ტურისტებისთვის თბილისის მეტრო დაკეტილია - კვირის პალიტრა

ტურისტებისთვის თბილისის მეტრო დაკეტილია

წერილი ხელისუფლებას ანუ… თბილისის მეტრო ტურისტებისთვის დაკეტილია

რა, არ გჯერათ? აბა, სცადეთ და რომელიმე ტურისტს შესთავაზეთ, ჩავიდეს თბილისის მეტროში განახლებული სადგურების და ვაგონების დასათვალიერებლად, დაარწმუნეთ, რომ მსგავსს ვერსად ნახავს. მერე უკან მიჰყევით და სეირსაც შეესწრებით.

ამბავი 1

ტურისტი სალაროსთან მიდის და მოლარეს ბილეთს სთხოვს, ის კი პასუხობს, მომეცით პირადობის მოწმობა და მეტრომანის ბარათს გაგიკეთებთო. ამავე დროს ვერ ხვდება რატომ აქვს დაჭყეტილი თვალები გაოცებულ ტურისტს, რომელსაც არცერთ ქვეყანაში არ სთხოვენ პირადობის მოწმობას მეტროს სამგზავრო ბარათის შეძენისას. მოლარეც იძულებულია უცხოელს აუხსნას, რომ მეტრომანის ბარათში 2 ლარის გადახდის შემდეგ ეს თანხა ანგარიშზე დაუჯდება და მერე მთელი ცხოვრება ბარათი მისი საკუთრება იქნება. ტურისტი მხრებს იჩეჩავს, კი მაგრამ რად მინდა ეს სამუდამო თუ გრძელვადიანი ბარათი, ამ ქვეყანაში პირველად ვარ, კაცმა არ იცის მეორედ თუ ჩამოვალ და მაშინაც მეტროთი თუ ვიმგზავრებ, ამიტომაც მომეცით ერთჯერადი ბილეთი. ასეთი რამ არ გვაქვს, პასუხობს დარცხვენილი მოლარე, ირცხვენს იმიტომ, რომ ტურისტს ელაპარაკება, უცხოელს, რაც საქართველოში სხვადასხვა მომსახურეობით სარგებლობის დროს პატივს გდებს მათ თვალში, ვინც გემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელობა საქართველოში პატივია, ტურისტი მაინც ვერ ახერხებს ბილეთის აღებას და მეტროში ჩასვლას. ამიტომაც კიდევ უფრო გაოცებული ტოვებს ჰოლს, უბის წიგნაკში კი რაღაცას ინიშნავს, ალბათ იმას, რომ თბილისის მეტრო მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებაა?!

ამბავი2

ამ ამბავს პირადად შევესწარი ყოველგვარი წინასწარი დადგმების და მოდელირების გარეშე. ტურისტების ერთ-ერთმა ჯგუფმა რატომღაც გადაწყვიტა თბილისის მეტრო ენახა. ექსკურსია მძღოლმა მათი სურვილის დაკმაყოფილება გადაწყვიტა და მეტროში გასასვლელ შლაგბაუმს თუ ბარიერს მიადგნენ, უცებ მასპინძელმა აღმოაჩინა, რომ სულ ტყუილად მოამზადა ხურდა ფული ტურისტების გასაყვანად. კონტროლიორმა აუხსნა, რომ მეტრომანის ბარათის გარდა, ესკალატორზე გასვლის სხვა შანსი არ არსებობდა. როგორ, ერთჯერადი ბილეთები მაინც არ გაქვთ? იკითხა გიდმა, რომელიც თუ ტურისტებს არ დაატარებს, საკუთარი ავტომობილით დადის და სულ არ იცის ვინ რითი და როგორ მგზავრობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუნდაც მეტროში. "ესენი უცხოელები არიან, მაგრამ თქვენც ხომ აქ ცხოვრობთ. იქნებ მთვარიდან ჩამოვარდით და ახლა გაიგეთ, რომ აქ მხოლოდ მეტრომანის ბარათით შეიძლება მგზავრობა?" რატომღაც დაქაჩა თვალები კონტროლიორმა. ცხადია, ქართული ლაპარაკიდან ტურისტებმა ვერაფერი გაიგეს. გიდი კი იძულებული გახდა მეტრომანის ბილეთი აეღო და მხოლოდ ამის საშუალებით გაეყვანა სტუმრები ექსკალატორზე.

ვიღაც ჩასაფრებული იტყვის, თუ ორ ლარად ნაყიდი ბარათიდან მთელი თანხა ანგარიშზევე გიჯდება, აიღოს ბარათი გიდმა ან უცხოელმა, რა ენაღვლებაო? გიდმა კი აიღო, რადგან ბევრი ჰყავდა "დასაპატიჟებელი", მაგრამ უცხოელს, რომელსაც ერთხელ ჩაუცდა ფეხი თბილისის მეტროში, რატომ უნდა აყენებდე ულტიმატუმის წინაშე, რომ თუ "მეტრომანს" არ იყიდის" ვერსადაც ვერ წავა?

თუ ტურისტი არ ხართ და მეტროთიც არ მგზავრობთ, მაგრამ ერთ დღესაც მოულოდნელად იძულებული გახდით ამ ტრანსპორტით ისარგებლოთ, თქვენც იგივე დღე გელით, როგორიც უცხოელ ტურისტებს. "მეტრომანის" ბარათი უნდა აიღოთ, ან გამობრუნდეთ უკან. თუმცა, თქვენთვის კიდევ ერთი შანსი რჩება, მაგალითად დადგებით ელექტრონულ შლაგბაუმთან და თქვენსავით რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც მეტრომანის ბარათები აქვთ, სთხოვ, მოგცემ 50 თეთრს და გამატარე შენი ბარათით. ზოგს ეზარება, ზოგს ეჩქარება, ზოგი ცხვირს აწევს და ბოლომდე არ მოგისმენს, ისე გაქუსლავს, მაგრამ ვიღაც აუცილებლად აღმოჩნდება ისეთი, რომელიც მეტროში ერთჯერადად გადაადგილებაში დაგეხმარებათ. მეტიც, ზოგმა შესაძლოა ფულიც არ გამოგართვას, მაგალითად ასე ექცევიან მოხუცებს, რომელთაც პენსია მეტროთი და ავტობუსით სამგზავროდ კი არა, პურის ფულისთვის არ ყოფნით და მეტროშიც იმ იმედით ჩადიან, რომ ვინმე მადლიანი დაიმგზავრებს და შლაგბაუმიდან ექსკავატორამდე უფასოდ გაიყოლებს.

რა ხდება უცხოეთში?

გერმანიაში და საფრანგეთში საზოგადოებერივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის აეროპორტშივე შევიძინე ერთ კვირიანი ბილეთი, შემეძლო ნაკლები ან მეტი ვადიანი შემეძინა, მაგრამ მხოლოდ ამდენ ხანს ვაპირებდი პარიზში და მიუნხენში დარჩენას. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს ტურიზმის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რატომ არ ვემსგავსებით ევროპას? მიეცეს ადამიანებს არჩევანის თავისუფლება, ტრანსპორტით მგზავრობის დროს მაინც. რატომ უნდა მოვერგო მე ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებს და გადაწყვეტილებებს? ნუთუ არ შეიძლება საქართველოშიც არსებობდეს სხვადასხვა ხარისხის სამგზავრო ბილეთები?

უცხოელებს ასევე უკვირთ ჩვენს ყვითელ ავტობუსებში დამონტაჟებული აპარატები, რომლითაც სამგზავრო ბილეთს ვყიდულობთ, ვერაფრით გაუგიათ რატომ გვიყენებს მერია ულტიმატუმს ავტობუსით მგზავრობის დროს, თუ ორმაცდაათი თეთრი არ გაქვს, ვერ იმგზავრებ. რადგან აპარატი ხურდას ვერ აბრუნებს. ხელისუფლებამ თუ შესაბამის ტენდერში გამარჯვებულმა შესაბამისმა კომპანიამ მხოლოდ ამ აპარატების შეძენა შეძლო, რადგან თურმე იაფია. არადა, ავტობუსში ასულმა, თუ მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ფულის მსხვილი კუპიურები მაქვს, ან თუნდაც რკინის 1 და 2 ლარიანები განწირული ვარ დასაჯარიმებლად. რატომ? თავისუფლად მგზავრობის და გადახდის უფლება მაინც დამიბრუნეთ, რადიოს არ მასმენინებთ და მაიძულებთ სულელურ რეკლამებს ვუყურო მიკროავტობუსებში და ავტობუსებში. ტრანსპორტში დაპირებულ კონდინციონერებს არ რთავთ და სიცხისგან სულს მიხუთავთ, ფულის ადამიანურად გადახდის საშუალებაც არ უნდა მქონდეს? უცხოელებმა რაღა დაგიშავეს, მათაც რომ ჩვენნაირად ტანჯავთ?