მოითხოვეთ დაკარგული მისამართის აღდგენა - კვირის პალიტრა

მოითხოვეთ დაკარგული მისამართის აღდგენა

სანამ კითხვას დაიწყებდეთ, გაფრთხილებთ, ეს ბლოგია და არა სტატია :) მთელი თბილისი რომ მოიარო, ძნელად ნახავ ქუჩას, სადაც თითოეულ შენობას მისამართი და ნომერი აწერია. დედაქალაქი უმისამართო ქუჩებით არის სავსე. მართალია სახელი ყველა მათგანს ჰქვია, მაგრამ დროთა განმავლობაში მისამართის აბრები შემოძარცვია. ამიტომაც უცხოსთვის ამ ქუჩებში გზის გაგნება ძნელია. მეტიც, უმისამართო სახლების გამო ხშირად კურიოზებიც ხდება...

ახალგაზრდა მამაკაცმა გადაწყვიტა კიდევ უფრო ახალგაზრდა ქალის გული ძვირადღირებული მეთოდით მოენადირებინა, ყოველ დილით ვარდების ლამაზ თაიგულს უგზავნიდა მისამართზე, რომელიც ერთკვირიანი ნაცნობობის შემდეგ როგორც იქნა თვითონ ქალისგან შეიტყო. ყვავილებით მოვაჭრე კომპანიის კურიერმა კი იმის გამო, რომ იმ ქალის ქუჩაზე ნომრიანი აბრა ვერსად ნახა, კითხვა-კითხვით მიიკვლია მითითებული მისამართი და ასე მოხდა მარტოხელა მოხუცის ბინაზე. თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოხუცი ქალი ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს იღებდა თაიგულს და ღიმილით, გაოცებული ათვალიერებდა ხოლმე ბარათს წარწერით, ”ესენი დაჭკნებიან, შენ კი არასოდეს, რადგან ჩემი სიყვარული დაგიფარავს.” მოხუცი საგონებელში ჩავარდა, კურიერი კი ჯიუტად განაგრძობდა ვარდების მირთმევას. როგორც კი მოხუცი დაიჟინებდა, რომ რაღაც გეშლებათო, კურიერი მყისვე ფურცელზე ჩაწერილ მისამართს აჩვენებდა და ქალი კიდევ უფრო საგონებელში ვარდებოდა. მისი იდუმალი ”თაყვანისმცემლის” ყურადღება მეზობლებმაც შენიშნეს და ერთმანეთში დაიწყეს ირონიული ჩურჩული, _ ამ სიბერეში ვინ ეპრანჭება, თანაც ასეთი მდიდარი, რომ მურტალოსავით ყოველ დილით ვარდებს უგზავნის, ნახა ეგეც კუკარაჩას შეყვარებული ინგაო. მოკლედ, ერთ დღესაც მოხუცმა დამჭკნარი ვარდები ნაგვის ურნაში ჩასაგდებად რომ გამოიტანა, მეზობლების ცნობისმოყვარეობამ მოთმინების საზღვარი გადალახა და ერთხმად ჰკითხეს, ვინ გიგზავნის ნატალია ამ მწიფე-მწიფე ვარდებსო? ქალმაც აღიარა, ვიღაც კურიერი მოდის და ფურცელზე ჩაწერილ ჩემს მისამართს მაჩვენებსო. ერთ ახალგაზრდა მეზობელს გულმა რეჩხი უყო და ბებოს ჩაეძია, მერედა რა წერია იმ მისამართში, ნამდვილად შენიაო? ბებომაც ღიმილით გაიმეორა მისამართი, რომელზეც ოდესღაც მართლა ცხოვრობდა. მოხუცის კორპუსს ათზე მეტი წლის წინ შეუცვალეს მისამართი, მისი ძველი ნომერი კი სრულიად სხვა კორპუსს მიანიჭეს. თუმცა, ამ დროისთვის არცერთ სახლს აბრა არ ჰქონდა, ამიტომაც ბედიის ირონიით, კურიერი მოხუცთან მოხვდა, რომელსაც უკვე ერთმანეთში არეოდა ძველი და ახალი მისამართები. რომ არა მოხუცის ჭორიკანა მეზობლების მოუთმენლობა, ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებდა ის ახალგაზრდა კაცი მოხუცისადმი ინკოგნიტოდ ”ტრფობას”. ამბობენ, ისე გაბრაზებულა, ყვავილების კომპანიისთვის დაუპირებია ჩივილიო...

ეს რაა, უმისამართო სახლის გამო ოჯახი კინაღამ დაინგრა. გვარიანად ნაქეიფარი რეზო საჭესთან აღარ დასვეს მეგობრებმა, ტაქსი გამოუძახეს და ისე გაუშვეს შინ. რეზომ მძღოლს უთხრა, მთვრალს მანქანაში მეძინება და ამიტომაც, ჩემი მისამართი ჩაინიშნე. თუ ჩამეძინება, ჩემი ცოლის გარდა, ვერავინ მაღვიძებს, ახვალ ამ მისამართზე და ეტყვი, რომ ამიყვანოსო. მგზავრმა მართლაც მალე ამოუშვა ხვრინვა. მძღოლიც დარიგებისამებრ მოიქცა, კითხვა-კითხვით მიგნებულ მისამართზე დააკაკუნა. კარი სიმპათიურმა 40 წელს გადაცილებულმა ქალმა გაუღო, მძღოლმა მოკრძალებით უთხრა, თქვენი ქმარი გელოდებათ ტაქსიში, იქნებ გააღვიძოთო, იმ ქალის ნამდვილი ქმარი ამ დროს სახლში ყოფილა და ...

სანამ თქვენთან მომსვლელსაც გზები არ არევია და სხვასთან წასულა, მოითხოვეთ დაკარგული მისამართის აღდგენა.