ასე წავიდეთ ოლიმპიადაზე
09-10-2013
ასე წავიდეთ ოლიმპიადაზე
ვინც არ იშლის და მიაჩნია, რომ სოჭში, ოლიმპიადაზე საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვურჩევ: გამართლებული იქნება ჩვენი დელეგაციის სახელით, სოჭში გორელი ზაზა რაზმაძის გამგზავრება. მართალია ის სპორტსმენი არ არის, მაგრამ მსოფლიო იცნობს მისი ოჯახის ტრაგედიის ამსახველი ცნობილი ფოტოთი, კადრში ზაზა დასტირის 2008 წლის აგვისტოში, გორის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შედეგად დაღუპულ ძმას ზვიადს, რომელიც შვიდი თვის ორსულ ცოლთან ერთად რუსული თვითმფრინავებიდან ჩამოყრილ ბომბებს ემსხვერპლა და ობლად დარჩა პაწია, 5 წლის ბიჭუნა
დიტო, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ვინ იცის, ის ბომბები სწორედ იმ მფრინავმა ჩამოყარა, გმირის სახელი რომ მიანიჭეს რუსებმა ქართველთა განადგურების გამო და ახლა ცინიკური, საქართველოს მიმართ ნიშნის მოგებითი ჟესტით ოლიმპიადაზე ჩირაღდნის ანთების საპატიო უფლება არგუნეს. თითქოს რუსეთი ამით ამბობს, დაგცინით ყველას, ჩემი შიშით გაუბადრუკებულ საქართველოს და
მსოფლიოს, რომელიც ისე ძრწის ჩემი უპროგნოზო ხასიათის გამო, რომ შეშფოთება-აღშფოთების გარდა, პროტესტის მეტად გამოხატვის უნარი არ აქვსო.
გაუშვით სოჭში ის ქალბატონი, დაჭრილი საცოდავად რომ ეგდო ნანგრევებში და მშველელს უხმობდა. ამ ფოტოსაც იცნობს მსოფლიო.
გაუშვით ოლიმპიადაზე დიცელები და დვანელები უზარმაზარი ფოტოებით, სადაც კადრში გამოჩნდება, მავთულხლართებიანი საზღვრის გასწვრივ, როგორ ანგრევენ ისინი საკუთარ სახლებს. დააწერეთ ამ ფოტოებს ან ხალხს მკერდზე, _ "ჩვენი სახლები დავანგრიეთ, რათა თქვენს სახლში გვეთქვა მსოფლიოს გასაგონად, თქვენ ოკუპანტები ხართ!"
გაუშვით სოჭში ის ადამიანები, ვისაც იძულებით დაატოვებინეს სოხუმი, გაგრა, ბიჭვინთა, ცხინვალი, თამარაშენი, კეხვი, ქურთა და ყველა ის ქალაქი და სოფელი, რომელიც რუსებმა მიწასთან გაასწორეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ქართველთა ნასოფლარზე რუსული სამხედრო ქალაქები შექმნეს. დავბეჭდოთ გიგანტური ფოტოები, რომელთაც ჩვენი დელეგაციის წევრები ზედ საპრეზენტაციო მარშის დროს გაშლიან მსოფლიოს წინაშე და ლაჩრულად, ისე კი არ გავივლით, თითქოს არ ვიმჩნევთ რუსეთის სიავეს, მსოფლიოს წინაშე, მშვიდად, აუღლევებლად, იარაღის ჟღარუნის გარეშე მივახლით რუსს პირში სათქმელს. სარისკოა ასეთი ნაბიჯი? ბევრი არ გამოჩნდება მსურველი? არ მჯერა. მე მზად ვარ გულზე ავიფარო ის ფოტოები და დავანახო მსოფლიო საზოგადოებას რუსეთის ნამდვილი სახე, რომელსაც კარგად იცნობენ, მაგრამ არ იმჩნევენ, ჩვენ ბევრი ვართ ასე მზადმყოფნი და არ გვაფიქრებს, თუნდაც ის, რომ ნირწამხდარმა რუსმა შესაძლოა სამშობლოში საკუთარი ფეხით ჩამოსვლა არ გვაღირსოს, ან სხვაგან დაგვიდოს ფეხი. რა, ისე არ დაგვიდებს? ისე არ ეცდება ჩვენს მოშთობას?

ერთხელ ხევსურეთში ერთმა მოხუცმა კაცმა მითხრა: ხევსურს ასე ზრდიდნენ: ის კი არ არის მთავარი რამდენ ხანს იცოცხლებ, არამედ ის, თუ როგორ მოკვდებიო.

რას იტყვით? როგორი იქნება ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დაწყებისას ქართული დელეგაცია მსოფლიოს წინაშე შავი დროშებით და უზარმაზარი, რუსეთის მამხილებელი ფოტოებით რომ წარსდგება. მართალია მსოფლიო კიდევ ერთხელ შეშფოთდება და უარესი არ დაემართება, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვერქმევა ლაჩრები, საკუთარი უსუსურობის გრძნობა კიდევ ერთხელ ხომ ვეღარ ჩატკეპნის ჩვენში ღირსებას?
იქნებ ფიქრობთ, რომ ემოცია მომძალებია და პრაგმატულულობის უნარი საერთოდ დამიკარგავს?
იქნებ ის ხალხი ვართ, ვინც ოკუპანტის ტერიტორიაზე (არადა, ეს ტერიტორიაც რომ ყოფილი საქართველოა?!) გამართულ ოლიმპიადაზე, თუნდაც არარუსულზე გამოვა და ლაღად იასპარეზებს, მაშინ როდესაც რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს მიწების დაპყრობას, რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოს პროტესტს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით სისუსტედ აფასებს. "თუ ვინმე სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებს ეს მხოლოდ ამ ქვეყნისა და მისი სპორტსმენების სისუსტე იქნება", - აცხადებს ჟირინოვსკი და თან გვემუქრება, საქართველო რუსეთის ნაწილია და თუ ვინმე გაბედავს რუსეთის მიერ დაგებულ ბოძებს მიეკაროს, "ხელები მოემტვრევაო.

სასაცილოა ეს კაცი, მაგრამ კიდევ უფრო სასაცილო და უბედურია, ვისაც ეს უბადრუკი აშინებს. საქართველოს სპორტსმენებთან რუსების სისუტე ბევრჯერ გვინახავს მოძალადევ, როდესაც საქმე მხოლოდ ძალას კი არა, გონებასაც მოითხოვს, როდესაც იძულებული ხართ, ერთი ერთზე, სპორტის დაწერილი კანონების გათვალისწინებით გვებრძოლოთ. თანასწორ პირობებში რომ ვერას ხდებით, იმიტომაც ძალადობთ, ჩვენ კი ისტორიულად, საქართველოსთან სწორედ სასაზღვრო ბოძების გამო მრავალი მოძალადის დამტვრეული ხელები გვინახავს.
როგორც ჩანს, ჩვენი ბედისწერაა, რომ რუსეთმაც ჩვენს მიწაზე მოიტეხოს კისერი.

როდესაც რუს, მოძალადე, მხოლოდ დამპყრობლის გენით მოაზროვნე პოლიტიკოსებს ვუსმენ, ვფიქრობ ხოლმე, რა ემოციას გამოიწვევდა ცოტნე დადიანის საქციელი, მონგოლების ნაცვლად საქართველოს დამპყრობელი რუსები რომ ყოფილიყვნენ და ექნებოდა თუ არა შოთა ნიშნიანიძეს მიზეზი დაეწერა: "ცოტნე გმირია, დიდებული გმირი, ოღონდაც/ თუ ბიჭები ვართ, ნუ ვახსენებთ მარტოდენ ცოტნეს!/ ვახსენოთ სახედაღრეჯილი გმირი რუსიც - /გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე!" დიახ, სტრიქონებში რუსი მე ჩავსვი მონგოლის ნაცვლად, მაგრამ ფაქტია, მხოლოდ სტრიქონები იტანენ დამახინჯებას, რეალობაში კი რუსი და გმირობის და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე, თანაც მონგოლისა და ცოტნეს მასშტაბის, არ მახსენდება.
თუ მაინც არ იშლით სოჭის ოლიმპიადაზე წასვლას და ელენე გედევანიშვილიც უნდა გასრიალდეს რუსულ ყინულზე. ჩააცვით ამ გოგოს ძაძა და მკერდზე დაჰკიდეთ წარწერა, ვგმობ ოკუპანტ რუსეთს! მერე კი თუნდაც ბოლო ადგილზე გავიდეს და საერთოდ დისკვალიფიკაცია მისცენ სპორტში, ისტორიაში საუკეთესო მაგალითად ჩაიწერება მისი საქციელი. გმირობისათვის ზოგჯერ ძალიან ცოტა კმარა და ჩვენ შეგვიძლია ეს ცოტა. ნუ დავხრით თავს და ნუ გავაცინებთ მტერს. ცოტნეს ამბავი რომ გიყვარდეს, ეს არ კმარა, ცოტათი მაინც უნდა ვდადიანობდეთ ჩვენც.


cotne
15 ოქტომბერი 2013 16:35
რა მნიშვნელობა აქ ვინ რას აღარებს? ჩვენ ვაღიარებთ რომ ტაოკლარჟეტი თუტQულია? ან საინგილო? რუსეთთან ჭკვიანური და სასარგებლო პოლიტიკა გვინდა და არა დედაკაცივით გაბუტვა. მაშინ არც დენი უნდა ვიყიდოთ მისგან და არც უნდა მიგვეყიდა ბევრი სტრატეგიული ობიექტი. ნუ ჩაიციკლეთ ამ ოლიმპიადაზე. მაშინ უნდა ვიომოთ და მორჩა
sos
15 ოქტომბერი 2013 16:16
სპილოც დიდია მაგრამ თაგვის ეშინია,ყოველთვის შეიძლება მსოფლიოს შენი არსებობა შეახსენო, ფორმა სხვადასხვა ნაირია, საუკეთესო ნიუანსი მოსაძებნია.
rero
14 ოქტომბერი 2013 20:03
ეკა,ჯერ ღვინო და ბორჯომი აუკრძალე ჩვენ ბიზნესმენებს და მერე სპორტსმენებს უკითხე საგმირო საქმეები.ქართული ღვინით მთვრალ რუსს პახმელიაზე ბორჯომი მიართვი.რატომ ბიზნესმენებს არ ურჩევ რამეს?თუ სპორტი ეროვნულობის გამოხატვაა,ღვინო-ბორჯომი არაქართულია/

რედაქტორის რჩევით