”დეზერტირების” ჯოჯოხეთი - კვირის პალიტრა

”დეზერტირების” ჯოჯოხეთი

როგორც ძველი აღთქმიდან მახსოვს, ძველი ებრაელები ნაგავსაყრელს ეძახდნენ ჯოჯოხეთს. ეს სახელი რომ არ არსებულიყო მე დავარქმევდი "დეზერტირების" ბაზრობას. აქაურობა განსაკუთრებით წვიმიანში და ნაწვიმარზე ჰგავს ჯოჯოხეთს. ჩემში მუდმივად პროტესტს იწვევს, ღია ცის ქვეშ, ან საგანგებო ფარდულებში შეყუჟული, ნაგავში ჩაფლული გამყიდველ-გადამყიდველების შემგუებლობა სიბინძურესთან და უწესრიგობასთან,რომელსაც თვითონვე ქმნიან. დღემდე ვერ ამიხსნია რა ხასიათი აქვს ამ ბედკრულ ხალხს? პირველ რიგში იმიტომ ბედკრულს, რომ გარემოს გაუმჯობესების სურვილი არ აქვს. ვიღაც მეტყვის, იმიტომაც დგას მანდ სავაჭროდ, რომ გარემოს გაუმჯობესება უნდაო, ალბათ საცხოვრებელ გარემოს იგულისხმებთ, თორემ სამუშაო გარემოს რომ თვითონვე იუარესებენ, არაერთხელ შევსწრებივარ პირადად. ასე მაგალითად, კომბოსტოს გამყიდველი ქალი, დაზიანებულ ფოთლებს აცლის ბოსტნეულს და მაგიდის ქვეშ ყრის. მთელი დღე იმ ნაგავში ზის. ღამით მისი მაგიდის ქვეშ მეეზოვის ცოცხი არ ხვდება. შესაბამისად კომბოსტოს ნაგავიც ძველდება და იტკეპნება, მას ახალი ემატება და ასე გრძელდება მანამ, ვიდრე ვინმე მადლიანი ცოცხს არ გამოჰკრავს მაგიდის ქვეშ. ასე ხდება მწვანილის გამყიდველებთან, ასე ხდება ხილის გამყიდველებთან და ა.შ. ადამიანები აბიძნურებენ სამუშაო გარემოს და ნაგავში ისე ყელყელაობენ მთელი დღე, რომ აშკარად არც სუნი აწუხებთ და არც უსიამო სანახაობა. მარტივი ლოგიკაა, რომ აწუხებდეთ, ხომ დაასუფთავებენ იმ ადგილს მაინც, სადაც თვითონ ვაჭრობენ?

იმაშიც შემედავება ვინმე, ნეტავ რა იცი, რომ ეგრე ხდება, რა ყოველდღე იქ დადიხარო? დიახ, ერთი პერიოდი გამიჩნდა დაკვირვების სურვილი და ერთი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილებში მართლა ყოველდღე დავდიოდი. მერე საგაზეთო სტატიებიც ვუძღვენი ამ თემას, მაგრამ რა? მიუხედავად იმისა, რომ მრავალმხრივ უზნეომ და უკუღმართმა, დედაქალაქის ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში ნინოშვილის ქუჩაზე გამოუყო "დეზერტირელებს" სავაჭრო ადგილი, დახლებიც დაუდგა, გადაუხურა კიდეც და მგონი ძირს ასფალტის საფარიც დაუგო, არ მიდის ეს ხალხი სიმშრალესა და სისუფთავეში და კვლავ ნაგავში დგანან. იქ კლიენტი არ მოვაო. აბსურდია. მშიერი კაცი იქ მიდის სადაც საჭმლის სუნი სცემს. ადამიანიც ცხოველივით არის,რაც სჭირდება, იმის გეშს, მით უფრო საჭმლისას, ყოველთვის იღებს. ან რა პრობლემაა, თუ დეზერტირების სანაგვეზე არ დახვდებათ ასეთი ჯოჯოხეთი, დაიწყებენ მისი ასვალ-დასავალის ძებნას და მიადგებიან ნინოშვილზე. მოკლედ, თითიდან გამოწოვილი პრობლემა მგონია ის, რომ მეტი გადასახადი იქნება, ის, რომ იქ მყიდველი არ მოვა, ის, რომ გადასახადების გამო პროდუქტის გაძვირება კლიენტს დაუფრთხობს. კარგი, რა. არ მჯერა მე ამ აბსურდების და ჯოჯოხეთის ტრფიალის. ერთ კი ზუსტად ვიცი, არ მინდა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ებრაული ჯოჯოხეთის მსგავსი სანახაობა იყოს და ნაწვიმარზე,ან წვიამიანში ამ ადგილზე მოხვედრილს გული მიწუხდეს და მერეოდეს იმ საშინელი სიმყრალის და სიბინძურის გამო,რომელიც იქ სუფევს.

ამბობენ, რა გარემოშიც ცხოვრობ, იმას ჰგავხარო, ხოდა, რა გარემოშიც ცხოვრობს და შრომობს (ამას თუ შრომა ჰქვია) ეს ხალხი, ალბათ ისეთიც არის (ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვინც არც ასეთ გარემოში კარგავს ღირსებას, დახლიც მოწესრიგებული აქვს, პეწსაც ინარჩუნებს, თავაზიანობასაც და მყიდველიც არ აკლია) და მხოლოდ ფეხებით კი არ დგას ნაგავში,სულშიც უგროვდება. სხვანაირად გაუგებარია ზურგსუკან მიყოლებული წყევლა იმ მოქალაქეებისადმი, რომელთაც ვინმეს პროდუქტი დაუწუნეს და სხვისკენ გაეშურნენ. ღმერთო ჩემო, ნუთუ ვინმე ვალდებულია, რომ ნაგავი იყიდოს?

დახლზე დაჭყლეტილი, აქოთებული სამი დღის მარწყვი რომ უდევს გასაყიდად და ზევიდან აქვთ წაყრილი საღი ხილი, თუ ჭკვიანი მყიდველი მიუხვდება ეშმაკობას, ვიღაც სინდისთან გამწყრალი გადამყიდველი ჯერ თავის მართლების დროს დებს ქმარ-შვილს სამარეში, მერე კი, თუ ვერ დაგარწმუნა თავის "ფსევდო" გულწრფელობაში, შენ მოგაწყევლის,არ დაინახა შენმა თვალებმა არაფერი, შენ დაბრმავდი ამ საღამოს, არ ჩგსვლოდეს პირში არაფერი და ა.შ. სათვალავი მერევა, არ მახსოვს უკვე რამდენჯერ ვიჩხუბე ასეთი ენაგაუკუღმართებულების გამო. მე რომ ერთთან პროდუქტს ვყიდულობდი, მეორე ზურგშექცეულ მყიდველს წყევლიდა. გამოვესარჩლები ხოლმე, იმას, ვისაც არც მისი მისამართით ნათქვამი ავსიტყვაობა გაუგია და ალბათ სასურველი პროდუქტით ხელდამშვენებულიც მიდის შინ. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ აზრი არ აქვს, "დეზერტირების" ჯოჯოხეთში მობობოქრე დემონების ჭკუის სწავლებას. ისინი არასოდეს შეიცვლებიან, ისევე, როგორც წუწებიან და მტვრიან ქუჩაში დაბალ დახლებზე გამოფენილი შემწვარი თევზის, ქათის ხორცის და კატლეტის კლიენტები. ისინი, ვისაც მზა საჭმლით უნდა შიმშილის მოკვლა, იმას კი ვერ ხვდება რა შხამს უშვებს სტომაქში. მოკლედ მე მინდა გავაქრო "დეზერტირების ჯოჯოხეთი" და ხალხი სიბინძურის სიყვარულს გადავაჩვიო, მინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ მივაღწიო სასურველ შედეგს.