე საუკუნის კედლის მხატვრობის ერთ-ერთი სცენის მიხედვით. ხატის სახით გავრცელებული სურათის საკითხი საგანგებოდ განიხილა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო-მეთოდურმა საბჭომ. იმ დროისთვის დირბის მონასტრის იღუმენმა იოანე ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ დირბის მონასტრის მოხატულობის ფრაგმენტი, სადაც ფეხმძიმე ღვთისმშობელია გამოსახული, მრევლის მიერ ვრცელდება როგორც ორსული ქალების მფარველი ხატი, "ამიტომაც იქნებ ფრესკა აღგვედგინა და მის საფუძველზე დაწერილიყო ფეხმძიმე ღვთისმშობლის ამსახველი "ხატი" რომელიც ორსულთა მფარეველი იქნებაო" _ თქვა იღუმენმა. საბჭომ განიხილა როგორც ფრესკის აღდგენის, ისე ე.წ მიდგომილი ღვთისმშობლის ხატის კანონიკურობის საკითხი და დაასკვნა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მიზანშეუწონელია დირბის მონასტრის მეთოთხმეტე საუკუნის უნიკალური კედლის მხატვრობის აღდგენა.საბედნიეროდ, მას გაკეთებული აქვს კონსერვაცია და განადგურება არ ემუქრება. რაც შეეხება ე.წ. ხატს, საბჭო მიიჩნევს, რომ ფეხმძიმე ღვთისმშობლის გამოსახულების ხატის სახით არსებობა და გავრცელება დაუშვებელია, ვინაიდან მისი არსი დედა ღვთისას მიმართ შესაფერისი პატივისცემის გამომხატველი არ არის და ღვთის განკაცების დოგმატს აკნინებს. იოსების ყვედრების იკონოგრაფიული კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამ გამოსახულების ხატზე გადმოტანა მიუღებელია და არც რაიმე საჭიროებას წარმოადგენს, რადგან არსებობს შეწიაღებული ე.წ. ნიშნიანი ღვთისმშობლის კანონიკური გამოსახულება, სადაც განკაცების დოგმატიცა და მარიამის დედობრიობაც არის ასახული.

დირბის მოხატულობის ის ფრაგმენტი, სადაც ფეხმძიმე ღვთისმშობელია გამოსახული, არის სიუჟეტური სცენა სახელწოდებით "იოსების ყვედრება". სახელწოდებიდანვე სჩანს შინაარსი, _ შინ დაბრუნებული იოსებს ექვსი თვის ორსული მარიამი დახვდა. რის გამოც ის შეწუხდა, როგორც იაკობის სახარებაშია ნათქვამი. მოხატულობის ეს სცენა ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი ციკლის ნაწილია. ფრესკაზე ამბის მოყოლის აუცილებლობიდან გამომდინარეობს მისი რეალისტური შინაარსიც.

ხატწერაში ასეთი რეალისტური დამოკიდებულება ტრადიციულად კათოლიკური ხელოვნებას ახასიათებს, მართლამდიდებელი ეკლესია კი ყოველთვის ირჩევდა ხატის საიდუმლოებათა მისტიკურ გააზრებას. ამიტომაც მოხატულობის ერთიანი პროგრამიდან გამომდინარე, გაჩნდა ლოგიკური დასკვნა: დირბის მოხატულობის ეს სცენა, იოსების ყვედრებაა და ხატად თუ ვაქცევთ ღვთისმშობელს კი არ მივაგებთ პატივს, იოსების ყვედრებას ვავრცელებთ. წმინდა მამა ბასილი დიდი ამბობს, _ "პატივი, რომელსაც გამოსახულებას მივაგებთ, პირველსახეზე გადადის, შესაბამისად, უფლის, ღვთისმშობლის, წმინდანისა თუ ანგელოზის მიმართ ჩვენი მოკრძალება და თაყვანისცემა ან პირიქით, უკრძალველობა და უპატივცემულობა ნებითა თუ უნებლიედ, იმაშიც ვლინდება, თუ როგორ გამოვსახავთ მათ." ხატმებრძოლობის ხანის ცნობილი მოღვაწე და ხატების დამცველი წმინდა იოანე დამასკელი წმინდა გამოსახულებებისადმი მიძღვნილ თავის ცნობილ აპოლეგეტურ სიტყვაში თაყვანისცემას განსაზღვრავს, როგორც მორჩილებას, ე.ი. თვინიერებისა და თავმდაბლობის ნიშანს. შესაბამისად ხატზე გამოსახული პირი უნდა იწერებოდეს ისე, რომ მისი პიროვნული სიდიადე, მისდამი ჩვენი მოკრძალება და თაყვანისცემა იყოს ასახული. "საკუთრივად და ჭეშმარიტად ღვთისმშობლად ვქადაგებთ წმინდა ქალწულს, რადგან ისევე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთია მისგან შობილი, ასევე ჭეშმარიტი ღვთისმშობელია ის, რომელმაც შვა თავისი თავიდაგან ხორცშესხმული ჭეშმარიტი ღმერთი" _ ამბობს იოანე დამასკელი. შესაბამისად ხატის სახით გავრვცელებულ იოსების ყვედრების სცენის ფრაგმენტში უგულვებელყოფილია უფლის განკაცების დოგმატი, არადა, სწორედ მას ეფუძნება თავის მხრივ ხატის თაყვანისცემის დოგმატიც. მეტიც, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მისია, სულიერი სიმაღლე და სიდიადე აქ მხოლოდ დედობრიობის ღვაწლამდეა დაყვანილი. შესაბამისად, იმას, რაც დღეს ე.წ. ხატის სახელით ვრცელდება, საერთო არაფერი აქვს კანონიკურ ხატთან."