ცხელი დღიურები - კვირის პალიტრა

ცხელი დღიურები

ორშაბათი

საღამო. 8.35 წთ. #26 სამარშრუტო ტაქსში, ყვითელ მიკროავტობუსში ავდივარ. კონდენციონერები გამორთულია. მძღოლს ვთხოვ, ჩართოს. რატომ? ირონიულად მეკითხება ქონმოკიდებული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მინაჩაწეული ფანჯრიდან ცხელი ჰაერი აშკარად ვერ აგრილებს, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს. იმტომ რომ ცხელა, ვპასუხობ მარტივად. 8 საათის შედეგ კონდენციონერებს აღარ ვრთავთ, ამ დროს უკვე გრილაო, _ ქირქილებს, არადა გარეთ ხვატი და უჰაერობაა. სად გიწერია, რომ 8 საათის შემდეგ აღარ უნდა ჩართო? ან სიგრილეს სად გრძნობ? ვუტევ რიხით. სიტყვიერ წინააღმდეგობას განაგრძობს, თუმცა, ხმის რეგისტრის მიხედვით აშკარად ინტრიგანი ვგონივარ. გვარიანი ოდენობის ჯარიმის შიშით კონდენციონერს რთავს და მალევე ჩუმდება.

სამშაბათი

საღამო. 9.010 სთ. # 75 სამარშრუტო ტაქსიში, კვლავ ყვითელ მიკროავტობუსში ავდივარ, სადაც თუ არ დაჯექი,ფეხზე მდგომი ვერ ხედავ როდის სად ხარ და შესაძლოა სასურველ გაჩერებას კარგა მანძილით გასცდე. კონდენციონერი გამორთულია. მძღოლს ვთხოვ, რომ ჩართოს. "მავნებელია. არ შეიძლება მთელი დღე კონდენციონერი, საშინელი ნივთიერება გამოიფრქვევა და იწვევს მოდუნებას და ორგანიზმის მოშხამვას. ვიწამლებით მძღოლები. თქვენ რა გენაღვლებათ, ცოტა ხნით ამოდიხართ და არ ყლაპავთ, რასაც ეს კონდენციონერი გამოჰყოფს." _ ცხარობს მძღოლი, მეც დაინტერესებული ვეკითხები, რას გამოყოფს კონდენციონერი სიგრილის გარდა? "არ ვიცი რას, მაგრამ გამოჰყოფს რაღაცას, აი, ნახეთ მინებს ზემოთ, კონდენციონერებთან ახლოს, კედელი სულ გაშავებულია გამონაბოლქვისგან." _ პირველად მესმის, რომ კონდენციონერი გამონაბოლქვს გამოჰყოფს და კედლებს აშავებს. ვაპირებ სპეციალისტებში სერიოზულად მოვიკვლიო  მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მძღოლი თვითონ ამბობს, წამლავს, კონდენციონერს მაინც რთავს. აშკარად შიშობს, რომ ვინმე მაკონტროლებელი შესაძლოა გადაეყაროს და ჯარიმა დაიმსახუროს.

ოთხშაბათი

საღამო, 9 საათი. #51 სამარშრუტო ტაქსი. კვლავ ყვითელი მიკროავტობუსი. კვლავ უჰაერობა მხვდება სალონში, ისევე და უფრო მეტად ცხელა, ვიდრე გარეთ. ხალხი დუმს, ჩართეთ კონდენციონერი, ვთხოვ მძღოლს. "რაღა დროს მაგია?" _ მპასუხობს დასავლურ კილოზე,_ " აწი კი გრილა." არ გრილა, ჩართეთ და გვასუნთქეთ თავისუფლად, ვუმეორებ თხოვნას. რთავს, ცოტა ხანში სიგრილე ისადგურებს სალონში. რატომ გეზარებათ თქვენი მოვალეობის შესრულება და რატომ გჭირდებათ შეხსენება, რომ სალონი გრილად იყოს? ვეკითხები მძღოლს. იმიტომ, რომ 25 ლარით გამიძვირა მაგ თქვენმა (ჩემი რა შუაშია?) კონდენციონერმა საწვავის ხარჯი. ყველაფერი ჩემი გადასახდელია და თითოეულ თეთრს ვუფრთხილდები. ამიტომაც არ მინდა ეს ოხერი კონდენციონერი, მირჩევნია ფანჯარა ღია მქონდეს და ისევ ცხელი ნიავი მიბერავდეს. _ხალხმა რა ქნას?

_გამოაღონ მაგათაც ფანჯრები.

გამოაღონო? ფანჯრები ოდნავ იღება, მეტადაც რომ იღებოდეს, რა ხეირი? გარედან სიცხისგან კარაქივით გამდნარი ასფალტის, ხვატის, მტვრის და გამონაბოლქვის გარდა სასიკეთო არაფერი შემოვა. სხვათა შორის, ეს არ არის სამგავრო ტრანსპორტი. ისევ მძღოებისთვსგან ვიცი, რომ თურქეთში სპეციალურად გადააკეთებინეს სატვირთო მიკროავტობუსები თბილისში ჩამოსაყვანად. მერე აქ დაუმატეს ზოგიერთი ატრიბუტი, მაგალითად რკინები მძღოლის სავარძლის საზურგეს უკან და მაღლა, თაროების გასწვრივ, რომ ფეხზე მდგომ მგზავრებს ხელის მოკიდების საშუალება ჰქონოდათ. არდა, როდესაც მგზავრობის ტარიფი გააძვირეს, ითქვა, რომ მგზავრები ფეხზე არ დადგებოდნენ, მერე შემოგვაპარეს, რომ დიდი დიდი ხუთი კაცის ფეხზე დაყენების უფლება ჰქონოდა მძღოლს, დღეს რაც ხდება, უჩემოდაც იცით.

ხუთშაბათი

საღამო. 9 საათი და 45 წთ. # 135 მარშრუტი, ისევ ყვითელ მიკროავტობუსში ავედი. მინები გახსნილია, კონდენციონერები გამორთული. ჩართეთ კონდენციონერი, ამჯერადაც ვთხოვე მძღოლს. შენი ტონი არ მომწონს, როგორ მელაპარაკები? შარიანობს ალბათ ჩემზე 5-6 წლით უფროსი კაცი. არადა, მხოლოდ ორი სიტყვა ვთქვი, ჩართეთ კონდინციონერი. იმის გამო, რომ გარეგნულად ასაკის ადექვატურად არ გამოვიყურები, ცდილობს "პატარა გოგო" ყვირილით შეაშინოს. "მარშრუტკა გაძეძგილია, ამდენი ხალხი ხმას არ არ იღებს, მხოლოდ შენ გაწუხებს სიცხე? თუ სული გეხუთება, ტაქსითი იარე." არ ავყევი ტონალობაში, მშვიდად ავუხსენი, რომ მას კანონი ავალდებულებს ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რაც შეეხება სხვებს, თუნდაც სიცხისგან დაიხუთონ დუმილში. ასეთი ყველაფერზე შემგუებელი ხალხის აზრი რატომ უნდა მაინტერესებდეს? ან საერთოდაც რა შუაშია სხვა იღებს თუ არა ხმას, როდესაც უფლება მაქვს ის მოვითხოვო, რაც მეკუთვნის. მოკლედ, საქმეების გარჩევის პარალელურად მძღოლმა კონდენციონერი ჩართო, ილანძღებოდა და იგინებოდა ისე, თითქოს მე არ მეხებოდა მისი რისხვა და საკუთარ სამსახურზე იყო გამწარებული. თავს მოევერიე, გავუგე, რომ მთელი დღე მისთვის არასასურველ საქმეს აკეთებს და გამწარებულია. ამიტომაც აღარ დავაპირე მის შესახებ იქ მეცნობებინა, საიდანაც უეჭველად დასჯიდნენ. ისე, კი ახი იყო იმაზე სასჯელი. იმიტომ, რომ უზრდელია. იმიტომ რომ რაღაცის გამო განაწყენებული არა უშუალოდ ადრესატის, არამედ უდანაშაულო ადმიანის მიმართ ბოღმის გადმონთხევით ცდილობს საკუთარი არასრულფასოვნების კომპენსირებას. ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს ჩემში ფრანგი მძღოლების და სხვა პროფესიების წარმომადგენლების უნარი, მიიღონ ის რაც უნდათ, რასაც ითხოვენ, მიიღოს იმისგან, ვისაც ეს ევალება და სრულიად სხვა, რიგით მოქალაქეებზე არ გადაიტანონ რისხვა. პარასკევი

რა ბედნიერებაა, დღეს შედარებით გრილა. ეს მაძლევს უფლებას, რომ ჩრდილში ვიარო ფეხით, რაც თავიდან მაცილებს კამათს მიკროავტობუსის მძღოლთან, ან იძულებით მგზავრობას დიდი ყვითელი ავტობუსით, რომელიც თაკარა სიცხეში ხან აირღუმელი მგონია, ხანაც ბორბლებით მოსიარულე კრემატორიუმი. უფ, რაღა არ მომდის ხოლმე თავში, როდესაც იძულებული ვარ ამ რკინის ყუთში ავიდე და ცხელ ჰაერთან ერთად ვისუნთქო სუნი, რომელსაც ბანაობის და სხეულის მოვლის კულტურის უქონელი ხალხი აყენებს. დიდი, ყვითელი ავტობუსებით ხომ ხშირად სწორედ ასეთები მგზავრობენ. ვიღაც იტყვის, ხალხს უჭირს და საპნის ფული არ აქვსო. სიგარეტის ფული ხომ აქვთ? თვის განმავლობაში სუფთად რომ იარო, ბევრად უფრო ნაკლები ღირებულების (თუ ბრენდებს არ ყიდულობ) დასაბანი საშუალება და ანტიპესპირანტი გჭირდება, ვიდრე სიგარეტის მთელი თვის მარაგი ღირს. საერთოდაც მგონია, რომ როდესაც შენს სხეულზე ეგუები ოფლის და ჭუჭყის სუნს, მერე ეგუები ყველაფერს, კონდინციონერ გამორთულ მიკროავტობუსებსაც, უზარმაზარ, ყვითელი ფერის ე.წ. ავტობუსებს, მოსიარულე კრემატორიუმებსაც და საერთოდ ყველა სიბინურეს და თვითონაც დამაბინძურებლად იქცევი. საშინელებაა, ჭუჭყსაც სცოდნია მიჩვევა.

ხვალ შაბათია. ვითომ ხვალაც მომიწევს ვითხოვო ან მოვითხოვო, ჩართონ კონდინციონერი? ორ დღეში შვებულება მეწყება და ქალაქიდან გავალ. მერე მეც დავისვენებ ცოტა ხნით და უხეში მძღოლებიც, რომელთაც მგზავრის კომფორტი არაფრად უღირთ.