გოდება უბედურების ზონიდან
14-06-2015
გოდება უბედურების ზონიდან
დილით საშინელი სანახაობა დამხვდა. მზის სხივებზე ისეთი ამაზრზენი ჩანს ბუნების წუხანდელი ნამოქმედარი, რომ უბედურების ზონის გარდა, ვერაფერი მოვუძებნე სახელად ქუჩას, ხევს, რომელსაც დილდილობით ჩიტების საოცარი ხმები და თავშესაფარის ძაღლების ყეფა აღვიძებდა.

მერიის მაღლივი შენობიდან, კანცელარიიდან, ან ნებისმიერი სამინისტროს ყველაზე მაღალი სართულიდანაც არ გამოჩნდება ის, რასაც ახლა ჩემი აივნიდან ვხედავ. სვანიძის ქუჩა, ვაკე-საბურთალოს საზღვარზე, ვერეს ხეობაში, ფაქტობრივად განადგურებულია.
იავარქმნილია საცხოვრებლები
წუხელ წყალი სახლების სახურავებს ფარავდა. სანამ წვიმდა, თქეში შეშლილი მდინარის ხმას
ახშობდა. წვიმა შეწყდა თუ არა, გაცოფებული ღელეს დამანგრეველმა ღრიალმა გააყრუა გარემო. სანამ კალაპოტს ზემოდან მოტანილი ნაშალით ჩახერგავდა, ვიმედოვნებდი, რომ წყალი მხოლოდ ეზოებს ან პირველ სართულებს დატბორავდა.

კალაპოტი ჩაიხერგა თუ არა, მდინარე ავისმომასწავებლად გაჩუმდა. ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშა. სიბნელეში თვალის მიჩვევის შემდეგ ძლივს ვარჩევდი როგორ სწრაფად გუბდებოდა
წყალი ეზოებში, მერე სახლებში, გაივსო ქუჩა. შიგადაშიგ ისმოდა ხმები, მტვრევის, მინების, კარების... წყალი ელვის სისწრაფით იწევდა მაღლა. ცნობილ, ვაკის სოსისების ქარხანასაც (ეს შენობა ყველაზე მაღალია ამ ხეობაში) დაფარავდა, რომ არა მაშველების თავგამეტებული მუშაობა (ამ წუთებშიც არ ჩერდებიან, წმენდენ ქუჩას და ეზოებს). ფაქტობრივად უმოკლეს დროში შეძლეს გავეშებული მდინარის ჩაკეტილი კალაპოტის გათავისუფლება. შესაძლოა, ვიღაცას ის დრო გაწელილად მოსჩვენებოდა, მაგრამ ღამით ზემოდან და დილით, მზის სინათლეზე ნანახი კიდევ უფრო მიმტკიცებს აზრს, მაშველებმა ნამდვილად თავგამეტებით იმუშავეს. ალბათ ამის შედეგი იყო მსხვერპლი მათი მხრიდანაც. დაღუპულია ერთი მაშველი, ერთიც პოლიციელი, სამოქალაქო პირებიც... მტკივნეული? ამაზრზენია ამის გაფიქრებაც კი, მაგრამ ის, რაც დილით გამოჩნდა, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სტატისტიკა ალბათ მით უფრო გაიზრდება, რაც უფრო ინათებს და გამომზეურდება წუხანდელი ჯოჯოხეთის კვალი.


წყალმა რომ დაიწია, სიბნელეში ისევ გამოჩნდა შენობების კონტურები, მდინარისგან სახურავებზე შეგდებული ავტომობილები. ჩვენი კორპუსის ეზოში ამოსული ხალხი, რომელიც ფაქტობრივად იმ სველი, ტალახიანი სამოსის ამარა დარჩა, რაც სახლიდან გამოქცევის დროს ეცვათ.
არასოდეს დამავიწყდება მათი შემცბარი, შეციებული, შეშინებული სახეები. რახან გადარჩნენ, ერთ წამში წყალწაღებულ ქონებაზე რომ ვერაფერს ამბობდნენ, ერთმანეთს რომ ითვლიდნენ, დაკარგულებს ეძებდნენ.
არასოდეს დამავიწყდება ბიჭები, გაცოფებულ მდინარეს რომ არ უშინდებოდნენ თამაზ ელიზბარაშვილის უკვე განადგურებული თავშესაფრიდან გადარჩენილი ძაღლების ზემოთ ამოსაყვანად. ლანდებივით უსწრაფესად მოძრაობდნენ აღმართებზე, რომ რაც შეიძლება მეტის გადარჩენა მოესწროთ.

იცით რა უსუსურია ცხოველი განსაცდელის, მით უფრო სტიქიური უბედურების დროს? შეშდება, ფაქტობრივად უუნარო ხდება. სამშვიდობოს გამოყვანილებიც კი ისეთი დარეტიანებული იყვნენ, კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ განძრევას. ბიჭები კი უკან ბრუნდებოდნენ სამსხვერპლოდ განწირულების გადასარჩენად. სანამ შეეძლოთ... ასე, ჩემს თვალწინ იბადებოდნენ გმირები.
დილით საშინელი სანახაობა დამხვდა. მზის სხივებზე ისეთი ამაზრზენი ჩანს ბუნების წუხანდელი ნამოქმედარი, რომ უბედურების ზონის გარდა, ვერაფერი მოვუძებნე სახელად ქუჩას, ხევს, რომელსაც დილდილობით ჩიტების საოცარი ხმები და თავშესაფარის ძაღლების ყეფა აღვიძებდა.
აღარც ჩიტები ჟღურტულებდნენ ამ დილით. აღარც ძაღლები ყეფდნენ, მათი უმრავლესობა დაიხოცა. დაიღუპნენ დათვებიც, რომლებიც განგებამ ჯერ იმით დასაჯა, რომ ნაადრევად დაობლდნენ ბრაკონიერების ხელით, მერე მედუქნეების ხელში მოხვედრილები დუქან-რესტორნების სტუმრების თვალის სასეიროდ ვიწრო გალიებში გამოკეტეს. სამადლოდ შეიფარა ძაღლების თავშესაფრის პატრონმა და ვაი... აღარც თავშესაფარია, აღარც ძაღლები და დათვების უბედობა ტრაგიკულად დასრულდა.
თითქოს გასული ღამე ცხოველებისთვის იყო განსაკუთრებით საბედისწერო. ვერეს განგრეული კაპალოტი მთელი ზოოპარკის ტერიტორიაზე გაფართოვდა. დაიხოცნენ ცხოველები, მხეცები, ზოგი გაიქცა. არავინ იცის მათი ადგილსამყოფელი. ვიდრე მოძებნიან და უკან დააბრუნებენ, ან გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში დახოცავენ... მე კი ახლა შვილივით დავტირი თეთრი ლომის ბოკვერს, შუმბას, რომელმაც თავისი ერთგული ძაღლი, პუდელი კარაკულა არ დატოვა და მასთან ერთად დაიხრჩო. ჩვენი ბავშვებისთვის ამაღლებული და უბადლო მეგობრობის სიმბოლო იყვნენ ბოკვერი და ლეკვი. ახლა არც ერთია და არც მეორე. მე კი, რომ გაიღვიძებს ჩემს პატარა ვახოს ვერ ვეტყვი, რომ დღეს ზოოპარკში ვეღარ წავალთ და ვეღარ ვნახავთ მის საყვარელ გმირებს, დიახ, გმირებს, ასე უწოდებს ვახო ცხოველებს, რომლებიც მისი აზრით, ზოოპარკის გალიებში ცხოვრებას იმიტომ უძლებენ, რომ თურმე ჩვენს სიამოვნებას ცდილობდნენ... ვახოს და კიდევ რამდენ პატარას დაენგრა ლამაზი ზღაპარი?!
აღარ არის ზოოპარკი, რომელსაც რუდუნებით აშენებდა ზურაბ გურიელიძე თავის დაუცხრომელ გუნდთან ერთად. ამბობენ, ზოოპარკში ადამიანის მსხვერპლიაო... რატომ? რა დააშავა ხალხმა, რომელსაც თავისი საქმის კეთილად კეთების მეტი ინტერესი არ ჰქონია? რა დააშავეს ცხოველებმა? რატომ არ აღირსეს მათ ზოოპარკის უსაფრთხო ადგილზე გადატანა? როგორ ელოდებოდა ზურა, აი, ახლა მოიღებენ მოწყალებას და მოგვცემენ ფულს ცხოველებისთვის ახალ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი გარემოს შესაქმენლადო... როგორი ნალოლიავები, როგორი ნაშრომი, რამდენი ფული ჩაიყარა წყალში, წარმოგიდგენიათ, თქვენ, ვინც ხელისუფლებაში იყავით და ვინც ახლა ხართ? იმის ნაცვლად, რომ წინამორბედთა დაშვებული შეცდომები გამოგეძიათ დროულად, საკუთარი სტომაქის კეთილდღეობით დაკავდით, ფეხი არ გქონდათ შედგმული სამსახურებში ხელფასი გეცოტავთ. ახლაც, ბოლო დღეებიც ამაზე ღნავიხართ. ვის რაში სჭირდება ასეთი ხალხი ხელისუფლებაში? რას აკეთებთ, რა შეგიძლიათ? ერთი პატარა, შერეკილი მდინარის ვერაფერი გაგიგიათ.
თბილისის მერმა, ურემი რომ გადაბრუნდა, ახლა გავითვალისწინებთ ვერეს შერყეულ ბუნებასო. ინფრასტრუქტურის მინისტრი რომ იყავი და მერე ქალაქის მერობა რომ დააპირე, ბატონო დავით, პირველ რიგში ქალაქში არსებული რისკზონებით უნდა დაინტერესებულიყავი. ვაი შენ, თუ იმიტომ არ დაინტერესდი, რომ ვერ მიხვდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა მერისთვის ასეთი ინფორმაციის დროულად მოპოვებას. მით უფრო ვაი შენ, თუ უბრალოდ არ გაინტერესებდა ვერე გაგიჟდებოდა თუ არა. არადა, რომ გაგიჟდებოდა, ამაზე დიდი ხანია ყვიროდა ის ხალხი, ვინც თავის დროზე სამსახურებიდან დაითხოვეს (მეტიც, გაუუქმეს სამსახურები), რათა ხელი არ შეეშალათ მათთვის, ვისაც საქმის წესისა და რიგის მიხედვით წარმოება არ სურდათ. ყველა საქმე, მით უფრო მშენებლობები წინასწარ დაგეგმილი საზეიმო თარიღებისთვის უნდა დაესრულებინათ. ამ ხუშტურიდან გამომდინარე რეგლამენტირებულ დროში კი წესის და რიგის დაცვით მიმდინარე მშენებლობის ვადები ვერ ჩაეტეოდა. მეტიც, მშენებლობების ხუშტურიანი დამკვეთები პროექტებსაც კი გზადაგზა აკეთებინებდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ როგორ გადაირეოდა მდინარე ვერე. დიახ, ვერეს აგდებულად უყურებდნენ მაშინ, როდესაც ხეობაში ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა გაჰყავდათ და ერთი შეხედვით პატარა ღელეს ხელოვნურ, ვიწრო კალაპოტებში ტენიდნენ...
ქალაქის თავნო (პირობითად თავნო, თორემ უთავობის შთაბეჭდილებას ტოვებთ) პანორამა თბილისზე, მირზა შაფის უსახურ პროექტზე, ვარდისფერი დათვის შესახებ ტენდერის გამოცხადებაზე და ათას სისულელეზე ფიქრის და გარჯის ნაცვლად რეალურ პრობლემებზე რომ გეფიქრათ, დღეს თბილისი ჯოჯოხეთურ სასაკლაოს არ დაემსგავსებოდა.
ვერაფერი ანუგეშებს ვერც დაღუპული პოლიციელის ოჯახს, ვერც წყალწაღებული მაშველის ჭირისუფლებს, ვერც იმ ხალხს, ვინც ოჯახის წევრები იმიტომ დაკარგა, რომ ქალაქს კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა არ უვარგა. ვერც იმ ხალხის ტკივილის მოშუშებას შეძლებთ, უსახლ-კაროდ რომ დარჩა და ბინებით დაკმაყოფილებას რომ დაპირდით. ვერაფერი კურნავს შიშით გამოწვეულ ტკივილს ბოლომდე.
ტყუილად არ დავიწყე ამ გოდების წერილის წერა ისე, როგორც დავიწყე. წუხანდელი ღამე და დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მერიის მაღივი შენობიდან, კანცელარიიდან და სამინისტროების ყველაზე მაღალი სართულიდანაც კი არ ჩანს ქვეყნის, ქალაქის, ქუჩის, მოქალაქეების რეალური სატკივარი. იქიდან მხოლოდ ჩინოსანთა კეთილდღეობა ჩანს, რომელიც მუდმივად ეცოტავებათ საკუთარ სტომაქებზე მოფიქრალთ.
ვინც სტომაქამდე საქმეზე ფიქრობს, წუხელისაც გამოჩნდა. საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ქალაქის და მოსახლეობის სტაბილიზაციის სამსხვერპლოზე და ზოგიერთი მართლაც მსხვერპლად იქცა.
ახლა ცაზე შვეულმფრენი დაფრინავს ისტერიულად, ერთ-ერთ გადარჩენილ ლომს ეძებენ, ვაკის მიმართულებით გადაადგილდაო... როგორ არ მინდა მისი ლიკვიდაცია გახდეს გარდაუვალი, დროებით დაძინება ვერ შეძლონ და კიდევ უფრო დაატარავდეს ზღაპარი, რომელსაც ზოოპარკი ჯერ კიდევ ჰქვია.

ჩემო მეგობარო ზურავ (გურიელიძე), გახსოვს? ჩემმა პატარა ვახომ გითხრა, ძნელი საქმე გქონია, ამდენი ცხოველის დირექტორობა იოლი არ უნდა იყოსო... რომ არა, მავანთა უსულგულობა, გულგრილობა და ალბათ უტვინობაც, შენ ღირსეულად უძღვებოდი შენს საქმეს და მჯერა, რომ ზღაპარს ისევ გაუცოცხლებ პატარებს.

იხილეთ ფოტოგალერეა
ndz
15 ივნისი 2015 16:11
რა მაინტერესებსიცით,- ამ კომპის ლომებს მინდა ვკითხო,
თქვენ რო ყველაფერი იცით და გატენილი რო გაქვთ თავები ჭკუით, ამიტომ თქვენ მითხარით- გზა რო არ ყოფილიყო და ვერეს ხეობა ისევ უკალაპოტოდ ყოფილიყო, არაფერი მოხდებოდა ნეტა?
ისე, რაც თავი მახსოვს, მდინარე ვერე ზოოპარკიდან სულ გადახურული სივრცით ჩადიოდა მტკვარში!
ნათია
15 ივნისი 2015 14:54
ეს ყელაფერი მაპატიეთ და ლირიკაა...ცხოველები ყველას გვეცოდება,მაგრამ იმ დაღუპულ და დაკარგულ ხალხზე რას იტყვით?ანდა კიდევ ნარმანიას რომ მიადექით,სულაც არ მომწონს არც მე,მაგრამ ეს ყველაფერი რომ სააკაშვილის და უგულავას ბრალია,ამას რატომ არ ამბობთ?
gvanca
15 ივნისი 2015 10:50
რა უბედურებაა, მხოლოდ ერთთმანეთის ლანძღვა. დღეს მაინც შეიკავეთ თავი. ისიც გაიხსენეთ, რომ სპეციალისტები განგაშს სტეხენ ასევე ქალაქში არსებული ხიდების გამოც. 50 წელზე მეტია, თურმე არ მომხდარა მათი შემოწმება და უფალმა დაგვიფაროს, ესენიც თუ ჩაინგრა.

რედაქტორის რჩევით