რას ერჩოდით ცივეტას?! - კვირის პალიტრა

რას ერჩოდით ცივეტას?!

მსოფლიოში ყველაზე ძვირი ყავა ცივეტას განავლისგან მზადდება

ზოოპარკში ვეფხვის და ლომის ვოლიერზე ასვლის და ცხოველების თავზე დაშარდვის მსურველებიც გამოჩნდნენ

მოზარდები ცდილობდნენ, ეკლები გამოეძროთ მაჩვზღარბასათვის

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა "კოპი ლუვაკ"-ი ინდონეზიაში მზადდება და თანაც, არც მეტი, არც ნაკლები ცხოველის განავალისგან. კილოგრამის ფასი 400 დოლარია. მას ვივერისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, პატარა ცხოველი ცივეტა "შობს". ამ ეგზოტიკურ არსებას ძალიან უყვარს ყავის მარცვლების ჭამა. თანაც ღორმუცელაც ყოფილა და იმაზე მეტს მიირთმევს, ვიდრე მის კუჭს შეუძლია გადაამუშავოს. შესაბამისადმ ცივეტა განავალს ყავის მთელ-მთელ მარცვლებს აყოლებს, რომელზეც ცხოველის საჭმლის მომნელებელი ფერმენტები თურმე ჯადოსნურად მოქმედებს და ყავას საოცარ გემოსა და არომატს სძენს. არ ვიცი, ვინ და როგორ მიაგნო ამ საიდუმლოს და პირველად ვის გაუჩნდა იდეა, ცივეტას განავალიდან მოპოვებული ყავის მარცვლებით მოედუღებინა ეს სასმელი, მაგრამ ფაქტია, მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იაპონიაში "კოპი ლუვაკ"-ი ძალიან პოპულარულია. გარდა ამისა, ცივეტას პერინეალური ჯირკვლის სეკრეტი მრავალი სუნამოს ძირითადი ინგრიდიენტია.

ცივეტა მშვიდი და უწყინარი არსებაა, არავის არაფერს უშავებს, მით უფრო თუ ზოოპარკის ვოლიერშია ჩაკეტილი. მიუხედავად ამისა, თბილისელ მოზარდებს მასზე ძალადობის სურვილი გაუჩნდათ და რამდენიმე დღის წინ საბრალო, უმწეო ცხოველი კინაღამ ვოლიერში გამოწვეს. რომ არა ზოოპარკის დაცვის თანამშრომლები, ბავშვური ოინები (რომელსაც კანონი სამართალდარღვევის კლასიფიკაციას ანიჭებს და შესაბამისი მუხლით განსჯის) სავალალო შედეგით დასრულდებოდა. საბედნიეროდ, ცივეტას მხოლოდ ბეწვი დაუზიანდა. არავის უცდია დამნაშავეთა შესაბამისი ორგანოებისთვის გადაცემა, რადგან ისინი მოზარდები არიან...

სამწუხაროდ, ასეთ მავნე მოზარდებსა თუ მოწიფულ ადამიანებს ხშირად წააწყდებით ზოოპარკში. ერთ დღეს ნიანგის ვოლიერთან მდგომი ახალგაზრდა ქალი, ორი მამაკაცი და ბავშვი გამეტებით ურახუნებდნენ სქელ მინას. შეიძლება გატყდეს და ცუდი შედეგი მიიღოთ-მეთქი, გავაფრთხილე... მათ კი აგრესია ჩემზე გადმოიტანეს: "გატყდეს, მერე რა? ნიანგი მოწყენილია და უნდა გავამხიარულოთ" - მიყვირა ახალგაზრდა ქალმა.

არანაკლებ აგრესიულებს მაჩვზღარბას ვოლიერთან წავაწყდი. თინეიჯერები ცდილობდნენ, ეკლები გამოეძროთ ცხოველისთვის.

ისეთებსაც შევხვედრივარ, იაგუარის ვოლიერს წიხლს რომ ურტყამდნენ, ან მგლების სამყოფელს ურახუნებდნენ ფეხებს, რათა მგლები შეეშინებინათ.

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ხშირია ცხოველის დაზიანების შემთხვევები. ესვრიან საგნებს, ანთებულ სიგარეტს, აჭმევენ აკრძალულ საკვებს... - დაგვეხმარეთ, იქნებ ერთად შევაჩეროთ ეს ბოროტება - ითხოვს ადმინისტრაცია.

არაერთხელ ითქვა, რომ ცხოველის მიმართ სადისტური მოპყრობის მიზეზი აღზრდაში იმალება. თავის დროზე სკოლაში რომ ესწავლებინათ რა სარგებლობა მოაქვს ცივეტას, ხომ მიადგებოდნენ ზოოპარკში გამოკეტილ ცხოველს მოზარდები ყავის მარცვლებით, რომ მერე ფული გაეკეთებინათ.... ხომ აშენდებოდა ქვეყანა? გვეყოლებოდა ღორი, თხა და შინაური ცივეტაც. ხუმრობა იქით იყოს და იქნებ სწორედ იმაშია გამოსავალი, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ, რომელ ცხოველს რა სარგებლობის მოტანა შეუძლია, იქნებ ცხოველის შეურაცხყოფისა და წამების სურვილი აღარ გასჩენოდა ზოგიერთს.

სამწუხაროდ, თბილისის ზოოპარკში ვეფხვის და ლომის ვოლიერზე ასვლის და ცხოველების თავზე დაშარდვის მსურველებიც გამოჩნდნენ, რომელთა ჩანაფიქრიც კინაღამ მათთვის სავალალოდ დასრულდა...

ვფიქრობ, დროა, ცხოველთა წამებაზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ სამართალდამცველებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ცხოველის დაცვის კულტურა კიდევ დიდხანს არ იარსებებს და ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც დღეს ცივეტას, ხვალ სირაქლემას, ზეგ კი ადამიანს წაუკიდებენ ცეცხლს...