როცა არაფერი შეგიძლია - კვირის პალიტრა

როცა არაფერი შეგიძლია

პირველად გუშინ, ღამით ვნახე. აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინასთან დამჯდარს ეძინა. ჯერ პოლიციელები შევნიშნე. ვიღაც ბიჭს, ყურთან რომ სისხლი ჩამოსდიოდა, დაჟინებით სთხოვდნენ სახელი და გვარი გვითხარიო. ბიჭი, ასე, 25 წლის, ნავარჯიშევი, სპორტული აღნაგობის, ძალიან მთვრალი იყო. ოღონდ ისე კი არა, ფეხზე დგომა რომ არ შეუძლიათ, სასმელი რომ აშლეგებს, არადამიანურ ძალას რომ აძლევს, ააქტიურებს და თვალებს უფართოვებს, აი, ასე იყო. რატომღაც ვინაობას არ ამხელდა ცოცხალი თავით. დაეხვია ხალხი. ამ უბნელია, ძირს დაეცა, არ უჩხუბნია, ვერ ხედავთ? მთვრალიაო, ცდილობდნენ პოლიციელების დარწმუნებას, რომ ბიჭი ბოროტმოქმედი არ იყო. მოკლედ, ხალხის ჩარევამ ის ქნა, რომ მთვრალი კაცი თავის გზით გაუშვეს, პოლიციაც იქვე, გზის მეორე მხარეს გადავიდა, ოფისში, ხალხიც დაიშალა და უცებ ისევ ის მომხვდა თვალში. უმწეო მოხუცი. ისეთი უმწეო იყო, რომ ბავშვს გავდა. თავსაფარი ჩამოეფხატა თვალებზე, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა, სახე და ხელებიც გაზუზნული ჰქონდა. ცელოფნის ფუთა მიედო კუთხეში და მიწოლილიყო. ეძინა პირღიას, ორიოდე კბილი შერჩენოდა წინა მხარეს. გამხდარ წვივებზე, სადაც კაბა ვეღარ წვდებოდა, მეორე თავშალი წაეფრებინა... გული დამეწურა. ის ვერავინ შენიშნა, ვერც ცოტა ხნის წინ მოყაყანე პოლიციელებმა და მოქალაქეებმა, ვერც უბრალოდ გამვლელ-გამოვლელმა. მერე რა, მე თუ შევნიშნე, ავუარე გვერდი, გამოვუარე კიდეც, ამოვიოხრე. ეძინა ღრმად, დაღლილს, ალბათ მშიერსაც. იქვე "კათარზისია", ნეტავ რატომ არ მიაკითხა თავშესაფრისთვის? _ კითხვას გულში ვიმეორებდი, მაგრამ მაინც ჩემს გზას გავყევი. დახმარებისთვის არ გავისარჯე. დილით, ადრე, როდესაც მე და ჩემი ოთხფეხა მეგობარი სასეირნოდ გავედით, ისევ ვნახე, კარგარეთელის ქუჩის კუთხეში ჩამომჯდარიყო და ოხრავდა. დღის შუქზე უფრო შესამჩნევი იყო მისი დაღლილობა და შიმშილიც, ჭუჭყი და სიღატაკე, მიუსაფარებს, უთავშესაფროებს რომ ახასიათებთ. რაღაცას ეძებდა ცელოფნის ფუთაში, რომელიც ალბათ მთელ მის ავლადიდებას შეადგენდა, ვეღარ შევიკავე თავი, გამოველაპარაკე, ვინ ხართ-მეთქი, დაკარგულიო. დაიჩივლა, ხუთი ლარი მომპარა ვიღაცამო. ალბათ დაკარგა. აბა ვის მოუვიდოდა აზრად, ქუჩაში, მაწანწალა მოხუცის ფუთის გახსნა? იქნებ მასავით მიუსაფარს, მაგრამ ახალგაზრდას? მწყურია და მშიაო.იქვე მაღაზიაში წყალი და ნამცხვარი ვუყიდე... ჭამდა და ნდობით მიყურებდა...

მამას მსხალი უყვარდა და გულაბი დამარქვა, მიკირტიანი ვარ, 1931 წელს დაბადებული. ახლოს არ მოხვიდე სუნი ამდის, დასაბანი ვარ, დიდი ხანია აბანოში არ ვყოფილვარო... უცებ ქალი დავინახე, მოხუცი, მაგრამ ქალი, რომელსაც ერიდებოდა მოუწესრიგებლობის გამო. 80 წელს გადაცილებული, უსახლ-კარო და დაღლილიც ქალი იყო.

ხანგრძლივი დაკითხვის შედეგად დავადგინე, რომ ოდესღაც ახალგაზრდა ქალიშვილი მოუკვდა და ამიტომაც მოხუცებულობაში ღვთის ანაბარად აღმოჩნდა.

დროდადრო მოხუცი სადღაც ფასიან თავშესაფარში ათევს ღამეს, 2 ლარს იხდის. სავარაუდოდ იმ ღამისგასათევის დიასახლისს ნათელა ჰქვია, რადგან მთხოვდა, როგორმე ნათელასთან მისვლაში დავხმარებოდი. ქაღალდებში გახვეული საბუთები ამოიღო, საპენსიო ბარათი მაჩვენა, მასთან ერთად ფურცელი ჰქონდა ჩაკეცილი, გამომიწოდა, წინამძღვრიშვილის 184, ნათელა, მიეჩხაპნა ვიღაცას. დავაპირე ტაქსით გამეყვანა. ამაოდ, ყველა მძღოლი უარს ამბობდა მანქანაში მის ჩაჯდომაზე. ყარსო... ისევ პოლიციელებს მივაკითხე, მანამდე "კათარზისის" შენობა იყო, მაგრამ გვერდი ავუარე. აზრი არ ჰქონდა გარჯას. წინა შემთხვევებიდან როგორც მახსოვდა, იქ მეტყოდნენ მხოლოდ ღამეს ვათევინებთო და არ მიიღებდნენ... პოლიციაში მხრები აიჩეჩეს, ჩვენ რა უნდა ვქნათ, სად წავიყვანოთო? როგორც მოხუცი ამბობს, წინამძღვრივილის 184 ნომერში ჰყავს პატრონი -მეთქი. მანდ იაფფასიანი თავშესაფარიაო. მაშინ მოხუცთა თავშესაფარში წავიყვანოთ -მეთქი. სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან სამაშველო სამსახური გამოიძახე, ისინი დაგეხმარებიანო, მიპასუხა ერთ-ერთმა, რომელიც მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდა და დროდადრო ქვეშ-ქვეშ, მოვალეობის მოხდის მიზნით თუ გამომხედავდა ხოლმე.

გამოვიძახე 112... საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ისე მიესალმა, როგორ ხარ ბაბოო? ერთ-ერთი მათგანის ბებია მეგონა. თურმე სხვა დროსაც უხმეს პატრულს დასახმარებლად... მივიყვანთ კათარზისში და მეორე დღეს ისევ ქუჩაშიაო... ხომ ვთქვი, იქ მხოლდო ღამეს ათევინებენ. ადგილები არ გვაქვს, რომ დიდი ხნით მივიღოთ მოხუცებიო. მოხუცი პოლიციის დანახვაზე ანერვიულდა. ტაქსი გამიჩერეთ, სახლში უნდა წავიდეო... ბოლოს, გუდა-ნაბადი აიკრიფა და წელში მძიმედ მოხრილი კარგარეთელის ქუჩას აღმა აუყვა, ასე დეზერტირების ბაზართან გავალ და იქ ნათელას ვნახავო... გვესმის თქვენი, რომ დახმარება გინდათ, მაგრამ ვერ დაეხმარებით. იცით ასეთი რამდენია ქუჩებში? ბევრი, ძალიან ბევრი. ვერ გაწვდებით ყველას... ყრუდ მესმოდა პოლიციელის სიტყვები. ძალიან უმწეოდ ვიგრძენი თავი, შესაძლოა იმაზე უმწეოდაც, ვიდრე ის მოხუცი იყო. ძნელია იმის გააზრება, რომ შენ არაფერი შეგიძლია... თუმცა, მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. იქნებ თქვენთან ერთად ვნახო გზა.