პოლიციელი გმირია!
10-04-2015
პოლიციელი გმირია!
2012 წლის 6 მაისს, პოლიციის დღეს, სათაურით "პოლიციის დღეს გილოცავთ, ანუ ვანო გაწიე ხელი," ბლოგი დავწერე. მაშინ ჯერ კიდევ მერაბიშვილი იყო შსს მინისტრი. ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო მომავალი არჩევნების ბედი. "ნაციონალებსა" და დანარჩენს საქართველოს შორის ფაქტობრივად უსისხლო ომი მიმდინარეობდა. თუმცა, დასაღვრელი უკვე დაღვრილი ჰქონდა იმდროინდელ ხელისუფლებას და ხშირ შემთხვევაში პოლიციის ხელით. მიუხედავად ამისა, ვწერდი: დღეს პოლიციის დღეა. მერე რა, რომ ამ დღის აღნიშვნა "ვარდების ხელისუფლებამ" შემოიღო, მერე რა, რომ გიორგობის
წმინდა დღესასწაულს დაამთხვიეს, მერე რა, რომ პოლიციელთა რიგებში უზნეოებიც მუშაობენ, მერე რა, რომ ამ სამსახურს ხშირად იყენებს ხელისუფლება ბინძური საქმეებისთვის, მერე რა, რომ არ მოგვწონს როდესაც გვაჯარიმებენ,ზოგჯერ უსამართლოდაც, მერე რა, რომ პოლიციაში "სოდ"-იც
და "კუდ"-იც არის და მერე რა, რომ მერე რა..?
პოლიციაში ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ძმები მუშაობენ, ხედავ, თუ ვერ ხედავ, იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას. იცით როგორ პირობებში უწევთ მუშაობა, იცით რას იტანენ? დაფიქრებულხართ რისთვის, რატომ ან როგორ შეუძლიათ თავგანწირვა, დაფიქრებულხართ, რომ თითოეული მათგანი პოლიციელის ფორმის გარეშე ადამიანია, თავისი ცხოვრებისეული საფიქრალით და ტკივილებით? დაფიქრებულხართ, რომ ღვთის წინაშე (თუ რელიგიურები ვართ) ყველა ერთი ვართ, მიუხედავად იმისა, სად ვდგავართ, რა ფორმა გვაცვია და როგორ ვმუშაობთ? დაფიქრებულხართ რამხელა სიყვარული სჭირდება ადამიანს, რომელიც გამუდმებით სიკვდილს უყურებს თვალებში (სამსახურებრივ ხიფათს ისიც ემატება, რომ მათ უღმერთო ხელისუფლებასთან უწევთ მსახურება და როდის წამოეწევათ ზემდგომთა გესლი და შხამი არ იციან)?
დაფიქრებულხართ? იქნებ შემთხვევითი არ არის,რომ პოლიციის დღის აღნიშვნა მაინც და მაინც წმინდა გიორგის დღესასწაულზე მოუნდა ხელისუფლებას. პოლიცია სიმართლისთვის და სამართლისთვის მებრძოლი ჯარი უნდა იყოს, ყველაზე მეტად ვის, თუ არა პოლიციელს, სჭირდება უწინამძღვროს ბოროტების შემმუსვრელმა წმინდა გიორგიმ.
ყველას, ვინც ამ უმძიმეს სამსახურშია, ყველას, ვისაც ამ ფათერაკიან სამსახურში ჰყავს ახლობლები და ყველას, ვისაც გული მოყვასისადმი სიყვარულით აქვს სავსე, გილოცავთ პოლიციის დღეს.
წმინდა გიორგიმ გიწინამძღვროთ პოლიციელებო და თქვენი გზაც მართალი იქნება! წმინდა გიორგის მიმდევარს ხელი არ მოუტრიალდება უდანაშაულო კაცის, მოყვასის დასარბევად, წმინდა გიორგის მიმდევარი არ მოკლავს უდანაშაულოს და საერთოდაც არ მოკლავს არავის, არ წამართმევს დიქტოფონს, კამერას ან "დუბინკას" არ ჩამცხებს და საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით გაზს არ შემასხამს თვალებში.
ვანო, დიახ, მინისტრო ვანო გილოცავ პოლიციის დღეს, წმინდა გიორგიმ გაგიყვანოს სიმართლის გზაზე, რომ ხელი აღარ მოგიბრუნდეს ავის საკეთებლად და არ თქვან შენზე, ბევრი გაამწარა! ამაღლდი გველეშაპის პოზიციიდან სიწმინდემდე, აწიე თავი და ხელი გაიწვდინე სინათლისკენ მე ნუკი მომიღერებ. _ ამას ვწერდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გვარბევდნენ, თავ-პირს გვილეწავდნენ, უდანაშაულოებს გვდევნიდნენ.
ჩემთვის პოლიციელი სულ გმირი იყო (რაც იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გმირია სრულიად პოლიციელთა შორის. ქრისტეს 12 მოწაფეში იუდა გამოერია და ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, გჯეროდეს, რომ ყველა პოლიციელიც გმირია. თუმცა, შეძახილი ხეს ახმობს და ადამიანის გაკარგებაც, ყველაზე ზნედაცემულის ამაღლებაც უნდა შეეძლოს, თუ კარგის შეძახილი არ დაგვეზარება), ისევე, როგორც ჯარისკაცი, რომელმაც იცის, რომ როდესაც სამხედრო ფორმით იმოსება, ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე დგება, რომელიც ყოველ წამს შესაძლოა გაწყდეს. ასეა პოლიციელიც. კაცი რომ იმ აზრს შურიგდება, ნებისმიერ დროს მოკვდეს სხვისი უსაფრთხოებისთვის, პოტენციური გმირია (ვიმეორებ, სხვა საქმეა, მერე როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას რომ იღებს, გმირია).
წარმოიდგინეთ,პოლიციელმა პირადი უსაფრთხოების მიზნით, რომ ხელი ჩაიქნიოს სავარაუდო დამნაშავის, ან უკვე შემდგარი დამნაშავის შეჩერებაზე, მით უფრო ჩხრეკაზე, ქვეყანას დანაშაული აავსებს და სისხლში ვიცურავებთ. ის, რასაც ჩვენ უსაფრთხო ცხოვრებას ვეძახით, პოლიციელების 24 საათიანი მუშაობის შედეგია. სხვა საქმეა როგორი მუშაობის და როგორი შედეგი. ფაქტია, მათი უმოქმედობის პირობებში ქვეყანა არ იარსებებს. ამიტომაც მათ არამხოლოდ უნდა მოვთხოვოთ იყვნენ სამაგალითონი, არ უნდა დაგვავიწყდეს იმის აღიარებაც, რომ პოლიციელი ზოგი შემდგარი, ზოგიც არ შემდგარი, მაგრამ გმირია. ისიც გვახსოვდეს, რომ ისინი ვერაფერს გახდებიან, ჩვენი მხარდაჭერის გარეშე. თუ გვინდა ჩვენს მაჯისცემას გრძნობდნენ, ხელიც უნდა გავუწვდინოთ.
...
12 აპრილი 2015 16:05
უაზრო სტატიაა. კარგად რომ იცნობდე პოლიციურ სისტემას, ამდენ ზღაპარს არ დაწერდი. თითქოს ტავსაც კი არწმუნებ, რომ ეს სიმართლეა, რაც დაწერე. არადა, თავადაც არ გჯერა.
kaxi
10 აპრილი 2015 21:11
9 აპრილს ქართულმა მილიციამ ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. ისინი ხალხს გადაეფარნენ და რუსს კანიბალებს არ მისცეს საშუალება ხალხი დაეხოცათ, თუმცა ბევრი მილიციელი თვითონ დაზარალდა მოიწამლა ან ნიჩაბი მოხვდა რუსების. აი ეს ქართული მილიცია ნამდვილათ არის გმირები. მე ამ ყველაფრის მომსწრე და უშუალო მონაწილე ვარ. ამ მილიციელებისაგან ბევრი აღარ მუშაობს შშს-ში იქნებ აგეღოთ ამ ხალხისაგან ინტერვიუები, ისინი იმსახურებენ საზოგადოების მეტ ყურადღებას და პატივისცემას.
gia
10 აპრილი 2015 16:33
""ნაციონალებსა" და დანარჩენს საქართველოს შორის ფაქტობრივად უსისხლო ომი მიმდინარეობდა"". მომიტევეთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ამის დამწერი ადამიანი გულწრფელია, როცა პოლიციელებს აქებს! გამოდის, რომ მთელი დანარჩენი საქართველო იმათ ებრძოდა, ვინც პოლიცია მართლაც ცივილიზებულად აქცია? ვინ დაამსგავსა საბჭოთა მილიცია და "ძ..ბა" ნამდვილ, ევროპულ პოლიციას? ვინ, გეკითხები? თუ დაგავიწყდათ შევიკას დროინდელი პოლიციელებად წოდებული ღიპიანი სუბიექტები? ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. პირადად ვარ გაჩერებული და გაწვალებული რამდენჯერმე შევიკას დროს პოლიციელების მიერ სრულიად უმიზეზოდ. პოლიცია კი არა სუფთა კრიმინალები იყვნენ, თვალებზე და ლაპარაკის სტილზე ეტყობოდათ. და არასოდეს გავუჩერებივარ "სისხლიანი 9 წლის" განმავლობაში! მე არ ვამბობ, რომ მიშას დროს პოლიცია ყოველთვის თავის სიმაღლეზე იდგა. თუმცა შეიძლება შევიკას დროსთან შედარება? ან თუნდაც ეხლანდელთან, როცა ღიპიანი ბიძები ისევ ბლომად გამოჩნდნენ პოლიციის რიგებში? როცა ა-ს ამბობ ძვირფასო, იქ ბ-ც თქვი, თუ თავს პროფესიონალად და ობიექტურად თვლი!

რედაქტორის რჩევით