ლორია მაგარი იყო - კვირის პალიტრა

ლორია მაგარი იყო

რატომ ვარ კმაყოფილი საქართველო-ესპანეთის შეხვედრის შემდეგ?

ტრიბუნებზე იგრძნობოდა ერთსულოვნება გამარჯვებისთვის.

ვიმედოვნებ ბევრს არა, მაგრამ რაღაც ჯგუფს, რომელიც ფიქრობდა, რომ ესპანეთი საკალათბურთო ანგარიშით დაგვტოვებდა მოედანზე, იმედი გაუცრუვდა და მიხვდა, რომ თავის ქვეყნაში თავის გუნდს უნდა უგულშემატკივროს.

სტადიონზე იგრძნობოდა ერთსულოვნება. ბიჭებმა სუსტად, თუ საშუალოდ ითამაშეს შეკრულად. ერთმანეთს გრძნობდნენ.

ეს არ იყო უტვინო ფეხბურთი.

ქართული მხრიდან იგრძნობოდა, რომ გათვლილი ჰქონდათ მოწინააღმდეგის შესაძლებლობები და იქ ცდილობდნენ პოზიციის გაძლიერებას, სადაც ნამდვილად ჰქონდათ ამის თავი.

ვერ შევამჩნიე, რომ ქართველ ფეხბურთელებს ესპანელების ეშინოდათ, მათმა სიდიადემ ბიჭები აშკარად ვერ დათრგუნა და თუ ვინმეს გჰონია, რომ მაინც ასეა და ამიტომ ვერ გაბედეს მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით შტორმის მოწყობა, ვფიქრობ, რომ ცდება. ასე ხდებოდა ისევ იმიტომ, რომ გონებით თამაშობდნენ და არამხოლოდ ფეხებით. ესპანეთის კარის მიმართულებით შტორმი, თუ ესპანეთზე ძლიერი არ ხარ, ნიშნავს დაიმარხო მოედანზე. ამის მაგალითებისთვის შორეულ წარსულში მოგზაურობა არ მოგიწევთ.

თურმე ესპანეთში კომენტატორები ბრაზობდნენ, ეს რა თამაშია, კარში ჩადგა ათი კაცი, ხელი ჩაჰკიდეს და არ ინძრევიანო. ასე არ ყოფილა, ბიჭები თავდაცვაში იბრძოდნენ, მთავარია, რომ მათ ფარ-ხმალი არ დაყარეს და თუ ამ თავდაცვის გარღვევა ერთზე მეტჯერ ვერ მოახერხა ესპანეთის ნაკრებმა, ე.ი. ტაქტიკაში მათაც ჰქონიათ შესატანი ცვლილებები და საერთოდ არავინ არის ცისქვეშეთში სრულყოფილი.

ვინც ჩვენს ბიჭებს უკიჟინებს, რატომ ესპანეთის მეორე ნახევარზე არ დაჭენაობდი და რას მიაკვდი მხოლოდ კარის დაცვასო, ვეკითხები წარმოგიდგენიათ როდესაც ციხე ალყაშია, შენ შეტევაზე, თუნდაც აქტიურ პარტიზანულ თავდასხმაზე დარბოდე მოწინააღმდეგის ციხესთან? მე ეგეთი წარმატების არაფერი არ მსმენია. ამასთან, როცა თავგანწირვას პერსპექტივა ჰქონდა, ესეც სცადეს.

მოკლედ, ამ თამაშით გამოჩნდა, რომ თურმე შეიძლება ყველაფერს მიაღწიო, თუ მოინდომებ. შესაბამისად ამის მერე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ ჩვენს ფეხბურთელებს და რაც მთავარია, უფრო მეტად უნდა გავამხნევოთ.

ამ გუნდისგან და მათი მწვრთნელისგან ალბათ ესპანეთის ნაკრების მსგავსს და ქართველ დელ ბოსკეს ვერ მივიღებთ, მაგრამ ფაქტია, რომ შესძლებელია კარგი შედეგი.

ალბათ სპეციალისტებს ექნებათ შენიშვნები ქეცბაიას მიმართ, მაგრამ ეს უნდა იყოს შენიშვნები და არა ღვარძლი, როგორც ჩვენ უმეტეს შემთხვევაში გვჩვევია. საქმეს ვინც აკეთებს შეცდომებსაც უშვებს, შეცდომებს ვინც უშვებს, გამოცდილებას იძენს. ვინც გამოცდილებებს იძენს, გონივრული კრიტიკიდან ბევრს სწავლობს. მოკლედ, მომავალი ჩვენია, თუ ჩვენვე არ დავმარხავთ მას!

მე არ ვარ სპოერტის ექსპერტი, მით უფრო ფეხბურთის, მაგრამ ვარ გულშემატკივარი, ვისთვისაც ფეხბურთს თამაშობენ. შესაბამისად მაქვს უფლება ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ.

ვამბობ, რომ დიდი ფეხბურთის გადასახედიდან, სანახაობრივად ეს არაფერი იყო, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენები ჯაბანი არ გამოჩნდნენ და ბურთი არავის დაახევინეს თავზე.

ისევ იმაზე მეცინება, სულ თავდაცვაში იდგნენო. თქვენ გაძელით სულ თავდაცვაში და მერეც თქვით, რომ ეს არაფერი იყო.

გიორგი ლორიას მადლობა, ის ნამდვილად მაგარი იყო ამ თამაშში.

და კიდევ, უკმაყოფილო ხარ? შენ გაუტანე ესპანეთს გოლი.