მამაჩემი მოკლეს!
მამაჩემი მოკლეს!
მამაჩემზე ასე არც გიამბობდით, რომ არა გუშინდელი, მნიშვნელოვანი ფაქტი.

ზუსტად 20 წლის წინ, 19 აპრილს მამაჩემი მოკლეს. ამ ამბავს ვერც სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოების ოქმებში ნახავთ და არც სამედიცინო დასკვნა არსებობს, სადაც მკვლელობის ფაქტი დასტურდება, მაგრამ დიაგნოზი, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების მიზეზი გახდა, აბსოლუტურ უფლებას მაძლევს ვთქვა, რომ ის მოკლეს! მამას ფილტვები ჩაეკეტა, ის თამბაქოს ინდუსტრიამ იმსხვერპლა.

სიცოცხლის ბოლო წლებში, გასული საუკუნის, ქაოტური 90-იანების პერიოდში, მამა განსაკუთრებით ბევრ სიგარეტს ეწეოდა. ამბობდა, რომ ასე
You must have Flash Player installed in order to see this player.
იმშვიდებდა ნერვებს. ფილტვის პირველი შეტევის შემდეგ ექიმმა გააფრთხილა, რომ თამბაქო მიეტოვებინა. ვიცი, მკლავს, მაგრამ თავს ვერ ვანებებ, თქვა მამამ.

გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე, ერთ დღესაც, სიგარეტის კოლოფიდან, ხუთწუთიანი ინტერვალის შემდეგ ახალი ღერი რომ ამოიღო და მოუკიდა, სახეზე რაღაცნაირი, მძიმე ფერი დაკრავდა. ვთხოვე, შენ ხომ ყოველთვის ყველაფერს მისრულებდი, იქნებ ეს თხოვნაც გაითვალისწინო, ნუ მოწევ-მეთქი. ჩააქრო. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, კვლავ აივანზე იდგა და ეწეოდა.

56 წლის ასაკში წავიდა და ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. გონს მოსულმა გავათვითცნობიერე, რომ თუ მანამდე თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმი უბრალოდ
მძულდა, იმ დღიდან გადავწყვიტე, მებრძოლა და რაღაც გამეკეთებინა იმისათვის, რომ საშინელ სენს, მწეველობას, რომლისგანაც სამწუხაროდ, დიდი სურვილის მიუხედავად, ძალიან ცოტა ახერხებს განკურნებას, ადამიანები ნაადრევად აღარ ემსხვერპლა. მამაჩემს სურდა თავი დაენებებინა
მოწევისთვის, ვერ შეძლო. ეწევა ჩემი ძმა, რომელმაც რამდენჯერმე სცადა თამბაქოს გადაგდგება, მაგრამ როგორც კი მწეველების გარემოში სუფრასთან მოხვდა, ალკოჰოლის მცირე დოზის მიღებისთანავე თავიდან გაუჩნდა გაბოლების სურვილი და ამ ვერაგ ნარკოტიკთან ბრძოლა დღემდე ამაოდ გრძელდება.

მამაჩემზე ასე არც გიამბობდით, რომ არა გუშინდელი, მნიშვნელოვანი ფაქტი. პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში, მეორე სასესიო მოსმენის წინ პარლამენტარებმა, არასამთავრობო სექტორმა, ჯანდაცვის სფეროს და ბიზნესის წარმომადგენლებმა განიხილეს მთავრობის შენიშვნები თამბაქოს კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტებზე.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად,
უნდა აიკრძალოს მოწევა ნებისმიერ დახურულ სივრცეში გარდა საპატიმროებისა და კერძო ბინებისა, ასევე უნდა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის რეკლამა და პროპაგანდა, სიგარეტის კოლოფებზე კი, გაჩნდეს იმ დაავადებების ამსახველი ფოტოები, რომელთაც თამბაქოს მოხმარება იწვევს.

ვიდრე მთავრობის შენიშვნებს გავეცნობოდი, გამოგიტყდებით და გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მოქალაქეების, ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესების დაცვაზე იქნებოდა გათვლილი. ამაოდ, მთავრობა მოთქვამს, თამბაქოსგან ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა კარგია, რეგულაციები მისაღებია, მაგრამ ისე არა, რომ ბიზნესი, ანუ თამბაქოს ინდუსტრია დაზარალდესო. მეტიც, თურმე ჯანდაცვის საკითხების განხილვისას, ამ სიკვდილის ბიზნესის წარმომადგენლებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას, რომ სადმე ისეთი რეგულაცია არ გაეპაროთ, მერე მათი შემოსავლები თუნდაც 0,0000001 %-ით რომ შეამციროს.

უცნაურია, როდესაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს ბიზნესისგან მიღებულ შემოსავლებს მნიშვნელოვნად აღემატება ზარალი, რომელსაც თამბაქოს პროდუქციის მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების პრევენცია იწვევს, როგორ შეიძლება იზრუნო უპირველესად ბიზნესის ინტერესებზე და თქვა, რომ თუ ადამიანები უფრო ნაკლებს მოწევენ, ნაკლები თამბაქო გაიყიდება, შესაბამისად კი უფრო ნაკლები შემოსავლები ექნება "პაპიროსის" მწარმოებლებსა და იმპორტიორებს და შესაბამისად უფრო ნაკლებ ხალხს დაასაქმებენ მის რეალიზაციაზეო.

ყოველწლიურად საქართველოში 11 ათასი ადამიანი ეწირება მწეველობის გამო გაჩენილ დაავადებებს, მათგან 3000-მდე ადამიანი იმის გამო ავადდება, რომ მწეველთა გარემოცვაში უწევს ყოფნა და ბოლის იძულებით ყლაპვა. ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეულ დაავადებებზე მილიარდ ლარამდე იხარჯება, მათგან 200 მლნ ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დანარჩენი კი ადამიანების, დასნებოვნებულთა ან მათი ოჯახის წევრების ჯიბეებიდან მიაქვს ქარს. თამბაქოს მოხმარების შედეგად ძირითადად ისეთი დაავადებები ჩნდება, რომელთაც მხოლოდ რამდენიმე თვით თუ შეანელებ, ან სამუდამოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონედ დარჩები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღსანიშნავია ბიუჯეტში თამბაქოს ინდუსტრიის შენატანი, რომელიც მთლიანი შიდა შენატანის 7 %-მდეა, ანუ დაახლოებით 700 000 000 ლარია. ეს თანხაც დიდი ჭიდაობის შედეგად, აქციზის მომატების შემდეგ გაიზარდა.  მთელი რიგი გათვლები აჩვენებს, რომ თამბაქოს კონტროლის გაძლიერების შედეგად მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდება მწეველთა რაოდენობა, ისიც 2-3 წლის შემდეგ. არადა, თურმე მთავრობა შიშობს, რომ რეგულაციების შემოღებისთანავე მწეველთა რაოდენობა 10%-ით შემცირდებაო. სამწუხაროდ, მათი შიში არარეალურია.

ნეტავ მთავრობა ოდესმე თუ დაფიქრებულა, სად წავა ფული, რომელსაც ადამიანები თამბაქოს გამო ცეცხლში აღარ გადაყრიან? ვითომ დახევენ, დაწვავენ, ან წყალში გადაყრიან?

ან როგორ შეიძლება სამუშაო ადგილების ქონა-არქონა მხოლოდ მკვლელი ბიზნესის განვითარებისთვის ხელშეწყობით განისაზღვრებოდეს?

შემცირდება თამბაქოზე მოთხოვნა? შემცირდება თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებისთვის საჭირო ხარჯები, მთვარობამ კი ნება იბოძოს და ჯანსაღი მიმართულებების მქონე ბიზნესის განვითარებას შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ არიან ისინი დაქირავებული, სწორედ ამიტომ იღებენ ხელფასებს და კეთილდღეობას ჩვენი გადასახადებიდან და არა იმიტომ, რომ მკვლელი ბიზნესის მხარდაჭერით და ხელშეწყობით მოითბონ ხელი, რისი აშკარა ნიშნებიც ჩანს, როდესაც თამბაქოს ინდუსტრიის ღიად გაცხადებული მოთხოვნები და მთავრობის შენიშვნები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.

საერთოდაც, რა ხელშეწყობა კი უნდა თამბაქოს ინდუსტრიას?! ხომ ფაქტია, რომ ამ საშინელ ნარკოტიკს იოლად ეტანება ადამიანთა დიდი ნაწილი, რადგან როგორც საცთური, ყოველ ნაბიჯზე თვალში ეჩხირებათ, უზარმაზარ სარეკლამო ბილბორდებზე, სავაჭრო დახლებზე, თაროებზე, ლაითბოქსებში, სკოლების წინ (რაც კანონით იკრძალება).

ყოველივე ამის შედეგად მწეველთა ასაკი ძალიან გაახალგაზრდავდა, რაც იმის საშიშროებას ქმნის, რომ ადამიანები უფრო ადრეულ ასაკში დაიღუპებიან, ვიდრე 20 წლის წინ, 56 წლის ასაკში გარდაცვლილი მამაჩემი. მერე რა, რომ ამ სიკვდილით თამბაქოს ბიზნესი მოგებას ნახავს? ან იქნებ სალაპარაკო რა არის, როდესაც ადამიანები საკუთარი ნებით იწყებენ მოწევას?
მკითხველის კომენტარი (11)
გოგა
21 აპრილი 2017 17:16
ესე იგი მეცნიერებმა დაადგინეს რომ სიგარეტის მოწევის ჟინს ტკბილეულის ჭამა ანეიტრალებს ეგეც ცალკე დამოკიდებულებაა მაგრამ სიგარეტს ჯობია ,ამასთანავე ყველაზე დიდი რაოდენობით საქაროზას შეიცავს ყველაზე მწარე წიწაკა ..... მე ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ წიწაკის მწნილი გემოთი წააგავს სიგარეტს !
თამარი
21 აპრილი 2017 14:39
მეც თამბაქომ მომიკლა 43 წლის მამა. სიკვდილის წინ ბიცოლაჩემი ეკითხებოდა -კიდევ მოწევ სიგარეტსო? - ოღონდ ახლა გადამარჩინეთ და მეტს არ მოვწევო. სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ. ვემხრობი ამ აკრძალვებს.
დეა
21 აპრილი 2017 14:34
ეს პრობლემას ვერ გადაჭრის, უნდა შეიქმნას არამავნე სიგარეტი. ქიმიკოსებო, ნიჭიერო ახალგაზრდებო ჩაუჯექით და გამოიგონეთ რაიმე საიმედო. თქვენ მილიარდებს გადაარჩენთ და მილიარდერი იქნებით!
1
21 აპრილი 2017 14:31
პირველი, რაც შეეხება მამათქვენს - ის კი არ მოკლეს, საკუთარი ნებით მოიკლა თავი!
მეორე, რაც შეეხება კანონს - აუცილებლად უნდა აიკრძალოს თანბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში, ან გამოიყოს ცალკე ოთახი მათთვის. რა დავაშავე მე, არამწეველმა, რატო უნდა ვყლაპო ეს საზიზღარი სუნი,თუ უბრალოდ ყავის დასალევად შევედი სადმე? მოსაშვილზე არის ასეთი რესტორანი დაუნთაუნი, სადაც ერთ დარბაზში, ერთ მაგიდასთან შეიძლება მოწევა, მეორესთან არა - ასეთ დიფერენციაციას აქვ აზრი?ითვლება დაყოფად?! მოწიეთ მაგრამ ჩვენგან შორს, მოიკალით თავი როგორც ეკა ლომიძის მამამ მოიკლა, მაგრამ მე ნუ მომკლავთ, მე არ მინდა სიკვდილი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები