შემოვიღოთ ორდენი ”ალისტრახო” - კვირის პალიტრა

შემოვიღოთ ორდენი ”ალისტრახო”

სახელი ალისტრახო არაქართული წარმოშობის არის და ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანის სახელს, თავისებური ახსნაც ექნება. ვეჭვობ უღირს ადამიანს, ან თვითმარქვია ჟურნალისტს ნიშნავდეს. თუმცა, ამ სახელმა საქართველოში სწორედ მსგავსი შინარსის დატვირთვა მიიღო მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ ასპარეზზე ე.წ. დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, თვითმარქვიათა ბანდა გამოჩნდა, რომელთა მიზანს წარმოადგენს ერთადერთი რამ, წონასწორობა დააკარგვინონ და მოთმინებიდან გამოიყვანონ "ინფო 9" -ის ჟურნალისტები. ვაღიარებ, ზეწოლის ქვეშ მყოფ თითოეულ ჟურნალისტს რკინის ნერვები აქვს, ნამდვილად გამიჭირდებოდა ყველა მათგანის ადგილზე თავის ხელში ისე აყვანა, რომ საკადრისი პასუხი არ გამეცა სახე დაკარგული ადამიანებისთვის. სხვა რა ვუწოდო ამ ხალხს? _ ხუთ-ხუთი ვიდეოკამერით შეიარაღებული და უზნეობით აღვსილნი დასდევენ უდანაშაულო ადამიანებს, ხელს უშლიან მუშაობაში და პიროვნულად ამცირებენ მათ.

რა არის მათი მიზანი, რომ საზოგადოებას დაანახონ, აი "ინფო9"-ის ჟურნალისტები იმ სამსახურიდან არიან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებსო? უცნაურია, რატომ იგივეს არ აკეთებენ "რუსთავი 2" -ის, "იმედის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის (მართალია, ეს უკანასკნელი საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება, მაგრამ ფაქტია, ხალხის ინტერესების შესაბამისად არ მუშაობს) ჟურნალისტების მიმართ? რატომ არ ჰკითხავენ მათ კოპირებულივით რატომ ჰგავს სამივე არხის საინფორმაციო გამოშვებები ერთმანეთს და რატომ არ აშუქებენ რეალობას?

მიუხედავად იმისა, რომ ვინც ხელისუფლების თანამოაზრე არ არის, "ქართული ოცნების" მიმდევრად ითვლება, არა-ვისტი არ ვარ. თუმცა, იმის გამო, რომ არასასურველ რეალობაში მიწევს ცხოვრება, ძალიან ბევრ რამეზე ვოცნებობ, როგორც ჟურნალისტი. ვოცნებობ, საქართველოში სრულიად დამოუკიდებელი იყოს მედია, ვოცნებობ, რომ საკუთარი მატერიალური სახსრებით შეეძლოს თავის შენახვა ყველა რედაქციას, ტელეკომპანიას და სხვა მედიასამსახურებს. ვოცნებობ, რომ ხელისუფლება არ ცდილობდეს ფარულად თუ აშკარად ყველა მედია საშუალების კონტროლს, ვოცნებობ, რომ ტელეკომპანიები და სხვა მედია საშუალებები არ იყოს დაყოფილი როგორც სახელისუფლებო, ან ოპოზიციური, როგორც ვინმეს ინტერესების შესაბამისად დაფინანსებული.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე რეალობის გამო ამდენი საოცნებო მაქვს, აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ნებისმიერი სახით მუშაობაში ხელის შეშლა, თუნდაც ისე, როგორც ეს გააკეთა ბოლო დღეებში, სვანეთში "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს ადევნებულმა, ე.წ. დამოუკიდებელი მედიაჯგუფის ზუგდიდის "დანაყოფმა", რომელსაც ტელეკომპანია "მზის" ყოფილი ჟურნალისტი და ღირსების ორდენის კავალერი მალხაზ ბასილაია ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ ვცდილობ ჩემს თავში გავცე პასუხი კითხვას ბასილაია ჟურნალისტია? არა, ეკატერინე დუგლაძის და ნოდარ ჩაჩუას მიმართ ყოველგვარი ეთიკური კონტექსტიდან ამოვარდნილი მისი კითხვები, რეპლიკები და საქციელი ერთადერთ რამეზე მეტყველებს, მალხაზ ბასილაია, როგორც ჟურნალისტი, არაადექვატურია. არადა, როგორც მახსოვს, ის ერთხანს აქტიურად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რის გამოც, როგორც ამბობენ დაისაჯა კიდეცო. დავიჯერო "დაავერბოვკეს" და კოლეგებისადმი მისი დამოკიდებულებაც სავარაუდო ზეწოლის შედეგია? ასეც რომ იყოს, რა გამართლებაა? თუმცა, ჯანდაბას, ჟურნალისტურ ღირსებაზე სულ ისე ხელის აღებას, სჯობს შიში იყოს ბასილაიას "გამამართლებელი."

მისი,როგორც ღირსების ორდენის კავალერის ასეთი ფორმით საზოგადოებაში გამოჩენის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ შემოვიღოთ ორდენი, რომელსაც პროფესიული და მოქალაქეობრივი ეთიკის მოღალატე ჟურნალისტს გადავცემთ, ორდენს კი ვუწოდოთ სახელად ალისტრახო. ბასილაიას ქუთაისელი კოლეგის, იმერელი ალისტრახოს გამო, ხომ უკვე ე.წ. დამოუკიდებელი მედიაჯგუფის ჟურნალისტებს ისედაც ალისტრახოებს უწოდებენ. შემოვიღოთ ორდენი ალისტრახო და მისი გადაცემით ვამხილოთ ისინი, ვისი მსგავსიც არასდროს არ უნდა იყოს ჟურნალისტი.