”ჰუმანიტარული” ირანული კინო - კვირის პალიტრა

”ჰუმანიტარული” ირანული კინო

18 ივნისს "კავკასიურ სახლში" ვუყურე ირანულ ფილმს "ძალიან შორს, ძალიან ახლოს." რეჟისორმა მირქარიმმა სასიამოვნო შოკი მომგვარა. როდესაც ფილმის ნახვით აღტაცებული ვარ, ვშიშობ, რომ ეს გრძნობა დიდხანს არ გამყვება. ამ ფილმის ნახვიდან უკვე მეორე კვირა გადის, მე კი დღესაც პირვანდელი შთაბეჭდილებები მაქვს. ხშირად მახსენდება დასაწყისი და ფინალი, ორივე შემთხვევაში კაცის და ღმერთის კავშირი ჩანს, ისეთი, სიმბოლოებზე დაკვირვებული ან უბრალოდ დაკვირვებული მაყურებელი რომ მყისვე შეამჩნევს. დასაწყისში ტელესტუდიაში, გადაცემაში ჩასაწერად მიწვეული მთავარი გმირი მეორე ოთხში ხედავს ჯვარზეგაკრულ ქრისტეს, მსახიობს, რომელიც წამებულ ღმერთს განასახიერებს. მოულოდნელად გადამღები ჯგუფის წევრებიდან ერთ-ერთი მობილურ ტელეფონს აწვდის ჯვარზე გაკრულ რიგით მოკვდავს, რომელსაც სავარაუდოდ ახლობელი ურეკავს. მთავარ გმირს სახე ეცვლება, თითქოს ნამდვილ ღმერთს ხედავს ტელეფონზე მოლაპარაკეს. ფილმის დასაწყისში ამ კადრს ყურადღებას არ აქცევ, მაგრამ მოგვიანებით ხვდები, რომ ეს უბრალოდ გაოცება არ არის,ეს არის შინაგანი რეაქცია კაცისა, რომელიც ეძებს თავის თავს და ეძებს ღმერთთან დაკავშირების შესაძლებლობას. იქნებ მე მომეჩვენა, მაგრამ მთელი ფილმის განმავლობაში ვხედავთ კაცის და ღმერთის დაახლოების მცდელობას.

მოკლედ, ფილმი შესანიშნავი იყო, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია როგორ და ვისი მეშვეობით ვნახე ის. ეს იყო ექსკლუზივური ჩვენება, რომელსაც არანაირი კომერციული დანიშნულება არ ჰქონდა. მეტიც, საქმე გვაქვს ინტელექტუალურ ქველმოქმედებასთან, რომელიც იშვიათად კი არა, მგონი საერთოდ არ გვხვდება საქართველოს დღევანდელ ყოფაში. ფილმი ირანიდან ახლახანს დაბრუნებულმა პოეტმა და მთარგმენლმა გიორგი ლობჟანიძემ წარმოგვიდგინა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გასამრჯელოს ფასად თარგმნიან სპეციალისტები ნებისმიერ კინოს. გიორგიმ ეს სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი სურვილით გააკეთა, თან მერამდენედ?! სამწუხაროდ, მე წინა ჩვენებებს ვერ დავესწარი. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ "ჰუმანიტარმა" თარჯიმანმა განაცხადა, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მეტს ვეღარ შევძლებო. არც გაემტყუნება, როგორია? მთელი ფილმი უნდა თარგმნო, მერე დაჯდე დარბაზში და გაახმოვანო ისე, რომ მაყურებელი არ დაიბნეს, მოსმენა და ფილმის გაგება არ გაუჭირდეს.

დარბაზში ცოტანი ვიყავით, იმიტომ, რომ ოთახი იყო მცირე ზომის. როდესაც ჩვენება დასრულდა, ყველანი მადლობას ვუხდიდით მასპინძელს სიკეთისთვის, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. სამწუხაროდ კომერციულ მოგებაზე გათვლილი დასავლური პროდუქცია მოკლებულია იმ შინაგან სიღრმესა და შინაარს, რაც ამჯერად ერთი ირანული ფილმის ნახვით მივიღე. გიორგიმ უძვირფასესი საჩუქარი გაგვიკეთა.

მოკლედ ფილმის შინაარსის მიხედვით, მთავარ გმირს, ცნობილ ირანელ ნეიროქირურგს უცებ უბედურება დაატყდება თავს, აღმოაჩენს, რომ მისი ახალგაზრდა ვაჟი მალე მოკვდება, მას თავში სიმსივნე აქვს. პროფესორი ერთი შეხედვით ძალიან ცივი კაცი ჩანს, უგრძნობი, რომელსაც ავიწყდება შვილები, ოჯახი, თავისი მამობრივი მოვალეობები და უკმაყოფილებას იწვევს უახლოეს ადამიანებში. თუმცა, ფილმის დასაწყისში არის კადრი, რომელიც თავიდანვე მიგანიშნებს, რომ პროფესორი სულაც არ არის ასეთი,მას უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა აქვს, მთელ გარესამყაროსთან ურთირთობის პრობლემა, _ სტუდიაში ჩაწერის წინ ჩაის მოხუცი მიმტანი პროფესორს ერთმანეთზე გადაჭდობილ თითებზე ანიშნებს გახსნას. შვილის ავადმყოფობის ამბავს მისი დაბადების დღეს შეიტყობს. შინ დაბრუნებული აღმოაჩენს, რომ ასტრონომიით გატაცებული ვაჟი სპეციალურ ჯგუფთან ერთად სადღაც უდაბნოს ობსერვატორიაში გაემგზავრა. მამა შვილის სანახავად მიდის, გზად თავგადასავლები გადახდება, ბოლოს კი შუაგულ უდაბნოში საწვავი გაუთავდება და საკუთარ ავტომობილში დამარხავს მუსონი. არ შეიშინდეთ, ფილმს ჰეპი ენდი აქვს. აღარ სჩანს გაუკეთებს თუ არა პროფესორი მამა ოპერაციას შვილს და გადაარჩენს თუ არა მას, მაგრამ ჩანს უფრო მნიშვნელოვანი. თითქოს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ პროფესორი ღმერთს დაუახლოვდეს. ღმერთს, რომელსაც ის გაჭირვების ჟამს უხმობს, თუმცაღა საყვადურებით, "ამ ხელებს უამრავი ადამიანი გამოუგლეჯია სიკვდილისთვის და რატომ არ მეხმარება ღმერთი,სად არის ის? _ კითხულობს მთავარი გმირი, რომელიც საკუთარი შვილის მოძებნას ცდილობს, რათა მას დაეხმაროს,თუმცა, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟის თქმით, დახმარება შვილს კი არა, თვით მამას სჭირდება. მრავლის გადამრჩენ, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანს. შთამბეჭდავია ქვიშაში დამარხულ ავტომობილში ლუკიდან ჩამოსული სინათლე და შემდეგ ხელი, საშველად გამოწვდილი შვილის ხელი. კადრი ძალიან ჰგავს მიქელანჯელო ბუონაროტის ცნობილ ფრესკას, ადამის შექმნას. თითქოს მამისადმი გაწვდილი ხელი ვაჟიშვილის კი არა, თვით ღმერთისაა.

ეს არის დიდებული კინო ადამიანური ურთიერთობების, პიროვნული პრობლემების და ღირებულებების შესახებ. აღსანიშნავია კიდევ ერთი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გადაღებულია ირანში, ირანელებზე, გიჩნდება შთაბეჭდილება რომ ეს ამბავი შესაძლოა ხდებოდეს ნებისმიერი რელიგიის და კულტურის ქვეყანაში. ირანში, სადაც სასტიკი ცენზურა აკონტროლებს ყველაფერს, ასეთი კინოს გადაღება კინოხელოვნების სერიოზულ განვითარებაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, აზიური კინოს ეპოქა მოდის, სანამ ევროპა ჰოლივუდის გავლენისგან თავის დაღწევას და ისევ მაღალი დონის კინოს კეთებას ცდილობს. ან ცდილობს კი?