არა ”მესიას” - კვირის პალიტრა

არა ”მესიას”

ის, რაც, ჩემს ფეისბუკელ "ფრენდ" გიორგი ბერეჟიანთან საუბრის შემდეგ დარჩა:

მესია მოკვდა, გაუმარჯოს მესიას?!

ავადმყოფობა გვჭირს, მესიების ძიება. კერპ-მესიების დრო დამთავრდა. პირველი მესია სროლა სროლით გააძევეს, მერე მოკლეს. მეორე მესია ვარდების რტყმევით გააგდეს. მესამეც მოკლეს, ლონდონში. მეოთხე ჩალპა. მეხუთე მოდის?! მესია ყველამ საკუთარ თავში და ქმედებაში უნდა მოიძიოს." მე ილიასეულ სარკეს მოვიტან და ერთმანეთი ჩავახედოთ, რომ მური არსად დაგვრჩეს სახეზე და ქვეყანაზე არ შევრცხვეთო. აი მისი სარკეც:

სანამ სარკისკენ მობრუნებულხართ

გადმოცემების თანახმად, ძველი რომთან ახლოს იყო ერთი დიდი მინდორი, სადაც ხუთასი წლის განმავლობაში ყრიდნენ გლადიატორების გვამებს. ხუთი საუკუნე ნიადაგი იჟღინთებოდა ოფლით, სისხლით, ცრემლითა და ძვლებით (ხორცს სვავები და ტურები ჭამდნენ) იმ საცოდავი მონებისა, რომლებიც კოლიზეუმში ერთმანეთს ხოცავდნენ რომის "თავისუფალი" მოქალაქეების გასართობად. ამ მიწაზე, რომის ერთი ძალიან კეთილი და მდიდარი მოქალაქე თურმე ბოსტნეულს თესავდა. არნახულ მოსავალს იღებდა და თავის სიმდიდრეს ხელოვნების განვითარებას ახმარდა, რომაელ ხელოვანთ ეხმარებოდა. ამიტომაც საყოველთაოდ გაითქვა სახელი უზომო სიკეთის თესვით. მისი სახელი იყო გაიუს მეცენატიუსი. ამის შემდეგ მეცენატი ჰქვია ქველმოქმედს, ადამიანს, რომელიც მატერიალურად ეხმარება ხელოვნებას ან ხელოვანებს.

არსობრივად მეცენატზე დიდია ალტრუისტი, რადგან ალტრუიზმი არის უანგარო ზრუნვა სხვისი კეთილდღეობისათვის, მზადყოფნა სხვას შესწირო პირადი ინტერესები. ჩემი აზრით, მეცენატი გამდიდრებული ალტრუისტია და მიუხედავად იმისა, რომ ორივე დიდ სიკეთეს სჩადის, მიმაჩნია, რომ ისინი რყვნიან ადამიანებს. როგორ?

ხედავ გახრწნილებას?

ივანიშვილის არსებობა რამდენიმე წლის წინ გავიგე. მინსკიდან მოვფრინავდი თბილისში. აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში ერთი ახალგაზრდა ბიჭი აღტაცებული ჰყვებოდა ვიღაც მაგარ კაცზე, რომლის დახმარებით ის მოსკოვში "გულაობს"", რადგან იცის, რომ მის ცოლ-შვილს არაფერი გაუჭირდება ზემო იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. მისი თქმით, იმის გამო, რომ სოფლის გზებზე ნეხვი არ ყოფილიყო, ივანიშვილმა ყველას უთხრა, თუ ძროხას არ იყოლიებთ, თვეში ხუთას ლარს გადაგიხდითო და... ოჯახის რჩენა საფიქრებლად რომ აღარ ჰქონდა, ის ბიჭი და მისნაირები რუსეთში წავიდნენ ვნებათა გასართველად... კაზინოს და "წამალს" არ იკლებდნენ. ვუთხარი, საცოდავებო, რა დღეში ყოფილხართ! თქვენთან მალე უსაქმურობისგან კაცები გალოთდებიან, ქალებიც წახდებიან _ მეთქი.

ორი წლის მერე ჩემს ძმასთან ვნახე საჩხერელი მუშები, სახლს ურემონტებდნენ.

რა ხდება სოფელში? ვიკითხე კარგი ამბის მოლოდინით. კაცები გალოთდნენ, ქალები წახდნენ, უსაქმურობამ გარყვნა ხალხი. მიპასუხეს მათ. შემეშინდა, დაღუპავს ეს იმერელი კაცი თავის რაიონის მოსახლეობას - მეთქი. ცოტა ხანში კი მხოლოდ მშობლიურ რაიონს კი არა, მარჩენლად ექცა მთელი საქართველოს გამოჩენილ "შემოქმედებს." ვიფიქრე, ეს ხალხი გონიერია, ისინი გაუძლებენ მეცენატით გამოცდას – მეთქი. ვერ გაუძლეს.

გლდანის ციხის "დ" კორპუსის 87 საკანში ვიჯექი, მართალია უსამართლოდ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ ექვსი თვის. უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. საკანში ხელთ ჩამივარდა გაზეთი. გადავშალე და გული კინაღამ გამისკდა. 1937 წლის "იზვესტია" მეგონა ერთი სტატიის გამო. სტატიას ერქვა: "გააჩერეთ შანტაჟისტი, გამომძალველი გაზეთ "ალიას" ჟურნალისტები". (ივანიშვილი გაულანძღავთ მათ) სტატიის თანახმად, თურმე ჟურნალისტები "რეკეტიორობდნენ", აშანტაჟებდნენ რესპოდენტებს იმით, რომ თუ "ფოსტას" არ გამოვიდოდა, მათ შესახებ დაწერდნენ ათას სიყალბეს. ამ ამბავთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გამიჩნდა, რაც ცალკე განხილვის თემაა. ამ სტატიაში ჩემთვის განსაკუთრებით სულისშემძვრელი იყვნენ ხელისმომწერნი, "ხალიავშიკების სასტავი," ერის ყველაზე შემოქმედი ნაწილი. გამახსენდა, ერთმა დიდმა მსახიობმა ბრძანა: Талант как прыщ растет на любой заднице. კიდევ კარგი 2008 წელი იყო და არა 1937! ეს პასკვილი იმ დროს ხომ განაჩენი გახდებოდა მათთვის, ვისაც რეკეტიორობა ბრალდებოდათ?! მადლობა ბატონ ბიძინას! ის რომ არა, ვერ მივხვდებოდი არანაირი კავშირი რომ არ აქვს ადამიანის პიროვნულ თვისებებსა და მის მიერ შექმნილს. ხუხულასავით ჩამოიშალა ჩემი კომპლექსი, ავტორიტეტებით აღტაცება. ორნი დამრჩნენ მხოლოდ, ჩემი ილია მეორე - დედამიწაზე და ზეცაში - ქრისტე. რომ არა ის ფული, რასაც ნამდვილად უკეთილშობილესი ადამიანი სტატიის ხელისმომწერთ უხდიდა, ხომ წაიკითხავდნენ რაზე აწერდნენ ხელს? მოუსყიდველი და გონიერი კაცი ასე ხელაღებით ხომ არ მოაწერდა ხელს ვინმეს ლანძღვას (თუნდაც სამართლიანს)? ხომ დაფიქრდებოდნენ პრობლემის (თუ ასეთი რამ მართლა არსებობდა) გარკვევის და მოგვარების უფრო ღირსეული ხერხი და მეთოდი ენახათ, ვიდრე გაზეთებით თუ სახალხოდ ერთმანეთისთვის თავს ლაფისდასხმაა? ამიტომაც დღესაც ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულით მათი ღირსება შეილახა. არ შეიძლება ადამიანს მისცე ის, რაც მას არ დაუმსახურებია. ამით რყვნი მათ. დიდი ფული - დიდი პასუხისმგებლობაა. შეგიძლია ავადმყოფს ტკივილი მოუხსნა, მაგრამ შეგიძლია დაღუპო კიდეც. როდეცა რეზო ესაძეს ოპერაცია გაუკეთა ბიძინამ, სწორად მოიქცა. როდესაც 2000 ლარს უხდის ნამდვილად დამსახურებულ ადამიანებს, რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ის მათ ღირსებას აკარგვინებს. უკეთ სთქვა ოტიამ იოსელიანმა: "ივანიშვილი კი არის მეცენატი, მაგრამ ჩვენ ხომ მათხოვრები ვართო." ვიღაც იკითხავს, კი მაგრამ ერის სასიქადულო შვილებმა რით ვერ დაიმსახურეს ეგ სიკეთეო? უფალი გვეუბნება: "თუ რამე გამოგივიდა ეს ჩემი დამსახურებაა და არა შენიო. თუ რამე არ გამოგდის ეს შენი ბრალია, არა ჩემიო..." არ არის სწორი საქციელი, როცა ერთს არ ეხმარები და მეორეს თავს ევლები, იმიტომ რომ გუშინ რაღაცა შექმნა და რაღაცას მიაღწია? რომ მიაღწია, ამიტომაც მიიღო უფლის წყალობა. შენ რომ უწყალობებ, ვინ ხარ? არც ერთს არ უნდა მისცე. ამ შემთხვევაში კი როდესაც "რჩეულებს" მოშივდებათ და იგივე დღეში ჩავარდებიან, როგორშიც არის მათი "სათაყვანებელი ერი". იქნებ, ასწიონ ერთი ადგილი და ხმა აიმაღლონ უსამართლობის წინააღმდეგ. მათი ხმა ხომ უფრო ხმამაღლა აჟღერდებოდა, ვიდრე რიგითი მოქალაქისა? იქნებ არც კი ჩავარდნილიყავით ამ ჭაობში, რომ არა ეს დაწყევლილი მეცენატობა. ილუზიებში ცხოვრობენ, იმის გამო, რომ ყოველ თვეში "ციდან უცვივათ" 2000 ლარი ბიძინასგან, მათთვის ალბათ ძნელია გაუგონ ადამიანებს, რომლებიც გროშებს იღებენ პენსიად თუ გასამრჯელოდ, ან სულაც უმუშევრები არიან. მერე კიდევ ერთ სიკეთეს რომ გაუკეთებ კაცს დაუმსახურებლად, მეტს მოგთხოვს. ან ეჭვიანობას დაიწყებს, იმას უფრო მეტად ხო მარ ეხმარეობა და ლანძღვასაც დაიწყებს. აშკარაა, ძალიან სასიამოვნოა ალტრუისტობა, მაგრამ უზომოდ მძიმე ჯვარიც არის. შენ "სიკეთეს" უკეთებ, მიმღები კი სულში გაფურთხებს. სწორადაც იქცევა. შენ მისი მტერი ხარ.

არ ვიცი, რა ნერვების და უზომო კეთილშობილობის და შემწყნარებლობის პატრონია ბიძინა ივანიშვილი, რომ ამდენ შეფურთხებას გაუძლო და მაინც უნდა, რომ დაეხმაროს თავის უმადურ ერს. ვიმედოვნებ, რომ ის მიხვდა, რა დამღუპველია ერისათვის მისი ალტრუიზმი და მეცენატობა. ვიმედოვნებ, რომ დახმარების ფორმას შეცვლის.

ნუ გახდებით მესია # 2

ქართველებს კვლავ ილუზია გაუჩნდათ იმის, რომ ახალი მესია მოვიდა, რომელიც მათ გასაკეთებელს გააკეთებს და ხონჩით მიართმევს დემოკრატიას, მატერიალური კეთილდღეობით. არადა, პოლიტიკური "ხალიავა" იმაზე მეტად დამღუპველია, ვიდრე მატერიალური. როდეაც ბიძინას წერილი წავიკითხე, ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ის ყოველმხრივ დაეხმარება მოქალაქეების სწრაფვას, თვითონ აიღონ ინიციატივა ხელში საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ბატონო ბიძინა, ანგარებიანი და პატივმოყვარე ჩვენი ერის შვილები ადვილად იყიდებიან - ნუ იყიდით მათ. მიმართეთ თქვენი რესურსი მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების შექმნისაკენ. მავანი იტყვის, რამდენი ავტორიტეტული ფონდი მუშაობს და არაფერი გამოსდითო, "დაჟე" სოროსსო! ხუთასი წელი რომ აფინანსონ, მაგათ არ გამოუვათ, ერთი მარტივი მიზეზის გამო: იქ, სადაც სიყვარული არ არის, ყველაფერი ფუჭია! თქვენ გამოგივათ, რადგან მხოლოდ სიყვარული გამოძრავებთ. ერთი მითხრას ვინმე უგულო მავნემ, რომ ესე არ არის.

ერთ-ერთმა " მესიამ მიშა აღმშენებელმა," ძალიან მაგარი საქმე გააკეთა შვიდ წელიწადში: მთელი ერის პოლიტიკური და ინტელექტუალური სპექტრის ლუსტრაცია მოახდინა. გამოავლინა ერის მარგალიტები, რომლებიც ნამდვილად არ იყიდებიან და რომელთათვის ღირსება სიცოცხლეზე ბევრად მეტია. გამოიყენეთ ეს ხალხი და უშველეთ ჩვენს სამშობლოს. მაგრამ ნუ გახდებით მესია # 2. ფირდოუსი ამბობდა: ვინც უღირსებს აამაღლებს,/ მათზე იმედს დაამყარებს,/ სწორი გზიდან გადაუხვევს,/ ის გულში გველს ჩაიხუტებს.

ვიმედოვნებ, რომ უკვე ხვდებით ლომის წილი მიშას აღზევებაში თქვენი შეუგნებელი არა წინასწარგანძრახული ალტრუიზმის ბრალიც რომ არის. მივესალმები თქვენს განძრახვას გამოასწოროთ თქვენივე შეცდომები.

ნუ ეძებთ მესიას, იფიქრეთ მისიაზე

ჩემი მეგობარი რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში მივიდა ტრაგიკულად დაღუპული შვილისათვის პანაშვიდის შესაკვეთად. ტაძარში საღვთო მომსახურების ტარიფები(?!) ყოფილა გამოკრული. კაცს ფული არ ჰყოფნიდა. ამ დროს თურმე ვიღაც ბერია გამოელაპარაკა. ვინ ხარ და საიდანო?

- Я, Грузин! - უპასუხა ქართველმა.

- Нет! Ты не грузин ты Иверец. Не называй Иверию Грузией. На вашу строну, возложено создателем особая миссия. Вся православная Россия с надеждой смотрит на вас. Лишь после вашего возрождения возродится православная, сватая Русь.

ბერმა ფული არ გამოართვა ისე გადაუხადა პანაშვიდი მის გარდაცვლილ ბიჭს. სხვაც ბევრი რამ უთქვამს საქართველოს დიდი მისიის შესახებ. არ მიყვარს ილუზიები, მაგრამ იქნებ მართლა რაღაც მნიშვნელოვანს ვერ ვხვდებით, ვერ ვიაზრებთ... საქრთველოში არის ბეთანია, გოლგოთა და გეთსიმანიაც. ბეთანიიდან გოლგოთამდე ზუსტად ის მანძილი ყოფილა, რაც ისრაილის, ბეთანიასა და გოლგოთას შორისო... ქრისტეს მოსვილისათვის ისრაელი ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ერთი ნაწილი რომის პროტექტორატის ქვეშ იყო. ფარისევლები ერთ გუნდად იყვნენ შეკრულნი. ქვეყანას "მიხეილ" იროდი მართავდა. რომის წარგზავნილად "ჯონ" პილატე იჯდა.……

იმ ორი ათასი წლის წინანდელ მოვლენებისაგან ორი რამ განგვასხვავებს. ჩვენს შემთხვევაში, საბედნიეროდ, არც ივანიშვილია ქრისტე და არც ილია მეორე - კაიფა. მაგრამ ფარისევლების უზარმაზარი ორნაწილიანი გუნდი ერთ გუნდად მოიაზრება. ისინი არიან ნაციონალ-ფარისევლები და მათ მიერ ნაყიდი და დაშანტაჟებული ანაფორებს ამოფარებული საკმაო ოდენობით ავაზაკები. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ჩვენს უწმინდეს რამე დაემართა, კაიფა კალისტრატე გარანტირებული გვყავს. მერე რაღა? მერე ბიძინას ჯვარზე გაკვრაღა დაგვრჩება და... როდესაც სახედარზე შემჯდარი ქრისტე იერუსალიმში შებრძანდა, თვალები ცრემლიანი ჰქონდა, იცოდა რა ფასი აქვს ეგზალტირებული ბრბოს აღრფთოვანებას. ერთ კვირაში ისეთივე ეგზალტირებით აფურთხებდნენ და ჯვარს აკრავდნენ მას. ისრაელის სახელმწიფოს რაც დაემართა, ყველამ ვიცით. ორი ათასი წლით შეწყვიტა არსებობა. ჩვენც იგივე გველის, თუ აზრზე არ მოვალთ.

მომისმინე ძმაო

ერთი რიგითი ქართველი ვარ, ღამეები არ მძინავს ფიქრში, რა შევცვალოთ და როგორ, რომ შვილებმა ადამიანურად იცხოვრონ მომავალში. სად არის ხსნა? საკუთარ თავშია ხსნა, გონივრულობაში და მოუსყიდველობაში, საღად აზროვნებაშია. ქვეყანა ტაძარი არ არის, სადაც უნდა ილოცო, ქვეყანა, სახელოსნოა, სადაც უნდა იშრომოო, ამბობდა ილია მართალი, გახსოვდეთ ეს. ნუ გააკერპებთ ნურავის და ნუ ითხოვთ მათგან იმას, რასაც მეშჩანური აზროვნება გკარნახობთ, მან გაგვიკეთოს, მან გააკეთოსო.

ბიძინა ივანიშვილმა დაამტკიცა თავისი ცხოვრებით, რომ ყოველთვის "ზუსტად იცის" რას აკეთებს. თუ ეშლება, აღიარების უნარიც შესწევს, რაც მისი პიროვნების სიძლიერის ნიშანია და სწორედ ეს არის დასაფასებელი მასში. ნუ გააკერპებთ მას, დააფასეთ და მიბაძეთ ცხოვრების წესით.

პატრიაქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სულიერი განვითარების მწვერვალზე დგას და იცის ის, რასაც აკეთებს. თავი დაანებეთ მისგან რაღაცეების ლოდინს. თქვენგან განსხვავებით, ვისთვისაც მიშა და მისი ბანდა მარტივად მტერია, მისთვის, ყველა საქართველოს უძღები შვილი მისი შვილია და მათი სულები მისი სულის და სული წმინდის ნაწილებია. როგორ გაგაგებინოთ ამ ადამიანმა, რომ არც ღვთისმშობელი დაიფარავს თავის წილხვედრ მიწაზე მცხოვრებ უზნეო ხალხს და ვერც პატრიარქი დაგვემსგავსება ჩვენ. ახალაიას მედალი დაკიდა, ქეთო და კოტეს "ავანგარდულ" სპექტაკლს, გენიალური დადგმა უწოდა. 26 მაისს კი ვერაფრით მოიყვანეს ქართველისგან ქართველის დაღვრილი სისხლის ზეიმზე. უწმინდესი ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ მივხვდეთ _ დღევანდელ მდგომარეობაში ყველაზე მეტად ჩვენივე არასწორი აზროვნების და ცხოვრების გამო, რომ აღმოვჩნდით. ჩვენი გაფუჭებული ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ. ნუ სთხოვთ უწმინდესს გაუკეთოს პროვოცირება ბნელეთის ძალებს, ვისთვისაც მისი სიცოცხლის ხელყოფა პრობლემას არ წარმოადგენს. მოკლავენ და მის ტახტზე დაჯდება კალისტრატე კაიფა.

როცა ორმოში ვარდები, სვლას ვერ ანელებ, ხელ-ფეხს ვერ იკიდებ ვარდნის პროცესში. ძირს რომ დაენარცხები, მერე ახერხებ ფეხზე წამოდგომას და ახალი შემართებით აბობღებას ზემოთ, სადაც დაგვხდება ის ქართული ოცნება, რაზეც ვფიქრობ, გულწრფელად მღერის პატარა ბიჭი ბერა ივანიშვილი. ლაზარეს აღდგინების დრო მოვიდა და მოუშვით, ნუ აბრკოლებთ.