ქუჩაში სექსი არ იკრძალება? - კვირის პალიტრა

ქუჩაში სექსი არ იკრძალება?

იმის გამო, რომ ძალიან დიდი და ლამაზი ძაღლი მყავს, ბევრი ადამიანი მიცნობს თბილისში. მაგალითად ზოგჯერ ზურგს უკან გამიგონია ბიჭები ერთმანეთს რომ ეუბნებიან, ბიჭო ამას ძალიან მაგარი ძაღლი ჰყავსო. ცხადია, მეამაყება ჩემი ბომბორა, სახელად ბელი და სულაც არ ვეჭვიანობ, რომ მას უფრო იმახსოვრებენ, ვიდრე მე, ან სწორედ მისი წყალობით ვამახსოვრდები ხალხს და არა ის ჩემს გამო. ცხადია, ამ წინადადების დაწერისას მეცინება. ვიმედოვნებ, თქვენც გრძნობთ ხუმრობით სავსე ტონს.

მოკლედ, ჩემი ძაღლი დრო და დროს პრობლმებს მიქმნის ქუჩაში. არა, წესით, ძაღლი კი არა, ადამიანები გვიქმნიან პრობლემებს. აი, ასე მაგალითად: ერთი პერიოდი, მუშტაიდის ბაღში დავასეირნებდი ოთხფეხა მეგობარს და იმის გამო, რომ ბაღი ჭიშკრის ჩარაზვამდე სავსე იყო მოკოცნავე წყვილებით, ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად გვიან გავსულიყავით სასეირნოდ, რომ უხერხულად არ გვეგრძნო თავი მე და ძაღლს. ჰო, აბა, რა გგონიათ, ისინი უხერხულობენ რამეს? ერთი ორჯერ ისეთ სცენებს წავადექი, კინაღამ სახეში შემოვირტყი ხელი, ჩემი ორივე თვალი ხომ არ მატყუებს-მეთქი, მაგრამ არაფერიც, ქალი ხეს, კაცი კი ქალს და ხეს ისე ჩახუტებოდა და ისეთი ვიბრაციით მოძრაობდა, რომ ჩემი ძაღლიც კი გაოცდა რა სჭირთო და სანამ საბელის ჩაბმას მოვასწრებდი, ვნებათაღელვით აღსავსე წყვილს ცნობისმოყვარეობით აღსავსე მიეჭრა. ატყდა ამბავი. ჰმ, გგონიათ ვინმემ დაიმორცხვა? ხვანჯარშეხსნილი მამრი ჩემს ძაღლს მიდგა და უშვერი სიტყვებით აგინა, მერე კი მე დამიღრიალა, ძაღლი ვერ უნდა დააბაო? ძლივს ვიკავებდი თავს, რომ ხარხარი არ ამეტეხა და არ მეკითხა, უკაცრავად ბატონო, ძაღლს ხომ არაფერი დაუშავებია, ხომ ყველაფერი ადგილზე გაქვთ-მეთქი? ის მაინც ვუთხარი, არ გეკადრებათ ძაღლისთვის დედის გინება, გარდაცვლილია საწყალი-მეთქი და მაინც ამიტყდა ხარხარი... მოკლედ, იმედიანად ვიყავი, ბაღს სპეციალური დაცვა ჰყავდა, რომელიც ყველაფრისგან იცავდა იქაურობას სექსუალურად აღგზნებულ წყვილთა გარდა.

ყველა ბუჩქს ხომ ვერ გავჩხრეკთ, ხეებს კიდევ შეხორცებულებივით ეწებებიან და ლამის გათენებამდე "ვწმენდთ" ასეთი შემოჭრებისგან" ბაღსო, ჩიოდნენ ხოლმე დაცვის ბიჭები. ცხადია, იმათ ჩემზე და ბელიზე მეტი უნახავთ მუშტაიდში.

ამასწინათ იპოდრომზე ვსეირნობდით, სხვათა შორის, კარგა ხანია იქაურობასაც დაცვა ჰყავს მიჩენილი. მიუხედავად ამისა, სექსუალურად აღგზნებულთა შემოტევას ვერც აქ აუდიან. გვიანი იყო, ფიჭვნარში იმ დროს ძალიან სასიამოვნო ჰაერი და სიგრილეა. უცებ კვნესა მომესმა, აშკარად ადამიანთა მოდგმის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ ყრუ ბგერები და სანამ მივხვდებოდი, რაც ხდებოდა და ძაღლს დავიჭერდი, მუშტაიდის ამბავი განმეორდა, ცხადია, იქაც შეუკურთხეს ჩემი "ბელის" გარდაცვლილ დედას სული და როდესაც ფანარი მივანათე, ნახევრად შიშველი ტინეიჯერი გოგო-ბიჭი თავქუდმოგლეჯილი ქედზე შეფენილი ბუჩქნარისკენ გაიქცა.

გგონიათ ამით დასრულდა ჩვენი თავგადასავალი? ცოტა ხნის წინ კახიძის სახელობის ბაღის წინ აღმაშენებელზე, წვიმის შედგად ქუჩის განათება დაზიანდა და სკვერის ნახევარში კარგა ხანს შუქი არ იყო. აქაც დგას დაცვა, მაგრამ რას წარმოიდგენდნენ ბიჭები, რომ ერთ-ერთი წყვილი, შესაძლოა მეტიც, კოცნის ზღვარს გადავიდა და იქვე, ხის გრძელ და განიერ მერხზე მეტი მოინდომა. ცხადია, ბელი ამ შემთხვევაშიც "დაუდევრად" მოიქცა და ცნობისმოყვარეობამ სძლია გაერკვია რა ხდებოდა. წყვილთან მის მიახლოებას არადამიანური ღმუილი მოჰყვა, ძაღლის გვერდზე გამოსაყვანად მისული კი ისე გავხევდი მოულოდნელობისგან, რომ ბოდიში მოვუხადე, უკაცრავად, გვაპატიეთ, ხელი შეგიშალეთ მეთქი. კარგა ხანს არ გამოსულა ის წყვილი სიბნელიდან, როგორც ვიცი იმ საღამოს სასწრაფო დახმარებიდანაც არ გამოუძახია მორიგე ჯგუფი ბაღის დაცვას, ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა ძაღლისგან შეშინებულთა შორის, მაგრამ მე ყოველ საღამოს საფიქრალი მაქვს, რა ვქნა, რა დროს და სად წავიყვანო ძაღლი სასეირნოდ და საერთოდაც რა ხდება, სექსი ქუჩაში მოსულა? არც რაიმე რელიგიური კავშირის წევრი ვარ და არც ის მაღელვებს, ექსტრემალურ სექსს ვინ სად მიეცემა, მაგრამ ეს ქუჩები ხომ ყველასია და არამხოლოდ ერთეულების.

ჩვენი თავგადასავლების პიკი ორიოდე დღის წინ თავდაცვის სამინისტროს წინ, სანაპიროზე, ხეივანის ბუჩქნარში გვქონდა. ბელიმ ბუჩქებში სიყვარულს მიძალებულებს მიაშარდა, რასაც ჯერ ორივე ჩვენგანის ლანძღვა-გინება მოჰყვა, მაგრამ როგორც კი დავემუქრე, რომ მთელ სამინისტროს და პოლიციას დავახვევდი თავზე, ბორდიულზე ჩახტნენ, იქვე მდგომ ავტომობილში ჩასხდნენ და გაქუსლეს. ასეთი პრობლემები ზაფხულშია აქტუალური, თორემ ზამთარში ხშირად გასაყინად განწირულ მაწანწალებს ვაწყდებით.