გმადლობ ლაშა - კვირის პალიტრა

გმადლობ ლაშა

2004 წლის 19 აგვისტოს, როდესაც ზურაბ ზვიადაურმა ათენში საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, სიხარულისგან კარგა ხანს ვხტოდი და ვკიოდი. ცხადია, ყველა ქართველის მსგავსად მეც უზომოდ ამაღლებული განცდა მქონდა, როდესაც ქრთული დროშა მაღლა ასწიეს და ქართული ჰიმნი გაისმა. ეს ჯილდო ხომ პირველი ოლიმპიური ოქრო იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პირველად მაშინ ვიბრძოლე სპორტული ექსკლუზივისთვის, გამომივიდა კიდეც. ზვიადაურს ცხელ კვალზე, ათენში ტელეფონით ვესაუბრე. 29 ივლისს, როდესაც ლაშა შავდათუაშვილმა ღირსეულად მოიპოვა გამარჯვება და ლონდონში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართული დროშის მაღლა აწევითა და ჰიმნით კვლავ მოგვცა ოლიმპიური თავმოწონების საშუალება, კვლავ განსაკუთრებული სიამაყე ვიგრძენი. ამჯერად ლაშასთან ექსკლუზივური ინტერვიუსთვის არ მიბრძოლია, რადგან ოლიმპიურ თამაშებს, ლონდონში უშუალოდ ადევნებს თვალს მედია სახლ "პალიტრის" წარმომადგენლის "ლელოს" მთავარი რედქტორი.

ლაშა გმადლობ, რომ გვასახელე, უფლება რომ მომეცი ნამდვილი გამარჯვებით ვიამაყო და არა ისე, როგორც ბოლო წლებში დაგვჩემდა, დავმარცხდებით, წავაგებთ და მავანნი გვარწმუნებენ, ეს ისეთი დამარცხებაა, გამარჯვებას რომ უდრისო. მჯერა, ეს გამარჯვება შენი დიდი წარმატების ბრწყინვალე დასაწყისია.

ამ გამარჯვებამ გადამაწყვეტინა, ის ქართველები გაგვეხსენებინა, ვინც ძიუდოს ისტორიაში თავისი კვალი დატოვა, თუმცა, თანამედროვე ქართველმა საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის მათ შესახებ. ზოგადად ჭიდაობის ეს სახეობა თურმე იაპონიის შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. თანამედროვე ძიუდოს ფუძემდებლად მიიჩნევა უდიდესი პედაგოგი, განმანათლებელი და მწვრთნელი, კანო ძიგორო (1860-1938), რომლის მიერ აღზრდილი ერთ-ერთი სახელოვანი ფალავანი ერთი ხელის მოსმით გაუკრია ტატამზე რუსებისგან ტყვედგატაცებულ რაჭველ კეჭოუკას, იგივე სპირიდონ გოცირიძეს.

დიახ, 1905 წელს, ბედის უკუღმართობით იაპონელებთან მოხვედრილ რაჭველ მეპურეს ორი, იმ დროისთვის ცნობილი ძიუდოისტი თვალის დახამხამებაში გაუკრავს ტატამზე. ამ ამბავს შესწრებია რუსულ გარნიზონში სამბოს დამამკვიდრებელი ანატოლი ხარლამპიევი და აღფრთოვანებულს მემუარებში ჩაუწერია: "მე გახლდით პორტ-არტურში, სადაც ქართველი მოჭიდავის ჩატარებული საოცარი ილეთები ვნახეო". სამწუხროდ, კეჭოუკას ოლიმპიადაზე ან მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, თორემ, დიდი ალბათობაა დღეს მისი სახელი ოქროს ასოებით ყოფილიყო ჩაწერილი ძიუდოს ისტორიაში. ცნობისთვის სპირიდონ (კეჭოუკა) გოცირიძე ზემო რაჭაში დაბადებულა. ბავშვობიდანვე ღონიერს, მაგრამ მშვიდსა და ალალს არასდროს ჰქონია პრობლემები, თუმცა, ბედს ერთ დღეს რუსის ჟანდარმთან შეუხვედრებია... 1904 წელს ქუთაისში საქმეზე ჩამოსულა კეჭოუკა. ეს ის დრო იყო, რუსები განსაკუთრებული სიფრთხილით რომ აკვირდებოდნენ ამბოხისა და წინააღმდეგობის მოყვარულ ქართველებს, რომელთაც რუსულ ჯარში სამსახური არ სურდათ. მოკლედ, დაინახეს ჟანდარმებმა შუა ქუჩაში ზანტად მომავალი ახოვანი ბიჭი, რომელიც ერთ ჭამაზე ერთ ხარს შეჭამდა. დაუძახეს: "მოდი, ერთი ჭიქა არაყი დაგვილიეო. პირველ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და დაათვრეს კეჭოუკა. როგორც ჩანს, არაყში რაღAაც გაურიეს. რომ გამოიღვიძა, უკვე გვიანი იყო - მატარებელში იჯდა და ხელფეხშეკრული თბილისისკენ მიჰყავდათ...

მაშინ იაპონიას ექიშპებოდა რუსეთის იმპერია, ამ ომში კი არა მხოლოდ ქართველებს, კაზაკებსაც არ სურდათ წასვლა - იაპონელ სამურაებს კაციჭამიების სახელი ჰქონდათ გავარდნილი.

მიუხედავად იმისა, რომ კეჭოუკა ჟანდარმების ტყვე იყო, ჯარისკაცობაზე ვერ დაუყოლიებიათ. იმდენი მოუხერხებია, რომ პორტ-არტურში ძალით გაგდებული რუსი გენერლის - ანატოლი სტესელის პირადი მზარეული გამხდარა. 1905 წლის 5 იანვარს პორტ-არტური სწორედ სტესელმა ჩააბარა იაპონელებს და კაპიტულაციაზე მოუწერა ხელი... ამის შემდეგ იაპონელმა გენერალმა ჰეიჰატირო ტოგომ (ძიუდოისტიც იყო) სტესელს უთხრა: თუ თქვენს გარნიზონში არიან ჯარისკაცები, რომლებსაც ჭიდაობა ეხერხებათ, ჩვენებურ ძიუდოისტებს შევაჯიბროთო" (ძიუდო ახალი "ხილი" იყო იმ დროს და ყველა იაპონელი ძიგორო კანოს, ძიუდოს შემქმნელის სახელს ფიცულობდა). სტესელიც რას ეტყოდა, დაბეჩავებული და უფლებააყრილი, სული კინაღამ გაეპარა, მაგრამ დათანხმდა.

მოკლედ, გამოიყვანეს იაპონელებმა ძიუდოისტი, კოდოკანის (ძიუდოს მთავარი სკოლაა) მოსწავლე ვაკაბაიაში ტარო და წააქცია თორმეტი რუსის ფალავანი"... ამ დროს მზარეული კეჭოუკა იქვე, სახელდახელო თონეში პურს. თვით ჰეიჰატიროს მოუკრავს თვალი მისთვის და უკითხავს - ეს ფალავანი ვინააო? რა ფალავანი, მზარეულია და ისეთი კაცია, თოფი ვერ ავაღებინეთ ხელშიო, - უპასუხეს თურმე კაზაკებმა. ჭიდაობა იციო?" უკითხავს იაპონელს, კიო, - თავი დაუქნევია კეჭოუკას.

ჰოდა, აბა, ამას თუ წააქცევო, -ღიმილით ტაროზე მიუთითა ჰეიჰატირომ. კეჭოუკა დინჯად შესულა წრეში, დასჭიდებია ტაროს, უცებ გამოუდვია სარმა და ძირს დაუცია.

წამომხტარა ტარო, ეგ რა გამიბედაო, - მაგრამ ჰეიჰატიროს თვალით უნიშნებია, გაჩერდიო, წრეში კი იმაზე უფრო ძლიერი ძიუდოისტი, თვით ძიგორო კანოს "უჩიდეში" (მოსწავლე, რომელიც მწვრთნელის სახლში ცხოვრობს), ჯიუნიტირო ტორიგაი შეუგდია. ახლა ტორიგაი ეკვეთა თურმე რაჭველს და კისრულის ჩატარება დაუპირა, მაგრამ კეჭოუკამ კონტრილეთით ისიც ძირს დასცა, მერე კი რაჭული სიმშვიდით თონეში პურის საცხობად გაბრუნდა...

ჰეიჰატირო აღფრთოვანებულა ვაჟკაცი გადამთიელით, კაზაკებისთვის დამცინავად გადაუხედავს: წადით, თქვენი ასე და ისე, თქვენ მეომრები უნდა გერქვათ და ამას მზარეულიო? და კეჭოუკასთან მისულა მოწიწებით.

ეხვეწა, ემუდარა თურმე იაპონელი ქართველს, კოდოკანში შემოდი და იაპონიაში ყველაფერი გექნებაო, მაგრამ ვერაფერი გააწყო - სპირიდონს მშობლიურ რაჭაში დაბრუნებაზე მეტად არაფერი უნდოდა.

კეჭოუკა 1905 წლის ზაფხულში დაბრუნდა რაჭაში და მოგვიანებით თავგადასავალი შვილებს უამბო. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ პირველი ქართველი, ვინც იაპონელ ძიუდოისტებს ქართული მკლავის და უძველესი ქართული ჭიდაობის ძალა აჩვენა, სპირიდონ გოცირიძე იყო. მას შემდეგ კი ისტორია საინტერესოდ განვითარებულა. როგორც მოჭიდავეები აცხადებენ, საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ ძიუდო, რაც ქართველი ძიუდოს მდიდარი ტრადიციებით ყოფილა განპირობებული. ფაქტობრივად არც ერთ ოლიმპიადას ისე არ ჩაუვლია, რომ კვარცხლბეკზე ქართველი ძიუდოისტი არ ასულიყო.

პირველი, ბრინჯაოს მედლები ქართულ ოლიმპიურ ყულაბაში ანზორ კიკნაძეს და ფარნაოზ ჩიკვილაძეს ჩაუშვიათ. როგორც ამბობენ, ძიუდო ანზორ კიკნაძეს ისე გაუმდიდრებია წელსქვემო ილეთებით, რომ მისი სახელობის ტურნირიც კი დაუწესებიათ იაპონელებს. 1972 წელს, მიუნხენში, ლეგენდარულმა შოთა ჩოჩიშვილმა მოიპოვა პირველი ოქრო.

"დაიმახსოვრეთ, ჩოჩიშვილის დღევანდელი გამარჯვებით, ძიუდოში ახალი ეპოქა იწყება", – უთქვამს ფინალის დასრულების შემდეგ იაპონიის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს კამინაგის საბჭოელი კოლეგის, ანდრეევისთვის. დღეს 20 წლის ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება გვეამაყება, ჩოჩიშვილიც არ ყოფილა იმდროინდელ ოლიმპიადაზე ასაკოვანი, 22 წლის ბიჭმა ფინალში იაპონელთა კერპი, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ფუმიო სასახარა გააკრა ტატამზე. ქართული, ზეზელა კისრულით, თურმე ასე უწოდა ამ ილეთს ვახტანგ ბალავაძემ. მოგვიანებით თავად ჩემპიონს უთქვამს, სასახარას წინააღმდეგ შეტევისას და თავდაცვისას ქართული ჭიდაობის ილეთებს ვიყენებდი და რახან იაპონელებსაც უყვართ ვაჟკაცური ჭიდაობა და ფანდზე გამოყოლა, ბრუნიც და კისრულიც მშვენივრად გამომდიოდაო.

1980 წელს მოსკოვში ოლიმპიური ოქრო საბჭოთა გუნდის ქართველმა წევრმა შოთა ხაბარელმა აიღო და მოგვიანებით ტრადიცია ღირსეულად გააგრძელებინა მის მიერ აღზრდილ -გაწვრთნილ ზურაბ ზვიადაურსა და ირაკლი ცირეკიძეს.

1992 წელს, ბარსელონაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდის სახელით გამოსულმა დავით ხახალეიშვილმაც ოქრო აიღო. სამწუხაროდ, მას მეტის გაკეთების საშუალება აღარ მიეცა. როგორც სპორტის ექსპერტები აცხადებენ, ატლანტაში 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული ოქრო სწორედ მას უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ტატამზეც ვერ გავიდა. ქართველი პასუხისმგებელი პირების დაუდევრობის გამო, სპორტსმენმა წინასაშეჯიბრო ასაწონ დარბაზამდე მაშინღა მიაღწია, როცა იქ საინტერესო უკვე აღარაფერი ხდებოდაო?!

"კვირის პალიტრისთვის" რაჭველ კეჭოუკაზე რომ დავწერე სტატია,მაშინ ერთ-ერთმა მკითხველმა კომენტარებში მოგვწერა შემდეგი: "თამაზ ნამგალაური ძიუდოს მსოფლიო ისტორიაში 1980 წელს, თბილისში გამართული საერთაშორისო ტურნირის შემდეგ შევიდა. მან ქართული ჭიდაობის ილეთით - "გადავლებით" იაპონელ ძიუდოისტს, ნაკანისს ჰაერში 180 გრადუსიანი ბრუნი გააკეთებინა და ბეჭებზე დასცა. სახტად დარჩენილმა იაპონელებმა მსოფლიო სპორტულ საზოგადოებას ეს ილეთი ნამგალაურის სახელით გააცნეს და ძიუდოს ისტორიაში შეიტანეს. ნამგალაურს კი ძიუდოში ახალი ილეთის დანერგვისათვის, სპორტის ამ სახეობის განვითარებაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საპატიო სიგელი გადასცა. იმავე წელს იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა და ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნაბოუკი სატომ მას სპორტული მოღვაწეობის იაპონიაში გაგრძელება შესთავაზა იმ პირობით, რომ იგი ამომავალი მზის ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებდა და ტოკიოს უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდა. ქართველმა სპორტსმენმა სამშობლოში დარჩენა ამჯობინა" ამის შემდეგ მისი ბედი ტრაგიკულად წარიმართა. უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, მცირეწლოვანი გოგონა გააუპატიურა და მოკლა. ამბობენ, ის საკუთარი მოთხოვნითვე დახვრიტესო. ამის შემდეგ ძიუდოში მისი წარმატებებიც მიჩუმათდა, არადა, ფაქტია, რომ ქართული ჭიდაობით ნაწრთობმა გენტიკამ ნამგალაურის ხელითაც მოახდინა სასწაული იაპონური ძიუდოს ისტორიაში.

პ.ს. თუ რამე სპორტული ჟურნალისტის პროფესიონალიზმით ვერ გადმოგეცით, მომიტევეთ, ბლოგისთვის ეს წერილი უბრალოდ დიდმა სიხარულმა დამაწერინა. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ ლაშას ოქრო ერთადერთი არ იქნება ამ ოლიმპიადაზე.