გველი - კვირის პალიტრა

გველი

პირველად ჩემს ცნობიერებაში კივილით გაჩნდა. 6 წლის ვიყავი. ზაფხულის თაკარა დღეები იდგა. სოფელში აივანზე გაბმულ ჰამაკში მეძინა, უცებ ხმაურმა გამომაღვიძა. ეზოს ერთ კუთხეში უზარმაზარ, ძველისძველ ლეღვის ხესთან ტრიალებდნენ ქალები, ბებია, მამიდები და დედა, რომელსაც ბარის პირზე ჩამოკონწიალებული უზარმაზარი გველი მიჰქონდა მდინარეში გადასაგდებად. ქალებს ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს წარღვნისგან იხსნეს კაცობრიობა. იმ კონწიალა რაღაცას გველი რომ ერქვა, არც ვიცოდი. ცნობისმოყვარეობის გამო ჰამაკიდან ჩამოვხტი და დედაჩემისკენ გავექანე. მამიდან დამაკავა, საშიშია, ახლოს არ უნდა მიხვიდე, გიკბენსო. არადა, იმდენს მივხვდი, რომ ის საშიში რაღაც მკვდარი იყო და ვერაფერს მავნებდა.

33 წლის შემდეგაც მახსოვს მისი გრძელი, მბზინავი შავი სხეული, წითელი ლაქებით, მსუქანი იყო, შესაძლოა მაკეც. იქნებ დღე-დღეზე წიწილებიც უნდა ეშვა. მოკლედ, გრძელი ჭია, როგორც მაშინ უწოდეს, ვერაფრით მომეჩვენა საშიში და შემცოდა კიდეც, რომ დედამ მოკლა. ძალიან ლამაზ ქამარს ჰგავდა, გაჭეჭყილი, სისხლით მოსვრილი თავი კი გაბანტულ ბალთასავით მოსჩანდა…

ბებიამ მითხრა, რომ გველის მოშინაურებაც შეიძლება, რძე უნდა დაუდგა, დალევს და დაგლოცავსო. მერე შენი ფუძის გველი გახდება და ავი თვალისგან დაგიფარავსო. გველს მზრუნველობა მოსწონს და ამაგს არ ივიწყებს, შესაძლოა ნატვრისთვალიც მოგიტანოსო. დედამ სთქვა, რომ ის ბოროტი გველი იყო და ბაშვების დასაგესლად მოვიდა, ამიტომაც მოვკალიო. ბებიამაც კვერი დაუკრა, ჭკვიანი და კეთილი გველი ბავშვებიან ეზოში არ გამოჩნდებოდა, მაგას გული ბოროტებით ჰქონდა სავსე, იმიტომაც იყო ისეთი გასივებულიო. მოკლედ, ბევრი სცადეს უფროსებმა, მაგრამ ვერაფრით შემაძულეს ქვეწარმავალთა იდუმალებით სავსე წარმომადგენელი. ჯიუტად ვიმეორებდი, უნდა მოგეშინაურებინათ-მეთქი. მერე პატარა თასებში რძეს ვასხამდი ხოლმე და ლეღვის ხესთან ვდგამდი იმ იმედით, რომ კეთილი გველი გამოჩნდებოდა და დამიმეგობრდებოდა. ლოდინში გავიდა ორი წელი. ერთ დღეს, ბაღში მე და დედა ვაშლს რომ ვკრეფდით, კიდევ ერთ გველს შევხვდით. ყურადღება მიწის მოცხცახე ბელტმა მიიქცია, ჯერ გველის თავი გამოჩნდა, მერე მთელი სხეულით ამოიზლაზნა და… ვერ მოვასწარი ბოლმდე მენატრა, ნეტავ თან რძე მქონდეს, დავიმეგობრებდი – მეთქი. დედამ ბარის ერთი მოქნევით წააწყვიტა თავი. ალბათ შეძრწუნებული სახე მქონდა, ამიტომაც მითხრა, რომ მე მიცავდა გველისგან. ისიც ბოროტი გველი იყო? ძლივს ამოვილუღლუღე. ვერაფრით გამეგო, როგორ  შეეძლო გველს მოგვრეოდა ადამიანებს და მიკვირდა, რომ დედა არ ინდობდა მათ. ერთხელაც ყაზახური ზღაპრების წიგნი მომიტანა. ალბათ არც მომიტანდა, რამდენიმე ზღაპრისთვის რომ გადაევლო თვალი. იქ სულ გველებზე იყო ლაპარაკი, თიქმის ყველა მათგანი მოჯადოებული უფლისწული იყო, ან სადღაც წყლის ქვეშ სასახლეებში ცხოვრობდა და მიწის ზედაპირზე ამოსასვლელად სჭირდებოდა გველის გარეგნობის მიღება. 11-12 წლის ასაკში მდინარესთან დავდიოდი ხოლმე, მარტო ჩამოვჯდებოდი ლოდზე და ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა გველად გადაქცეული პრინცი, რომ იმისთვის მაინც მეკითხა, რატომ ეშინოდათ მათი ადამაინებს. რამდენჯერაც გველს მოვკარი თვალი და მასთან მიახლოება ვცადე, იმდენჯერ ამაოდ გავისარჯე, გველები გარბოდნენ. არადა, ოდესმე კენჭიც არ მომიღერებია მათთვის. ორჯერ ბუჩქებში წავაწყდი, მაყვალს რომ ვკენკავდი ეკლებიდან, სისინით გამეცალენ, მოვასწარი მათი თვალებისთვის შემეხედა, ცივი, შიშით სავსე თვალები ჰქონდათ.

გავიდა წლები და გველის შესახებ ბიბლიური ამბავი წავიკითხე. გავეცანი მოღალატე გველს, რომელმაც ჯერ ევა და ადამი დაღუპა და შემდეგ მთელი კაცობრიობა. როგორც კი ის ამბავი გამახსენდებოდა, თუ როგორ დაწყევლა ღმერთმა გველი, დედაკაცის მოდგმა გიჭეჭყავდეს ქუსლით თავსო, სულ დედაჩემის და გველების ~შებმის~ ამბავი მახსენდებოდა… კიდევ უფრო მეტად გამიჩნდა მათთან სიახლოვის სურვილი. რამდენიმე წლის წინ თბილისის ზოოპარკში, აფრიკული, სამეფო გველები ჰყავდათ. პატარა მახრჩობელები იყვნენ, მათი აგრესია იმით შემოიფარგლებოდა, რომ უკბილო პირით დაგაცხრებოდნენ თითზე და როგორც კი სხეულზე თბილად გადაუსვამდი ხელს, მშვიდდებოდნენ. მეგონა, რომ ცივი და სლიპინა იქნებოდა გველი, ძალიან თბილი და რბილი სხეული კი ჰქონდათ, თურმე ფარაონები მუდმივად ხელში ატრიალებდნენ და სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო სახსრების სამკურნალო დანიშნულებაც ჰქონიათ.

აი ახლა, სულ რამდენიმე საათის წინ ისევ შევხვდი მას, სწორედ იქ, იმ ადგილზე სადაც შორეულ ბავშვობაში გამოჩნდა და ჩემი ოჯახის დიასახლისები ააკივლა. დიდი იყო, შავი, წითელი ლაქებით, თავი ოდნავ ასწია და მიყურებდა, ერთი წამითაც არ გამჩენია შიში გონებაში, ძალიან მომინდა სიახლოვე, შეხება და მისი აზრების შეცნობა. მწიფე ნაყოფით სავსე ტოტს ხელი ვუშვი და დავიხარე, არ განძრეულა, არც ენა გამოუჩენია, არც დაუსისინებია, იწვა მორკალული და მიყურებდა, თითქოს ჩემი აზრების წაკითხვა სურდა. თავი პატარა ჰქონდა. ტანი კი სქელი, განსაკუთრებით შუა ნაწილში, არ ვიცი მაძღარი იყო, თუ მაკე, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. დედაჩემმა დამიძახა, მის ხმაზე შეირხა, თვალს დახამხამებაში გაიშალა და ზურგი ოდნავ ასწია. წადი, სანამ დედაჩემი მოსულა, მოგკლავს-მეთქი. იმ წუთში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ წარსულში, ბავშვობაში დავბრუნდი და იმ გველის გადარჩენას ვცდილობდი, რომელიც ოდესღაც მოკლა დედამ. ცოტა ხანს მიყურა და დედაჩემის დაძახილი მეორედ რომ მოესმა, ხის დაბლა, ქვის კედლისკენ ჩასრიალდა. დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს, მაშინვე გოგირდს დაწვავდა და გველების სავარაუდო ადგილსამყოფელში ჩაჩურთავდა. ვიცი, რომ იმერეთში შხამიანი ქვეწარმავლები არ ბუდობენ. არც ის მსმენია, რომ ოდესმე ამ სოფელში გველს დაეკბინოს ვინმე, ცხოველიც კი… ამიტომაც სულ მიკვირს, რას ერჩიან ამ უსუსრ არსებებს? დავიჯერო აგრესია ბიბლიური ამბიდან გამომდინარე გენეტიკური სიძულვილია? არ მესმის თუნდაც ამის გამო რატომ უნდა გძულდეს გველი. ადმიანებს ჩვენივე სისუსტეები რომ შეგვეძულებინა და ისევე გვეცადა მათი მოკვლა, როგორც გველს ვკლავთ, იქნებ ახლა სხვანაირი ყოფილიყო ცხოვრება და ჩვენც უფრო მაღალგანვითრებულები და ჰუმანურები ვყოფილიყავით. ცოტა ხნის წინანდელი. გველთა შეხვედრის შემდეგ მგონია, რომ ჩვენ დავმეგობრდით და ახლა, რძეც რომ არ დავუდგა მას, არასოდეს დაგესლავს ჩემს მოდგმას. როგორც ბებია ამბობდა, გველები ხომ ამაგს არ ივიწყებენ.