დააფიქსირეთ ერთი პროტესტი და შეუდექით მეორეს - კვირის პალიტრა

დააფიქსირეთ ერთი პროტესტი და შეუდექით მეორეს

დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავაფიქსირე, ავტომობილებზე ჯგუფურად შემომსხდარმა ახალგაზრდებმა სტვენით და ღრიალით რომ გაიქროლეს ქუჩებში. ისინი ერთმანეთს ცვლიდნენ, ცისფერ და წითელ მაისურიანები, ცისფერ და წითელ ჯვრიანი დროშების ფრიალით... სისხლი უდუღთ, ამბობდნენ ჩემზე ასაკოვანი ქალები, კაცები,

ჩემი თაობა, რომ 20 წლის წინ ასე დაქროდა, მაშინაც ეღიმებოდათ ამ ქალებს და კაცებს. მაშინაც სისხლი უდუღთო, გაიძახოდნენ ჩემს ტოლებზე, ვისაც ეგონა, რომ სახელმწიფოში მიუღებელი პროცესებისადმი საუკეთესო პროტესტი მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა და ღრიალია, სტვენა და დროშების ფრიალია. სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობას არ უთქვამს მათთვის, რომ საუკეთესო პროტესტი საუკეთესო განათლების მიღების მცდელობაა, თუმცა მშობლები ფიქრობდნენ, რომ განათლება აუცილებელია და არაფერი დაიშურეს ჩემი თაობისთვის, თავისი შვილებისთვის დიპლომები რომ ეყიდათ, ჯერ თვითონ გადაიხვეწნენ უცხოეთში ფულის საშოვნელად და ამ დიპლომების საყიდლად. მერე ეს დიპლომიანი, მაგრამ შესაბამის განათლება მიუღებელი ხალხიც გადაიხვეწა, რადგან სერვანტების თავზე შემოდებული წითელ და ყავისფერ გარეკანიანი ყალბი (სამწუხაროდ ასე იყო, რადგან მათმა პატრონებმა სტუდენტობა ძირითადად ქუჩებში ხეტიალში, საპროტესტო აქციებში და უქმად ყოფნაში გაატარეს) დიპლომები ცხოვრებას ვერ აუმჯობესებდა. რა ექნათ, მათ არ ჰქოდნათ საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ სახელმწიფოსთვის, ხელისუფლებისთვის (რომელსაც, თუ ძალმომრეობისკენ აქვს მიდრეკილება, ურჩევნია მეტი გაუნათლებელი ან უბრალოდ დიპლომიანი განათლებული ჰყავდეს) მოეთხოვათ, ეს საქმე ვიცი და გამაკეთებინეთო, ან სულაც ეს საქმე აუცილებლად უნდა გავაკეთოთო. ვინც იცოდა რა და როგორ უნდა ეკეთებინა, აქ უმცირესობაში მყოფი რომ ვერაფერს გახდა, სადაც გადაიხვეწა, ივარგა კიდეც. რომელსაც შეეკედლა, იმ საზოგადოებამ სცა პატივი, დაუფასეს, რომ მათი ქუდი ეხურა, მაგრამ ის უფრო დაუფასეს, რომ ღირსეულ თავზე დაიხურა ის ქუდი. არ დავიწყებ ჩამოთვლას, ასეთი რამდენი გვყავს, საბედნიეროდ, ისინიც არ არიან ცოტანი ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ და მაინც ყველას ვერ მოთხოვ გენიოსი ან უბრალოდ მაგარი იყოს, მაგრამ უმრავლესობას მეტი რომ ცოდნოდათ, ვიდრე იცოდნენ, იქნებ სამშობლოში ეპოვნათ გამოსავალი, ხო, იქნებ-მეთქი. ვფიქრობ, თუ რაღაც საქმე იცი, თანაც კარგად იცი, არ მოგინდება სხვაგან ხელაღებით წასვლა, აქ, შენს სამშობლოში შეეცდები დაიკავო შენი ადგილი... ჩემი თაობის უმრავლესობა სამწუხაროდ უცხოეთის ცის ქვეშ ზიდავს ცხოვრების მძიმე ჭაპანს და ახლა საკუთარი შვილების ახალგაზრდულ დუღილს უწყობენ ხელს. სამწუხაროდ, ბევრ მათგანს ვერ ასწავლა ცხოვრებისეულმა სასტიკმა გამოცდილებამ, რომ ასეთი დუღილის შედეგად ღვინო არ დგება. ასეთი დუღილი სენივითაა, რის გამოც ცხოვრება წყალწყალა სასმელს ჰგავს, რომელიც ვერც წყურვილს გიკლავს და ვერც გკლავს, რასაც სამწუხაროდ ჭაპანგაწყვეტილი, ჩემი თაობის "დაუღვინებელი" წარმომადგენლები ნატრობენ ზოგჯერ. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ხელს უწყობს შვილების უზრუნველ ცხოვრებას, მაგრამ მათ განათლებაზე კონტროლი თითქმის არ აქვთ, უკონტროლონი კი ”გაქაჩავენ” დიპლომის აღებამდე, მშობლების გადახდილი სწავლის ფულით, საგამოცდო საჯარიმოებით და ა.შ.

ხვალ არჩევნებია, ერთხელ კიდევ ვცდილობთ დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვერ ვეგუებით ტირანიას, დიქტატს, უსამართლობას, პატიმრების წამებას, უსამართლო განაჩენს, უდანაშაულო ბავშვების სიკვდილს, ქალების ცემას და ცინიზმს, პოლიტიკურ ცინიზმს.

ვიმედოვნებ, მალე ყველაფერი დალაგდება,მაგრამ ერთის მეშინია, ისევ არავინ ეტყვის ამ ქუჩში მოტორღიალე ბავშვებს, რომ იმ ყველაფრის მიმართ, რაც დღეს არ მოგვწონს, მთავარი პროტესტი განათლებით უნდა გამოიხატოს და თუ დღეს ჩვენს საზოგადოებას მართავს უსამართლობის მქმნელთა კასტა, ესეც იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა განათლების დეფიციტს უჩივის, გაუნათლებელია. რომ ვერ დაღვინდა და წყალ-წყალა ცხოვრების გაძლება არ სურდა, ძალმომრეობას მიმართა. გაუნათლებლობა სიბნელეა, სიბნელეში კი ერთადერთი გამოსავალი ხელის ფათურით სიარულია, თუ სინათლე ვერ ნახე, თუ ვერ განათლდი, ბოლო ხშირად ფეხის წამოკვრით და თავთან ერთად სახელის გატეხვით სრულდება. მე არ მყავს შვილი, მაგრამ შვილივით ვუყურებ ყველა გოგო-ბიჭს, რომლებსაც განათლების მიღებას ღამით ქუჩაში ხეტიალი, სტვენა, მანქანით ქროლვა და დროშების ფრიალი ურჩევნიათ, რადგან იმედოვნებენ, რომ მთავარი განათლება კი არა, ვიღაც გავლენიანის ან გავლენის მოსაპოვებლად მებრძოლის გვერდით დგომაა. უთხარით შვილებს, გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი არჩევნებზე და სწავლას შეუდგნენ, თორემ არ დამთავრდება ეს უკუღმართი საპროტესტო კარუსელი, რომელსაც მხოლოდ ერთეულებისთვის მოაქვს სიკეთე (ისიც ალბათ დროებით, თუ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციების მიხედვით ვიმსჯელებთ), სიკეთე განათლებას მოაქვს მხოლოდ. ამიტომაც ბავშვებო დააფიქსირეთ ერთი პროტესტი და შეუდექით მეორეს. ისწავლეთ, განათლდით. ვიმედოვნებ, არავინ გაიგებს ამ მოწოდებას, როგორც უსამართლობასთან ბრძოლის შეწყვეტისკენ მოწოდებას. ეს 23 წლიანი გამოცდილების ტკვილიანი გამოძახილია. როდესაც საჭიროა, ქუჩაში უნდა გამოხვიდე, მაგრამ ზომიერების დაცვა და ყველაფრისთვის თავისი ადგილის და დროის გამონახვაც არ უნდა გვეშლებოდეს, თორემ საეჭვოა, ასე გავიდეთ სიბნელიდან და კიდევ, სანამ გაბრაზდებით ჩემი თაობის წარმომადგენლებო იმის გამო, რომ განათლებისადმი ჩვენი აგდებული დამოკიდებულება დავგმე, როგორც ”უცოდინრად” შერაცხული (რაც ნამდვილად არ მიფიქრია) ნუ წამეკიდებით, დაფიქრდით, კიდევ რისი თქმა შეგვიძლია მომავალი თაობებისთვის, რომ ჩვენი პრობლემები მათი პრობლემებიც არ გახდეს.