შესაძლებელია სადიზმს გამართლება ჰქონდეს? - კვირის პალიტრა

შესაძლებელია სადიზმს გამართლება ჰქონდეს?

ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც 20 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის წამების ამსახველი ამაზრზენი კადრები ნახა. ვნახე იმიტომ კი არა, რომ საშინელებათა ჟანრის კინო მიყვარს, ან მაზოხიზმი, ნანახით ტანჯვა მახასიათებს, პროფესიიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ყველა მნიშვნელოვან მასალას უნდა გაეცნო, რათა ფაქტის და მოვლენების გაანალიზება და დასკვნის (შეძლებისდაგვარად სწორი) გაკეთება შეძლო. კადრები ხანგრძლივია, მაგრამ ჩვენ ფრაგმენტები ვნახეთ იმ სისასტიკისა, რომლის წარმოდგენაც ჯანსაღი ადამიანის ფსიქიკას გაუჭირდება. მაგიდაზე "დასკოჩილ" კაცს აუპატიურებს სავარაუდოდ, პროფესიით ჯალათი, ნიღბიანი არარაობა, დანარჩენები კი სეირს უყურებენ, ან ურჩი მსხვერპლის დამორჩილებაში ეხმარებიან, ერთ-ერთი მათგანი ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებს. მდგომარეობა ფსიქოლოგის არა, ფსიქიატრის შესაფასებელი მგონია. თუმცა, ამაზე მოგვიანებით, საგაზეთო სტატიაში ვისაუბრებთ ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან ერთად.

"მოყვარული რეჟისორის" მიერ გადაღებული საშინელი "კინო" ორი უდანაშაულო ადამიანის ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ისინი თავიანთი სოფლებიდან გაიტაცეს და არარსებული დანაშაულის აუღიარებლობის გამო აწამეს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ დადგინდება, რა მოტივი ამოძრავებდათ ჯალათებს, როდესაც რიგითი მოქალაქეები, პატიოსანი, დანაშაულებრივ ქმედებებში შეუმჩნეველი ადამიანები (დამნაშავეც რომ იყოს, მერე რა?) გაიტაცეს და ჯერ ელექტროშოკის ზემოქმედებით, შემდეგ კი გაუპატიურების შედეგად ცდილობდნენ მათ დაყოლიებას, ეღიარებინათ ბუნებაში არ არსებული დანაშაული, ტერაქტი, რომელიც არასოდეს მომხდარა და საბედნიეროდ არც მოხდება. რატომ აკეთებდნენ ჯალათები ამას? გამოძიების შედეგად პასუხი იქნება? ვეჭვობ, რომ არა. შეუძლებელია სადიზმს რაიმე გამართლება ჰქონდეს, როგორც წარმოუდგენელია ჯანსაღმა ადამიანმა ჩაიდინოს ის, რაც ეკრანზე ჩანს.

ვფიქრობ, ყველაფერი მარტივად იყო, ავადმყოფური ცნობიერების და ამავდროულად ძალაუფლების მქონე, დაუსჯელობის სინდრომით გონებადაბნელებულ არსებებს სურდათ ეწამებინათ ვიღაც და აწამებდნენ. ნანახის შემდეგ პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ხდება კადრებში ასახული ტრაგედია, როგორც ბევრმა ივარაუდა, სამეგრელოს რეგიონში თუ სხვაგან, რადგან შესაძლოა იგივე მომხდარიყო გურიაში, იმერეთში, აჭარაში, კახეთში, ქართლში... მტკიცებულებების სახით არსებულ კადრებს ახლა ვნახულობთ, თორემ მანამდე ხომ გადმოცემებით, უდანაშაულო ადამიანების ან მათი ახლობლებისგან ვიცოდით, რომ ქართულ სამართალდამცავ ორგანოებში კატასტროფა ხდებოდა. ფაქტია, პირველი გავრცელდა თბილისში, გლდანის ციხეში გადაღებული კადრები და ვინც ახლა იმაზე ცდილობს აქცენტის გაკეთებას, რომ უბედურება მხოლოდ სამეგრელოში ხდებოდა და დანაშაულში მხილებული მხოლოდ მეგრელები არიან, არ დაავიწყდეს ციხეების ჯალათების გვარები და წარმოშობა და კიდევ ის, რომ ასეთი თითის გაშვერით არანაკლებ მძიმე დანაშაულს ჩადის. ყველა შემთხვევაში ხალხს აწამებდნენ წარმოუდგენლად არაჯანსაღი ფანტაზიის მქონე, განურჩევლად წარმოშობისა, ადამიანის გარსიანი არსებები, რომელთაც სამართალდამცველის სტატუსი ჰქონდათ და შიშსა და სიკვდილს სთესავდნენ. მოკლედ, ჩემთვის მთავარი უბედურება არის ის, რომ ტრაგედია ზოგადად საქართველოში ხდება და რა მნიშვნელობა აქვს კერძოდ რა ადგილზე, რომელ რაიონში ან რომელ პოლიციურ განყოფილებაში?

უნდა ნახოს თუ არა ეს კადრები ფართო საზოგადოებამ? სრულიად ქვეყანამ? არა! მაშინ რატომღა გიამბობთ ნანახის შესახებ? იმიტომ, რომ ითხოვთ. არანკალებ გამაოგნა საზოგადოების რეაქციამ, რომელიც ჩემგან მოითხოვდა დეტალურად მომეთხრო ნანახის შესახებ. ამიტომაც 20 ივნისს ხშირად ვიყავი ასეთი დიალოგის მონაწილე.

_ შენც იყავი იქ?

_ დიახ.

_ რა ნახე?

_ საშინელება.

_ მაინც (არ მეშვებოდნენ ისინი)?

_ როგორ კლავენ ადამიანს.

_ კლავენ? აკი გაუპატიურებაო?!

_ გაუპატიურება სიკვდილი არ არის?

_ ხო...

რა გვჭირს ხალხო? რა მნიშვნელობა აქვს რა ვნახე? რატომ არ არის საკმარისი იმის მოსმენა, რომ ტრაგედია ვნახე. ვიმეორებ, ვნახე ის, რის შესახებაც დღემდე არაერთხელ გსმენიათ. მაინცდამაინც "კინო" უნდა ნახოთ? რატომ? ან რატომ არ გგონიათ გაუპატიურება მკვლელობა? გამოგიტყდებით, არანაკლებ შეძრწუნებული ვარ ხალხის მოთხოვნით, რომ რაც შეიძლება მეტად მტანჯველი ინფორმაცია მიიღოს. გიფიქრიათ იმაზე, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეცნობიერში დალექილ ინფორმაციას, როდის, რა ფორმით, რა დოზით და რა შესაძლებლობებით აამუშავებს ყველა ჩვენგანში გენეტიკურად მიძინებულ მხეცის ინსტიქტებს? არ გიფიქრიათ, რომ ჩვენ ნარკომანებად ვიქეცით. ვკაიფობთ სადიზმით, მაზოხიზმით, ნეგატივით, უბედურებით, ტრაგედიით, კოშმარებით, სიკვდილით და რაც უფრო მეტად ვეფლობით ჭაობში, მით უფრო მეტი ნარკოტიკი გვინდა. იქნებ იმათ, ვინც უდანაშაულო ადამიანები აწამა, თავიდან ჩვენსავით, მცირე დოზით სურდა ეს ნარკოტიკი და დროთა განმავლობაში გამხეცდნენ. არ გეშინიათ იგივე რომ დაგემართოთ? არ გეშინიათ, რომ პროტესტმა უადგილოდ ამოხეთქოს ან უფრო დიდ სიასტიკეში გადაგვეზარდოს? სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არ უნდა აჩვენონ ეს კადრები ხალხს, რათა ნარკოტიკი არ მიეწოდოს გონებას. გამოჯანმრთელება უნდა შევძლოთ. დაველოდოთ კანონის და სამართლის აღსრულებას.

საშინელი "კინოს" დაწყებამდე შსს-ს იმ დარბაზში, სადაც მაყურებელი საზოგადოება შეიკრიბა, ხმაური ატყდა. დამსწრე საზოგადოების მცირე ნაწილმა გააპროტესტა კადრების ჩვენება. ძალიან კი გამიკვირდა. იქ შეკრებილი იყო მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების, ძირითადად უფლებადამცველთა წარმომადგენლები. ვიმეორებ, თუ ჟურნალისტი და უფლებადამცველი ხარ და ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემებზე მუშაობ, უფლებადარღვევის (მით უფრო უფლებადანგრევის) ფაქტებს თუ არ ნახავ, აბა, სხვანაირად როგორ უნდა იმსჯელო? თუ გინდა ამ თემაზე მუშაობა, მაგრამ ფაქტების სიმძიმის გამო მათი ნახვა გაშინებს, რა პრობლემაა? თქვი უარი და ნუ მიხვალ ჩვენებაზე. ამიტომაც გასაკვირი იყო პროტესტი მათი მხრიდან, ვინც მივიდა "კინოს" სანახავად და ჩვენებამდე ხმაურით დატოვა დარბაზი. მიუსვლელობა არ იქნებოდა პროტესტი და აუცილებლად შესამჩნევი ვერ გახდებოდა? ასევე გაუგებარი იყო ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სკანდალი, გაწევ-გამოწევა ირაკლი კაკაბაძესა და მას შორის... ეჰ, ეკა, ეკა, თურმე ქალები ოდითგანვე გამშველებლებად ითვლებოდნენ საქართველოში, შენ კი... მისთვის მიუღებელი ყოფილა ამ დრამატული კადრების ჩვენება. დავიჯერო უფრო გასაგები არ იქნებოდა ასე ეთქვა: ვწუხვარ იმის გამო, რაც ამ კადრებში ჩანს. უკვე საკმარისად მივიღე ზეპირი ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ვგმობ სადიზმს, მის შემსრულებლებს, რეჟიმს, რომელმაც ვერ უზრუნველყო ეს არ მომხდარიყო. ვწუხვარ, რომ ჩემი მეუღლეც (შოთა უტიაშვილი) ამ სისტემაში მუშაობდა და ნებსით თუ უნებლიეთ მძიმე პასუხისმგებლობის გამზიარებელი ხდება... ვერ დავიჯერებ, რომ ამის შემდეგ ეკა კვესიტაძეს ვინმე, თუნდაც ემოციურობით ცნობილი ირაკლი კაკაბაძე მოსთხოვდა პასუხს (სამწუხაროდ სამართლიანს) იმის გამო, რომ ქალბატონი ჟურნალისტი ერთ-ერთი უკმევდა "სატელევიზიო გუნდრუკს" სადიზმის წამახალისებელი რეჟიმის მამა-მთავრებს.

კადრების ჩვენებამდე ხმაურშიც იმ საშინელი ნარკოტიკის წყურვილი იგრძნობოდა, ზემოთ რომ ვთქვი. ოღონდ ამ ნარკოტიკს უფრო ერთმანეთის გაუტანლობის, არაფრად ჩაგდების, რაღაცნაირი ამპარტავნების (ყეყეჩობაში რომ გადადის და უზომოდ რომ იფრქვეოდა წინა ხელისუფლების მიერ მართული ტელევიზიებიდან) სუნი და გემო აქვს. მისი მიღების შემდეგ მთრობელს მტკიცედ რომ სჯერა საკუთარი უძლეველობის მითის, როგორ დაახურა თავზე ვიღაცას, მასზე დაბალს, როგორ გასცა პასუხი, მასზე დებილს (ასე ფიქრობს მისი აზრით, მისგან დამცირებულზე), როგორ ჩააგდებინა ენა, მოსვა, რა, მოსვა ადგილზე... სატირალია ეს ყველაფერი.

საშინელი ინერციით ვწერ. შესაძლოა ემოციაც გამეპაროს, რაციონალური მსჯელობის უნარიც დავკარგო და ადამიანურადაც ბევრი შემეშალოს. მუდმივად ჰუმანიზმის გულწრფელად მქადაგებელმა სადისტებისთვის სიკვდილიც კი ვისურვე სასჯელად, რომელიც ვიღაცის აზრით, ცოტა ყოფილა და უფრო მეტად უნდა დაისაჯონო?! ჰმ, უფრო მეტად დაისაჯოსო, ანუ უფრო მეტად უნდა ავამუშავოთ ფანტაზია და უფრო საშინელი ნარკოტიკი მივაწოდოთ გონებას? ვინ გამოვდივართ? ავადმყოფები არა? ავად-მყოფები. გაავებული, გაბოროტებული ხალხი, რომელსაც ძალა ვერ უპოვნია ავადობის მიზეზი მოიძიოს და აღმოფხვრას. ნეტავ ძალა მოგვეცეს, რომ სამაგიეროს გადახდის კი არა, ამაზე ფიქრის უნარიც დავკარგოთ. მაშინ, არ მგონია ვინმეს მსგავსი დანაშაულის ჩადენის და თანაც ვიდეოკამერით გადაღების სურვილი გაუჩნდეს. დადგება ეს დრო? როგორ ფიქრობთ, თუ თავს დავანებებთ ნარკოტიკს, უარს ვიტყვით გონების საშინელებებით კვებაზე, ვერ ავაშენებთ მომავალს? ეს შეძლეს სხვებმა და ჩვენც უნდა შევძლოთ!

პ.ს. წუხელ საგანგებოდ ვუყურე თენგიზ აბულაძის ფილმს "მონანიებას."მიუხედავად მრავალგზის ნახვისა და ფიქრისა, კიდევ ვერ გავეცი პასუხი კითხვას, რომელიც ბოლო 22 წლის განამვლობაში მაწუხებს. ვინ ვართ? ბოლშევიკური საქართველოს, ანუ ვარლამ არავიძის შვილი, აბელი, რომელსაც ერთადერთი ვაჟის სიკვდილი სჭირდება გამოსაფხიზლებლად და მამისეული ბოროტებისგან გასათავისუფლებლად, თუ თორნიკე არავიძე, რომელიც იძულებულია თავი მოიკლას, რომ უარი თქვას საშინელ მემკვიდრეობაზე? ორივე შემთხვევაში მომავალი კვდება. არადა, ხომ შეიძლება ჩვენი გონების სამარიდან ისე ამოვთხაროთ ვარლამის გვამი, რომ მომავალი გადავარჩინოთ?