სანიკიძის ხაჭაპური, ბესელიას ”შანელი” და კბილაშვილის ქოლგა - კვირის პალიტრა

სანიკიძის ხაჭაპური, ბესელიას ”შანელი” და კბილაშვილის ქოლგა

გუბაზ სანიკიძე თურმე იმერულ ე.წ. ორმაგ ხაჭაპურზე გიჟდება და ქუთაისში (აქ განსაკუთრებით გემრიელს აცხობენო) ყოფნის დროს ერთბაშად სამს ჭამს. ფულს კი ბიუჯეტიდან იხდის. ანანსის წვენი ”ნაყვარება”, ერთ დალევაზე ორ ბოთლს სვამსო, ამასაც ბიუჯეტის ფულით ახერხებსო. ჭორია ეს, განა დაზუსტებულ ინფორმაციას გიამბობთ. თუმცა, რატომაც არ შეიძლება ფერ-ხორციან დეპუტატს და დიდად შესარგი სმა-ჭამის ცნობილ მოყვარულს მართლაც ეგემრიელებოდეს ხაჭაპურიც და ანანასის წვენი (სხვათა შორის, ანანასი წონაში დაკლებას უწყობს ხელსო). ან ვისი დასათვლელია სანიკიძის ლუკმები? რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ჭამს და რამდენს? მთავარი აქ სხვა რამეა. ოღონდ ამაზე მოგვიანებით ვიტყვი. ეკა ბესელიაზე ამბობენ, შანელის სუნამოებზე თვალები უელმდება და პარფიუმერიულ მაღაზიაში თუ შევიდა, იქიდან ხელცარიელი არ გამოდის. განსაკუთრებით დეპუტატობის შემდეგ გაეხსნა მადა და რა ენაღვლება, ბიუჯეტის ხარჯზე სუნამოების კოლექციას ქმნის. მეტიც, თუ დაბადების დღე გაქვს და ბესელიას ემეგობრები, წინასწარ უნდა იცოდე, საჩუქარად "შანელს" მოგიტანსო. ღმერთმანი, ესეც ჭორია და წარმოდგენა არ მაქვს რა უყვარს ეკა ბესელიას. თუნდაც რომ უყვარდეს "შანელი," რა გასაკვირი ან დასაძრახია? მაგრამ სანიკიძის არ იყოს, საქმე სხვა რამეშია. Mმგონი კი მიხვდით, რაშიც არის საქმე, მაგრამ მაცალეთ კიდევ რაღაცის თქმა მინდა. მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ჩემსავით ხილი ყვარებია ნამეტნავად, თანაც სეზონური. კიდევ შავი ქოლგების კოლექცია ჰქონია და გამთავარპროკურორობის შემდეგ ერთბაშად ხუთი მანქანით დადის. რა თქმა უნდა, თვითონ მხოლოდ ერთში ზის, დანარჩენით კი დაცვა დაჰყვებაო. Hამ მანქანებში ხომ ფლანგავს ფულს, აი, ბაზარში ხილს და შავ ქოლგებსაც ბიუჯეტის ფულით ყიდულობსო.

მოკლედ, ჭორი ჭორია, მაგრამ დემოკრატიული და არაკორუმპირებული სახელმწიფოს მოქალაქეობა რომ გინდა, გულზე გხვდება ეს ყველაფერი. დავიჯერო სხვის ხარჯზე კომფორტმოყვარულობა ქართული ხელისუფლების სენია და თანამდებობრივ სკმაზე დაჯდომისთანავე გადადის ზოგიერთი უხერხული დააავადებასავით? ხომ მიხვდით რას ვგოდებ სანიკიძის, ბესელიას და კბილაშვილის შემთხვევაში. ვის რა უყვარს, ეგ კი არ არის მთავარი, არამედ ის, ვის რის და ვის ხარჯზე უყვარს. თუ საკუთარი ხელფასით კაცი ხაჭაპურს ან ხილს ჭამს, შეარგოს, მაგრამ...დედაქალაქის მერს გიგი უგულავას რაც და როგორც ნაყვარება ცოტა ხნის წინ აფრიალებული ანგარიშფაქტურების მაგალითზე გამოჩნდა. თურმე სტრიპტიზბარებში ერთობა ქალაქის თავი, უცხოეთში კი ეგზოტიკურ ტურებს მართავდა სანათესაოსთან ერთად, თან ისე, რომ ყველამ იცოდა მერიისგან, მერისგან კი არა, მერიისგან რომ იყვნენ დაპატიჟებული. ალბათ უგულავა ამბობდა, მე ვიხდიო და დანარჩენებიც ირგებდნენ. თუმცა, სანამ მაგ ქაღალდების წარმოშობას და ნამდვილობასაც არ დაადასტურებენ, თუნდაც ჩამქოლოთ, არ მჯერა არაფრის, მიუხედავად იმისა, რომ უგულავას გაზრდილი მადის და ვნებათამოყვარულობის მჯერა, მაგრამ ეს სულ არ არის ჩემი საქმე და არც გული მისკდება მაგით. ერთი რამ მაწუხებს განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია დამკვიდრდა ტენდენცია, ვისაც რა უნდა, იმას ამბობს, მაგრამ მტკიცებუელბის გარეშე. ეს მრავალმხრივ იძლევა ცუდ შედეგს, განსაკუთრებით აზიანებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შედარებით სუსტი ფსიქიკა აქვს და იოლად ექცევა სხვისი აზრების გავლენის ქვეშ. როდესაც ესმის ჭორები ჩინოსანთა უმსგავსობის შესახებ, მიაჩნევს, რომ ხელისუფლება მეწველი ძროხაა, რომელიც აუცილებად უნდა გამოიყენო, თუ თანამდებობას გამოკრავ ხელს. ამიტომაც ეს ხალხი შირად იწყებს მწველავად, უფ, დეპუტატად ან ჩინოსნად ”გასაჩითად” ბრძოლას, რაც ძირითადად წინასაარჩევნო კამპანიაში გამოიხატება. აქაც მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდად კვლავ დაუდასტურებელი წარმოშობის ლაფის სროლა ითვლება. ვის შესახებაც რაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ და ირყვნება ადამიანების ცნობიერება. რადგან ბრალდება უსაფუძვლობის, არგუმენტების, თუნდაც იგივე ნაღდი ანგარიშფაქტურების გარეშე ჭორად ითვლება, ჭორიკნებს და ჭორის ადრესატებს კი პასუხს არავინ სთხოვს. ზემოთ ჩამოთვლილი ჭორებიდან განსაკუთრებით მომხვდა გულზე კბილაშვილის "გადაგვარება", გამომდინარე მისი ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობიდან. ცხადია, სანიკიძის ხაჭაპური და ბესელიას "შანელიც" საინტერესოა, მაგრამ ჭორებს ძირშივე ეტყობა არასერიოზულობა. მივადექი პროკურატურას და ... მთავარ პროკურორს თურმე 2006 წელს შესყიდული 3 მანქანა ჰყავს, მაგრამ მხოლოდ ორით დადის. სამივე მათგანით ჯერ ზურაბ ადეიშვილი მოგვიანებით კი პროკურორი ზოდელავა სარგებლობდა თურმე. ინფორმაციები თავდაპირველად მძღოლებისგან მივიღე, შემდეგ კი ოფიციალურად გადავამოწმე. კბილაშვილს "ფოლკსვაგენ ფაეტონი" ემსახურება და დაცვა "ლენდკრუიზერ პრადოთი" დაჰყვება. ვიმედოვნებ, ისეთ ინფორმაციას არ ვავრცელებ, რის გამოც ჩემთვის "ყურების დაჭრის" კანონიერი უფლება არ ექნება ვინმეს. რაც შეეხება მესამე მანქანას "ლექსუსის" ჯიპია, რომელიც მთავარ პროკურორს იმ შემთხვევაში უნდა მოემსახუროს, თუ თბილისში მოთოვს, ან ზამთარში რეგიონებში იქნება გასასვლელი. ჰო, ხილის და ქოლგის ამბავმაც დამაინტერესა. მთავარი პროკურორის მტკიცებით, თურმე იმდენად არ უყვარს, რომ ხელს ვერ მოაკიდებინებ ქოლგაზე, მაგრამ სახელმწიფო უწყების პროტოკოლი მოითხოვს, უმაღლესი რანგის ჩინოსნების საკაბინეტო გარდერობში აუცილებლად იყოს ქოლგა, თანაც შავი, პროკურატურაში ოფიციალური შეხვედრებისთვის კი პერიოდულად უნდა შეისყიდონ მინერალური და ჩვეულებრივი წყლები და ხილიც, რომელიც მე ძალიან მიყვარს, მთავარ პროკურორს კი, რა ვიცი, შესაძლოა მართლა უყვარს, მაგრამ სახალხოდ თუ გასინჯავს სეზონურ ფეიხოას, თუნდაც ოფიციალური შეხვედრების დროს, მას უნდა ახსოვდეს, რომ ხილი საბიუჯეტო თანხებით არის ნაყიდი... ჩვენ ყველა ლუკმას გითვლით პროკურორო. პ.ს. ერთი რამ ვერ დავადგინე, საქართველოში რამ უნდა უზრუნველყოს მხოლოდ დადასტურებული ბრალდების გახმოვანების კულტურის ჩამოყალიბება და უარგუმენტო ჭორებზე დუმილი? ეჰ, რამდენი რამ ვიცი, მაგრამ რით დავამტკიცო ეს ჩემი ”ვიცი”?