”ფეისბუკში” მანიაკი ”დადის?! - კვირის პალიტრა

”ფეისბუკში” მანიაკი ”დადის?!

ფეისბუკში უცნაური სასიძოები გამოჩნდნენ, თუმცა არ არის გამორიცხული ყველა მათგანი ერთი და იგივე პიროვნების ინტერნეტ "კლონები" იყოს. სასიძოებს ერთი ხელწერა აქვთ. სოციალურ ქსელში ქალთან მათი ურთიერთობა შემდეგნაირად ვითარდება: თქვენი პროფილის ფოტოს შესახებ მოგწერთ რაიმე კომპლიმენტს. მნიშვნელობა არ აქვს უპასუხებ თუ არა. მას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ გაგიცნოს, ამიტომაც კითხვარ მომარჯვებული მცირეხნიანი დუმილის შემდეგ გეკითხება, გათხოვილი ხარ? არც ყოფილხარ? არავინ გყავს? ქალიშვილი ხარ? აი, აქ თუ დროში შეყოვნდი, წარმოუდგენელი რამ ხდება. სასიძო ძალიან აგრესიული ხდება და გწერს, რა დაგემართა, შეცოდე? კუზანოვს იცნობ? არ იცი ქრისტიანი გოგო როგორ უნდა ცხოვრობდეს, არავინ გასწავლიდა ამას? თუ დუმილს მშვიდად აგრძელებ, "მანიაკი" სასიძო სოციალური ქსელიდან "ხტება" და სამიზნე ქალბატონებს გააფთრებით უხსნის, რომ სიძვის და მრუშობის ჩამდენი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება თუ დროულად არ მიაშურებს აღსარებისთვის მოძღვარს. შემდეგ გირჩევს ვისთან მიხვიდე, რომელ საათზე, როგორ ჩაიცვა და რა უნდა უთხრა მღვდელს. თუ მაინც არაფერი უპასუხე, უკვე ახალი სახით და ახალი სახელით გევლინება, თავს გაცოდებს, რომ ძალიან მოკრძალებული ბიჭია, მაგრამ საოცრად იზიდავს ქალები, რომლებთანაც ურთიერთობის გაბმა უჭრის, არადა, სიამოვნებით გაიცნობდა კარგ, ჭკვიან გოგოს. შემდეგ პირვანდელ სტილში იწყებს დაკითხვას, ჩაი გიყვარს თუ ყავა? მარტო ცხოვრობ? მეგობრები ხშირად დადიან შენთან. რას ფიქრობ, მეც რომ მოვიდე და იქნებ გათხოვილი ხარ? არც ყოფილხარ? ქალიშვილი ხარ? თქვენ ისევ დუმხართ? ის გიჟდება, მითხარი, მოგწონს ქორწინებამდე ურთიერთობები? რატომ დუმხარ? იქნებ გინეკოლოგთან ხშირად დადიხარ საქალწულე აპკის აღსადგენად? არ იცი,რომ სიძვა და მრუშობა საშინელი ცოდვაა? მოძღვარი არ გყავს? აღსარება უნდა სთქვა, წამოდი, ჩემს მოძღვარს გაგაცნობ,ოღონდ მანამდე ჩვენ შევხვდეთ. თუ თქვენ დუმილს ჯიუტად განაგრძობთ, ან მან შეხვედრაზე ვერ დაგითანხმათ, ორ-სამ დღიანი პაუზის შემდეგ ისევ მოგადგებათ "კარზე". ის უკვე ძალიან საქმიანი და სერიოზული კაცის იერის მიღებას ცდილობს. სხვანაირად იწყებს დაკითხვას, მაგრამ ბოლოს ისევ ქალიშვილობის ინსტიტუტზე იჭედება. ამასთან, საინტერესოა ერთი დეტალი. ყოველი ახალი პროფილით გამოჩენისას ძველს აუქმებს და შესაბამისად მისი წერილებიც ქრება.

ერთხანობას მეგონა ეს "მანიაკი" მხოლოდ მე მაწუხებდა, არადა, აღმოჩნდა, რომ ერთდროულად რამდენიმე ქალთან აბამს მიმოწერას. როგორც ჩანს ჯერ ვერ იპოვნა მოსაწონი. მისეული გამოკითხვის შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ჰგავს მძაფრსიუჟეტიანი ფილმების პერსონაჟს, რომელსაც მანიაკური გადახრები აქვს და რაღაც პრინციპის მიხედვით ირჩევს მსხვერპლს თუ სამიზნეს. ამიტომაც გამკრა გულში,რომ ამ უცნაური სასიძოს სახით ფეისბუკში "მანიაკი" ხომ არ დადის? მაინც გაფრთხილდით, იქნებ მღვდელთან შეხვედრაც უბრალოდ სატყუარაა.