ღმერთო დალოცე ამერიკა! - კვირის პალიტრა

ღმერთო დალოცე ამერიკა!

ამბობენ განსაცდელში მყოფთ ყველაზე მეტად სჭირდებათ ლოცვა, რომელსაც არამხოლოდ თვითონ აღავლენენ, არამედ, ლოცვა, რომელსაც სხვებიც გულით ამბობენ მათთვის. მეორე დღეა მტკივა ამერიკელების განსაცდელი. მეორე დღეა, ვლოცულობ, რომ ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ქართველი არის ახლა სტიქიური უბედურების ზონაში, რადგან მხოლოდ ქართველებისთვის არ ვლოცულობ და საერთოდაც ვერ ვიტყვი ასე, რომ ღმერთო უშველე ქართველს, იტალიელს, ინგლისელს და ა.შ. ღმერთო უშველე ადამიანებს, რომლებიც ახლა სიკვდილს უყურებენ თვალებში. სადაც ახლა წყლით სავსე ქუჩებში ადამიანების ნაცვლად ზვიგენები დაცურავენ. ღმერთო დალოცე და უშველე ამერიკას, სადაც უკვე მეორე დღეა აღმაფრთოვანებს ის, რომ ამ სახელმწიფოში ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის და სულიერის ბედი, განურჩევლად იმისა, რომელ სარწმუნეობას ეკუთვნის, უნარებშეზღუდულია, ინვალიდია, ადამიანია, თუ ცხოველი... ორი დღეა ვუყურებ, რომ საზოგადოებისთვის გამაფრთხილებელი განცხადებების გაკეთების დროს ყველა ოფიციალურ პირს, დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული უკანასკნელი სახელმწიფო მოხელით, თან დაჰყვება თარჯიმანი, ის, ვინც ყრუ-მუნჯებისთვის სპეციალურად თარგმნის ინფორმაციას. მინდა ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდე, სადაც ყველა ადამიანი განურჩევლად კანის ფერისა, რასისა, ეროვნებისა და ა.შ. ერთნაირად ძვირფასია სახელმწიფოსთვის. სადაც ცხოველსაც კი არ ტოვებენ განსაცდელში რათა მომავალ თაობებს და საერთოდ საზოგადოებას მისცენ მაგალითი იმისა, რომ არასოდეს არ უნდა მიატოვო განსაცდელში მყოფი... მინდა ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდე, სადაც ხელისუფლება წინასწარ ზრუნავს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ცოტა იყოს მატერიალური დანაკარგი და არ იყოს მსხვერპლი. მინდა ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვრო, სადაც ინვალიდის ეტლში მჯდომისთვის ყველა კარი ღიაა, ანუ ყველა მაღალ შენობაში არის ასასვლელი, სადაც ტელეგადაცემები სმენადაქვეითებულთათვისაც ისევე გასაგები და მისაწვდომია, როგორც ყველასთვის. მინდა ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდე, სადაც ადამიანის ბედი ფეხებზე არ ჰკიდიათ და მხოლოდ საკუთარ სტომაქზე და ჯიბეზე მზრუნველთა ხროვა არ მართავს ქვეყანას, სადაც ადამიანი და ცხოველი დაცულად გრძნობს თავს და არავინ ემუქრება მათ წამებით და თუ დაემუქრება, საკადრისსაც მიიღებს კანონის ფარგლებში. მერე რა, რომ ბევრი რამ არ მომწონს ამერიკაში. მათ აქვთ ის, რაც მე ასე ძალიან მინდა ჩემს ქვეყანაში და ვიმედოვნებ, უფრო მეტს შეძლებენ. ღმერთო დალოცე ამერიკა, რომ სიკვდილის მატარებელმა ქარიშხალმა და გიგანტურმა ტალღებმა არ წალეკოს იმ ადამიანების სიცოცხლე, ვინც ახლა ოკეანის გაღმა ცხოვრობს.

მკითხველისათვის, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ არის გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" განკუთვნილი სტატია. ეს არის უბრალოდ წერილი ჩემს ბლოგზე, რომელიც განთავსებულია "კვირის პალიტრის" საიტზე. ეს არის ჩემი განცდა, ემოცია, რომელიც შეგიძლიათ არც წაიკითხოთ და თუ წაიკითხავთ და განსხვავებული აზრი გექნებათ, გადმოეცით შეურაცხყოფის გარეშე. სამწუხაროდ, ასეთი ანოტაციის გაკეთებისკენ ზოგიერთი გადამეტებულად ემოციური მკითხველის კომენტარებმა მიბიძგა. გახსოვდეთ, ამ საიტზე, ჩემს გვერდზე რაც იბეჭდება, ყველაფერი "კვირის პალიტრას" არ ეკუთვნის და ნუ მოთხოვთ გაზეთს პასუხს ჩემი აზრების გამო. დააკვირდით წერილის ზემოთ ქუდს, თუ ეკა ლომიძის ბლოგი წაიკითხეთ, თუ არ მოგეწონათ რაც ამ ბლოგზე წაიკითხეთ, ნუღარ შემოხვალთ, ან შენიშვნა კორექტულად გამოხატეთ. პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრებს და ნუ ვილანძღებით, უბრალოდ ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ.