კაცი და მგელი - კვირის პალიტრა

კაცი და მგელი

ორი თვის წინ ჩემს უფროსს ძმას ტყიბულში გვიან გამგზავრებამ მოუწია. შორი გზა გვიან ღამით მოიარა მანქანით. თურმე იმ ღამით მგელს გადაჰყრია. აი, რა მიამბო ამ უნებლიე შეხვედრის შესახებ:

"ღამის ორი საათი სრულდებოდა, ტყიბულიდან გამოვბრუნდი, ქალაქს რომ გამოვცდი, მალევე გზაზე მგელი გადამიხტა. თავიდან მეგონა ძაღლი იყო, რადგან ტრასაზე ადამიანისგან მოურიდებლად გარბოდა და კვლავ ტყეში გადახტომას არ ცდილობდა. როდესაც აღნაგობას და კისერს დავაკვირდი, დავრწმუნდი, რომ მგელს მივსდევდი. 60 კმ/სთ სიჩქარით გარბოდა. მეც აზარტში შესული კუდში მივყევი. ხუთი კილომეტრის გარბენის შემდეგ ტემპი დააგდო, ჯერ 55 კმ/სთ-ზე ჩამოვიდა, მერე უცებ 45-ზე და შემეცოდა.

უკანა ფეხები ეკეცებოდა, გზაზე სწორ მიმართულებას ვეღარ იკავებდა, ზიგ-ზაგებით გარბოდა. ვფიქრობ, ტყეში იმიტომაც აღარ შებრუნდა, რომ იეჭვა, თოვლის გროვებზე ახტომას ვერ შეძლებდა და დამარცხდებოდა. გზის გასწვრივ ტრაქტორს ტრასის გასუფთავების შემდეგ თოვლის მაღალი გორები დაეყენებინა . როდესაც მგელს წინ გადავუსწარი, ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მაინც ამაყად მიყურებდა. იქნებ შინაგანად შეშინებული და დამფრთხალიც იყო, რომ რაღაც უზარმაზარი საგანი მისდევდა, მაგრამ ამაყად აწეულ თავს შიში არ ეტყობოდა.

მანქანა მოვაბრუნე და პირდაპირ დავუდექი, გაქცევა არც მაშინ უცდია, ლასები აეკეცა და ავად უელვარებდა ეშვები, ვაჟკაცურად მდგომი, თითქოს მეუბნებოდა, მოდი, ყველაფრისთვის მზად ვარო. შემეცოდა და შევეშვი. მისმა ფიზიკურმა და სულიერმა სიძლიერემ მომხიბლა, თორემ დევნის გაგრძელების მანქანის მცირე შეჯახების შემთხვევაში დავაგდებდი და გათოკილს ჩავიყვანდი ქუთაისში. ეს რომ გავიფიქრე, საკუთარ თავზე გამეცინა, ბიჭო, რას ერჩი ამ გაჭირვებულს, ადამიანი ტყეშიც აღარ აჩერებს და მისი სატკივარი აქვს, იქნებ მშიერი ლეკვებისთვის ლუკმა აქვს მისატანი, იქნებ სულაც თვითონ არის რამდენი დღის ნაშიმშილევი, შეეშვი - მეთქი, ვუთხარი ჩემს შინაგან მეს.

ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო შემთხვევა, შეხვედრა მგელთან, რომელიც არასდროს დამავიწყდება. შინ მომავალი სულ იმ მგელზე ვფიქრობდი. ცხოველია, მაგრამ გონიერი და ვაჟკაცური თვისებების გამო პატივისცემას იმსახურებს. მე მანქანით ვიყავი მასზე ძლიერი, თორემ უმანქანოდ მყოფი ალბათ მე ვიქნებოდი დევნილი, ის კი მდევარი, თოფით შეიარაღებული კი დაუფიქრებლად ვესროდი ალბათ მაშინაც კი თუ ჩემკენ არ გამოიწევდა.

ხუთი კილომეტრის მანძილზე მგლის დევნის დროს იმდენ რამეზე ვიფიქრე, ზოგჯერ წლის განმავლობაშიც რომ არ იფიქრებს კაცი. აბა, რატომ მომინდებოდა სხვა დროს მგლის ხასიათის ჩაწვდომა?! იმ ღამით კი, მართალია მე მანქანაში, საჭესთან ვიჯექი და ის გარბოდა, მაგრამ მის გონებას და გულს ძალიან ახლოს ვგრძნობდი. იქნებ ამიტომაც გამიჩნდა კაცური თანაგრძნობა მის მიმართ."

მიყვარს ჩემი ძმა და ის მგელიც.