გამოუსადეგარი, ანუ კოშკი ექსკლუზივურად მიშასთვის - კვირის პალიტრა

გამოუსადეგარი, ანუ კოშკი ექსკლუზივურად მიშასთვის

გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც რაღაცას საკუთარი ფულით აკეთებს. იტყვი, მას ასე მოსწონს და გაივლი. როდესაც ბათუმში ე.წ ანბანის კოშკის წინ ვდგავარ, ასე ვერ ვფიქრობ, რადგან ამ კოშკისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო ფული, ანუ კოშკი ჩემი და საქართველოს ყველა მოქალაქის ჯიბიდან გაღებული ტანხით აშენდა, თუმცა, არავის უკითხავს ჩვენთვის, გვინდოდა თუ არა, ამ გაურკვეველი ნაგებობის აღმართვა, რომელსაც იმისთვისაც ვერ გამოიყენებ, რომ უბრალოდ მაღლა ახვიდე და ქალაქს გადმოხედო. ლიფტი დღემდე არ მუშაობს. დაცვის ბიჭები მუდმივად ერთსა და იმავეს მიმეორებდნენ, თუ მერიიიდან გექნება თანხმობა, შესაძლოა ლიფტი ჩართონ და მაღლა აგიშვან, თუ არადა, ვერ ახვალთ, კიბე მაღალია, ლიფტი კი გამორთულიაო. ამბობენ, კოშკი მხოლოდ იმისთვის აშენდა, რომ იქ სააკაშვილისთვის განეთავსებინათ რესტორანი, რომელიც თურმე შეუმჩნევლად იტრიალებდა და მოსალხენად პირით ზღვისკენ დამჯდარი, ქეიფის დასრულების შემდეგ პირით მთისკენ აღმოჩნდებოდით. რესტორანი მზად არისო, მითხრა დაცვის ერთ-ერთმა მუშაკმა. თურმე არჩევნების შემდეგ უნდა გაეხსნათ ფეიერვერკებით. ”ისე, მაგარი სანახავი იქნებოდა, ეს მრგვალი რესტორანი რომ გაჩახჩახდებოდა, პრეზიდენტს უყვარს მაგფერი სათამაშოები, მაგრამ რავარც ჩანს, დამთავრდა მაგის თამაშის ხანა”, _ ეცინება დაცვის ბიჭს. ვის რად უნდა ეს კოშკი ბათუმში, განა ისეთი დალხენილი ყოფა აქვს ხალხს, რომ ასეთი "სათამაშოების" აგების მეტი საქმე არ გვაქვს. ვითომ უფრო მნიშვნელოვან პროექტებში არ შეიძლებოდა ფულის დახარჯვა? _ კითხულობენ ბათუმში. როგორ ფიქრობთ, უნდა აიღონ კოშკი, თუ უნდა დარჩეს? ვეძიები მე. "თუ მაგის აღებაც ფულს მოითხოვს, დარჩეს, მარა ჯერე შეამოწმონ, არავის დეეცეს თავში, მიშას დროს მშენებლებს ნაბრძანები ჰქონდათ ყველაფრის სწრაფად მოხლაფორთება და აი რაფრაა ნაშენი, იგი უნდა დადგინდეს ჯერე," _ მიხსნის ჯემალა, რომელსაც კვერს უკრავენ აჭარლები. ჩივიან კიდეც, მარტო ეგ რომ იყოს საფიქრალი რა გვიჭირსო. აშკარად ბევრია ბათუმში საფიქრალი...