ვის დარჩება საქართველოს საგანძური? - კვირის პალიტრა

ვის დარჩება საქართველოს საგანძური?

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემაზე ატეხილი ხმაურის გამო გადავწყვიტე ახლო წარსულიდან რამდენიმე სტატია შემოგთავაზოთ. ყველა მათგანი საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადაო ტერიტორიებს ეხება. ეს სტატია 2007 წლის 4 ივნისს დაიბეჭდა ”კვირის პალიტრაში”. მისი მომზადების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის უცნაური განცხადება გახდა. დავით გარეჯა - ორი ქვეყნის თავის ტკივილი

ქართველი საზოგადოება საგონებელში ჩააგდო ორიოდე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ იგი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეუთანხმდა ორი ქვეყნის საზღვრის სადავო მონაკვეთზე, სადაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. პრეზიდენტის დაუკონკრეტებელმა განმარტებამ, საზღვარზე სტრატეგიული სიმაღლეები აზერბაიჯანელებს, სამონასტრო კოპლექსი კი საქართველოს დარჩებაო, გაუგებრობა გამოიწვია აზერბაიჯანშიც. რომელ სტრატეგიულ სიმაღლეებს გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი, გაურკვეველია. აზერბაიჯანელები ხომ ამ კონტექსტით სწორედ იმ კლდოვან ტერიტორიებს მოიხსენიებენ, სადაც უდიდესი კომპლექსის მონასტრები ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი მდებარეობს.

"კვირის პალიტრა" შეეცადა პრეზიდენტისეული განცხადების განმარტება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიეღო, მაგრამ მოლოდინი ამაო გამოდგა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ამავე დროს საზღვრების საკითხებზე კომისიის თავმჯდომარეს გიორგი მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ ამ თემაზე პრესაში დუმილი სჯობია, რათა ბაქოში ორი ქვეყნის შესაბამისი კომისიების შეხვედრამდე მეზობლები არ გავანაწყენოთ. თუ სიმართლეს ამბობ და შენს უფლებას იცავ, რატომ უნდა განაწყენდეს მეორე მხარე? ან კიდევ, თუ აზერბაიჯანულ და რუსულ პრესაში უკვე აქტიურად მსჯელობენ (თანაც თანამდებობის პირები) ამ საკითხზე, ჩვენ რატომ უნდა ჩავიგუბოთ პირში წყალი?

ამიტომაც კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რას შეიძლება გულისხმობდეს პრეზიდენტ სააკაშვილის რებუსივით განცხადება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს თემურ ჯოჯუას მივმართეთ.

- ამ ტერიტორიის თაობაზე მოლაპარაკება ორ რესპუბლიკას შორის საქართველოს გასაბჭოებისთანავე, 1921 წელსვე დაიწყო. მთელი ყარაიის ველი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, მას აზერბაიჯანის ყაძახის მაზრის მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა და არ ჰქონია, როგორც დღეს გაიძახიან, სტრატეგიული მნიშვნელობა. მაშინ აზერბაიჯანელები ითხოვდნენ, რომ ეს ტერიტორია საკუთრებაში თუ არა, მფლობელობაში მაინც გადასცემოდა ყაძახელ მეცხვარეებს. ამიტომაც ამ საკითხზე მწვავე დებატები იმართებოდა. პავლე ინგოროყვა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ტერიტორიის მხოლოდ იურიდიულად საქართველოს შემადგენლობაში დატოვებას. მიაჩნდა, რომ აზერბაიჯანი მას როგორც საკუთრებას, ისე დაიკანონებდა.

საქართველოს წინააღმდეგობის გამო, 1924 წლამდე, სანამ აგვისტოს ცნობილი აჯანყება მოხდებოდა, ეს საკითხი აღარ წამოჭრილა. იმავე წელს განაახლეს აზერბაიჯანელებმა ამ ტერიტორიაზე ლაპარაკი და მიზანსაც მიაღწიეს. 1924 წელს საბედისწერო გადაწყვეტილება იქნა მიღებული - სადავო ტერიტორია აზერბაიჯანს მფლობელობაში გადაეცა. მოლაპარაკებათა ოქმები ცხადყოფს სამწუხარო რეალობას - 1924 წელს საქართველო თავს იცავდა ძალზე უნიათოდ და უხერხემლოდ. საქართველო იმ დროს ითვლებოდა ურჩ რესპუბლიკად და, ბუნებრივია, ცენტრს უნდა დაესაჯა იმისთვის, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებით, დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა წყობილების დამყარებას. ამით ისარგებლეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა და საქართველოს მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენეს. საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება, ბოლშევიკები ისე იქცეოდნენ, თითქოს ბოდიში უნდა მოეხადათ წინამორბედი მენშევიკური მთავრობის გამო. ამიტომაც აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებისას თავს იცავდნენ და იერიშზე არ გადადიოდნენ, თორემ შეეძლოთ არ გაეცათ საქართველოს კუთვნილი ტერიტორია, მაგრამ...

სიტუაცია გაუარესდა 1938 წელს, როდესაც ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრები დამტკიცდა იმის მიხედვით, ვის რა ჰქონდა მფლობელობაში. ასე დაუკანონდა აზერბაიჯანს ყველაფერი, რაც მფლობელობაში ჰქონდა და ასრულდა ის, რისიც ჯერ კიდევ 1921 წლის მოლაპარაკებებზე ეშინოდა პავლე ინგოროყვას. არადა, ამ დროისთვის ქართველ პოლიტელიტას ცენტრში გაცილებით უფრო მყარი პოზიცია ჰქონდა, ვიდრე სომხეთს ან აზერბაიჯანს, მაგრამ მაინც ერცხვინებოდა, რომ ურჩი რესპუბლიკის წარმომადგენელი იყო. ამიტომაც ყველასთან ქვეშევრდომული, "ჩევო იზვოლიტე" დამოკიდებულება ჰქონდა, ოღონდ კი ნაციონალიზმში არ დაედოთ ბრალი. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ კოსმოპოლიტური მრწამსის მიუხედავად, აზერბაიჯანელი კომუნისტი ცდილობდა თავისი ტერიტორიების გაფართოებას, სომეხი კოსმოპოლიტიც იმავეს ფიქრობდა, რუსიც და სხვაც, მაგრამ ქართველი აბსოლუტურად არ ამჟღავნებდა არათუ მისი კუთვნილი ტერიტორიების შემოერთების, არამედ რაც ჰქონდა, იმის დაკანონების სურვილსაც კი.

- ბოლო 15 წლის განმავლობაში საკმაო დრო გვქონდა იმისთვის, რომ ასეთი ცნობიერებისგან გავთავისუფლებულიყავით.

- იურიდიული თვალსაზრისით, ორი რესპუბლიკის შეთანხმებისამებრ, 1938 წლიდან საზღვარი გადის ზუსტად ისე, როგორი სახითაც დღეს გვაქვს. ეს საქართველოსთვის წამგებიანია, თუმცა გამოსწორება შეიძლება. საზოგადოების დიდ ნაწილს არ ესმის, რას წარმოადგენს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ჰგონიათ, ეს ერთი მონასტერია. სინამდვილეში კი გარეჯი არის გეოგრაფიული რეგიონი, გარეჯის მრავალმთა, სადაც მეექვსე საუკუნიდან დაარსდა 20-ზე მეტი ქვაბოვანი სავანე, მონასტრები და ეკლესიები. ამ კომპლექსში შედის ის მონასტრები, რომლებიც დავით გარეჯელმა დააარსა და აქვე დაიკრძალა. ამიტომაც უწოდებდნენ მას წმინდა დავითის ლავრას. მოგვიანებით, დამკვიდრდა ტერმინი "დავითგარეჯა" და ოცივე მონასტერს სწორედ ასე მოიხსენიებდნენ.