პოლიციის დღეს გილოცავთ, ანუ ვანო გაწიე ხელი - კვირის პალიტრა

პოლიციის დღეს გილოცავთ, ანუ ვანო გაწიე ხელი

დღეს პოლიციის დღეა. მერე რა, რომ ამ დღის აღნიშვნა "ვარდების ხელისუფლებამ" შემოიღო, მერე რა, რომ გიორგობის წმინდა დღესასწაულს დაამთხვიეს, მერე რა, რომ პოლიციელთა რიგებში უზნეოებიც მუშაობენ, მერე რა, რომ ამ სამსახურს ხშირად იყენებს ხელისუფლება ბინძური საქმეებისთვის, მერე რა, რომ არ მოგვწონს როდესაც გვაჯარიმებენ,ზოგჯერ უსამართლოდაც, მერე რა, რომ პოლიციაში "სოდ"-იც და "კუდ"-იც არის და მერე რა, რომ მერე რა..?

პოლიციაში ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ძმები მუშაობენ, ხედავ, თუ ვერ ხედავ, იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას. იცით როგორ პირობებში უწევთ მუშაობა, იცით რას იტანენ? დაფიქრებულხართ რისთვის, რატომ ან როგორ შეუძლიათ თავგანწირვა, დაფიქრებულხართ რომ თითოეული მათგანი პოლიციელის ფორმის გარეშე ადამიანია თავისი ჩვეულებრივი ცხოვრებისეული საფიქრალით და ტკივილებით? დაფიქრებულხართ, რომ ღვთის წინაშე ყველა ერთი ვართ, მიუხედავად იმისა, სად ვდგავართ, რა ფორმა გვაცვია და როგორ ვმუშაობთ? დაფიქრებულხართ რამხელა სიყვარული სჭირდება ადამიანს, რომელიც გამუდმებით სიკვდილს უყურებს თვალებში (სამსახურებრივ ხიფათს ისიც ემატება, რომ მათ უღმერთო ხელისუფლებასთან უწევთ მსახურება და როდის წამოეწევათ ზემდგომთა გესლი და შხამი არ იციან)? დაფიქრებულხართ, რომ სამყაროში, სადაც ყველაფერი ღვთის დაშვებითაა, შემთხვევითი არ არის,რომ პოლიციის დღის აღნიშვნა მაინც და მაინც წმინდა გიორგის დღესასწაულზე მოუნდა ხელისუფლებას. პოლიცია სიმართლისთვის და სამართლისთვის მებრძოლი ჯარი უნდა იყოს, ყველაზე მეტად ვის, თუ არა პოლიციელს, სჭირდება უწინამძღვროს ბოროტების შემმუსვრელმა წმინდა გიორგიმ.

ყველას, ვინც ამ უმძიმეს სამსახურშია, ყველას, ვისაც ამ ფათერაკიან სამსახურში ჰყავს ახლობლები და ყველას, ვისაც გული მოყვასისადმი სიყვარულით აქვს სავსე, გილოცავთ პოლიციის დღეს.

წმინდა გიორგიმ გიწინამძღვროთ პოლიციელებო და თქვენი გზაც მართალი იქნება! წმინდა გიორგის მიმდევარს ხელი არ მოუტრიალდება უდანაშაულო კაცის, მოყვასის დასარბევად, წმინდა გიორგის მიმდევარი არ მოკლავს უდანაშაულოს და საერთოდაც არ მოკლავს არავის, არ წამართმევს დიქტოფონს, კამერას ან "დუბინკას" არ ჩამცხებს და საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით გაზს არ შემასხამს თვალებში.

ვანო, დიახ, მინისტრო ვანო გილოცავ პოლიციის დღეს, წმინდა გიორგიმ გაგიყვანოს სიმართლის გზაზე, რომ ხელი აღარ მოგიბრუნდეს ავის საკეთებლად და არ თქვან შენზე, ბევრი გაამწარა! ამაღლდი გველეშაპის პოზიციიდან სიწმინდემდე, აწიე თავი და ხელი გაიწვდინე სინათლისკენ მე ნუკი მომიღერებ.