უკანასკნელი ბერის გოდება - კვირის პალიტრა

უკანასკნელი ბერის გოდება

ძველ, გაცრეცილ ფოტოზე გამოსახულია ერთ-ერთი უკანასკნელი ბერი, რომელიც ქართული ეკლესიის ამაოხრებელ ბოლშევიკებს გადარჩენია, მაგრამ მუდმივ მალვასა და შიშში დაავადებული ადრეულ ასაკში გარდაცვლილა. ბერი ნეოფიტე გულაია ბედიის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა და საკუთარი თვალით შეესწრო იმ საშინელ დევნასა და ძალადობას, რომელიც მონასტრის წევრების მიმართ ხორციელდებოდა. თავის თვალითვე უნახავს როგორ დაიწვა უღმერთოდ გაპარტახებული და გაძარცვული ტაძარი. მოგვიანებით, ამის შესახებ წერილიც მიუწერია მასავით დევნილი, მონასტრის წინამძღვარის, იღუმენია ზოილე დვალიშვილისთვის. დედა ზოილე საქართველოს ამჟამინდელი პატრიარქის ილია მეორის ნათლია იყო.

ბერი ნეოფიტეს შესახებ არავის ეცოდინებოდა რომ არა ორი მნიშვნელოვანი ფაქტი. 2003 წელს ძველი ფოტოების მკვლევარს, ლუარსაბ ტოგონიძეს დაუკავშირდნენ ნეოფიტე გულიას ნათესავები და მისი ძველისძველი, სავარაუდოდ გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაღებული ფოტო გადასცეს. ფოტოს პატრონი, ბერის ძმისშვილი მიმოზა გულაია მალევე გარდაცვლილა, რის გამოც ლუარსაბ ტოგონიძემ მისგან დამატებითი ცნობების მიღება ვეღარ შეძლო, მაგრამ მოულოდნელად სამთავროს დედათა მონასტერში აღმოაჩინა ბერი ნეოფიტეს მიერ დედა ზოილესადმი გამოგზავნილი წერილი. დრო-ჟამისგან გაცრეცილ და გაყვითლებულ ფურცლებზე ალაგ-ალაგ მელანი გადღაბნილა და ძნელად იკითხება სიტყვები, თუმც წერილის შინაარსი გასაგებია. დევნილი ბერი, მასავით დევნილ წინამძღვარს წერს იმ უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ბედიის ყოფილ მონასტერში შექმნილა და ხარობს დედა ზოილეს ადგილსამყოფელის გაგებისა და მისი ცოცხლად გადარჩენის გამო. ბერის ტკივილიანი ნაამბობი ნათლად აღწერს, რომ იმ დროს არამხოლოდ ბოლშევიკები, ფსევდოსასულიერო პირებიც არ აკლებდნენ ხელს ტაძრის გაძარცვას და ამ ავკაცობის შედეგად ინარჩუნებდნენ სასულიერო პირის ფუნქციას, რომელიც სავარაუდოდ მკრეხელურ ქმედებებში ვლინდებოდა და არა ღვთის მსახურებაში.

დარბეული მონასტრიდან გაქცეული ბერ-მონაზვნებიდან ზოგი უღმერთოდ მოუკლავთ ბოლშევიკებს, ცოტანი გადარჩენილან ღვთისნიერი ადამიანების დახმარებით. ბერი ნეოფიტე ოქუმელ ცაცუ ჭითანავას ოჯახს შეუფარებია. იმ დროს, როდესაც სასულიერო პირების მფარველობას ბოლშევიკები უდიდეს დანაშაულად თვლიდნენ, ჭითანავების ოჯახისგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა გმირობის ტოფასი ყოფილა.

ლუარსაბ ტოგონიძე _ "ბერი ნეოფიტე _ ერისკაცობაში შერენდი გულაია 1894 წელს, ზუგდიდის მაზრის სოფელ ორსანტიაში პახვალა და ოლღა გულაიების კეთილმორწმუნე ოჯახში დაბადებულა. სიყრმიდანვე გამოუჩენია სამონასტრო ცხოვრებისადმი ინტერესი და 1913 წელს, 19 წლის ასაკში ბერად აღკვეცილა აფხაზეთში, ბედიის მონასტერში. მამა ნეოფიტეს კომუნისტების ძალადობის მიუხედავად ვერ მიუტოვებია მონასტერი და თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში გაუგრძელებია მოღვაწეობა, ოღონდ არა ტაძარში, არამედ ჭითანავების ღრმადმორწმუნე ოჯახში. მამა ნეოფიტეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა არქიმანდრიტებთან იოაკიმესა (შენგელაია) და კონსტანტინესთან (ქვარაია), ასევე მღვდელმონაზვნებთან ივსიხი (გეგეჭკორი) და ტიხონთან (ბულია). ისინი ძალიან მნიშვნელოვანი სასულიერო პირები იყვნენ.

მამა ნეოფიტემ ვეღარ გაუძლო მძიმე სულიერ და ფიზიკურ ზეწოლას და ჯანმრთელობა-შერყეული 43 წლის ასაკში, 1937 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ორსანტიაში.

მისი ფოტოს გადმოცემიდან მალევე სამთავროს დედათა მონასტრის არქივში ვნახე ძველი წერილი, რომელსაც ხელს ბერი ნეოფიტე გულაია აწერდა. ძალიან გამიხარდა.

ბერი ნეოფიტე წერილში წერს, რომ მოხარულია დედა ზოილეს ამბის გამო, რადგან მან სამთავროს მონასტერში ნახა თავშესაფარი. როგორც წერილის შინაარსიდან ჩანს, ჯერ დედა ზოილემ მოიკითხა ბერი და ბედიის მონასტრის ამბები, პირველად წერილი მან გაუგზავნა ნეოფიტეს. არქივში დაცული წერილი კი მონაზვნისადმი მიწერილი პასუხია: " ... მადლობა ღვთის განგებას, რომ თქვენი ამბავი გავიგე, იმდენი აღტაცება ვიგრძენი სულით, თითქოს თქვენ პირადად მენახოთ. მადლობა ღვთისას დედას, რომ ყოფილხარ ცოცხალი, ნამეტანი სასიამოვნოდ და სასიხარულოდ დამირჩა. ეგებ გაგიკვირდეს, მაგრამ ჭეშმარიტად მოსალოცია სულისთქმა და სიცოცხლე ერთმანეთისა ახლანდელ პირობებში ჩვენთვის. ვინიცობაა, ეგებ ერთმანეთის ნახვა არ გვეღირსოს, ზოგიერთივით ისე მოგვეღოს ბოლო, ვინ იცის, ვინ სად მოვკვდებით, აი, მაგალითად ნეტარხსენებული მამა პავლე. დედა დარია, დედა მარია, დედა სალომე, მამა ნიკო, წყალში დამხვრჩალი და სხვანი. არავის რომ არ გვინახავს, ისე გამოეთხოვათ ამ ოხერ ქვეყნიერებას. იგინი ბედნიერნი არიან მითუმეტეს, რომ მოშორდნენ აქაურობას, აქაურ ვაივაგლახს, აქაურ შიშს და მწუხარებას, მოხლოდ ჩვენ ვართ სამწუხაროდ და სატირი, გზაში დარჩომილნი უბედურნი. აწი დედა ზოილე, როგორ გიკითხოთ, როგორ ბრძანდებით? რა მდგომაროებაში იმყოფებით ახლა? დანარჩენს პირად ჩემს შესახე ასე მწერთ. ახალგაზრდა კაცს დახმარება ვერ გაგიწიეთო, მადლობას გწირავთ ჩემი ხსენებისთვის, მხოლოდ ამას კი მოგახსენებთ, რომ მე ახალგაზრდა კი არა, დავბერდი, რომ მნახოთ სამოცი წლის გეგონებით...

იწერებით, ცაცუს რაც აბარია, შენი იმედი მაქვსო, ცაცუსთან არაფერია, რაც იყო, ამბროსი დაეუფლა და თვითონ წაახდინა (სავრაუდოდ ხატი და საეკლესიო წიგნები – ლ.ტ.) მე ვინ რას მკითხავს, ვისი ძაღლი ვარ? ორ წელიწადზე მეტია რაც არ მინახავს ისინი, როგორ უვლის თვითონ იცის, მე ვერას გეტყვით... ეს სამურზაყანო-სააფხაზოს ქონებაა და გადაცვენილმა მეგრელებმა და ქართველებმა თავი დამანებეთო. ია და ვარდი უფენია...

სხვა, დედაო ზოილე, ეგებ გაგონლი გქონდეთ და თუ ჯერ არ გაგიგონიათ, ერთი სამწუხარო ამბავი უნდა მოგახსენოთ, ბედია უკვე განადგურდა, არაფერი მოიპოვება, ხიდან ჩამოვარდნილს გველმა უკბინაო, ისე არ იყოს, რაც იმგენებს დარჩათ დაურვეველი, ეკლესია და დიდ პალატზე დაშენებული მთლად ცეცხლით გადაიბუგა ვიღაცის ხელიდან. ერთი სიტყვით ბედია განადგურდა..."

ვფიქრობ, რომ ეს წერილი ფაქტობრივად დოკუმენტია, რომელიც ქართული ეკლესიის ტრაგიკულ ისტორიას ასახავს."