ვარდების რევოლუციის” საიდუმლო - კვირის პალიტრა

ვარდების რევოლუციის” საიდუმლო

ვინ იყვნენ 2003 წლის ოქტომბრის რევოლუციის მთავარი გმირები? _ ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი. ვინ არიან ისინი დღეს?

მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადითაც უმიზნებს ქვეყნის მართვას და ყველას, ვინც ამაში ხელის შეშლას დაუპირებს, რუსეთის აგენტად აცხადებს. ამასთან, თვითონ უცნაურ პოლიტიკას თამაშობს ჩრდილოელ მეზობელთან. ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა, რუს ბიზნესმენებზე ყიდის საქართველოში ყველაზე სტრატეგიულ ბიზნეს ობიექტებს. ამბობს, რომ რუსეთში მოღვაწე ყველა ბიზნესმენი პუტინის "კაცია", მაგრამ ამ იარლიყს მხოლოდ ჩრდილოეთში მოღვაწე ქართველ საქმოსნებს აწებებს (ბენდუქიძის გარდა, რომელიც როგორც ამბობს, დიდი ხანია აღარ ფლობს ბიზნესს პუტინის სამეფოში), თითქოს რუსეთში მოღვაწე რუსი ბიზნესმენები ანტიპუტინისტები არიან და ფედერაციის ხელისუფლებიდანაც კი არასდროს არავინ აწუხებს მათ კაპიკის მოთხოვნით, ან რაიმე პოლიტიკური, თუ სხვა "საქმიანი" დირექტივით.

2011 წლის 26 მაისის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ორჯერ პრეზიდენტ-ნაცვალი ნინო ბურჯანაძე საბოლოოდ "შერაცხა" რუსეთის აგენტად. მეტიც, მისი ოჯახი აღიარებული იქნა "გრუს" ერთ-ერთ განშტოებად, სახლი შტაბად, პარტია მსხვილ აგენტურ შენაერთად და ქმარი რუსების "ჯეიმს ბონდად," რომელზეც ამბობენ, რომ გაქცევის საშუალება მისცეს, ისევე, როგორც რუსების აგენტობაში ბრალდებულ, ყოფილ რევოლუციონერ ირაკლი ოქრუაშვილს. ისე, ბურჯანაძე პუტინთან უბრად კი არა, საკმოად ახლოს რომ ყოფილა, საზოგადოებაში ეჭვი ამის შესახებ განამტკიცა ორიოდე წლის წინ "პაკლონნაია გორასთან" მისმა ქალურ-პოლიტიკურმა სენტიმენტებმა.

"ვარდების რევოლუციიდან" მალევე, სამწუხაროდ, როგორც ამბობენ, მოკლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეებში ხშირად მოისმენთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილის დღევანდელ რეჟიმს პირველი სწორედ ჟვანია შეეწინააღმდეგებოდა. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, წინააღმდეგობის პირველი ნიშნები რომ გამოამჟღავნა, ჟვანიამ ამიტომაც მიიღო სასტიკი განაჩენი, სანამ მისი წინააღმდეგობა თვალსაჩინო და სახალხო გახდებოდა, მანამ გაუსწორდნენო?! მოკლედ, ამ ლოგიკით გამოდის, რომ ზურაბ ჟვანია დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, ყველაზე მკაცრი, შეურიგებელი და ჭკვიანი მოწინააღმდეგე მისი სახით ეყოლებოდა მიხეილ სააკაშვილს, შესაბამისად რუსეთის პირველ აგენტადაც ალბათ მას გამოაცხადებდნენ. ბურჯანაძეს კი მეორეხარისხოვანი აგენტის "პოსტზე" ჩააჩოჩებდნენ.

"ვარდების რევოლუციის" სავარაუდოდ ერთადერთი დამფინანსებელი და შემდგომ "სურნელოვანი" ხელისუფლების ფინანსურად უზრუნველმყოფი ბიძინა ივანიშვილიც, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, თურმე პუტინის აგენტი ყოფილა. გამოდის, რომ ბიძინამ რუსული ფულით გადააგდო შევარდნაძის რეჟიმი. ისე, ედუარდის და ასლანის გადადგომაზე დასაყოლიებლადაც რაღა რუსი იგორ ივანოვი ჩამოვიდა? უცნაურია, ამ ლოგიკით მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის "მოყვანილი" კაცი გამოდის. ე.ი. პუტინმა მისცა ფული ან აიძულა ივანიშვილი, რომ "ვარდების რევოლუციის" განხორციელებაში დახმარებოდა მავანთ და შემდეგ მიშა გაეპრეზიდენტებინათ? მაგარი დომხალია, აი, ისეთი, არაფრის დაჯერება რომ არ მოგინდება კაცს, მაგრამ ფაქტები გაიძულებენ ეჭვებში იცხოვრო. ფაქტებშიც ვგულისხმობ ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილის და მისი ყურმოჭრილი "რუპორების" განცხადებებს. ჰო, 2004 წლის 12 აპრილის გაზეთ "იზვესტიაშიც" რა გულუბრყვილოდ ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის შესახებ " У него глаза честного человека - именно так. Я поверил ему - и не ошибся. Он сделал все, что обещал…" რა თვალები, რა გჯეროდა, როგორ თუ არ შეცდი, რას დაგპირდა, რას ამბობ შეფ? უფ, უკაცრავად ბატონო პრეზიდენტო. დავიჯერო, ეს ის პერიოდია, როდესაც პუტინი სრულიად ქართული პოლიტიკური სპექტრის და მათ შორის, პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის გადაბირებასაც ცდილობს? დავიჯერო, რუსებმა ამდენი ხალხის "დავერბოვკება" შეძლეს და მხოლოდ სააკაშვილი და ნუგზარ წიკლაური ვერ გადაიბირეს? ბეწვზე ვართ გადარჩენილი? თუმცა, რაღა გადარჩენა, უმრავლესობა რუსეთუმეა თურმე. აი, "ვარდების რევოლუციის" შემოქმედი მთავარი ბირთვის დამხმარე ძალაც :ნინო ბურჯანაძეზე უკვე ვთქვით, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ნოღაიდელი კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა, გოგა ხაინდრავა და ლეგიონია მათი რიცხვი, როგორც ქართველი ერის პოლიტიკური მწყემსი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ისინი ყველანი რუსეთის აგენტები არიან და როგორ გინდა, რომ პრეზიდენტის არ გჯეროდეს, ყველა არა, მაგრამ ამ ლეგიონიდან ბევრი ხომ ბოლო წლებში, თანაც ავადსახსენებელი ომის შემდეგ, წარამარა დარბოდა პუტინთან. იმის დაჯერებაც ძნელია, რომ ვინც ამ ხალხს რუსეთის აგენტობას აბრალებს, თვითონ არის სუფთა. ფსიქოლოგიაში ცნობილი მოვლენაა, რომ როდესაც ადამიანს რაღაც მის მიერ ჩადენილის დამალვა უნდა, როდესაც ცდილობს, რომ ცოდვა არ გაუმჟღავნდეს და სახელი არ გაუტყდეს, ცდილობს სხვებს სწორედ ის დააბრალოს (ან სულაც სხვა გამოიჭიროს ანალოგიურ დანაშაულში), რაც თვითონ დააშავა, ცდილობს ასეთი ფსევდოწინააღმდეგობით დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის მანკიერებასთან დაუცხრომელი მებრძოლია.

რამდენიმე დღის წინ ერთმა ახლობელმა მითხრა, სამსახური დავკარგეო. თელასში მუშაობდა. ამბობს, რომ კომპანიაში ახალდანიშნულმა ზურაბ არსოშვილმა პოლიტიკური ნიშნის მიხედვით ხალხის გათავისუფლება დაიწყო. "ვინც ნაცებს არ აძლევს საარჩევნო ხმას, სამსახურიდან აძევებენო." თუ ეს მართალია, რა უცნაურია, ოკუპანტის, მტრის, რუსეთის წარმომადგენელი ბიზნესმენების საქციელი. თელასის, იგივე რაო-ესის მფლობელი რუსები ხომ პუტინის ქვეყნის მოქალაქეები არიან? რატომ დანიშნა ოკუპანტის მიერ მართულმა ბიზნესმენმა, თუ რუსულმა კომპანიამ რაო-ესის კომერციულ დირექტორად მაინცდამაინც არჩევენბის წინ მაინცდამაინც ნაციონალი არსოშვილი, თანაც მაშინ, როდესაც ითქვა, რომ თელასს ბიძინა ივანიშვილი ყიდულობდა? უცნაურია, განა აგენტი ივანიშვილი უფრო სანდო არ უნდა ყოფილიყო პუტინისთვის? ვითომ სააკაშვილის გუნდმა შეძლო სიტუაციის თავის სასარგებლოდ განეიტრალება და არსოშვილის თელასში ჩანერგვით ივანიშვილი და პუტინი დატოვა მშრალზე?! ან პოლიტიკური ნიშნით რას ერჩიან ხალხს თელასში, დავიჯერო რაო ესის ხელმძღვანელობა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის აგენტურის გაუვნებელყოფაში ეხმარება? მაგარი პოლიტიკური რებუსი გვაქვს. ისეთი, ალბათ მხოლოდ ეშმაკი რომ შეძლებს გამოცნობას.

პ.ს. ცხადია, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, როგორც გჩვევიათ, ვიღაც გადაწყვეტს, რომ ამ ტექსტის დაწერა შემიკვეთეს, სანამ ასეთ სისულეებს იფიქრებდეთ და მით უფრო დაწერდეთ, გთხოვთ, ცივი წყალი დალიოთ. ეს საბლოგო პოსტია და არა სატატია. ცხადია, შეკვეთები ბლოგზეც შეიძლება, მაგრამ სულ მცირე ათი წუთით დაფიქრდით, რა შუაშია შეკვეთა? არ გტკივათ რაც საქართველოში ხდება? არ გტკივათ ეს პოლიტიკური აბსურდი? მე მტკივა და დავიღალე, მინდა სახელი დაერქვას ყველას და ყველაფერს, მინდა ვიცოდე ვინ ვინ არის და რა ჯანდაბა უნდა და რაც მთავარია, მინდა ერთმანეთის მოსმენა და კულტურულად მსჯელობა ვისწავლოთ. ვცდები? დამარწმუნე ისე, როგორც ღირსეულ ადამიანს შეეფერება. კიდევ ერთიც, იდეოლოგიურად ყველაზე იოლი სამართავი უკულტურო ხალხია, რომელსაც ბრბო ჰქვია.