ბიმი და როკი არ ეპუებიან ოკუპანტებს, ანუ მესაზღვრე ძაღლები - კვირის პალიტრა

ბიმი და როკი არ ეპუებიან ოკუპანტებს, ანუ მესაზღვრე ძაღლები

სამწუხაროდ ზოგჯერ მიფიქრია, რომ ცხოველი უკეთ აზროვნებს, ვიდრე ადამიანი და "დვარნიაშკაც" კი აღემატება ღირსებით უმაღლეს, განვითარებულ არსებას, ადამიანს.

ორი ძაღლის შესახებ გიამბობთ. ორივეს ცხოვრება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასთან არის დაკავშირებული. ორივე რაღაცით ადამიანებზე მაღლაც კი დგანან. ერთ-ერთი, ჩვეულებრივი, ეზოს ძაღლია, 26 სექტემბერს დვანში ყოფნის დროს ვნახე. სანამ მისი პატრონი მერაბ მეკარიშვილი საკუთარ სახლს ანგრევდა. ცუგა სახელად ბიმი დანგრეულ ვერანდაზე მოკუნტულიყო და სახლთან მიახლოებისას ყველას უღრენდა. თავი ვერ შევიკავე, ავტირდი. ახლაც მეტირება, ამას რომ ვწერ. როგორია? ქართველი კაცი, ოდითგანვე, რომ თავისი მიწის გადარჩენისთვის არცერთი ჯურის მტერს არ ეპუებოდა, ახლა რუსის მუქარაზე, აქ სასაზღვრო მავთულხლართი უნდა გადმოვანაცვლო და ადგილი გამითავისუფლეო, დაძახილზეც კი საკუთარ, შრომით და ჯაფით აშენებულ სახლ-კარ-მიდამოს ანადგურებს. მის ძაღლს კი ნანგრევებიც არ ეთმობა და ერთგულად დარაჯობს. ამ დროს სახლის უკანა კედელს ბულდოზერის "კოვში" ეხეთქება და უცებ შესაძლოა ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდეს გონიერი ცუგა.

2009 წელს, დიდი ლიახვის ხეობიდან, სოფელ აჩაბეთიდან დევნილი 82 წლის ალექსი ჩლაიძე გავიცანი, რომელმაც დარბეულ სოფელში დარჩენილი მისი ძაღლის, გერმანული ნაგაზის, როკის შესახებ მიამბო. ამ ხნის განმავლობაში მრავალჯერ გამახსენდა ოკუპირებულ ხეობაში დანგრეული სახლის დარაჯად დარჩენილი როკი, რომელიც იქნებ აღარც არის ამქვეყნად. იქნებ არის კიდეც და იმედს არ კარგავს, რომ პატრონები დაბრუნდებიან.

ომი რამდენიმე თვის დასრულებული ყოფილა, როდესაც ჩლაიძეებს თბილისელი, ეროვნებით ოსი მძღოლი გაუცნიათ. ის კაცი როგორღაც მაინც ახერხებდა თბილისსა და ცხინვალს შორის მიმოსვლას. მისთვის უთხოვიათ, ეგებ აჩაბეთში შეიარო და ამა და ამ მისამართზე მიხვიდეო. იმედი ჰქონდათ, თუ ძაღლი ცოცხალი იქნებოდა, ტაქსის მძღოლი მის წამოყვანას შეძლებდა. თუ არადა, ერთი დიდი ტომარა საჭმელი მიუციათ ერთგული მცველისთვის. ძაღლი მოწყენილი იწვა თურმე ნაჭიშკრალთან. უცნობის დანახვაზე, თავი ზანტად აუწევია, ტაქსისტს საბარგულიდან ტომარა ამოუღია, ძაღლს ერთი კი დაუყნოსავს და ალერსიანი წკმუტუნით ჩაცუცქულა. ტაქსისტს უფიქრია, რახან ასე კარგად შემხვდა, დავიჭერო, მაგრამ ძაღლს ერთი შეუღრენია და ნანგრევებისკენ წასულა. თითქოს ამბობდა, აქაურობას უპატრონოდ ვერ მივატოვებო. მოგვიანებით, ის ტაქსისტი ვლადიკავკაზში ოს ყაჩაღებს მოუკლავთ, საქართველოში რატომ ცხოვრობო?!

80 წელს გადაცილებული სოფლიდან თვითონაც ძლივს გამოსულა ცოცხალი, ტყვედაც წაუყვანიათ ცოტა ხნით. ამიტომაც ნაგაზის წამოყვანა ვერ შეძლო. სანამ პატრონიც შინ ყოლია, დასარბევად შესეულ სეპარატისტებს თვალში არ მოსვლიათ ძაღლი, თურმე მოკვლას უპირებდნენ. წინ გადასდგომია პაპა, რას ერჩით, ჯიშიანი ძაღლია, რა დაგიშავათ, თუ მოგწონთ, წაიყვანეთო. მოკვლა გადაუფიქრებიათ, მაგრამ კისრიდან ძვირფასი ტყავის საყელური შეუხსნიათ და წასულან...

არ ვიცი ახლა როგორ არის ალე პაპა, რომელიც როდესაც გავიცანი, კოდაში, საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე ცხოვრობდა. საუბრის დასასრულს ისევ თავისი გერმანული ნაგაზი გაიხსენა. იქნებ როკი ცოცხალია და კვლავ არ ავიწყდება ის ავბედითი დღე, როდესაც მოკვლას უპირებდნენ და რახან როკის გვირაბიდან ერგნეთამდე ქართულ მიწას მცველი აღარ ჰყავს, პატრონის დაბრუნების იმედით ისევ იცავს აოხრებულ კარმიდამოსო... ახლა, როცა იმედები კვდება, იქნებ ცოცხალია როკი.