ნუ გახდები მკვლელი - კვირის პალიტრა

ნუ გახდები მკვლელი

რამდენიმე დღის წინ თბილისში, აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირების გასაყარზე, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან კინაღამ მანქანამ გადამიარა. გვიან საღამოს, 22 და 23 საათს შორის შუალედში გადავდიოდი იქ, სადაც დღეში რამდენჯერმე მიწევს გადასვლა და მუდმივად ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდები, _ მძღოლები არაფრად დაგიდევენ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ”ზებრას,” არ გერიდებიან. მეტიც, ავტომობილების საჭესთან მიმონტაჟებული რობოტებივით ცივი სახეებით შეუჩერებლად განაგრძობენ სვლას. იმ საღამოსაც ასე იყო. გადავდიოდით ორნი, მე და მცირეწლოვანი გოგონა, ძაღლებით. როდესაც შევნიშნე, რომ შორიდან თავაწყვეტილი ვერცხლისფერი მერსედესი სიჩქარის შენელებასაც კი არ აპირებდა, ხელით ვანიშნე, ფრთხილად - მეთქი. ამ დროს, ძნელია, ცხოველს გააგებინო, რომ სწრაფად წავიდეს წინ, ან უკან დაიხიოს შენთან ერთად, რათა თავხედი მძღოლისგან დარტყმა აიცდინო. ძლივს მოახერხა და ზედ ჩემს მარჯვენა მუხლთან გააქვავა მანქანა. ეი, რას ჩადიხართ, თვალებში ვერ იხედებით - მეთქი? ვუყვირე გაბრაზებულმა, თვალებში შენ გამოიხედე შენი დედა მო..... გზაზე რომ მიხტებიო. მიღალატა ნერვებმა და მე, რომელიც კაცებს მუდმივად ვედავები, რომ დედის შეგინებაზე რეაქცია არ უნდა გქონდეს, რადგან მხოლოდ ლაჩრები იგინებიან, ძალიან გავმწარდი. ვიღაც ულვაშა, ჭაღარა ბიძა, რომელმაც ორი წამის წინ კინაღამ შემიწირა, დედას მაგინებდა უდანაშაულო ადამიანს. ფეხი მივარტყი შეჩერებულ მანქანას და ვუყვირე ძირს ჩამოეთრიე-მეთქი. გინების კორიანტელი მომაყოლა და გაიქცა. ნომერი დავიმახსოვრე და სასწრაფოდ პოლიციას დავურეკე, შეურაცხყოფა მომაყენეს და რეაგირებას ვითხოვ – მეთქი. მალე მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც მანქანიდან გადმოსვლისთანავე ვკითხე, დედა რომ შეგაგინონ, თანაც სრულიად უმიზეზოდ, რას იზამთ-მეთქი? ერთმა, თავს გავუნგრევო, მეორემ, _ სახეს ჩამოვუღებო. მე კი ვერც ერთი შევძელი, მხოლოდ მანქანაზე ფეხის მირტყმა მოვახერხე, მაგრამ ამანაც ვერ გაჭრა და მძღოლი სალონიდან ვერ გამოვიტყუე, ამიტომაც თქვენ მოგმართეთ დასახმარებლად-მეთქი. მოკლედ, მოძრაობის წესების დარღვევის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ვუჩივლე მძღოლს, რომელიც ყოფილი პოლიციელი, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ცხინვალიდან დევნილი მამაჩემის ტოლი კაცი აღმოჩნდა (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ).

საპატრულო პოლიციას კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შემოემატნენ. მანქანას ფეხი მიარტყი? იქნებ გაუფუჭე და იქით გიჩივლოს, მერე რას იზამ? ჩამეკთხა კრიმინალებთან მებრძოლთაგან ერთ-ერთი. მანქანა არ გამიფუჭებია და მოვითხოვ მძღოლი დაისაჯოს – მეთქი. ავაგდე ქვა და ჯიუტად შევუშვირე საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული თავი. მოგვიანებით ბევრმა მითხრა, პოლიციას რატომ უთხარი, რომ მანქანას ფეხი მიარტყიო? რატომ უნდა დამემალა? მართლა არ მესმის, რატომ უნდა დამემალა? პოლიციას შეეძლო შენთვის იმ მძღოლთან ერთად იქით გაეჩალიჩებინა ჯარიმაო... წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს ეს ალბათ ასეც მოხდებოდა, თუ გაიგებდნენ, რომ სიტყვაბილწი მძღოლის მიმართ მომჩივანი მოქმედი ჟურნალისტი იყო, მაგრამ ამ დროში არც მიფიქრია და ვერც წარმომედგინა, რომ პოლიცია კიდევ რაიმეს გაჩალიჩებას მოინდომებდა უდანაშაულო ადამიანის მიმართ, რომელმაც სანამ 112-ზე დარეკა, კარგად გადაამოწმა რამდენი სათვალთვალო ვიდეოკამერით შეეძლო დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. მოკლედ, პოლიციამ მძღოლი მალევე მიიყვანა ოფისში და მეც მთხოვეს ჩვენების მისაცემად მივსულიყავი. რა ვუყოთ ამ კაცს, როგორ მოვექცეთ? _ რატომღაც მკითხეს სამართალდამცველებმა. რასაც კანონი გეუბნებათ, ისეც მოიქეცით, მინდა გადასასვლელებთან ახსოვდეს, რომ ყოველთვის შეიძლება გადაეყაროს ჩემნაირ კანონ მორჩილს. მინდა იცოდეს, რომ არ აქვს არავის ვინმეს გინების, მით უფრო უმიზეზოდ გინების უფლება- მეთქი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი მერე როგორ განვითარდა მოვლენები, რეალურად დააჯარიმეს ის კაცი, თუ ”კაცურად” აპატიეს დანაშაული, შესაძლოა უნდა დავინტერესებულიყავი მოვლენების შემდგომი განვითარებითაც და ბოლომდე მიმედევნებინა თვალი, რომ სამართალს პური ეჭამა, მაგრამ დავიჯერო სამართალდამცველები საქმეს ბოლომდე სამართლიანად არ მიიყვანდნენ? ამასთან, ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ ის კაცი იმ საღამოს პოლიციაში მოაბრძანეს. ვიმედოვნებ, მიხვდა, რომ ასეთი რამ შესაძლოა კვლავაც დაემართოს, თუ კანონის, ზნეობის და მორალის დაცვით არ იმოძრავებს ავტომობილით ან ფეხით.

ვიღაც მეტყვის, რა გააკეთე, ნერვები მოიშალე და ისიც არ იცი ის კაცი რეალურად დასაჯეს თუ არაო. ტყუილად გგონიათ, რომ ნერვები მოვიშალე, ასე იმ შემთხვევაში ვიქნებოდი, თუკი ისე არ მოვიქცეოდი, როგორც მოვიქეცი. ამიერიდან მტკიცედ მაქვს განზრახული, რომ ყოველი მსგავსი კანონდარღვევის შემთხვევაში საკადრისი პასუხი გავცე მძღოლებს, რომლებიც შესაძლოა არ იგინებიან, მაგრამ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებზე ლაღად მიქრიან.

ევროპაში პირველად ყოფნის დროს გზაზე გადასვლის დროს კურიოზი შემემთხვა. ჩვეულებრივ "ზებრასთან" მიახლოებისას, შორიდან მომავალი მანქანა დავლანდე, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, რომელსაც არ გაეგებოდა, რომ ზებრაზე ფეხით მოსიარულეებს აქვთ უპირატესობა, დავდექი და ჯიუტად დაველოდე მანქანის გავლას. ის კი, თავის მხრივ, როგორც ევროპელ მძღოლს შეეფერება, გაჩერდა და დამელოდა, როდის გავივლიდი. საწრაფოდ ზურგს უკან მოახლოებულმა ნათესავმა, რომელიც უკვე 10 წელი ცხოვრობდა მიუნხენში, ზურგში ხელი მკრა, სასწრაფოდ გადადი, თავს ნუ მჭრიო. დიახ, მაშინ გავიგე რა მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის გარეშე გზაზე დახაზულ `ზებრას.~ საქართველოში დაბრუნებულმა რომ ვცადე ავტომობილის გავლას არ დავლოდებოდი, ტაქსის მძღოლი მანქანიდან გადმომიხტა ყვირილით, რას აკეთებ, მღუპავ და თავსაც იღუპავო? როგორ გეკადრებათ, გზა ჩემია და ნება იბოძეთ, სანამ არ გადავალ, შეჩერდით-მეთქი. შარი ხარ ვიღაცო, ხელი ამიქნია და წავიდა, მე კი ამის შემდეგ მტკიცედ ვიცავ ფეხით მოსიარულეთა წესებს და თუ ავტომობილი არ აჩერებს ხელით ვანიშნებ, შეჩერდი, ჩემი გზაა-მეთქი. აქამდე დედის მაგინებლებს არა, მაგრამ ხელების მქნეველს, წადი, გაიარეს და ასეთი შეძახილებით ბევრს გადავუცილებივარ გზაზე. რატომ? რატომ ხართ ასეთი გულცივები, ადამიანთმოძულეები და კანონის დარღვევისკენ მიდრეკილები მძღოლებო?

აღმაშენებლის გამზირზე. ჩემი სახლიდან მარჯანიშვილის მოედნამდე კიდევ ორი ახალი ”ზებრა” დახაზეს. ამიტომაც ვხუმრობ, ამით კიდევ ორჯერ გაიზარდა გზაზე ჩემი ტრაგიკულად გადასვლის საფრთხე-მეთქი. მომერიდეთ, თორემ თუ გადავრჩი, აუცილებლად გიჩივლებთ და ამას მანამდე გავაკეთებ, სანამ არ დაგამახსოვრდებათ, რომ ფეხით მოსიარულეები აჩრდილები არ ვართ. როგორც კანონდამრღვევი მძღოლები იტყვიან ჩემსავით "შარიანი" კი ცოტანი არ გეგონოთ. ჩვენ მივაღწევთ შედეგს. თქვენ კი ნუ გახდებით პოტენციური მკვლელი და ჩვენს გზაზე გაგვატარეთ.