აფხაზეთი დაგვავიწყდა და მეტსაც დავივიწყებთ - კვირის პალიტრა

აფხაზეთი დაგვავიწყდა და მეტსაც დავივიწყებთ

26 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 20 წლისთავის წინა დღეს, შიდა ქართლში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფლებში, დიცში და დვანში ვიყავი. იქ ნანახის და განცდილის შემდეგ გამიჩნდა შიში, რომ ჩვენ არამხოლოდ აფხაზეთი დაგვავიწყდა, კიდევ მეტს დავივიწყებთ.

რამდენიმე დღის წინ დვანში რუსმა მის მიერ შეთითიხნილი სამხრეთ ოსეთის საზღვრიდან გადმოგვძახა, საზღვარი კიდევ 50 მეტრით უნდა გადმოვწიო. ამ ზოლში რომელი სახლებიც ხვდება, დაანგრიეთ, თორემ მოვალ და მაინც დაგინგრევთო (რომელ სასაზღვრო ზოლში? რუსების გამოგონილში). დვანელებიც ანგრევენ სახლებს. საქართველოს ხელისუფლებიდან კი არავინ მიჭრილა იმ ხალხთან და არ უთქვამას, რას ჩადიხართ, რუსის ნათქვამს ყურს როგორ უგდებთ, სახელმწიფო დაგიცავთო?! ამის შემდეგ მქონდეს იმედი, რომ 50 მეტრით, უზარმაზარ მანძილზე დაკარგული ახალი მიწაც არ დაგვავიწყდება და გულმოცემული მტერი მეტს არ მოინდომებს?

საშინელი სანახავია მშრომელი ქართლელები მისი ხელით რომ ჩეხავენ ვაზს, ანგრევნ სახლებს და გარბიან, რადგან მტერმა გააფრთხილა, ორ დღეში ამ ყველაფერს შენით თუ არ გააკეთებ, მე მოვალ და მანდ დაგმარხავო. მხოლოდ ძაღლები არ გარბიან. ისინი სახლის ნანგრევებში მოკუნტულები წვებიან და იცავენ მიწას, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით. ყოველივე ამის ნახვის და 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ მოვკვდი. უკვე აღარ ვიცი რა უფრო მეტკინა, სოხუმი, ცხინვალი, დვანი და დიცი, თუ ცხონებული მამაჩემის სიკვდილი, რომელიც უზომოდ მიყვარდა. მაპატიოს მამაჩემის სულმა, მაგრამ უფრო მგონია, რომ არაფერია ისე მწარე, როგორც ტკივილი დაკარგული მიწის გამო. მამაჩემი, როგორც ყველა ჩვენი წინაპარი და მეც, ერთ დღეს აუცილებლად მოკვდებოდა, მიწა კი მომავალს უნდა დარჩეს, მაგრამ დარჩება კი?

ახლა დვანში რიგრიგობით და კანტი-კუნტად მიდიან შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხიანი ჩინოსნები. ასავსავებენ ხელებს, დაბორიალობენ დანგრეულ სახლებში. იქ შესვლამდე ან გამოსვლის შემდეგ აკეთებენ ზედაპირულ სატელევიზიო კომენტარებს და როგორც მოსულან, ისე მიდიან.

რა გითხრეს? ვეკითხები ერთ-ერთს, საკუთარი ხელით რომ დაანგრია ნაშრომ-ნაწვალები. "მოგიხერხებთ რამესო, მაგრამ არ უთქვამთ რას გვიპირებენ. რაღა უნდა დამიპირონ, რომ ეთქვათ, სახლი რად დაანგრიე, ჩვენ აქ არ ვიყავით, რუსს როგორ დაუჯერეო, ეს რომ ტყუილად მაინც ეთქვათ, ჩამკვდარი გული გაცოცხლდებოდა, მაგრამ მოგიხერხებთ რამესო, კაცოო?!" _ ამოიკვნესა საკუთარ მიწაზე მრავალგზის დევნილმა, რომელსაც უკვე ეშინია, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან მიადგებიან.

გთხოვთ, წადით დვანში, დაანახეთ იქ მცხოვრებ ხალხს, რომ მარტო არ არიან. არ არის საჭირო საზღვრის მიღმა ქვების და ტყვიების სროლა. უბრალოდ, ადექით და წადით, როგორც გარდაცვლილი ნათესავის ოჯახში და მიუსამძიმრეთ დვანელებს. უთხარით, რომ მიწა, რომელსაც საკუთარი ხელით "მარხავენ" მხოლოდ მათი კი არა, ჩვენი საჭირისუფლოც არის. ეს სჭირდება იმ ხალხს, ძალიან სჭირდებათ. დადექით იმ დაწყევლილ მავთულხლართთან და დაანახეთ მეორე მხარეს მყოფთ, ოსებს, რომ ფეხებზე არ გვკიდია ეს მიწა. ამის აუცილებლობა ვიგრძენი იქ ყოფნის დროს. მეორე მხარეს ხალხი მიდი-მოდის. გვითვალთვალებენ, გვზვერავენ, რას ვიზამთ, როგორ გვეტკინება კიდევ ერთხელ წაგლეჯილი ხორცი. ალბათ ქართული მიწის ჭირისუფალთა სიმცირის გამო, ფიქრობენ, რომ ვეგუებით მავთულხლართებით მცურავ რუსულ ჭირს და იმაშიც რწმუნდებიან, რომ რუსის გვეშინია. მეტიც, რუსის სჯერათ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე, თანაც ყველაფერში და ისე, როგორც აფხაზეთი დაგვავიწყდა, კიდევ ბევრ რამეს დავივიწყებთ. ასე გამომძახეს ხელოვნური საზღვრის გაღმიდან...

1993 წლის 27 სექტემბერი. სოხუმის დაცემის დღე.

1994 წლის 27 სექტემბერი. ერთი წელი სოხუმის დაცემიდან და მთავრობის დაპირებებიდან, რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში.

1995 წლის 27 სექტემბერი. ორი წელი სოხუმის დაცემიდან... ქუჩებში გაჩნდა ბანერები ლოზუნგებით, ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში.

1996 წლის 27 სექტემბერი. სამი წელი სოხუმის დაცემიდან და ფუჭი დაპირებებიდან, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში. ქუჩებში გაჩნდა ახალი ბანერები ახალი შინაარსით, არ დაგავიწყდეს აფხაზეთი! თითქოს ხელისუფლებამ ხალხს გადააბარა ჩინოსნური მეხსიერებისთვის უსაშველოდ მძიმე ტვირთი და პასუხისმგებლობაც, რომელსაც, მინდა დავიჯერო, რომ არ გაურბოდა. არადა, ფაქტები მეტყველებენ, რომ ოთხმხრივი, სამხრივი, ორმხრივი შეხვედრები კონფლიქტის დარეგულირებასთან და დევნილების აფხაზეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით, სულ ცალმხრივი ბლეფი იყო (და არის). მინდა ვცდებოდე.

2013 წლის 27 სექტემბერი. უკვე მეოცე სიმწრის წელი დადგა.

ჩვენ დაგვავიწყდა აფხაზეთი, რადგან თურმე ბანალური ჭეშმარიტების თანახმად, ყველა ტკივილს კურნავს დრო.

უკვე რამდენიმე წელია ქუჩებიდან ის, არაფრისმთქმელი, უიმედო შინაარსის ლოზუნგებიანი ბანერები გაქრა.

დედაქალაქში ის ხალხიც შეცოტავდა, აფხაზეთს რომ გვახსენებდნენ...

დევნილების თბილისიდან გასახლებაზე, თვალს მოფარებულში გადაყვანაზე აქტიურად იმუშავეს ”ზევით.”

"ზემოდანვე" გამოუშვეს ახალი ლოზუნგებიც (ახლა სლოგანებს რომ უწოდებენ) დევნილების გულის მოსაგებად, ახალ ბინებში მათი შესახლებისა და სხვა "კომფორტით" უზრუნველყოფის შესახებ. ერთის მხრივ, წუნს ვერ იტყვი, როდესაც გომურებში თავშეფარებულ, წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში მცხოვრებ ოჯახებს ადამიანურ გარემოს აღირსებ, მაგრამ გაჩნდა ეჭვი, _ ახალი საცხოვრებლების გადაცემით ხომ არ ცდილობს ხელისუფლება დევნილებს შინ დაბრუნების ისედაც მინავლებული მოლოდინი სულ ჩაუქროს, რათა აღარ შეახსენონ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობა და საბოლოოდ შევეგუოთ უმძიმეს დანაკარგს?!

რა გასაკვირია ეჭვი, როდესაც აფხაზეთში დაბრუნების თუ აფხაზეთის დაბრუნების იდეა კვლავაც იდეად და ლოზუნგ-სლოგანად რჩება. მათ ავტორებს კი ტრადიციულად გული წინასაარჩევნო კამპანიების დროს უჩუყდებათ ხოლმე. საერთოდაც იქნებ ლოზუნგებს თავისმოტყუების უნარიანი, ან უიმედო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იგონებე?!. თუ პრობლემას ხედავ და მისი მოგვარება შეგიძლია, მოქმედებას იწყებ და აღწევ დასახულ მიზანს, ჩვენ კი, ზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ... ვზუზუნებდით, ვზუზუნებთ და ვეჭვობ, რომ კვლავ ვიზუზუნებთ... პოლიტიკოსებს არჩევნების შემდეგ დამართული ამნეზია საკუთარ პასუხისმგებლობას ავიწყებს და დევნილთა დაბრუნების და კონფლიქტების მოგვარების მანდატს უცხო მეგობარ-ახლობელთ გადაულოცავენ ხოლმე... გაერო, ეუთო და სხვებიც წლიდან წლამდე ერთგულად დაატარებენ ამ მანდატს, რომელსაც ჩვენთვის არაფერი მოაქვს საერთაშორისო საზოგადოებიდან მშრალი თანაგრძნობის მეტი. ვცდები? რომ არა, უცხოელი მეგობრები, 2008 წელს რუსები თბილისამდე მოვიდოდნენ და მაგათ შეაჩერეს? შეეშინდათ და შეჩერდნენ? საერთოდ რუსი ვინმე, ზედაპირულად შეშფოთებულ-აღშფოთებულის აზრს უწევს ანგარიშს? იქნებ ისინი მაშინ იმიტომ შეჩერდნენ, რომ დღეს განეგრძოთ ნელი სიკვდილივით სვლა, მუდმივი დაძაბულობის და უილაჯობის რეჟიმში ვყოლოდით და ემტკიცებინათ ჩვენი უსუსრობა?

ზოგჯერ მგონია, რომ ვიღაცამ ისეთი უნდა შემოგვარტყას, რომ რეტი დაგვესხას და გამოფხიზლება ვცადოთ. არადა, სილის გაწვნაზე უარესი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავკარგეთ არდასავიწყებელი აფხაზეთი და შიდა ქართლის უზარმაზარი ნაწილი შევატოვეთ მტერს, რომელიც სოხუმის დაკარგვიდან 20 წლისთავზე, გველეშაპივით დახვეული მავთულხლართით მოცოცავს ჩვენს მიწაზე, აქვე, შუაგულ ქართლში, დიცში და დვანში და ქართველ კაცს მისი ხელით ანგრევინებს სიმწრით ნაშენებ სახლებს.

აფხაზეთამდეც ბევრი დავივიწყეთ ტაო-კლარჯეთის, ჰერეთის, ლაზეთის, ლორე-ტაშირის და კიდევ ბევრის სახით. როგორც ჩანს, მტერი დავარწმუნეთ, რომ იოლად ვეგუებით ტკივილს და მის დასაამებლად, ჭიქით ხელში პათეტიკური სადღეგრძელოების თქმაც გვყოფნის. გამოსავალი სად არის, თქვენ ხედავთ?