ქალქვის საფლავის საიდუმლო ანუ უბისელი სერაფიტა - კვირის პალიტრა

ქალქვის საფლავის საიდუმლო ანუ უბისელი სერაფიტა

საფლავს გაჩვენებთ, რომლის მსგავსიც ნანახი არ გექნებათ, მითხრა უბისელმა მესანთლემ და მანიშნა გავყოლოდი. უბისის მონასტერში, წმინდა გიორგის თორმეტ საუკუნოვანი ტაძრის კედლებზე, უნიკალურ ფრესკებში ვეძებ ხოლმე სიახლეებს. ვერც წარმომედგინა, რომ ამჯერად სასაფლაოზე, თანაც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩენდი რაიმეს, საინტერესოს. იქვე, მონასტრის მიმდებარე ტერტორიაზე არსებულ სასაფლაოზე, მესანთლესთან ერთად ცნობისმოყვარეობით სავსე გავუყევი წვიმიან კვალს.

ტაძრის გალავნის კედელთან ახლოს თითქმის სულ ძველი საფლავის ქვებია. ყველა ოთხკუთხა, ჩასასვენებლის ფორმის, გრძელი, ან მოკლე, იმის მიხედვით რა ასაკის და ზომის იყო, ის ვინც აქ დაკრძალეს. უმრავლესობას ვინაობაც არ აწერია, მხოლოდ უფალო შემიწყალე!ან ჯვარი აქვს ამოტვიფრული და სულ ესაა... ვიღაცისთვის ეს ლოდები უბრალოდ ქვებია, ჩემთვის კი იმის ნიშანი, რომ იმ დროში სულს უფრო ჰქონდა ფასი, ვიდრე ხორცს. სამოთხეზე ფიქრი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე წუთისოფელში სამუდამოდ დარჩენის ამაო მცდელობა... მოწიწება მიპყრობს იმ ხალხის, იმ დროის მიმართ, როდესაც ასეთ საფლავებს ჯერდებოდნენ. ახლა ხომ გარდაცვლილს საფლავის ქვის ნაცვლად სასახლეებს ადგამენ გულზე...

უცებ ადგილზე გავხევდი. გალავნიდან რამდენიმე ნაბიჯში, საფლავის ჩვეულებრივი ქვის ლოდის ნაცვლად საშუალო სიმაღლის, მწოლიარე ქალის ბარელიეფი დამხვდა. გრძელთმიან ახალგაზრდა ქალს ბალიშზე უდევს თავი, ხელები კი გულზე ისე აქვს გადაჯვარედინებული, თითქოს მოძღვრისგან ზიარების მიღებას ელოდება, თუმცა, ზემოთ მოქცეული მარცხენა ხელი მაჭვებს, რომ გადაჯვარედინებული ხელები ზიარების წინა რიტუალზე არ მიუთითებს. ქვას ეტყობა, რომ საფლავი ძველია. ოდესღაც ფეხებთან ახლოს ჰქონია დაფა, რომელზეც ეწერა გარდაცვლილის ვინაობა. დაფა მრავალი წლის წინ დაკარგულა. მესანთლე ამბობს, რომ აღარც ის ადამიანები არიან ცოცხლები, ვისაც გადმოცემით მაინც ახსოვდა გარდაცვლილის ვინაობაო. ახლა მხოლოდ ის იციან, რომ ქალი ვინმე სეფისკვერაძის ცოლი იყო და ძალიან ახალგაზრდა მომკვდარაო.

ამ სოფელში ძირითადად ორი გვარი ცხოვრობს, სახვაძეები და სეფისკვერაძეები. სასაფლაოც ძირითადად ორი გვარის საგვარეულო განსასვენებელს წარმოადგენს. ამიტომაც ვერ ვიჯერებ, რომ სოფელში არავინ მოიძებნება ისეთი, ვისაც კვლავაც ახსოვს ქალქვა საფლავის საიდუმლო.

”შეხედე ქვას, როგორ მოკიდებია ხავსი, სიძველე, სულ მცირე ორი საუკუნის მაინც იქნება. აბა, ვის ნახავ ახლა ისეთს, მაგ ასაკის საფლავის საიდუმლო რომ იცოდეს? ფაქტი ის არის, რომ ქმარს ძალიან უყვარდა ცოლი და არამარტო ასეთი, გასაკუთრებული საფლავის ქვა დაუდო, გადახურა კიდეც. აი, სახურავის ერთ-ერთი შემორჩენილი სვეტი, ერთიც ბოლოშია გადატეხილი..." _ თავისთვის ლაპარაკობს მესანთლე. მე კი ქალქვის აქეთ-იქით მდებარე ორ პატარა საფლავის ქვაზე ვფიქრობ. სავარაუდოდ ერთ საფლავში ჩვილი უნდა იყოს დაკრძალული. ერთშიც 5-6 წლის მოზარდი. ერთ-ერთ ქვაზე ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილი ვინმე თევდორეს ძე იყო. ქვაზე ამოკვეთილი წარწერა ასო-ასო ქრება ქრება და დანარჩენი ტექსტი აღარ იკითხება. ცხოვრებაში პირველად ვნატრობ, რომ სიძველეების ასაკის დამდგენი ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე, საფლავთმცოდნე და რა ვიცი ყველაფრის სპეციალისტი ვიყო, რაც ამ საფლავების ქვეშ დაკრძალულის ვინაობის დასადგენად დამეხმარება.

ნუთუ ამ ქალის სახელიც არავის ახსოვს? ნეტავ რა ერქვა? არ ვეშვები მესანთლეს. ალბათ სერაფიტა ერქვა, ღიმილით მიპასუხა მწვანეთვალება კაცმა, რომელსაც ნამდვილად ჩემზე ნაკლებად არ აინტერესებდა ქალქვის ქვეშ დაკარძალულის ვინაობა.

იქნებ ქმარი ქვისმთლელი იყო, ან არშემდგარი მოქანდაკე, რომელმაც საყვარელი ცოლის დაკრძალვის შემდეგ სიყვარული ამ ქვაში გამოაქანდაკა? დრო ცოტა მაქვს, ვერ დავივლი მთელ უბისას, რომ ვინმე ამ ამბის მთხრობელი ვიპოვნო, _ ხმამაღლა გამოვხატავ ჩემს გულისწუხილს. მესანთლე მამშვიდებს, აქ რომ ვინმეს რამე სცოდნოდა ამ ქალის შესახებ, როგორ ფიქრობ, შენ მომასწრებდი ამბის გაგებასო? ახლა ინფორმაციის მოძიების ერთადერთ გზად ისევ ინტერნეტსივრცე და გაზეთის მკითხველი მრჩება, იქნებ ვინმემ იცით ვინ განისვენებს ქალქვის ქვეშ? ან ეს პატარა საფლავები ვისია მის გვერდით, ან ქმარი რა იქნა?

იქნებ ქმარი ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ეს პატარები კი მათი შვილები არიან. ალბათ ასე გაქრა ოჯახი. სხვანაირად ვერ გამიგია, როგორ არავინ არაფერი არ იცის ამ საფლავის შესახებ. საუკუნეების თუ არა, ათეული წლების განმავლობაში ხომ მაინც ლეგენდად ივლიდა ამბავი სიყვარულზე, რომელიც ამ საფლვის ქვეშ განისვენებს?! მერე რა მოხდა, სად გაქრა ის ხალხი, ვინც ეს ამბავი იცოდა, დავიჯერო, ყველა უმემკვიდრეოდ წავიდა იმიერში, ან მომავალი თაობებისთვის ზღაპარივით მაინც არ მოუყოლიათ ამბავი უიღბლო სიყვარულისა?

თუ ვინმეს ფესვები უბისიდან გაქვთ, გაიკითხეთ ამ ქალქვის საფლავის შესახებ. იქნებ როგორ სევდიან, მაგრამ ულამაზეს ისტორიას მალავს სიკვდილი და თუ გაიგებთ ვინ იყო უბისელი სერაფიტა, მოგვწერეთ.