არ იმკურნალა და ცოლ-შვილიც დაღუპა - კვირის პალიტრა

არ იმკურნალა და ცოლ-შვილიც დაღუპა

ბოლო ხანს, ხშირად ტუბერკულოზის თემაზე მუშაობა მიწევს. ამიტომაც მინდა არ მინდა, ყური და თვალი ამ დაავადების მიმართულებით გამირბის. დღესაც, სკვერში, მეგობრის მოლოდინში ერთი შემაშფოთებელი ამბავი ჩემდა უნებლიედ მოვისმინე.

ორი, 40 წელს მიტანებული მამაკაცი ვინმე გოგიზე ლაპარაკობდა, რომელსაც თურმე ტუბერკულოზი აქვს. ალბათ სჯობს, დიალოგი საუბრის ტექსტთან მიახლოებულად გადმოგცეთ, რომ უკეთ მიხვდეთ რა ხდება, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი მკურნალობას ბოლომდე არ მიიყვანს.

- გოგის ამბავი იცი ხო?

- რა მოხდა?

- კვდება ბიჭო. არადა, რა კარგად იყო, უხაროდა, დავამარცხე ეს შავბნელი სენიო.

- ტუბერკულოზი აქვს მაგას ხო?

- ხო. ბოლომდე არ მიუყვანია მკურნალობა. თურმე ეგ მაგარი საშიში რამე ყოფილა. თუ მკურნალობას წყვეტ, დაავადება წამლის მიმართ რაღაც დამცავს გამოიმუშავებს, ზემდგრადი ხდება და ეს შენი წამლები მერე ფეხებსაც ვერ ჭამს. ხოდა, შესაძლოა მკურნალობის თავიდან დაწყების შემთხვევაშიც ვეღარ გიშველოს ვერაფერმა.

- განაგრძო მკურნალობა?

- ხო, მაგრამ როგორც ჩანს, მაგის დაავადება ძალიან ზემდგრადი გახდა მედიკამენტების მიმართ. იცი კიდევ ცუდი რა არის? მთელი ოჯახი დაასნებოვნა. ხომ იცი, ხუთი შვილი ჰყავს, ცოლი. საწყლები, ყველას ტუბი აქვს, თან ჩვეულებრივი კი არა, აი, წამლის მიმართ ზემდგრადი რომ არის და ახლა ისინიც ძალიან ცუდ დღეში არიან. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ცოლ-შვილს უშველიან, მაგრამ საწყალ გოგიას შეიძლება არაფერი ეშველოსო.

პ.ს. სამწუხაროდ, ასეთი ამბები იშვიათი არ ყოფილა. სპეციალისტები ამბობენ, რომ არცთუ ცოტა პაციენტს უჭირს მკურნალობის ბოლომდე მიყვანა. მედიკამენტები რთულ გვერდით ეფექტებს იწვევს, ასოციალური ხდები, ზოგჯერ ჰალუცინაციები გაქვს, ყველაფერი გიჭირს, გტკივა, გძულს... ვერ მუშაობ, ადამიანებთან ვერ ურთიერთობ. იოლი არ არის ამის გადატანა, მაგრამ თუ ვერ გაუძელი, ბოლო შესაძლოა სიკვდილი იყოს, მეტიც, უკვე მომაკვდინებელი სენით შესაძლოა ახლობლებიც კი დაავადო.

ხოდა, ნუ გახდით ტუბერკულოზს მომაკვდინებელს. ექიმები, სპეციალისტები, ყოფილი პაციენტები ყველა მზად არის დაგეხმაროთ და ნუ იტყვით სიცოცხლისთვის ბრძოლაზე უარს. ნუ დაიჯერებთ, რომ კარგად ხართ, ვიდრე ექიმი არ გეტყვით ამას და თქვენი ანალიზები არ დაადასტურებს, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს აღარ უქმნით საფრთხეს და სხვას ყველას კიდევ. გვახსოვდეს, რომ პაციენტი, რომელიც მკურნალობს, საშიში არ არის. ამიტომაც, თუ გაიგებთ, რომ თქვენს ირგვლივ ვიღაცას ეს სენი შეეყარა, გაამხნევეთ, მიეცით მას ძალა, რომ ბოლომდე შეძლოს ბრძოლა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს