გავუკეთოთ ძეგლებს ბორბლები - კვირის პალიტრა

გავუკეთოთ ძეგლებს ბორბლები

კარგა ხანია გამიჩნდა იდეა, რომ საქართველოში არსებულ ყველა ძეგლს ბორბლები გავუკეთოთ. ასეთი გადაწყვეტილება სულ მცირე ორ დადებით ფაქტორს განაპირობებს. პერიოდულად შედგება ძეგლის რეგიონალური ტურნე და ვინც მისი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე სანახავად ვერ მიდის, ძეგლი თავად მიაკითხავს, რაიონებში, სოფლებში. ამასთან, ძეგლის თანმხლებნი დამთვალიერებლებს უამბობენ იმ პირის ისტორიას, ვისაც სკულპტურა ეკუთვნის, ან ვინც იგი შექმნა, ორი სიტყვით ალბათ ქანდაკების, როგორც ხელოვნების ნიმუშის მნიშვნელობასაც შეეხებიან და საზოგადოებისთვის შესანიშნავი შემეცნებითი, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამა გამოგვივა. ბორბლებიანი ძეგლი იმითაც იქნება სასარგებლო, რომ ქვეყნის ან ქალაქის ხელისუფლებაში მოსული პირები თუ წინამორბედების მიერ დადგმული ძეგლების ადგილსამყოფელს ან თვითონ ძეგლებს დაიწუნებენ, ან კიდევ ნაძეგლარებზე სევდა მოაწვებათ და განდევნილთა უკან დაბრუნებას განიზრახავენ, სკულპტურის დემონტაჟ-მონტაჟში აღარ დახარჯავენ ფულს, რომელიც შეიძლება სხვა უამრავ სასიკეთო საქმეს მოხმარდეს. მარტო ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან აღმაშენებლის ძეგლის დემონტაჟი 60 000 ლარი დაჯდა?!

მოკლედ, ბორბლებიან სანახაობას ერთი ადგილიდან მეორეზე დიდი ძალისხმევის გარეშე გადავაგორებთ. სულაც არ მეხუმრება. ბოლო წლებში ქვეყანაში ძეგლების გამუდმებული, იძულებითი მოძრაობის გამო გამიჩნდა სრულიად ძეგლთა ბორბალიზაციის იდეა და აზრი კიდევ უფრო განმიმტკიცა ამ დღეებში კვლავ ძეგლების გადატანა-გადმოტანასთან დაკავშირებულმა თითიდან გამოწოვილმა, უსაგნო თუ საფუძვლიანმა აჟიოტაჟმა. ხმა გავრცელდა, რომ დავით ნარმანია რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო `რედისონ ბლუს~ მიმდებარედ აყუდებული ველოსიპედის ძეგლის გადატანას აპირებს. თუმცა, ვერსად ვნახე მტკიცებულება, რომ ნარმანიას ასეთი სურვილი გაემჟღავნებინოს, მით უფრო ბოლო დღეებში. დედაქალაქის ახალი მერი რიყეზე `დაგორებულ მინის მილების~ შესაძლო გადატანა - არგადატანის საკითხს შეეხო, რაზეც მანამდე ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზივურ ინტერვიუშიც განაცხადა, რომ კონკურსის შედეგად შეირჩევა რიყის რეკონსტრუქციის პროექტი და თუ ვინმე ინვესტორი გამარჯვებული პროექტით დაინტერესდება, საინვესტიციო მოთხოვნებში ჩაუდებენ `მილების~ დემონტაჟის და სხვაგან გადატანის ვალდებულებას და არა დანგრევის პირობას. ნარმანიამ ისიც აღნიშნა, რომ თუ კონსტრუქციის თავისებურების გამო დემონტაჟი ვერ მოხერხდება, მაშინ მილები თუ ”გულივერის ბოტები” დარჩება ადგილზე, რომელსაც სასტიკად ამახინჯებს.

რაც შეეხება ძეგლებს, ვფიქრობ, უნდა დამთავრდეს მოსიარულე ძეგლების დრო. იდგეს ის ველოსიპედი, სადაც დგას. დიდი არაფერი ადგილი უკავია, არც უარყოფითი ან ვინმეს ინტერესების შეურაცხმყოფელი შინაარსი აქვს და თვალშიც დიდად არ ეჩხირება ვინმეს. საქმე ხომ ისედაც ბევრია, თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეტლებისთვის აუცილებელი პანდუსები. ავხსნათ გადასასვლელ რკინის ხიდებზე ვითომ ამ პანდუსების ფუნქციით დამაგრებული რკინის რელსები, რომელმაც უკვე არაერთი მოზარდი და მოწიფული ადამიანი კინაღამ დაასახიჩრა და შესაძლებლობა შეზღუდული გახადა.

დავასრულოთ ძეგლების აჩრდილებივით ქალაქ-ქალაქ, ქუჩა-ქუჩა და გზა-გზა ბოდიალის ეპოქა. დავაყენოთ ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დედაქლაქის ცენტრიდან გაძევებული, ვითომ დასავლური ორიენტაციის ნიშნად პირით თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით შეჩერებული დავით აღამაშენებელი იქ, სადაც დგას და მხოლოდ თბილისში კი არა, მთელ ქვეყანაში დავითს რომ გაეხარდებოდა, ისეთი საქმეებით დავუდგათ მის ხსოვნას ძეგლები.

გასაგებია, რომ უსიამოვნო ფაქტორია, როდესაც ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლს რომაული მითოლოგიური ღმერთის ნეპტუნის ქანდაკებით ანაცვლებენ, რომლის წარმოშობის და მნიშვნელობის შესახებ არაფერი იცის ბათუმელთა ან დასასვენებლად ჩასულთა უმრავლესობამ, მაგრამ ხომ არ შეიძლება ერთ დროს ”ჩელუსკინელების” ხიდის თავში მდგომი ოქროსფერი პრომეთეს მსგავსად აქეთ-იქით, დაუსრულებად ვაწანწალოთ ყველა ძეგლი?! შეგახსენებთ პრომეთე ბორჯომში წაიღეს, ამბობენ იქაც არ აჩერებენო?!

საერთოდაც ძეგლების დადგმა-არ დადგმის და გადატანა-გადმოტანის თემები რატომ უნდა წყდებოდეს კონკრეტული თანამდებობის პირების კაბინეტებში და რატომ არ უნდა ეკითხებოდნენ ამის შესახებ ხალხს? რომელსაც ეკუთვნის ეს ქვეყანა, რომელიც ირჩევს ან ნიშნავს თანამდებობის პირებს. იქნებ ხელისუფალთ მეტი ეფიქრათ იმაზე, თუ როგორ აღიზიანებს ხალხს საქართველოში არსებული სოციალური ფონი, პოლიტიკური გარემო და ამის პარალელურად ვიღაცის პიროვნული გადაწყვეტილებები, ეს ძეგლი აქ უნდა იდგეს ან არ უნდა იდგესო.

როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ”ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში გაიმარჯვა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა: "უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ მას სულ ცოტა ორი ძეგლი უნდა დავუდგათ. პირველი, ქველმოქმედებისთვის, რაც მან ქვეყანაში სრულიად უანგაროდ გასწია. მეორე ძეგლი მას ეკუთვნის იმისთვის, რომ დესპოტური რეჟიმი მოგვაშორაო". თუ დღევანდელი ხელისუფლება ხალხთან ერთად ან მის გარეშე მართლა გადაწყვეტს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ძეგლის დადგმას, გაუკეთეთ ყოველი შემთხვევისთვის ბორბლები კვარცხლბეკს, ერთი მარტივი თავისებურების გათვალისწინებით, რაც მოსწონს გრიშას, არ მოსწონს მიშას და თუ უნდა იარონ, იოლად მაინც იარონ ძეგლებმა.