პრეზიდენტმა ქალიშვილი მიატოვა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა ქალიშვილი მიატოვა

რამდენიმე დღე გავტარე ბათუმში. ბოლო წლებში პირველად მოხდა ისე, რომ ზღვისპირა ქალაქში ჩემი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა ერთმანეთს არ დაემთხვა. ამას მარტივად ვხვდებოდი, ქუჩაზე, სადაც რომელიმე ბარში ან რესტორანში სადილ-ვახშმობდა პრეზიდენტი, გზა იკეტებოდა და მთელმა ქალქმა იცოდა, რომ იმ დროს სააკაშვილი ნაყრდებოდა. შესაძლოა საქმიანი სადილებიც ჰქონდა ხოლმე, მაგრამ ბათუმში მოკლედ, გეტყოდნენ, მაქანე ვერ გეივლი და, მიშა ჭამს!. გზა გადაკეტილი რომ არსად დამხვდა, ვიკითხე გაკვირვებულმა, ნუთუ პრეზიდენტი არ ჩამოსულა, ან აღარ ჭამს-მეთქი? შემოწყრა ბათუმს, ნაციონალურმა მოძრაობამ აჭარაში არჩევნებში ბრძოლა რომ წააგოო.

მოკლედ, დავდიოდი მიშასგან მიტოვებულ ბათუმში, რომელსაც ერთ დროს თავისი ქალიშვილიც კი უწოდა და ვცდილობდი გამერკვია რა შეიცვალა არჩევნების დასრულების შემდეგ.

თვალშისაცემად არაფერი შეცვლილა. ძველებურად მიდის მშენებლობები, ოღონდ ახლა ბათუმში იმედი აქვთ, რომ ახლის მშენებლობას ძველი აღარ შეეწირება, ფასადურის ნაცვლად კი ქალაქის სრულყოფილი რესტავრაცია ჩატარდება.

"ეს ჯერ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით, ეკონომიკის განვითარებით უნდა დაიწყოს. კაცს, რომ კარგი ხელფასი, კარგი შემოსავალი და ოჯახში ლხენა მიეცემა, იგი თვითონ მიხედავს ქალაქს და არაფერი ექნება პრეზიდენტიზა და აჭარის მთავრობიზა სათხოვარი. მთავრობა იმისაა, რომ ეკონომიკას მიხედოს და ომი არ დუუშვას, თორემ არ ეშლება აჭარელს, ლაზთან წილნაყარს ქალაქის მშენებლობა. იქით დეეხმარება სახელმწიფოს წელგამართული მოქალაქე. მიშამ ხალხი ეკონომიკურად დააბეჩავა, მაგან და ლევანიე ვარშალომიძემ თურქებს მიჰყიდეს თითქმის მთელი ბათუმი და გუუტყდა ხალხს გული, დედა-წულიანად აყრაზე და ლუკმა-პურის საშოვნელად შორეთში გადახვეწაზე ფიქრობდა ყოველი. იმედია, აწი შეიცვლება რაცხა. უცხოელი ინვესტორი უნდა მოვიზიდოთ, უნდა დავაინტერსოთო და ერთ დოლარად მიყიდეს უამრავი ქონება, ასე ფეშქაშ ჩვენთვის, ამ ქვეყნის პატრონებისთვის, ქართველებისთვის მოეცათ, მივხედავდით ჩვენს მამულს. პაპისეული სახლ-კარივით გაანიავეს ქვეყანა. აგი შეწყდა მგონი და ახლა აგია მთავარი." _ ამბობს ბაბუა ნადიმა. არც გერმანელ პატრიციას და მის მეგობარ ირალნდიელ დავიდს მოსწონთ ფასადურად იერშეცვლილი და სიმაღლეში "წასული" ბათუმი.

პატრიცია მოხიბულია ძველი ქალაქით და დანანებით აღნიშნავს, რომ ძველ ქუჩებს რესტავრაციის ნაცვლად რემონტი აქვს ჩატარებული. არქიტექტურულ სტილში ჩატენილივით მოჩანს ბათუმისთვის არაორგანული, უგემოვნო არქიტექტურული შტრიხები. "უადგილოდ ევროპული, უადგილოდ აზიური. ეს ულამაზოა. მე ძველი ბათუმის ფოტოების კოლექცია მაქვს, ამასთან, ხელოვნებათმცოდნე და არქიტექტორი ვარ. ასე არ უნდა აუშნოებდნენ ქალაქს, რომელსაც არც ეს ხელოვნური ამაღლება უხდება და არც ფერ-უმარილით შეფარული სიძველე. სიძველე იმდენად მდიდრულია, რომ ის არ უნდა დაიმალოს, მით უფრო არ უნდა გაქრეს." ამბობს პატრიცია. მისი მეგობარი, ირლანდიელი დევიდი კი გაკვირვებულია, ქალაქის ორმაგი სახით. "ბათუმი გასაოცარია, მაგრამ უსიამოა მისი ორმაგი სახე, ლამაზი ფასადი და კედლებჩამოშლილი, საღებავჩამორეცხილი ინტერიერი, სადაც ალბათ მძიმე სოციალური პირობები მეფობს. შესაძლოა ეს ტურისტისთვის საინტერსო სანახავია, ერთგვარ ეგზოტიკადაც მოგეჩვენოს, მაგრამ უსიამოვნო იქნება აქ მაცხოვრებელთათვის. ასეთი ქუჩების, ასეთი ფასადების, ასეთი ეზოების გამო მგონია, რომ ადამიანების ღიმილიც ორაზროვანია. ისინი იღიმებიან იმიტომ, რომ კულტურა არ აძლევთ სხვანაირად მოქცევის საშუალებას, მაგრამ მგონია, რომ შინაგანად ბევრ ტკივილს ატარებენ, რომლის დამალვასაც მათ აიძულებთ ვიღაც ან რაღაც. " _ ამბობს დავიდი.

ბათუმში ქართველსაც და უცხოელსაც მოსწონს ნინოსა და ალის ქანდაკება. მიუხედავად იმისა, რომ ლითონის წყვილი დღისით უშინაარსო და ულამაზო სანახავია, ღამით მრავალი დამთვალირებლის ჭვრეტის ობიექტი ხდება. ამბობენ, რომ ნინოს და ალის სიყვარული ლამაზია ღამით, მაგრამ ბათუმში ვერ ეგუებიან ცათამბჯენებს. ქალაქს დიდი გული აქვს სიყვარულისთვის, სტუმრების მოსაფერებლად, მაგრამ არც იმხელა, რომ ამხელა "ურჩხულები" დაიტიოს, ამბობენ ბათუმში, სადაც ოქტომბრის თვიდან ყველა მაღალი კლასის სასტუმროში საგრძნობლად მცირდება სტუმრების რაოდენობა.

"დილით მშვიდად გვეღვიძება, იმის შიში არ გვაწუხებს ძილის წინ, რომ ხვალ ვინმეს უმიზეზოდ დაიჭერენ, აწამებენ, ფულს გამოძალავენ კანონის ძალით. ასეთ აჭარაში, ასეთ საქართველოში ლამაზია ცხოვრება და წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული შეცდომებიც უფრო იოლად გადასახარში ხდება. ხვალინდელი დღის იმედი ისევ გაჩნდა. აი, ასეთია მიშას რეჟიმის გადარჩევის შემდეგ აჭარა." _ მიხსნიან ბათუმლები.