მინარეთის დემონტაჟი, ანუ ცეცხლთან თამაში ჭელაში - კვირის პალიტრა

მინარეთის დემონტაჟი, ანუ ცეცხლთან თამაში ჭელაში

 

უცხო სიტყვათა განმარტების ლექსიკონის მიხედვით, მინარეთი ჰქვია კოშკს, საიდანაც მუეძინი, მუსლიმანების სასულიერო პირი მორწმუნეებს ლოცვისაკენ მოუწოდებს.

განვითარებული ადამიანისთვის თუნდაც ეს მცირედი განმარტება უნდა კმაროდეს, რომ მინარეთს აუგად არ შეეხოს, რადგან ამით შეურაცხყოფს მუსლიმანის სულიერ, ყველაზე ფაქიზ, რელიგიურ გრძნობებს, მისი ღმერთის სახლს.

საქართველოში რამდენიმე ადგილია, სადაც კომპაქტურად სახლობენ მუსლიმანები. მათ შორის, არამხოლოდ სხვა ეროვანი, ჩვენი, ქართველებიც. მაგალითად ადიგენის რაიონში, სოფელ ჭელაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველი, აჭარიდან ჩამოსახლებული მუსლიმანია და მათთვის მეჩეთი მინარეთით ან უბრალოდ მინარეთი საკუთარ სახლზე უფრო ძვირფასი და ხელშეუხებელია.

საქართველოში ბევრი მეჩეთია. მგონი სამასზე ნაკლები არ უნდა იყოს, თუ არა მეტი. როდესაც ერთ ციდა ქვეყანაში ამდენი მეჩეთი არსებობს, თანაც მოსახლეობის უმრავლესობას მართლმადიდებელი ქრისტიანები შეადგენენ, შესაძლოა თამამად ითქვას, რომ ამ ქვეყანაში მეჩეთის მშენებლობას არავინ არ კრძალავს. ნუ იფიქრებთ, რომ აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციები დამავიწყდა. აზიზიეს მეჩეთი სხვა თემაა. მის აშენებას თურქეთის ხელისუფლება მოითხოვდა და როგორც ვიცი, კვლავაც მოითხოვს საქართველოს ისტორიულ მიწაზე, ტაო-კლარჯეთში მდებარე ჩვენი უძველესი კულტურული ძეგლების აღდგენა – რესტავრაციის სანაცვლოდ. ბათუმში ქართველ მუსლიმანებთან საუბრის დროს პირადად არაერთხელ მომისმენია, თუ ადგილობრივ მოსახლეობას უნდა მეჩეთის აშენება, არავინ დაუშლის ამას, მაგრამ არცერთ სახელმწიფოს და მით უფრო თურქეთს უფლება არ აქვს, ულტიმატუმები წამოაყენოსო (მიუხედავად იმისა, რომ დღეს თურქეთს ძმას ვეძახით, ყოფილი აგრესორისგან ულტიმატუმები გამაღიზიანებლად აღიქმება განსაკუთრებით აჭარაში). მოკლედ, ამ ქვეყანაში მეჩეთების აშენებას არავინ კრძალავს და თუ დაინტერესებული პირი აჭარის მთიანეთს, პანკისის ხეობას, ბოლნისს და ქვეყნის ყველა იმ რაიონს მოინახულებს, სადაც მუსლიმანები ცხოვრობენ, დარწმუნდება, რომ საქართველო კვლავაც რელიგურად ტოლერანტული ქვეყანაა.

მიუხედავად მეჩეთთსიმრავლისა, ბოლო დროს იქმნება, ან სულაც ვიღაც მართლა ცდილობს შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ საქართველოში მუსლიმანებს მტრობენ. მაგალითად, სოფელ სამთაწყაროში და კიდევ რამდენიმე, მუსლიმანებით დასახლებულ სოფლებში თურმე ქრისტიანები არ აცლიან ლოცვას მუსლიმანებს. რამდენიმე დღის წინ კი ადიგენის რაიონში, სოფელ ჭელაში მინარეთიც მოუნგრიეს. ამჯერად არა ქრისტიანმა რიგითმა მოსახლეობამ, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ხშირად დამიწერია საინგილოში მცხოვრები ქრისტიანი ქართველების გასაჭირზე, იმაზე, თუ როგორ ცუდად ექცევა მათ ადგილობრივი ხელისუფლება, დროდადრო როგორ უჭედავს ეკლესიის კარს, როგორ ავიწროვებს ხან მღვდელს და ხანაც მრევლს, რომ არ ილოცონ და მეტიც, დაივიწყონ ქრისტიანული მრწამსი. მე ვაღიარებ ყველა ადამიანის უფლებას, სწამდეს და აღიარებდეს იმ ღმერთს, რომელიც მისთვის განსაკუთრებით ახლობელი და ძვირფასია, მთავარია, მან მისი ღმერთის თაყვანის თუ პატივისცემის, ან იქნებ ერთგულების მოტივითაც სხვას არაფერი ავნოს. არ მომწონს, როდესაც საინგილოში ქრისტიან ქართველებს დევნიან და ვაპროტესტებ რელიგიურ ნიადაგზე ნებისმიერი დევნის და შევიწროვების ფაქტს. თუმცა, მტკიცედ მჯერა, რომ ის, რაც სოფელ ჭელაში მოხდა, არ არის დევნა და სამწუხაროდ, პროვოკაციის სუნი ასდის. ბევრი მიზეზი გროვდება საიმისოდ, ვივარაუდოთ, რომ სწორედ ვიღაცას სურდა შეექმნა სურათი, თითქოს მუსლიმებს დევნიან ჩვენთან. სკეპტიკოსებმა და მათ, ვინც საკუთარი ქალაქის, სამსახურის, ოთახის ან კომპიუტერის ფარგლებს არ ცდება და უშუალოდ არ სწავლობს ამა თუ იმ რეგიონში ან რაიონში მცხოვრებ, სხვადასხვა ეროვნების და რელიგიური აღმსარებლობის ხალხის ცხოვრების, აზროვნების და ურთიერთობის წესებს, შესაძლოა აგდებით იკითხოს, ვის რაში სჭირდება ასეთი პროვოკაციები საქართველოში? ასეთებმა შესაძლოა ისიც თქვან, რომ რუსეთს არანაირი ინტერესი არ ჰქონია აფხაზეთში და სამაჩაბლოს რეგიონში, საომარი პროვოკაციებიც ჩვენ შევქმენით, მეტიც, ჯავახეთშიც ჩვენ გველანდება, რომ ყოველთვის შეიძლება აგვიფეთქონ "ბომბი" ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე... დიახ, სკეპტიკოსებს ბევრი რამ შეუძლიათ თქვან, მაგრამ მთავარია რას მეტყველებენ ფაქტები.

ჩინოსანთა და რიგი სახელმწიფო უწყებების განცხადებით, თურმე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის მიზეზი ის გახდა, რომ საშენი მასალები უკანონოდ შემოუტანიათ სარფის საბაჟოზე. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ქუჩაში, გაცვიათ რომელიმე ცნობილი ბრენდის სამოსი, რომელიც ასევე ცნობილი მაღაზიების ქსელმა თურმე განუბაჟებლად შემოიტანა. უცებ მოდის ვიღაც სამართალდამცველი ან კანონის აღსრულების უფლებით აღჭურვილი სხვა პირი და მოითხოვს, რომ გაიხადო ბრენდ-სამოსი, რადგან ის განუბაჟებელია და მისი ტარების უფლება არ გაქვს. რა სისულელეა, არა? სად წერია, სხვამ დააშავოს და მე მომთხოვოთ ამის გამო პასუხი? ან იქნებ ეს თემა რა შუაშია სოფელ ჭელას მეჩეთის მინარეთთან? სწორედ რომ შუაშია.

თუ საშენი მასალები იყო განუბაჟებელი და მისმა შემომტანმა კანონი დაარღვია, პასუხი კანონდამრღვევისთვის უნდა მოეთხოვათ. გადაახდევინებდნენ ჯარიმას, დასჯიდნენ შესაბამისი ნორმებით, მაგრამ მინარეთს არ უნდა შეხებოდნენ. დავიჯერო ამის გამკეთებელი ვერ მიხვდა, ცეცხლთან რომ იწყებდა თამაშს? განკარგულების გამცემი სულ უღმერთო და ათეისტი რომ ყოფილიყო, როგორც თანამდებობის პირს მაინც, სულ მცირე კონსტიტუციისთვის, ადამიანის უფლებებისთვის უნდა ეცა პატივი, ამასთან გაეთვალა, რა მოჰყვებოდა უბრალო ხალხში მინარეთის მეჩეთიდან "მოდღლეზვას".

ერთი წამით წარმოიდგინეთ, სოფლის მოსახლეობა რომ არაქართველი, აზერბაიჯანელი ან თურქი ყოფილიყო, ორივე ქვეყნის ხელისუფლება გააპროტესტებდა მომხდარს და საქართველო წამში გაეხვეოდა საერთაშორისო სკანდალში.

ჭელაში საბედნიეროდ ქართველები ცხოვრობენ, ქრისტიანებიც და მუსლიმანებიც და იოლად ახერხებენ ერთმანეთის თანადგომას და დაშოშმინებას.

როდესაც მომხდართან დაკავშირებით ადიგენში დავრეკე,”`ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში დანანებით თქვეს, რაიონში და ჭელაშიც მოსალეობის დიდი ნაწილი აჭარიდან ჩამოსახლებული მუსლიმანია, მათთან ყველაფერი გარკვეული გვქონდა (ანუ ჩვენს ელექტორატად მივიჩნევდითო), ახლა კი ხელისუფლების მტრებად იქცნენ, გაიძახიან, თქვენ ხმას არ მოგცემთ, ადიგენიდან უნდა წახვიდეთო?!

დავიჯერო, ყოფილ გამგებელს, სიმონ პარუნაშვილს, რომელიც ამ ამბის გამო დააპატიმრეს და რომელიც "ნაციონალების" კადრია, წინასაარჩევნოდ მოწინააღმდეგისთვის დარტყმის მიყენება ჰქონდა განზრახული და ამიტომაც მოახსნევინა მინარეთი?

პარუნაშვილს შევხვედრივარ და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია, რომ ასე ერკვეოდეს წინასაარჩევნო ბრძოლის ხელოვნებაში და შავ პიარში. ყოფილი გამგებელი თვითონ ვერ მოიფიქრებდა ამ სისულელეს, სხვა, ვიღაც უფრო ჭკვიანი, უფრო გავლენიანი და კარგად შენიღბული უნდა ჰყავდეს "დამრიგებლად" და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს "დამრიგებელი" იმ უწყებაში იჯდეს, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა, რომ მინარეთი განუბაჟებელი მასალისგან იყო აგებული.

გულისამრევია მთელი ეს დავიდარაბა, უბრალო ადამიანების ნერვებზე თამაში თუ წინასაარჩევნოდ ხმების "დახევით" იყო ნაკარნახევი. შედეგად მივიღეთ რა? კიდევ უფრო განმტკიცდა აზრი, რომ საქართველოში ერჩიან უმცირესობებს, ამ შემთხვევაში რელიგიურს, მუსლიმანებს. ანგრევენ მეჩეთებს და ა.შ. ეს რას გამოიწვევს? კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები საერთაშორისო საზოგადოებრიობიდან, რომ საქართველოში დავიცვათ უმცირესობების უფლებები და ამ პროცესში შესაძლოა ჩაგრულის იმიჯით სახიფათო ძალებმა ისარგებლონ და მათი ინტერესები აგატარონ, მით უფრო, როდესაც ქვეყანას ეროვნული უშიშროების სრულფასოვანი სამსახურები არ გააჩნია, მეტიც, სრულფასოვანი კონცეფციაც კი არ აქვს, რომელიც ასეთი სამსახურების ეფექტურ საქმიანობას და სახელმწიფოს რეალურ დაცვას განაპირობებს.

და კიდევ ერთი, აღმართეთ ის მინარეთი თავის ადგილზე და თუ ვინმემ მის შემოტანასთან დაკავშირებით დაარღვია წესი და კანონი, მას აგებინეთ პასუხი. არავის აქვს უფლება ადამიანებს, რა აღმსარებლობისაც არ უნდა იყვნენ, სულში ჩააფურთხოს და სამლოცველო სახლი შეუგინონ. თუ წესის, კანონის და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე მიდგება საქმე, სახიფათო ის კი არ არის, ვინც ლოცულობს, ან სამლოცველოს აშენებს, თუნდაც განუბაჟებლად შემოტანილი მასალით, არამედ ის, ვისაც არც ლოცვის აზრი ესმის და საკუთარი კეთილდღეობის იქით ვერაფერს ხედავს. არ ესმის, რომ ყველა განკარგულება ყურმოჭრილად, მონასავით კი არ უნდა შეასრულოს, თავს ძალა დაატანოს და მიხვდეს, მისი საქციელი ვინმეს ავნებს თუ არა.