"პატრულით ვერავის შეაშინებთ" -ამბავი დაუსჯელობაში დარწმუნებულთა იმედგაცრუების შესახებ
20-01-2015
"პატრულით ვერავის შეაშინებთ" -ამბავი დაუსჯელობაში დარწმუნებულთა იმედგაცრუების შესახებ
მაპატიეთ, რომ გრძელი ტექსტი გამომივიდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს რეალური ამბავი არ დაგღლით და ბოლომდე წაკითხვის სურვილს შეინარჩუნებთ.
19 იანვარს, 21 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტის" მომსახურე პერსონალის შესასვლელთან, ტროტუარზე ავტომობილი გააჩერა 20-22 წლის ბიჭმა. მანქანა კიბესა და ხეს შორის გაიჩხირა და ქვეითად მოსიარულეთათვის გასასვლელი გადაკეტა. სწორედ იმ დროს, ორი უზარმაზარი და ენერგიული ძაღლით უნდა გაგვევლო ჩვენთვის განკუთვნილ ტროტუარზე. გზის გადაკეტვის გამო იძულებული ვხდებოდით ძაღლებთან ერთად ავტომობილის სავალ ნაწილზე გადავსულიყავით. ამიტომც
მძღოლს, რომელიც მანქანიდან გადმოდიოდა, ვთხოვეთ, ცოტა უკან დაეხია მანქანა. რატომ? გვკითხა გაკვირვებულმა. იმიტომ, რომ ვერ გავდივართ. ვუპასუხე მე. მერე მე რა ვქნა? პატრული მოვიდეს, მითხრას და გავიყვან, _ დაგვცინა ყმაწვილმა, რომელიც აშკარად უკადრისობდა ჩემგან, ანუ მისი აზრით, ვიღაც, ქუჩაში მოხეტიალეს (ეს მიდგომა შემდგომ არაერთხელ გამოხატა
ცინიზმითა და ირონიით) მხრიდან შენიშვნას (ასე გაიგო მან თხოვნა, რისი კანონიერი უფლებაც მქონდა). რა საჭიროა პატრულის გამოძახება, როდესაც შეიძლება ელემენტარულ თხოვნაზეც გაიყვანოთ ავტომობილი? გამიკვირდა მე. თქვენს ნათქვამზე არაფერს არ გავაკეთებ, მიპასუხა აგდებული ტონით და სასტუმროში შევიდა. გამოვიძახე პატრული, თუმცა, წესრიგის დამრღვევი მძღოლი, როგორც შემდგომში გაირკვა მოქალაქე მიხეილ ნადიბაიძე არ დაელოდა პოლიციის მოსვლას და თან დაგვცინა, ვინც გინდათ, ის გამოიძახეთ, ჩემს ფეხებს, წარმატებებს გისურვებთო. მისი ყველა სიტყვა და ჟესტი გამოხატავდა დაუსჯელობაში დარწმუნებულის თავდაჯერებას, რომელიც ან მიჩვეულია, რომ ყველაფერი ეპატიება, ან უბრალოდ სასაცილოდ არ ყოფნის, რომ ორი, ქუჩაში ძაღლებით მოხეტიალე ქალი მართლა შეეცდებოდა კანონის დაცვას.
ადგილზე პატრულის მოსვლის შემდეგ უცნაურად განვითარდა მოვლენები. ვიდრე სამართალდამცველებს ვუხსნიდით რაც მოხდა, სასტუმროდან გამოვიდა ახალგაზრდა კაცი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსი გიორგი მჭედლიშვილი და კანონთან და სამართალთან მწყრალად მყოფი კაცის, ძველბიჭური მოტივებით სცადა დავერწმუნებინეთ, რომ ჩვენ ვიყავით მოცლილები, რომლებიც პრინციპულად "ვახურებდით". მის თანამშრომელ მიხეილ ნადიბაძეს კი უფლება ჰქონდა ავტომობილი ტროტუარზე გაეჩერებინა. მიუხედავად იმისა, რომ პატრულმა პოლიციელმა ბონდო შარაშენიძემ აუხსნა, რომ ტროტუარი ეკუთვნის მოქალაქეებს და იქ ავტომობილის გაჩერება არის ადმინისტრაციული წესრიგის დარღვევა, გიორგი მჭედლიშვილი ჯიუტად ცდილობდა დაერწმუნებინა პოლიციელი, რომ ის ცდეობდა, და მიხეილ ნადიბაძიეს და კიდევ მის სხვა თანამშრომლებს უფლება ჰქონდათ მანქანა სასტუმროს წინ გაეჩერებინათ.
საზოგადოებას რომ წარმოდგენა ჰქონდეს, როგორ არ უნდა იქცეოდეს მოქალაქე და თანაც უსაფრთხოების მცველი, გთავაზობთ პოლიციის თანდასწრებით გიორგი მჭედლიშვილის და ჩემი საუბრის ჩანაწერს. აუდიო ჩანაწერი შემიძლია წარვადგინო ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოში, თუ ამის აუცილებლობა დადგება.
გიორგი მჭედლიშვილი _ (მე და ჩემს მეგობარს მოგვმართავს) რაზე ედავებოდით, იმაზე, რომ მანქანა იდგა აქ და ვერ გაიარეთ? ამის გამო ქმნით პრობლემას? ხალხო ინვალიდებისთვის რომ არის გაკეთებული სადგომი და ის რომ არის ჩახერგილი, იმაზე რას იტყვით? გაიარეთ დილის 9 საათიდან საღამოს ცხრამდე რუსთაველზე და ყოველ 15 წუთში გეყოლებათ პატრული გამოსაძახებელი.
_ ვიძახებ კიდეც, სადაც ამის აუცილებლობას ვხედავ.
_ ეს არის სასტუმროს სერვის შესასვლელი და ნებისმიერ თანამშრომელს აქვს უფლება გააჩეროს აქ ავტომობილი.
_ სიტი პარკის შემოსაზღვრულ ადგილზე უნდა გააჩეროს და არა აქ და თუ თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ აქ ავტომობილების გაჩერების უფლება გაქვთ, მე სად უნდა ვიარო?
_ დარწმუნებული ვარ, ის მანქანა იქნებოდა ისე გაჩერებული, რომ აქ გავლა შესაძლებელი იქნებოდა.
_ აი, სათვალთვალო ვიდეოკამერები, პირდაპირ უყურებს იმ ადგილს, სადაც მანქანა იდგა, მოითხოვეთ კადრები და ნანახის შემდეგ დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ამასთან, გასავლელიც რომ ყოფილიყო, კანონით ეს არ არის ავტომობილის სადგომი.
_ გიმეორებთ, თუ ჩვენი თანამშრომელია, მას უფლება აქვს გააჩეროს სერვის შესასვლელთან. შესაძლოა გადასატვირთი, ან ჩასატვირთი ჰქონდა რაღაც ბარგი. _ არანაირი ბარგი არ ჰქონდა. ამასთან, გიმეორებთ, ეს არის ტროტუარი და არა პარკირების ზონა და საერთოდ რატომ ცდილობთ დაიცვათ ის, ვინც არ გინახავთ? როგორც პოლიციასთან საუბარში განაცხადეთ, თურმე არ იცით, ვინ იყო და რა მოხდა.
_ (გიორგი მჭედლიშვილი ამჯერად პოლიციას მიუბრუნდა) მე აგიხსნით ბიჭებო, რომ ეს არის სასტუმროს სერვის შესასვლელი და აქ ავტომობილის შეჩერება შეუძლია სასტუმროს თანაშრომელს. უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო და სასტუმროსთან შეხება არ ჰქონოდა, ჩვენი ბიჭებიც არ გააჩერებდნენ. აქ შემოდის, ერთადერთი, სასტუმროს მანქანა. ეს მანდილოსნები კი არაფრისგან ქმნიან პრობლემას, პრინციპზე დგებიან, რომ ვერ გავიარე, ესა და ისაო. ძალიან კარგია, რომ რაღაცის გაკეთებას ცდილობთ, რომ კანონი უნდა კანონობდეს, მაგრამ ვფიქრობ, ამის გარდა იმდენად მნშვნელოვანი რამ არის საკეთებელი, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.
_ ბატონო გიორგი, მე თქვენთან არ მქონია არანაირი კონტაქტი და ინციდენტის გამოც გამოვიძახე პატრული და არა თქვენ.
_ თქვენ არაფრისგან ქმნით პრობლემას.
_ ამას გადაწყვეტს კანონი და სამართალდამცველები და არა თქვენ ბატონო გიორგი, რომელიც ცდილობთ ხელი დააფაროთ წესრიგის დამრღვევს.
_ შექმენით მაშინ პრობლემა და თუ გინდათ სასამართლოშიც გიჩივლიათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ჩვენ გვაქვს პარკინგი, თქვენ ხომ იცით (პოლიციას მიმართავს)? გიმეორებთ, აქ მანქანა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბარგს ტვირთავენ. თუ თქვენ პრინციპზე (კვლავ ორ ქალს მოგვიბრუნდა) უდგებით ადამიანს და მოითხოვთ, რომ მაინცდამაინც იმ მომენტში გაწიოს მანქანა, თქვენ რომ გავლა გინდათ, პატრულის გამოძახებთ ვერავის ვერ შეაშინებთ.
_ ჩვენ არავის არ ვაშინებთ. ვიცავთ კანონს. ამასთან, თქვენმა თანამშრომელმა თვითონ მოითხოვა, პატრული გამოიძახეთო.
_ კანონს იცავენ სამართალდამცველები, გენაცვალე და თქვენ ხართ რიგითი მოქალაქე, ნუ გეშლებათ ეს. თქვენ ხართ ისეთივე რიგითი მოქალაქეები, როგორიც ჩვენ. კანონს იცავენ სამართალდამცავი ორგანოები.
_ ჩვენ არ უნდა დავიცვათ კანონი ბატონო გიორგი? ძალიან სამწუხაროა, რომ სასტუმრო "თბილისი მერიოტის" უსაფრთხოების სამსახურში თანამდებობაზე მუშაობს მოქალაქე, რომელმაც არც კი იცის, რომ ვალდებულია დაიცვას კანონი. კანონი გიცავთ თქვენ, თქვენ კი კანონს.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, გითხარით პოლიცია იცავს კანონს-მეთქი, თქვენ ვინ ხართ, ვოლუნტიორები? ეგეც თქვით. მეტად ამაღელვებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რადგან გამოდის, რომ აქ, მეც თუ გავაჩერებ ავტომობილს, თუნდაც ხუთი წუთით, უნდა მომთხოვონ, რომ მანქანა გავიყვანო?
პოლიციამ სთხოვა, იქნებ მუშაობა გვაცალოთო. ამასობაში მთელი ამ დავიდარაბის მთავარი გმირი მიხეილ ნადიბაიძეც გამოჩნდა, რომელმაც პოლიციასთან აღიარა, რომ ტროტუარზე ეყენა "ჰონდა ფიტი."
_ რატომ? ჰკითხა პოლიციამ.
_ სამსახურიდან რაღაც მქონდა გამოსატანი. უპასუხა ნადიბაიძემ, თუმცა სათვალთვალო კამერაშიც კარგად გამოჩნდება, რომ არაფერი გამოუტანია. გიორგი მჭედლიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ სთხოვა, მუშაობა გვაცალეო, გულმა არ გაუძლო და მორიგი კომენტარით შეგვეხმიანა: _ " სასაცილოა, "ფიტი" ისე დაგრძელებულა "ბეემვესავით", რომ ტროტუარი გადაუკეტია. "ფიტის" გააბრიტები ვიცი, თქვენი პრეტენზია კი თითქოს გასასვლელი არ იყო, უბრალოდ პრინციპულობაა." ისევ ვიდეოკამერებისკენ მივუთითე ბატონ მჭედლიშვილს, რომ ენახა იყო თუ არა გადაკეტილი ქუჩა. ისევ შევახსენე, რომ გადაკეტილიც რომ არ ყოფილიყო, ტროტუარი ქვეითად მოსიარულეებს ეკუთვნით. პოლიციაც იძულებული გახდა, რომ უკვე მისთვისაც განემარტა, ტროტუარი ქვეითად მავალთ რომ ეკუთვნით და იქ ავტომობილმა რომ არ უნდა იაროს, მით უფრო არ უნდა იდგეს (ეს "სიტი პარკმაც" არ იცის ალბათ, თორემ ზედ ტროტუარზე ხომ არ მონიშნავდნენ საპარკინგო ზონებს, სადაც შესასვლელად ან გამოსასვლელად ისევ ქვეითად მოსიარულეები უნდა შეწუხდნენ). "ეს არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ექვემდებარება ჯარიმას. თუ ქვეითს არ მიეცა გავლის საშუალება, სრული უფლება აქვს და ვალდებულიც არის, რომ სამართალდარღვევის შესახებ აცნობოს სამართალდამცველებს. აქედან გამომდინარე ამ მოქალაქეს დაეწერება ჯარიმა ათი ლარის ოდენობით. რადგან არასწორად ეყენა ავტომობილი. არ აქვს მნიშვნელობა რატომ გააჩერა მან აქ ავტომობილი." განაცხადა პოლიციელმა ბონდო შარაშენიძემ. თუმცა, გიორგი მჭედლიშვილის შეუვალი ბუნება ამანაც ვერ შეცვალა და პოლიციელს ხელით მიუთითა, სასტუმროს კართან დაკიდებული აბრისკენ:
_ უყურეთ რა წერია აქ "მერიოტის სერვის შესასვლელი." ამ ხალხს (ანუ ჩვენ, მომჩივანთ) კიდევ ვუხსნი, რომ ამაზე მეტი სადარდებელი არ მოგეცეთ ცხოვრებაში. გატყობთ, რომ მეტი საქმე არ გაქვთ. კარგად ბრძანდებოდეთო. "
თუმცა, გულმა მაინც ვერ გაუძლო და სანამ პოლიცია ოქმს აფორმებდა, ჩემი რაიმე ტიპის სამართალდარღვევაში გამოჭერის მიზნით, კვლავ მოიჭრა და ნიშნის მოგებით ჩამეძია, ძაღლით რომ დანავარდობ ქუჩებში და სხვებს აწიოკებ, მაგ ცხოველის ფეკალიებს სად ტოვებო? ავუფრიალე ჯიბიდან ცელოფნების წყება და ნირი წაუხდა. რა ვქნა ბატონო გიორგი, გული უნდა დაგწყვიტოთ, თქვენ და თქვენი თანამშრომელი გადაეყარეთ მოქალაქეს, რომელსაც წესრიგის სიყვარულის გამო ძალიან ბევრი დავიდარაბა აქვს უწესრიგობის მოყვარულებთან.საბედნიეროდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, შედეგს ყოველთვის ვაღწევ და სტიმულს ვაძლევ ჩემს სკეპტიკოს მეგობრებს, რომლებიც სანამ შედეგს მივაღწევ, დარწმუნებული არიან, კანონი კანონია, მაგრამ არაფერი გამოგივაო. ყველაფერი კარგად იქნება და სამართალი იზეიმებს, თუ მოქალაქეებს მეტი ეცოდინებათ საკუთარი უფლებების შესახებ, მეტად უნდა მოითხოვონ ამ უფლებების დაცვას. ასე ჩვენ დავალაგებთ ქვეყანას. სხვანაირად ევროპული კი არა, უბრალოდ სახელმწიფო ვერ გვექნება.
რაც შეეხება მომხდარს, სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ "თბილისი მერიოტს" სერიოზული ანტირეკლამა ემუქრება ისეთი მომსახურე პერსონალისგან, როგორებიც არიან გიორგი მჭედლიშვილი და მიხეილ ნადიბაიძე, ასევე, რამდენიმე მათი კოლეგა ან უბრალოდ "ძმაკაცი", რომლებიც მხარს უჭერდნენ წესრიგის დამრღვევს (მათი ვინაობით არ დავინტერესებულვარ). ამ ხალხმა არ იციან კანონები, არ სცემენ პატივს სხვის უფლებებს, არ უყვართ ადამიანები, ან არასწორად გაიარეს ტრენინგ კურსი, სადაც უნდა ესწავლებოდეთ სტუმრის და ზოგადად მოქალაქეების მიმართ პატივისცემა. სავარაუდოდ მათთვის არავის უსწავლებია, რომ სულაც არ არის კარგი საქციელი შენი დანაშაულის გადაფარვა გამაღიზიანებელი, ირონიული ან ცინიკური საქციელით სცადო, რამაც უფრო მეტი კანონდარღვევის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს.
პ.ს. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს რომ ეზრუნა და უბრალოდ დაევალდებულებინა ყველა ორგანიზაცია და დაწესებულება, ან სულაც "სიტი პარკი", რომ ტროტუარებზე ავტომობილების დაყენების ამკრძალავი ნიშნები დადგან, სულაც არ იქნებოდა ისეთი ქაოსი, როგორიც დღეს არის და კანონთან მწყრალად მყოფი მოქალაქეებიც ვიზუალური მანიშნებლებით დაიმახსოვრებდნენ სად უნდა შეალაჯონ და სად არა. ამასთან, უპრიანი იქნებოდა, გაზრდილიყო ჯარიმის ოდენობა, 10 ლარი სასაცილო თანხაა მათთვის, ვინც შესაძლოა ათასში ერთხელ გადაეყაროს ჩემნაირ შარიანს და ამის გამო პოლიციამ ჯარიმა გამოუწეროს. თუნდაც ამ თანხის გახუთმაგებით და კანონის მკაცრი დაცვით, უახლოეს ერთ კვირაში თბილისის ქუჩების ტროტუარები სრულად გათავისუფლდებოდა თვითნებურად მოპარკინგეებისგან. ქვეითად მოსიარულეებს კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ჩვენი სასიცოცხლო პირობების დაცვა და ვინც ამაში ხელს გვიშლის, კანონის სრული დაცვით ვაიძულოთ დაემორჩილოს წესრიგს.
tomasi
24 მარტი 2015 13:31
ეს საქართველოსჰი უკვე მოდათ იქცა მანქანა ტროტუარზე ხალხი კი ქუცჰასჰი,მანამ სანამ ქუჩაში გადასვლის დროს იმის გამო რომ ტროტუარზე არ არის გასავლელი ჯობს მტავრობა გამოფხიზლდეს ვიდრე არ მომხდარა უბედური შემთხვევა, აი მაშინ ატკდება თუ ატკდება მაშინ კი ქალაქის მთავრობა ვერაფრით თავს ვერ გაიმართლებს დაიცკება დამნაშავის ძებნა
დამნაშავეები კი თქვენ იქნებით თუ ამის შესახებ კანონი გამოუშვიტ დაიცავიტ კიდევ
xoxoxoxo
23 იანვარი 2015 14:29
ქალბატონო ჰელლენ,"ქართულ-ხალხურური" ხარ? სად მოასწარი ქალო ქართულის "სწავლა"?ან რატომ კარგავ მაგ ორკვირიან საგზურს რაღაცის კითხვაში? არააა,დიდი მატყუარა და მეტიჩარა ვიღაცა ხარ.არავითარი "ფრანციცულობა" შენ არ გეტყობა.
Hellen
23 იანვარი 2015 13:55
ჩემი ბოლო ვიზიტის დროს საქართველოში , ბევრ მსგავს სიტუაციას წავაწყდი სხვადასხვა ადგილას, კარგი იქნება აღმოიფხვრას მსგავსი პრობლემები, რამოდენიმე კომენტარი წავიკითხე : სამსახურიდან გავუშVებდი და ა.შ. ალბათ ადვილია სათქმელად მეგობრებო?!...ამით არ გვარდება ასეთი რამეები. ახალგაზრდის სიფიცხე ასაკის Aმბავია, იმედია მსგავსს საქციელს აღარ გაიმეორებს... სხვა რაღაცეებსაც ასე ახლოს თუ მიიტანთ გულთან,არ იქნება ურიგო ქალბატონო ეკა. პ.ს. ხშირად მიწევს ამ სასტუმროს მომსახურებით სარგებლობა და თამამად შემიძლია განვაცხადო რომ , დაცვის სამსახურიდან დაწყებული , დასუფთავების პერსონალით დამთავრებული ყველა ძალიან ზრდილობიანი და კვალიფიციური კადრია... მადლობა

რედაქტორის რჩევით