ასე იკარგება მიწაც - კვირის პალიტრა

ასე იკარგება მიწაც

ეს ფოტო ლანჩხუთში, ცინცაძის ქუჩის 16 ნომერში, 2008 წლის 19 ოქტომბერს გადაუღია ცნობილ ფოტორეპორტიორს, ბადრი ვადაჭკორიას. ის ამ სახლში დაბადებულა, რომელიც კადრში ფეხზე ძლივს დგას. იმ დროისთვის ძველისძველ ოდას დედაბურჯივით ამაგრებდა ფოტოზე გამოსახული 94 წლის დიასახლისი, ქალი, რომელმაც ათეული წლების წინ, ერთ მშვენიერ დღეს ფოტოს ავტორი მოავლინა ამ ქვეყნად. ბადრი ვადაჭკორიას ერთ-ერთ ალბომში "ჩემი საქართველო" ეს ფოტო შესულია ციკლში "მოხუცები". ავტორმა ახლახან სოციალურ ქსელში განმარტა, რომ კადრში გამოსახულია მისი მოხუცი დედა, რომელიც 2011 წლის ნოემბერში 97 წლის ასაკში გარდაცვლილა. ერთ კვირაში სახლიც თავისით დანგრეულა... ”მე კი დამრჩა ეს ფოტო, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და სევდიანია...” _ ამბობს ავტორი. ფოტომ მეც სევდა მომგვარა და ჩემს უფროს მეგობართან შეუთანხმებლად მომინდა საზოგადოებისთვის გამეცნო ქალი დედაბოძი, რომლის წაქცევის შემდეგ სახლიც დაეცა. ეს ფოტო დიდებული ილუსტრაცია არის იმისა, თუ რატომ შეიძლებოდა მიენიჭებინათ ჩვენს წინაპრებს ქალისთვის ასეთი დიდებული სტატუსი, ან სულაც შესანიშნავად განმარტავს სიტყვა დედაბოძის არსს.

ამ ძველი სახლის კარი აღარ არსებობს. პატრონების მოლოდინში წელი გაუმრუდდა, ჯერ ჩარჩოს ჩამოეკიდა, კარგა ხანს აჭრიალა ქარმა მისი ბებერი ხერხემალი და ერთ დღესაც, ილაჯგაწყვეტილი, სამუდამოდ დაენარცხა ძირს. იმის გამო, რომ წამომყენებელი დიდხანს არ გამოუჩნდა, დალპა, მიწად იქცა. ეს სახლი, ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გადავიღე. ყოველ ჩასვლაზე მიწევს მასთან ახლოს გავლა და გული ტკივილით მეკუმშება. მინახავს როგორ კვდებიან ხეები ზეზეულად, ამ სახლის სახით ვხედავ როგორ კვდებიან სახლები ზეზეულად. პატრონის მოლოდნში თანდათან ეცლებათ სული. ცხონებული ბებიაჩემი (რომელიც 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, 11 წლის წინ) სანამ ლოგინად არ ჩავარდა, ქალაქში ვერ წავიყვანეთ. სახლი გაცივდება უსულოდ. სახლის სული არის ადამიანი და მის გარეშე დიდხანს ვერ იცოცხლებსო. მაშინ არ მესმოდა მოხუცის. მოგვიანებით, როდესაც მარტო გამოზამთრებულ ჩვენს მამა-პაპისეულ სახლს მივაკითხეთ, ისეთი მოწყენილი და უღიმღამო მეჩვენა, ჩვენი მისვლიდან მოკლე ხანში კი ისე შეიცვალა და გახალისდა, რომ ბებიაჩემის მტკიცე პოზიცია გამახსენდა და შემრცხვა მისი სულის და ჩვენი, ზამთრობით მიტოვებული სახლის წინაშე. ეს უსახურავო, კედლებჩამობრეცილი, უფანჯრებო სახლები სტეფანწმინდაში დგას. გერგეთის სამების სახელობის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე თითქმის მთელი უბანია, სადაც აღარავინ ცხოვრობს. ცარიელი მთა, ცარიელი სახლები... შენ სვანეთში უნდა ნახო, რაჭაში გული გაგისკდება, ზემო იმერეთში, ასეთ მიტოვებულ სახლებს შლიან და ყიდიან, მეუბნებიან მეგობრები.

როდესაც აღარც ადამიანია და სახლიც ქრება, მიწა ობლდება, რჩება მარტო. არადა, არ უყვარს სიმარტოვე და მაგნიტივით, ძალიან შორი მანძილიდან იზიდავს იმას, ვისაც მზრუნველი მიწა სჭირდება, მისი ფასი იცის. ასეთმა თუ ერთხელ გაჭრა საძირკველი სახლისთვის, აღარსად წავა. ზოგჯერ დრო სჭირდება რომ მიაგნოს მარტოხელა მიწას, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად მიაგნებს. ვაი თუ ამის მერე მოგინდა წინაპართა კვალზე დაბრუნება, იქ სხვა დაგხვდება და ვერაფერს ეტყვი. ასე იკარგება მიწაც, როდესაც სახლები ზეზეულად კვდებიან.