შპრიცებიანი ტყე - კვირის პალიტრა

შპრიცებიანი ტყე

ეს ფოტო თბილისში, კუს ტბისკენ მიმავალ გზაზე, ტყის პირას არის გადაღებული. ერთი კვირის წინ შევნიშნე ტყის საოცარი "ნობათი", რომელიც კვირტების გამოღებამდე "მოესხა" ტოტს. მიმდებარე ტერიტორიის თავისებურებები იმაზე მეტყველებს, რომ ტყე, რომელიც "ისხამს" შპრიცებს, ხშირად მასპინძლობს ნარკოტიკების მოყვარულთ, ან მასზე დამოკიდებულთ. აბა "შლანგიანი" შპრიცი კუს ტბის ტყეში თბილ ქვეყნებიდან დაბრუნებულ ფრინველებს ხომ არ ჩამოუვარდებოდათ. შპრიცი დღესაც ქანაობდა ტოტზე. ბევრი ძებნაც არ სჭირდება. კუს ტბის ასახვევში, როგორც კი ძველი "ციყვების" ადგილზე წამოჭიმული ე.წ. ელიტარული რესტორნის უკანა მხარეს მიმავალ ბილიკს დაადგებით, მარცხენა მხარეს მალევე შეამჩნევთ ხეზე გამოკიდებულ, ნარკომანებისთვის აუცილებელ ატრიბუტს. სავარაუდოდ, ის ღამით გამოიყენეს, ისევე, როგორც დაბლა, ფერდობზე ნეშომპალაში ჩამარხული სხვა შპრიცები... ხუთიოდე მეტრში, კუს ტბისკენ მიმავალი სატრანსპორტო გზა გადის, რომელზეც ხშირად მოძრაობს საპატრულო პოლიცია. ფაქტია, მათ, ვინც შპრიცი გამოიყენწს, პოლიცია ვერ აშინებთ, ან "ლომკა" ისე უტევთ, რომ ყოველგვარი შიში ავიწყდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის ივლისის თვეში 2.7 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღო. საქართველომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაც მიიღო. ეს მნიშვნელოვანი მოვლენები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც კი მოხვდა, რაღა თქმა უნდა, დადებითი კუთხით.

საქართველოს შსს-ს ცნობით კი, ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა რჩება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად და ქვეყნის სამართალდამცავი მთავარი ორგანო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას ამ კუთხით. ალბათ უფრო მეტი ყურადღება გამახვილდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიების მიმართულებითაც, სადაც ფოთოლი რომ გამოვა, ნარკოტიკების მომხმარებელთათვის უკეთესი სამალავი პირობები გაჩნდება და მეც, დილით, ძაღლთან ერთად ტყის ბილიკზე მორბენალი ახალ-ახალ შპრიცებს შევამჩნევ, რაც ცხადია, სულაც არ მეხალისება. ისე, მხოლოდ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მინახავს დაუდევრად გადაყრილი შპრიცები.