ხმამაღალი ფიქრები "მზიურიდან" და ზოოპარკიდან (13 ივნისის ღამიდან 15 ივნისის საღამომდე)
16-06-2015
ხმამაღალი ფიქრები "მზიურიდან" და ზოოპარკიდან (13 ივნისის ღამიდან 15 ივნისის საღამომდე)
13 ივნისის ღამით დაწყებული სტიქიური უბედურების განვითარებას უშუალოდ ვადევნებდი თვალს. საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, ეპიცენტრში მომიწია ყოფნა. თანაც, ვიდრე სახლში მოვიდოდი, საშინელ წვიმაში მოვყევი.

წვიმა რომ დაიწყო, სუპერმარკეტ "სმარტში" გახლდით პატარა ბავშვთან, ძისშვილთან და მეგობართან ერთად. თქეშის გამო გარეთ გამოსვლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც გადაღებას მარკეტის კაფეში ველოდებოდით. დაახლოებით 15 წუთში მოვიდა დაცვის თანამშრომელი და გვთხოვა, რომ მარკეტის გასასვლელში გავჩერებულიყავით. გამიკვირ
და, მარკეტი ხომ 24 საათიანია, რატომ გვაიძულებთ გასვლას-მეთქი? წყალი ჩამოვიდა შენობაში და შესაძლოა ხანძარი გაჩნდეს. ამიტომაც თქვენივე უსაფრთხოების მიზნით ასე სჯობსო. მართლაც, დარბაზის ცენტრში ნიაღვარი მოდიოდა ჭერიდან. ვეჭვობ, წყალი სავენტილიაციო სისტემაში ჩავიდა და იქიდან მოექანებოდა შენობაში. რუსთაველის გამზირის მხარეს გასვლას აზრი არ ჰქონდა, წვიმა საშინლად ასხამდა კარში, რომელიც წამდაუწუმ იღებოდა თავშესაფარის მაძიებლებისთვის. უკანა მხარეს, დაბლა ჩავედით
ლიფტით, სადაც იმედი გვქონდა, რომ გამოძახებული ტაქსი შენობასთან ახლოს მოვიდოდა და სამშვიდობოს გავიდოდით. თუმცა, ტაქსების კომპანიებში ტელეფონზე გვპასუხობდნენ, "არ გვყავს მანქანა, ბოდიში, ვერ მოგემსახურებით..." წვიმამ ცოტა რომ იკლო, ჩემი მეგობარი ელისო ქუჩაში გაიქცა ტაქსის გასაჩერებლად. როგორც იქნა, ერთმა გააჩერა.
ჯერ აღმაშენებელზე უნდა გავსულიყავით, მერე ვაკეში. აღმაშენებელზე უკვე დიდი წყალი მოდიოდა ქუჩაში, აშკარად ვეღარ უძლებდნენ სანიაღვრეები დატვირთვას. როგორც იქნა ვაკისკენ დავიძარით. გმირთა მოედანზე იმ დროს არაფერი ხდებოდა, მაგრამ პანდუსიდან ვერეს ხეობაში გაჭიმული მანქანების რიგს რომ გავხედე, გულმა რეჩხი მიყო და მძღოლს ვთხოვე, არმაზის ხევით ასულიყო ვაკეში. საბედნიეროდ უსიტყვოდ დამიჯერა, თორემ არ არის გამორიცხული, ახლა ამ წერილის დაწერის თავი მქონოდა კი არა, მეც დაკარგულთა შორის ვყოფილიყავი.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ყველგან ნიაღვრები მოდიოდა, შევძელით შინ მშვიდობით მისვლა. ერთხელ უკვე ვუამბე მკითხველს და დაწვრილებით აღარ გავიმეორებ, რაც ხდებოდა ვერეს ხეობის ერთ ნაწილში, სვანიძის ქუჩაზე, რომელიც ხელისგულზე გაშლილივით მოსჩანს იმ მაღალსართულიანი სახლის აივნიდან, რომელშიც მე ვცხოვრობ. ვიყავი უბედური და უსუსური, რადგან არაფრის გაკეთება, არაფრის შეცვლა არ შემეძლო.

თავიდან, როდესაც მდინარე მოვარდა, წყალი ეზოებში შეუვარდა ხევში მაცხოვრებლებს, მაგრამ მალე ჩაირთო სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც მაშველებმა წყლის ამოხაპვა დაიწყეს. როგორც მოგვიანებით გავიგე, მოულოდნელად მდინარეში წყლის დონემ იკლო. ხმაური შეწყდა და სავარაუდოდ, ამით დაიმედებულ ხალხს გახიზვნაზე აღარ უფიქრია. ავტომობილები ჩვეულებრივად დააყენეს სახლების გასწვრივ, ქუჩაში, ან ავტოფარახებში და შინ შევიდნენ. მერე ელვის სისწრაფით განვითარდა მოვლენები. სიჩუმეში წყლით ივსებოდა ეზოები და სახლები, ქუჩა. თან არამხოლოდ წყლით, კოლექტორი, გვირაბი, რომელშიც ღრიანცელით მიექანებოდა მდინარე, სულ ჩახერგა ზემოდან ჩამოტანილი მიწით, ღორღით და ხის ნაშალით. მარტო ზემოდან ჩამოტანილით კი არა, აქვე, უზარმაზარი ხეებიც თითქოს გადაპარსა.
ნამდვილი ჯოჯოხეთი დადგა სვანიძის ქუჩაზე, წყალმა ორსართულიანი სახლების სახურავები რომ დაფარა და საბურთალოს სასაფლაოს კედელზე ასწია კალაპოტი, მეგონა, იმ ღამით მთელი უბანი, უზარმაზარი კორპუსებიც წყალში მოექცეოდა. იყოჩაღეს მაშველებმა. მათ მოქმედებას ვერ ვხედავდი, მაგრამ მესმოდა ხმები, გადაძახილი და ფარნების შუქის ტრაექტორიაზე ვხვდებოდი, როგორ ებრძოდნენ კოლექტორთან ჩაბუდებულ ურჩხულს.


წყალი კიდევ დიდხანს რომ ვერ გასულიყო გვირაბში, თვალისდახამხამებაში წალეკავდა უბანს და გადაევლებოდა ჯერ თამარაშვილის ქუჩაზე გამავალ ავტომაგისტრალს, შემდეგ კი სიკვდილის ჩანჩქერივით გადაეკიდებოდა მეორე მხარეს. (იხილეთ ფოტოგალერეა)
სხვა წერილში ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, იმ ღამით მე ვნახე გმირები, მაშველები, ვინც სვანიძის ქუჩის ფერდობზე ამოსვლაში ეხმარებოდნენ, დაბლა, ხევში წყალწასაღებად განწირულთ. ვნახე საოცარი ბიჭები, რომლებიც არა მხოლოდ ადამიანების, ელიზბარაშვილის თავშესაფრის ძაღლების გადასარჩენად წარმოუდგენელ რისკზე მიდიოდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ სასაფლაოს მხრიდან ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს, ასევე წარმოუდგენელ პირობებში გადაურჩენიათ 20-მდე ძაღლი. მოგვიანებით, ამ სამსახურის თანამშრომლების კეთილშობილება ზოოპარკშიც გამოჩნდა, რაზეც ცოტა ქვემოთ გეტყვით.

15 ივნისს უბედურების ზონის დათვალიერება დავიწყე. თავდაპირველად ზოოპარკის და "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიები შევარჩიე. ეს ადგილები მართლაც ტერიტორიების სახითღაა შემორჩენილი. "მზიურში" უცნაურად უცვლია კაპალოტი ვერეს. დიდი გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე დელტა გაუკეთებია და ახლა აქაურობა ერთ უზარმაზარ ნაომარ ჭალას ჰგავს, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩაფლული და დამარხულია ავტომობილები. შეუძლებელია სისხლი არ გაგეყინოს მათ დანახვაზე. იმის გამო, რომ აქ, შესაძლოა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყვნენ დამარხული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან, ტექნიკა გასუფთავებაზე, ფაქტობრივად, ვერ მუშაობს, დიდი მანქანები, ტრაქტორები და ექსკავატორები მხოლოდ ნაგვის გატანით და დიდი ხეების გათრევით არიან დაკავებული.

დამიანები კი, ნიჩბებით, ძირითადად ხელით ფრთხილობენ სადმე, მისილული, მილამული ცხედრები არ დააზიანონ.
ერთგან, კარგა ხანს ვადევნებდი თვალს მაშველების მუშაობას. გაჩნდა ეჭვი, რომ თითქმის ბოლომდე მიწაში ჩამარხულ ავტომობილში ცხედარი უნდა ყოფილიყო. დიდხანს ხაპავდნენ წყალს პეშვებით, დიდხანს თხრიდნენ თითებით მიწას, ამაოდ, სამწუხაროდ, კიდევ ვერავინ იპოვეს. ეს იქ, თორემ სხვა ადგილზე გუშინ დაღუპული მაშველის ცხედარიც ნახეს. იპოვნეს კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი, ასევე, ერთგან ერთმანეთის ახლოს ჩამარხული იპოვნეს ქალი და ძაღლი ავტომობილთან ერთად, რაზეც მერე რატომღაც ჭორი გავრცელდა, სასწრაფო დახმარების ავტომობილში, რომელიც მიწაში იყო ჩამარხული ქალი და მგელი ნახესო.



გუშინ უამრავი ასეთი ფანტაზიის ნაყოფი მოვისმინე. ერთი იმასაც მიმტკიცებდა, რომ იმ ავბედით ღამით, ზოოპარკის ტერიტორიაზე, "ეშმაკის ბორბალზე" 30-მდე ადამიანი იყო ასული და შველას ითხოვდნენო. როდესაც ვიკითხე, ვინ ხალხი-მეთქი? ისინი, ვინც იმ დროს ზოოპარკის ტერიტორიაზე იყვნენ დასასვენებლადო. ტრაგიკული ფაქტები იმდენად ბევრია, რომ არ მესმის ვის რაში სჭირდება ზღაპრების შეთხზვა. სტიქია იმდენად გვიან ღამით აბობოქრდა, რომ მაგ დროს ზოოპარკში დასასვენებლად თუ სასეირნოდ არავინ დადის. დაცვა არ აჩერებს, თანაც "ეშმაკის ბორბლამდე" თუ მიაღწია ვინმემ, ის ყველაზე სამშვიდობო ადგილზე მდებარეობს და ძალიან რომ მოენდომებინათ, ზედა მხრიდან, სადაც წყალი საერთოდ ვერ მისწვდა, ფონს იოლად გავიდოდნენ. იმ დროს ზოოპარკის ტერიტორიაზე ყველაზე მძიმე განსაცდელში იყვნენ ცხონებული გულიკო კონცელიძე და მისი მეუღლე მალხაზ ჭიკაძე, ასევე მოხუცი გივი, რომელიც ამ წყვილივით ზოოპარკში ცხოვრობდა, როგორც მიუსაფარი და ვეტერანი თანამშრომელი. სამწუხაროდ, მათ აღარაფერი ეშველათ და სიკვდილს როგორც იტყვიან, ბეწვზე გადაურჩნენ ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მისი მეუღლე ნათია.

"საშინელებათ ფილმში მეგონა ჩემი თავი, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი ფეხდაფეხ მოგვსდევდა, გვიჭირდა დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდებოდა. ჯერ დაკეტილი ვოლიერების თავზე აღმოვჩნდით, მერე რაც შეგვეძლო მაღალზე ვბობღდებოდით, არ მახსოვს როგორ ან რამდენი ხანი ვიყავით იქ, რაღაც რკინის შვერილებზე მოჭიდებული." - მითხრა ზურამ.

"გულიკომ ოთახიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. რომც გამოსულიყო, არ ვიცით რას შეძლებდა ცალხელა ქალი. ხუთშაბათს, საღამოს დაბრუნდა საავადმყოფოდან, ვერ მოისვენა. ჩემს ცხოველებთან მინდაო... ტრაგედიის ღამე რომ გათენდა, როგორღაც შევძელი ფანჯრიდან გამომეტანა მისი ცხედარი. ჩემი თავი ძლიერი მეგონა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა მისი უკვე სამუდამოდ მოწყვეტილი, უღონოდ დავარდნილი, დასახიჩრებული ხელის და წაშლილი სახის ცქერა. იმ ტრაგედიის გააზრება, რაც მის თავს დატრიალდა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, თითქოს ბედისწერა დასდევდა თან... მახო, მისი მეუღლე, საოცრად კეთილშობილი ადამიანი იყო, გამრჯე, დღედაღამ მუხლჩაუხრელად უვლიდა ცხოველებს. სიკვდილსაც ფუსფუსში გართული შეხვდა, ფეხზე სამუშაო ჩექმები ეცვა, ხელზე რეზინის ხელთათმანები ეკეთა. ყველაზე მეტად მისი გამოყვანა გაგვიჭირდა. ისევე, როგორც მისი მეუღლე და ძველი თანამშრომელი, მოხუცი გივი ალბათ ისე დაიღუპნენ, რომ გადარჩენისთვის ბრძოლაც ვერ შეძლეს (გულიკო და მალხაზი საჩხერეში გადაასვენეს ნათესავებმა. ზოოპარკის ადმინისტრაცია კი მათ დაკრძალვას მუხათგვერდის სასაფლაოზე აპირებდა)." - მითხრა გია გიორგაძემ, ზურა გურიელიძის მოადგილემ.

იმ ღამით, გია ქალაქში არ იყო, როდესაც თბილისში ჩამოვიდა, ზოოპარკი უკვე სასაკლაოდ იყო ქცეული, თუ სტიქიისგან და თუ სპეცრაზმელებისგან, რომელებიც აქტიურად მუშაობდნენ ცხოველთა ლიკვიდაციაზე. იმ ღამით, მხოლოდ ვეტერინართან, ვანო მარხვაშვილთან შევძელი დაკავშირება. რამდენიმე თანამშრომელთან, მათ შორის დაცვის ბიჭებთან ერთად იყო გამაგრებული შენობაში. ვანოს იმედი ჰქონდა, რომ მალე შეძლებდნენ ცხოველების დაძინებას. თუმცა, ვინ აცალათ. ზოოპარკის თემას მოგვიანებით დავუბრუნდები,
ამჯერად კი ისევ "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებას განვაგრძობ.

ბავშვთა ქალაქის იმ მხარეს, რომელიც შესასვლელით ე.წ. ახალ გზას ესაზღვრება, ძალიან გარეკლამებული საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ამბობენ, ამ სახლის ბინები უკვე გაყიდულია. მყიდველის დაინტერესება ადგილმდებარეობით გამოუწვევია, რადგან სახლი "მზიურს" ესაზღვრებაო. არ ვიცი რატომ უნდა გინდოდეს ჯერ სახლის (თანაც მრავალსართულიანის) აშენება ჭალაში და მერე ამ სახლში ბინების შეძენა. კორპუსი ჯერ არ დასრულებულა და მის მომავალ ბინადართ, თუ უკვე აშენებული ან ასაშენებელი ბინების მფლობელთ უკვე გამოცდა მოუწყო ვერემ. ამ ადგილზე ერთი შეხედვითაც ჩანს, როგორ მაგარ საფუძველზეც არ უნდა იდგეს სახლი, როგორი მყარი საძირკველიც არ უნდა ჰქონდეს, ყოველთვის იქნება რისკი, მოვარდნილმა წყალმა წაიღოს ავტომობილები, ან დააზიანოს, მეტიც, სახლში შესვლაც არ გაცალოს და გაცოფებულ ტალღებში ჩაგითრიოს.

ეს სახლი დღეს ჰგავს სიმბოლოს SOS, რომელიც არამხოლოდ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კარგად შეარჩიონ სასურველი საცხოვრებელის ადგილდებარეობა, არამედ, ის აფრთხილებს ქალაქის ხელისუფლებას, თვითონ დეველოპერებს და მშენებლებს, რომ არ შეიძლება სახლი, თანაც მაღლივი დადგა ყველგან, სადაც კი მოგესურვება. არ შეიძლება ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვას ითხოვდე, მეტიც, გასცემდე ასეთ ნებართვას. უცნაურია, საერთოდ რომელი გეოლოგიური და ექსპერტული დასკვნების საფუძველზე უნდა მომზადებულიყო ამ სახლის მშენებლობის პროექტი?
ხომ ცნობილია, რომ ვერემ იცის გაცოფება. დავიჯერო ექსტრემის მოყვარულებისთვის შენდება ეს საცხოვრებელი კორპუსი? თავის დროზე, როდესაც ყიფშიძის ქუჩაზე, ქვედა ნაწილში, ხეობის თავზე და ზოგადად ამ პერიმეტრზე მშენებლობების ბუმი დაიწყო, გეოლოგები, კონსტრუქტორები, არქიტექტორები და სხვები გამუდმებით ამბობდნენ, მეტიც, იხევეწებოდნენ, რომ არ შეიძლება ამ ხეობაში ასეთი მშენებლობები. მეტიც, საერთოდ მშენებლობა არ შეიძლებაო. ისმინა ვინმემ? ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან ვერეს ხეობაში გაქანებული მშენებლობების ნაყოფია მთელი ის დასახლებები, რომელიც მდინარის გასწვრივ მდებარეობს. ჩვენი წინაპარი ჭალაში სახლს არ აიშენებდა. მან სულ არ იცოდა გეოლოგია, თანაც იმ დონეზე, როგორც დღეს შეიძლება ტექნოლოგიური ხელსაწყოების დახმარებით იცოდე, მაგრამ ბუნების კანონების ესმოდა და გამოცდილების საფუძველზე სტრატეგიულ არჩევანს აკეთებდა. მე არ ვარ სპეციალისტი, ექსპერტი, რომელიც შეაფასებს მომხდარს და ზუსტად დაასკვნის მიზეზებს, რომელმაც ხელი შეუწყო ვერეს დამანგრეველი შედეგების გამძაფრებას, ან პირიქით, ხელი შეუშალა, რომ უარესი არ ჩაედინა. თუმცა, სტიქიის გადავლის შემდეგ აშკარად ჩანს როგორი ხარისხით არის ნაშენები ვერეს გზა, გვირაბები. მშენებლობის პერიოდში წინა ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტი ეჭვობდა, რომ მშენებლობაზე ცემენტის ნაცვლად პემზას იყენებდნენ. საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა. მშენებლობაში აშკარად ბეტონია გამოყენებული. ერთგან, გზის უზარმაზარი ნაწილია ჩაფშვნილი, შეჭმული, გვირაბიც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, თუმცა, ფაქტია, გვირაბებს რომ ვერ მოერია, ვერც შიგნით გაეტია და ვერც დაანგრია, წყლის, მიწის და ხის მასამ ზემოდან გადაიარა. იქ მდგომმა უცებ წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა, ვერე დაუბრკოლებად რომ წამოსულიყო, არსად არანაირი დასახლება არ შეხვედროდა, არსად არანაირი გვირაბი არ ყოფილიყო და ჰქონოდა დიდი, გაშლილი ფართობი... ადგილზე, სხვადასხვა სპეციალისტთან არაოფიციალურ საუბრებში მოვისმინე ორი ვარაუდი, შესაძლებელი იყო, დაუბრკოლებელ ფართობზე ინერცია დაეკარგა და მტკვარში ნაწილ-ნაწილ ჩასულიყო, ან დიდი სისწრაფით წამოსული პირდაპირ მტკვარში ჩასულიყო და იქ დაგუბებულიყო, რაც დედაქალაქს წარმოუდგენელ საფრთხეს შეუქმნიდა, ბევრად უარესს, ვიდრე მოხდაო.

ცნობილი სპეციალისტები და ექსპერტები ნაჩქარევ დასკვნებს ერიდებიან. ყველა მათგანი ამბობს, რომ აუცილებელია მომხდარის ზედმიწევნით შესწავლა, ყველა დეტალის გაანალიზება და სამომავლოდ ამის გათვალისწინებით მოქმედება. თუმცა, ასევე არაოფიციალურ საუბრებში იმასაც ამბობდნენ (გუშინ, ტრაგედიის ადგილზე გასაუბრებისას), რომ ყველა შემთხვევაში ქალაქს უნდა ჰქონოდა ვერესგან დამცავი საინჟინრო ნაგებობები. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მზიურის თუ არა, ზოოპარკის დაცვა. მეტიც, ზოოპარკი, რახან არ გადაიტანეს, საგანგებოდ დაცული უნდა ყოფილიყო, თანაც ისევე, როგორც ატომური სადგურიო. ვიღაცას ალბათ ასეთი მიდგომაც გადაჭარბებულად მოეჩვენება, მაგრამ ხომ ფაქტია, ეს სტიქიური შემოტევა რომ დღისით მომხდარიყო, როდესაც ზოოპარკი სავსე იქნებოდა ბავშვებით და ზოგადად დამთვალიერებლებით, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა და შედეგი კიდევ უფრო ამაზრზენი. ამასთან, ამ პირობებშიც კი, სტიქიური უბედურების შედეგად ზოოპარკში განსაცდელში მყოფი, დაუცველი ცხოველები ატომურ ბომბზე არანაკლებ საშიში აღმოჩნდა ზოგიერთი სპეცრაზმელისთვის და ქმნიდნენ თუ არა თავდასხმის საფრთხეს, მაინც დახოცეს ვეფხვები, ლომები, მგლები, აფთრები, ყველა მტაცებელი, რომელიც შველას ითხოვდა. არადა, სულ ცოტა იყო საკმარისი მათ გასაუვნებელყოფად, ესროდი დამაძინებელს, რომელიც თან ჰქონდათ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს და შემდეგ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანდი. სამწუხაროდ, როგორც თვითმხილველები ამბობენ და როგორც ფაქტები მოწმობს, ე.წ. სამართალდამცველებმა,

სპეცრაზმელებმა "საფარი ტური" მოიწყვეს და უმოწყალოდ ამოხოცეს მტაცებლები. ეს არის სამწუხარო ფაქტი. ერთია, როდესაც სტიქია კლავს ცხოველებს და სულ სხვა პრობლემაა, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დაეხმარო, უშველო, ხოცავ, სავარაუდოდ, აზარტში შესული. სხვანაირად გაუგებარია, რატომ არ დააცადეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს რეაგირება, რატომ ესროდნენ ტყვიას და არა დასაძინებელ ნემსებს მხეცებს. დაუნდობლად რატომ მოუღეს ბოლო თბილისის ზოოპარკის სიმბოლოს, თეთრი ლომის ბოკვერს, შუმბას, მაშინ როდესაც ადამიანების ხელში გაზრდილმა საბრალო ბოკვერმა ისიც კი არ იცოდა, რომ ლომი იყო. იზრდებოდა გულიკოს, ზოოპარკის დირექტორის ზურას და ვეტერინარების ხელში ძაღლთან, მის კბილა პუდელთან ერთად. იმ დროს კი, როდესაც მოკლეს, საცოდავად, შეშინებული შეყუჟული იყო, თავისავე ვოლიერთან, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ქვეშ. თავდასხმას ცდილობდა შუმბა? ბავშვებმაც კი იციან, რომ ის გარეგნულად იყო ლომი, თანაც ჯერ კიდევ ბოკვერი და ისიც იციან ბავშვებმა, რომ სტიქიური უბედურების დროს მტაცებლები არავის ესხმიან თავს, მით უფრო მაშველს.

ამ ცხოველებში უზარმაზარი ფული იყო გადახდილი, უზარმაზარი ხარჯები იყო გაწეული მათ მოსავლელად და ასე, ერთი ხელის მოსმით მათ ლიკვიდაციას მხოლოდ ბრიყვი თუ მოაწერდა ხელს. თუ ამ საკთხზე განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილს ვაყენებ უდროოდ და ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას და მათზე ნაკლებად შემტკივა გული. ზოოპარკის ამბავი განსაკუთრებულია, რადგან აქ გამოჩნდა როგორი ამაზრზენია, როდესაც სტიქიური უბედურების დროს მაშველის ნაცვლად მკვლელის ფუნქციას ირგებ. გუშინ ზოგიერთმა პოლიცელმა თანამშრომლების გამართლება სცადეს პირად საუბრებში და მიმტკიცებდნენ, როგორ უნდა ეშველათ, ან გვეშველა, თავს რომ დაგვსხმოდნენ, გაგიხარდებოდათო? ვეცადე ამეხსნა, რომ როდესაც ზოოპარკში სპეცრაზმს უშვებენ, ვიღაცამ უნდა მისცეს სამოქმედო ინსტრუქცია და არ გაეცათ ბრძანება ცხოველთა ხელაღებით ლიკვიდაციაზე. მაშინ ასეთ სასკალოს არ მივიღებდით. როდესაც კაცი იხრჩობა, ცურვა თუ არ იცის, ისიც საშიშია მაშველისთვის. შესაძლოა ისე მოეჭიდოს, ისე დაახტეს თავზე, რომ მხსნელიც ჩაძიროს და თვითონაც დაიღუპოს, ამიტომ მაშველი არ უნდა წავიდეს განწირული ადამიანის გადასარჩენად? ხომ ვიცით ამ დროს როგორ უნდა მივუდგეთ სიკვდილის პირას მყოფს, რომ ჩვენს გარჯას ნაყოფი ჰქონდეს? ასეა ნებისმიერი სამაშველო ოპერაციის დროს, მოქმედება წესების დაცვით მიმდინარეობს. ზოოპარკში ვისაც ამ წესების დაცვა შეეძლო, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს არ აცალეს. ის კი არა, ხმები დაყარეს, ზოოპარკის დირექტორმა მოგვცა ცხოველების ლიკვიდაციის უფლებაო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ზურა ძლივს, როდის, როდის გამოჩნდა, გვიან გამოიყვანეს სამშვიდობოს, მერე კიდევ, უმალ საკუთარ თავს გამოუტანდა განაჩენს, ვიდრე მხეცებს, რომელთაც ელოლიავებოდა და მათთან ვოლიერებში შედიოდა. მოვახერხე მეკითხა კიდეც ასეთი სავარაუდო თანხმობის შესახებ და სანამ პასუხს გამცემდა, შემრცხვა მისი გამომეტყველების გამო. თვალებში იმხელა ტკივილი ეწერა.

ხალხი, ყველა, ვინც ზოოპარკში ადამიანების ნამოქმედარმა შეძრა, ახლა საგანგებო პეტიციით მოითხოვს მომხდარის გამოძიებას, მსოფლიო კი გაოგნებულია იმით, რომ საქართველოში ერთი დიდი წვიმის დროს წყლის მოვარდნის შედეგად იღუპებიან ადამიანები და კლავენ სასწაულებრივად გადარჩენილ, იშვიათობად ქცეულ ცხოველებს.

ცნობისთვის, გუშინ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნიანგი დაიჭირეს. მართალია ერთს გაჰკრა კბილი და როგორც ბიჭებმა მითხრეს, გაკაწრა, მაგრამ ნიანგი ცოცხლად, დაძინების გარეშე დაიჭირეს და დახურულ სივრცეში გადაიყვანეს. ამით კიდევ ერთხელ მინდა იმის თქმა, რომ სადაც შველაა საჭირო, საქმე პროფესიონალმა მაშველებმა უნდა აკეთონ და არა ცხოველთა ფობიით დაავადებულმა ან აზარტით შეპყრობილმა სპეცრაზმელებმა.

ახლა ზოოპარკის მეოთხედიღაა დაუზიანებელი. ზედა მხარეს, ახალ ვოლიერში მშვიდობიანად ცხოვრობენ უიშვიათესი თეთრი ლომების კლეოპატრას და სემუელის ოჯახი, სამი ბოკვერით. მათ ვერ შეეხო სტიქია, თუმცა, გუშინ შევესწარი, ვოლიერის უკანა მხარეს, სავარაუდოდ, იმის, გამო, რომ ახლა კონტროლი შესუსტებულია, როგორ აღიზიანებდნენ უცნობი მამაკაცები სემუელს. მოვახერხე ზოგიერთი მათგანის ფოტოზე ასახვაც. სავარაუდოდ, ისინი იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთაც თავის დროზე, არაფხიზელთ სურდათ თეთრი ვეფხვების და ლომების ვოლიერებს თავზე მოქცეოდნენ და მტაცებლებისთვის დაეშარდათ. ასეთი საქციელი სავალალოდ დასრულდა და იქნებ შეეშვათ სრულიად მშვიდობიან სემუელს და ნუ აიძულებთ ოჯახის დაცვის მიზნით, ხელი ან თავი მოგაძროთ.

16 ივნისს, ანუ დღეისთვის იყო დაგეგმილი ახალ ვოლიერებში წითური ლომების, სიმბას და ნალას ოჯახის გადაყვანა. სამწუხაროდ, ხვადი და ძუ, სავარაუდოდ მათი სამი ბოკვერიც დახვრიტეს. სიმბასაც თავში ჰქონდა დახლილი ტყვია. დაკეტილ გალიაში გამოიხრჩო კიდევ სამი ლომი, გულიკოს ხელით გაზრდილი სამი ძუ. ასევე უიღბლო აღმოჩნდნენ და ახალ ვოლიერში გადასვლა ვერ მოასწრეს ვეფხვებმა, იაგუარებმა, დათუნია ბალუმ და მისმა მეწყვილემ, კიდევ უამრავმა ეგზოტიკურმა ფრინველმა და ნადირმა. გულიკოს საყვარელმა მაიმუნებმა, უძვირფასესმა ჰამადრილებმა...

მიჭირს რაიმეს თქმა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დაიღუპნენ, უკვე ნახეს, ან ჯერაც ეძებენ. ძნელია კრებსითად მოიხსენიო ისინი, რადგან, თითოეული მათგანის დაღუპვით ინდივიდუალური, რამდენიმე სამყარო, ფიქრი, ოცნება, მომავალი დაიღუპა. რა უნდა თქვა, როგორ უნდა ანუგეშო დაღუპულების ოჯახი, რა ამოავსებს იმ ტკივილს, რომელიც მათი მოულოდნელი, თავზარდამცემი წასვლის შედეგად გაჩნდა? ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ტრაგედიის ხელმშემწყობი ადამიანების გულგრილობა, დაუდევრობა აღმოჩნდეს და მავანთ სხვისი სიცოცხლის მოსპობის უმძიმესი ტვირთი აეკიდოთ. გამიჭირდება ოდესმე დავივიწყო სამაშველო ოპერაციებში მონაწილე ჩემი ძმის გაბზარული ხმა, ტელეფონში რომ მიამბობდა, ორსული ქალი ამოვიყვანეთ მიწიდან, გული გამისკდა, რატომ უნდა დაღუპულიყო ასე ნაადრევად, ასე ახალგაზრდა, რატომ არ უნდა ღირსებოდა დაბადება მის პატარა შვილსო?!

მინდა დავიჯერო, რომ ეს სტიქია მართლა ისეთი მოულოდნელი და წარმოუდგენელი მასშტაბის იყო, რომ შეუძლებელი იყო მისგან თავდასაცავი ზღუდეების აგება ან პრევენციის ზომების გატარება. გუშინ, ტრაგედიის ადგილზე შეხვედრისას მარტო, ყოველგვარი ამალის გარეშე, არამინისტრულ გარემოცვაში "მოხეტიალე" ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს გადავაწყდი. მითხრა, ახლა მთიდან მოვდივარ, მოწყვეტილი მთა ვნახეო. მისი თქმით, მეწყერის დიდი ნაწილი ჯერაც ჩამოსაცლელია. ამბობენ, ეს მთა მეწყერული არ იყოო, ამ ადგილზე არც ტყე გაუჩეხავს ვინმესო...

ამ წერილის დასასრულს, შემიძლია ვთქვა, რომ ტრაგედიამ დიდი და კარგი ამბავიც გამოაჩინა. იქ, მზიურში, ზოოპარკის ტერიტორიაზე ვნახე საოცარი ბავშვები. ასე ვუწოდებ მათ ასაკიდან გამომდინარე, თინეიჯერები მუშაობენ უზომო თავდადებით. ალბათ ნოდარ დუმბაძის სულიც ბედნიერი იქნებოდა მათი შემხედვარე, "ბავშვების ქალაქში" რომ ციმციმ დაარბენინებდნენ უზამრაზარ მორებს და მათ ქვეშ, სავარაუდოდ მისილულ ადამიანებს ეძებდნენ. ეს ხალხი, ნამდვილად მომავალი თაობაა და მათი შემხედვარე გამიჩნდა იმედი, მოდის ძალა, რომელიც არაფერს მოაწერს ხელს საიმისოდ, რომ ქალაქს, ქვეყანას, სოფელს, ქუჩას, ადამიანებს ავნონ. მოდის თაობა, რომელიც ზრუნავს და უფრო მეტად იზრუნებს, იმაზე, რასაც მათი ჰქვია. "მზიურში" და ზოოპარკში გუშინ ვნახე "ჩვენ", დაკარგული, გათითოკაცებული რომ მეგონა ჩვენს თაობაში, ჩვენს წინამორბედებში. ამ ბავშვებში "ჩვენ" ძლიერია და მჯერა, რომ ისინი რეალურად გააბრწყინებენ საქართველოს. მთავარია, ფსევდო პოლიტიკური მოტივებით ხელი არავინ შეუშალოს მათ კეთილ ფიქრებს, ზრახვებს, ქცევებს, გადაწყვეტილებებს, აცალონ ამ ბავშვებს ქვეყნის აშენება და მოვლა-პატრონობა.

გუშინ, თვალსაჩინო იყო, რომ ტრაგედიის ადგილზე თავდადებით მუშაობენ მხოლოდ ბავშები, სამოქალაქო პირები და მაშველები. იქ, ბევრ სხვასაც ნახავდით ფორმიანს, გაურკვეველი მიზნით და ფუნქციით რომ დგანან ან დახეტიალობენ, აცვიათ სპეციალური, სამსახურის წარწერით და ლოგითი დამშვენებული მაისურები და უმეტესად, უძრავად მდგომნი უფრო ზედამხედველებს და დამკვირვებლებს ჰგავდნენ, ვიდრე იმ ხალხს, ვინც უბედურების ზონაში მიიყვანა ტკივილმა და სურვილმა, ხელებდაკაპიწებულებს აღეკვეთათ ტრაგედიის კვალი.
ერთიც უნდა ვთქვა, დაქანცული მაშველები თინეიჯერებს უყურებდნენ ღიმილით და ამბობდნენ, ესენი რომ არ იყვნენ, ამ ზონიდან სულ ცოტა სამი თვე ვერ გავალთ, იმდენი საქმეაო. ეს ბავშვები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და ძალას გვმატებენო. მაშველი ძალა კი ძალიან სჭირდება ახლა თბილისს.

იხილეთ ფოტოგალერეა


გოჩა
19 ივნისი 2015 12:56
ნუ დაგავიწყდებათ , რომ ადამიანი ყველაზე დაუნდობელი მხეცია სამყაროში და რითი განსხვავდება ადამიანის მკვლელი საწყალი ბოკვერის მკვლელისგან ? არაფრით . ასეთს ხელი არ აუკანკალდება არც ადამიანისთვის ტყვიის დამიზნების დროსაც.
mari
17 ივნისი 2015 15:37
რეალობის შეგრძნება ნუ დაკარგეთ...ამდენი საუბარი "ცხოველების უფლებების დარღვევაზე", როცა ანგელოზივით გოგო-ბიჭები დაიღუპნენ. თუ ადამიანის სიცოცხლეს ეხება საფრთხე, ცხოველი კი არა ყველაფერი მატერიალური არაფერია. გარეული ნადირი კი არა ზოგჯერ შინაური ცხოველი, მზრუნველობით და ფერებით გაზრდილი, ასახიჩრებს ადამიანს. ექსტრემალურ სიტუაციაში ცხოველის კი არა ადამიანის ქმედებას ვერ განსაზღვრავ წინასწარ. ეკა ბრძანებს მიუშვით სპეციალისტებიო...აგერ ბურთი და აგერ მოედანი, წავიდნენ და მიხედონ...
.
17 ივნისი 2015 15:20
გმირი მაშველები სადისტებად გამოგყავს ეხლა რას იტყვი ვეფხვმა ადამოანი რომ დაგლიჯა...როგორ არ გესმით რომ ცხოველიები პანიკაში და მშივრები არიან მშველები კი სიცოცხლით რისკავენ გრცხვენოდეთ

რედაქტორის რჩევით