არ მინდა მსხვერპლი გავხდე - საზარელი ტერაქტების სერია საფრანგეთში
14-11-2015
არ მინდა მსხვერპლი გავხდე - საზარელი ტერაქტების სერია საფრანგეთში
თბილისის დროით ახლა ღამის 5 საათი და 25 წუთია. პარიზში კი სისხლის ღვრის და ტკივილის დრო დგას, რომელიც უსაშველოდ გაიწელა. ოთხი ტერორისტის ლიკვიდაციის შემდეგ შესაძლებელი გახდა ბატაკლანის 1500 კაციან საკონცერტო დარბაზში შეღწევა. სადაც, გავრცელებული ინფორმაცით, 100-მდე კაცი მძევლად ჰყავდათ. უმრავლესობა მოკლულია. საერთო ჯამში დაღუპულთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით 150 კაცამდე მერყეობსო?! (იხილეთ ფოტოგალერეა)
ახლა იგივეს ვგრძნობ, რასაც 13 ივნისის ღამით, როდესაც თბილისს ბუნება უტევდა და უდანაშაულოთა სიცოცხლეს სპობდა. წარმოუდგენელია არ გესმოდეს ტრაგედიის
მნიშვნელობა, რომელიც  მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და ულამაზეს ქალაქში ტრიალებს და აჩენს ამაზრზენ ეჭვს, რომ რაც ხდება, სამწუხაროდ ტერორისტების უკანასკნელი შემოტევა არ არის. 

(იხილეთ ასევე: "ეს სასაკლაო იყო" - ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთზე, პირველადი მონაცემებით, მოკლულია 140 - მდე ადამიანი)

შარლ ებდოს ტრაგედია დასაწყისი იყო? არა, დასაწყისი
ეს არის. ებდოს სამაგიერო გადაუხადეს კარიკატურებისთვის, ახლა პარიზში, როგორც ტერორისტების თავდასხმის წინა შეძახილებიდან ირკვევა, ხალხს სირიის გამო ხოცავენ.
ვიდრე "ისლამური სახელმწიფოს" კაციჭამია ტერორისტები ევროპის ყველა ქალაქსა და დედაქალაქში უპრობლემოდ დააბიჯებენ, დრო, რომელიც რამდენიმე საათის წინ დადგა პარიზში, კიდევ უფრო გაიწელება. თანაც არამხოლოდ პარიზში, ყველგან, სადაც "ისლამისტებს" ქრისტიანებისგან დახოცილი მათი მეომრების გამო სამაგიეროს გადახდა მოუნდებათ (ცოტა ხნის წინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა ანკარაშიც).

მოსალოდნელი სისხლისღვრის შესახებ მათ უკვე დიდი ხნის წინ გააფრთხილეს მსოფლიო. მხოლოდ შარლ ებდოს ტრაგედიიდან გამომდინარეც კი, უკვე გამოცდილი საფრანგეთი უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ყველა, სხვა, დანარჩენი ქვეყანა... ფხიზლობდნენ? იქნებ ქვეყნის და მით უფრო დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს არაბები რომ შეადგენენ, მათ შორის ტერორისტების ამოცნობა გაჭირდა? თუ ეს დაემართა ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთ დიდსა და ძლიერ სახელმწიფოს, რა ბედი ელის სხვებს?
ღმრთმა დაგვიფაროს და ხვალ, რომ ტერორის სამიზნე საქართველო გახდეს, რა გარანტია გვაქვს, რომ სპეცსამსახურები დროულად შეძლებენ ინფორმაციის მიღებას და პრევენციის გატარებას?
13 ივნისის ტრაგიკული ღამის და ტრაგედიის შემდგომ დღეებში განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართულ ხელისუფლებას ბუნებისგან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებაც კი არ შეეძლო ინფორმაციის დროულად მიღება და შესაბამისად სწრაფად რეაგირება. არც ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების და შედეგების სწრაფად ლიკვიდაცია არ შეეძლოთ. მეტიც, ისიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ წყალდიდობის შედეგად, სავარაუდოდ გაქცეული მტაცებლების კვალი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიებზე, იმ ტრაექტორიით მოეძებნათ, საითაც წყლის დინება იშლებოდა და მოსახლეობა გაბოროტებული მხეცებისგან მოსალოდნელი თავდასხმისგან გადაერჩინათ.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად წარმოუდგენელია ზუსტად როდის ამოხეთქავს ვულკანი, ან იძვრება მიწა, სპეციალური ტექნოლოგიური მეთოდებით რამდენიმე წუთით ადრე შეგიძლია შეიტყო რამდენ ხანში მოწყდება მეწყერი, მოვარდება წყალი და ა.შ. ეს ცოდნა იძლევა საფუძველს, რომ სტიქიას მომზადებული დახვდე და პრევენციაც უსაფრთხოდ და ეფექტურად განახორციელო. მეტიც, მიწისძვრისგან, ვულკანის და ცუნამისგან განსხვავებით, დროულად შეგიძლია ჩაატარო დაზვერვა და დროულად შეიტყო ადამიანებისგან რომელი მხრიდან გელის საფრთხე.  ამ საქმეს დიდებულად ართმევდა თავს თითქმის ათი საუკუნის წინ დაბადებული დავით აღმაშენებელი, რომელმაც მსტოვართა ისეთი ინსტიტუტი შექმნა, რომ ცოლი და ქმარიც კი ერთმანეთს აყურადებდნენ... ამ სპეციალური, საპოლიციო შენაერთის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დადგა დიდგორის ომის მოგების გეგმაც. მსტოვრებმა თურქ-სელჩუკთა იმ დროისთვის უძლეველად შერაცხული ლაშქრიდან გამოიტანეს ინფორმაცია.

მინდა დავიჯერო, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებამ, რაღა თქმა უნდა, უშიშროების, სპეციალური სამსახურების საშუალებით იცის რას აპირებს ჩვენი პოტენციური მტერი. ვიმედოვნებ, რომ საერთოდაც გარკვეული გვაქვს ვინ არის მტერი, რა უნდა ჩვენგან ან ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, რომ ნაკლები დანახარჯით მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. მოკლედ, მინდა, დავიჯერო, რომ საქართველო და თბილისი დაცულია და სულ არ უნდა მაშინებდეს ღამით ჩაბნელებული ზოგიერთი ქუჩა, ბაღები ან სკვერები, თუნდაც "მზიური", რომელიც ძირითადად მზის ან მთვარის სხივების ხარჯზე ნათდება...

დიახ, ვიმედოვნებ, რომ სულ არ უნდა მაშინებდეს საქართველოს გახსნილი საზღვრები სწორედ იმ ქვეყნებთან, საიდანაც ყველაზე დიდი შანსია ტურისტის საფარით ტერორისტი შემოვიდეს და თუ შემოვა, ჩანაფიქრის განხორციელება არ დასცალდეს.
ვიმედოვნებ, თქვენ, მანდ ყველაფერი გესმით, ყველაფერს ხედავთ და აკონტროლებთ და დამიცავთ ტერორისგან.
არ მინდა მსხვერპლი გავხდე.

პ.ს. ვეცადე, მომეძებნა სანუგეშო სიტყვები ფრანგების მიმართ. ეს თითქმის შეუძლებელია. ფრანგებში ვგულისხმობ ყველა იმ ერის და ეთნოსის წარმომადგენელს, რომელიც დიდი ხანია შეეფარა საფრანგეთს და თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ თვლის. ტრაგედიის ამსახველ კადრებში ჩანან არაბებიც, ფერადკანიანებიც, ადამიანები, რომელთაც მშვიდობიანად ცხოვრება სურთ და სულ არ უშლით ამაში ხელს, განსხვავებული რასა, კანის ფერი, ენა, თუ სქესი. რომ არა ფანატიკურად აღტყინებულ ტერორისტთა ხროვა, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
...
15 ნოემბერი 2015 15:04
ალაჰუ აკბარ
kaxi
14 ნოემბერი 2015 23:03
ესენი ხვალინდელ ამინდის პროგნოზს ვერ აკეთებენ წესიერათ და მოსალოდნელი ტერაქტებისაგან ჩვენ მოსახლეობას დაგვიცავენ? თუ დასჭირდებათ ტერორისტებს საქართველოში ტერაქტების მოწყობა ნამდვილათ არ გაუჭირდებათ. ისე იმედია ტერორისტებს საქართველოსთვის არ სცალიათ, მათ ჯერ ევროპა ჰყავთ ამოღებული მიზანში. მერე რუსეთს მიადგებიან. ასე რომ ბევრი ..საქმეები.. აქვთ და ჩვენთვის არ სცალიათ.
nika
14 ნოემბერი 2015 22:16
ძალიან ცუდია რაც მოხდა მაგრამ იმას კი არ უყურებენ რომ სირიაში ყოველდრიურად ხდება ასეთები და ასობით ბავშვი იღუპება ამერიკა არის ყველაფრის სულის ჩამდგმელი

რედაქტორის რჩევით