გნებავთ ჭკვიანი და ლამაზი მეგობარი? - კვირის პალიტრა

გნებავთ ჭკვიანი და ლამაზი მეგობარი?

დღეს, ჩვეულებისამებრ, დილით გავედი ძაღლთან ერთად სასეირნოდ. სანაპიროსკენ ჩავდივართ ხოლმე. დავინახე, თამარ მეფის ხიდთან, თავდაცვის სამინისტროსკენ ჩამოსასვლელი კიბის ქვეშ ძაღლს ეძინა. შორიდან ჩვეულებრიივ ქუჩის ცუგო მეგონა. ხშირად ასეთები დიდი ძაღლების მიმართ აგრესიულები არიან და გადავწყვიტე ჩემი ბიჭი გამერიდებინა. სანამ მანქანებს ამოვეფარებოდი, ცუგამ, საცოდავად რომ იყო მიწოლილი, თავი ასწია, კინაღამ ჩამივარდა ენა. ულამაზესი ცისფერი თვალებით ჰასკი მიყურებდა. მხოლოდ თვალები და სახე აქვს შერჩენილი, სხვა მხრივ, ვერაფრით მიხვდებით, რომ ოდესღაც მისი სახით ჯანრმთელი და ულამაზესი ძაღლი დადიოდა. მოგვიანებით ხელში რომ ავიყვანე, 6-7 კილოგრამზე მეტი არ მომეჩვენა. ძვლის და ტყავის გროვაა. ზედაპირული დათვალიერების შედეგად კანი სუფთა აქვს, არც პირიდან ამოდის სუნი, რაც ვფიქრობ გამორიცხავს კუჭ-ნაწლავის დაავადებას. ერთი ეგ არის, წელის აწევა უჭირს და უკანა ფეხები ეკეცება. იმასაც თუ დავაკვირდებით, რომ ფეხები განზე გადის, შესაძლოა ვივარაუდოდთ, რომ ძაღლი ხშირად დაბმული ან დამწყვდეული ჰყავდათ და არ ასეირნებდნენ, ამიტომაც ფეხები ლეკვობიდანვე გაუვიდა განზე.  კისერზე ასე გამხდარსაც კი ეტყობა ძალიან მოჭერილი საყელურის კვალი, გაურბის და არ ენდობა კაცებს, ჩემთან მოვიდა უპრობლემოდ.

ჩემი ძაღლი მივარბენინე  სახლში, ავიღე საჭმელი და გავიქეცი, რომ ცუგო მალევე მეპოვნა. საცოდავად დაიარებოდა იმავე ტერიტორიაზე და საჭმელს ეძებდა. გაგიჟდა, რომ მივუტანე, ჯერ ჭამა, მერე ხელები მილოკა, გავუკეთე საყელური და წავიყვანე იქვე, თავდაცვის სამინისტროს უკან, მეტეოროლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის ეზოში. კეთილი ხალხი მუშაობს იქ, ხელმძღვნელებიან რიგითებიანად. თან დაცვაშიც კარგი ხალხია და ვიფიქრე, ცოტა ხანი დავტოვებ, რომ მიმიხედონ, სანამ მანქანას ვიშოვი და თავშესაფარში წავიყვან-მეთქი. იქვე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ოფისია, რომელსაც ყველაზე საშინელ მხეცზე უფრო საშინელი მოხუცი კი არა, ცუდი გაგებით ბებერი თენგიზა დარაჯობს, ვერ იტანს ძაღლებს, სავარაუდოდ ადამიანებსაც. თურმე მის ანგარიშზე არის რამდენიმე ძაღლის სიკვდილი, წამლავდაო, როდესაც ინსტიტუტის თანამშრომლებს ძაღლი ეზოს სადარაჯოდ მოჰყავდათ. თენგიზას ჩემი ძაღლის დანახვაზე საერთოდ გულყრა ემართება და უშვერი სიტყვებით მლანძღავს. ერთ დღესაც ალბათ მომიწევს პოლიციის დახმარება, რომ ამ ენამყრალ არსებას შეაგნებინონ, ლანძღვა და თანაც უსამართლოდ, დასჯადი რომ არის. მოკლედ, თენგიზამ ახალ და თან ასე გაუბედურებულ ძაღლთან ერთად რომ დამინახა, სულ შეიშალა, სად მოგყავსო... გამომცემლობის თანამშრომლების და ინსტიტუტის დაცვის დახმარებით თენგიზა დამუნჯდა, სამწუხაროდ დროებით. მერე იქვე, ინსტიტუტის დაცვიდან, ვინმე კეთილშობილმა შალვამ შემომთავაზა დახმარება, წაგაყვანინებ თავშესაფარში მანქანით, ოღონდ ბენზინი იმდენი მაქვს, რომ სახლამდე მიმიყვანს და თუ შეძლებ ჩამისხიო, მართლაც ჩაგვიქრა მანქანა გზად, მაგრამ საბედნიეროდ იქვე იყო ავტოგასამართი სადგურიც... ბევრს უკეთესი მანქანაც ჰყავს, ბენზინიც საკმარისი აქვს, მაგრამ გული არ აქვს. სახლში გადავირბინე ფულის ასაღებად, ძაღლი შალვას დავუტოვე და მალევე დავბრუნდი. ”შენ რომ წახვედი, ანერვიულდა, გამოყოლა უნდოდა, თითქოს მე არ მენდოო...” მანქანაში არ ჯდებოდა, ამიტომ, ხელში ავიყვანე და ისე ჩავსვი. როგორც კი გვერდით მივუჯექი, დაკვირვებით შემომხედა, თათი თამაშით, საყვარლად დამისვა მკლავზე და იმაში დარწმუნებულმა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მომეხუტა. ვეღარ შევიკავე ცრემლები. სახლში ადგილი რომ მქონდეს და ცუგო გოგო რომ იყოს, მე თვითონ წავიყვანდი, მაგრამ ჩემს პატარა ბინაში ორი ბიჭი ძაღლი ვერ იცხოვრებს. ამიტომაც მივიყვანე ელიზბარაშვილის თავშესაფარში. არ წაყვა მომვლელს ვეტერინართან, შეშინდა ბევრი ძაღლის დანახვაზე, მათმა ხმებმა დააფრთხო. სულ მგონია, რომ ძველი მობინადრები ახლებს მისვლისთანავე უსამძიმრებენ, შენც უპატრონო ხარ, შე საცოდავოო... აკანკალდა. მოეკვეთა მუხლები. ავიყვანე ხელში და ასე, ატატებული შევუყვანე ვეტერინარს. თამრიკოს, ადრეც ვიცნობდი, ძალიან კეთილი და თბილი გოგოა. მიეფერა ჩვენს ბიჭს და ისიც, რომ მიხვდა, არავინ არაფერს დამიშავებსო, დამშვიდდა. თამრიკომაც დაათვალიერა ძაღლი და თქვა, რომ არაფერი არ ჭირს, გარდა შიმშილით გამოწვეული პრობმელებისა, გამხდარია და ძველებური ძალა არ აქვს. დაიმედებული წამოვედი. დღეს უპატრონებენ, უკვე დაბანეს, მოაწესირგებენ. ხვალ, მივალ, ზეგაც და ასე ვივლი მანამდე, ასე ვუპატრონებ, სანამ ღირსეულ ადამიანს არ აღმოვაჩენ, რომელიც იტყვის, რომ უნდა ჰყავდეს ლამაზი და ჭკვიანი მეგობარი და არ დაფიქრდება იმაზე, ვაითუ უკანა ფეხები არ გაუსწორდეს, მერე რა ვქნა, ინვალიდი ძაღლიც არ მინდაო. ბლოგი იმიტომ დავწერე, რომ მინდა ეს საოცარი არსება კარგი პატრონის ხელში დავაბინავო, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინეთ, ვინც მასზე პასუხისმგებლობას აიღებს, კარგა ხანს იქნება ჩემი კონტროლის ქვეშ, მანამ, ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ ძაღლი საიმედო ხელშია. ახლა იმაზეც ვფიქრობ, როგორ შეიძლება კანონმდებლობის გამკაცრება ისე, რომ ძაღლები (ცხადია, პირველ რიგში ადამიანები) კანონით დაცული იყვნენ, ჰქონდეთ სასეირნო ადგილები და პატრონებს ევალებოდეთ არამხოლოდ მათი მოვლა, ისიც, რომ მათი ცხოველების განავალმა ქუჩაში მოსიარულეები არ შეაწუხოს. ეს საკითხი განსაკუთრებით მაღელვებს ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც მერიის შესაბამისი სამსახურები საერთოდ აღარ ასუფთავებენ სკვერებს და გაზონებს.