ნუ ენდობით ტუბერკულოზის დასადგენ სწრაფ ტესტს
28-02-2018
ნუ ენდობით ტუბერკულოზის დასადგენ სწრაფ ტესტს
რამდენიმე თვეა ტუბერკულოზის საკომუნიკაციო პროგრამაზე მუშაობა მიწევს და ამ ვერაგი დაავადების შესახებ მიღებული ინფორმაციები მისი გამომწვევი რისკ-ფაქტორების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისკენ მიბიძგებს. ამიტომაც, ნებსით და უნებლიეთ თვალში და ყურში მხვდება ტუბერკულოზთან დაკავშირებული პრობლემები.
დაახლოებით თვენახევრის წინ, მეგობარს, რომელსაც გრიპის ვირუსული ინფექციის შედეგები საეჭვოდ გაუხანგრძლივდა, შევთავაზე, დაზღვევის მიზნით იქნებ თავი ტუბერკულოზზეც გამოგეკვლია-მეთქი. გამოკვლევას არჩია, ქვა აეგდო და თავი მისთვის შეეშვირა. ამ დაავადების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვს, ჰგონია, რომ ე.წ. ღარიბების დაავადებაა და მხოლოდ
სოციალურად დაბალი ფენის, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანების ემართება, ამიტომაც გაოცებულმა მკითხა, რამ გაფიქრებინა, რომ შესაძლოა ტუბერკულოზი მჭირდეს, სამაგისო მდგომარეობა მე ხომ არ მაქვსო. არადა, ეს დაავადება არც არასდროს ყოფილა მხოლოდ ღარიბების სატკივარი. საუკუნეების მანძილზე, სოციალური მდგომარეობის მიუხედავად არავის არ ინდობდა და ბევრი მეფე და
დიდგვაროვანი შეწირვია, მათ შორის, ეგვიპტის ფარაონების ოჯახის წევრებიც კი.
მოკლედ, ეს ჩემი მეგობარი, ისე, რომ, არც ოჯახში უთქვამს და არც სამეგობროში, ერთ-ერთ პოლიკლინიკაში, სადაც დაზღვევის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებას იღებს, მისულა და უთხოვია, ტუბერკულოზზე გამოკვლევის ჩატარება მინდაო. პაციენტს ე.წ. სწრაფი ტესტით მომსახურება შესთავაზეს, სისხლის ანალიზი აუღეს და უმოკლეს დროში გამოუცხადეს, რომ ტუბერკულოზი არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩემი მეგობარი რამდენიმე დღის წინ, ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში, სტაციონარულ განყოფილებაში უმძიმესი მდგომარეობით მოხვდა. სამწუხაროდ, ის სწორედ ტუბერკულოზით აღმოჩნდა დაავადებული. საქმე იმაშია, რომ ტუბერკულოზის ე.წ. სწრაფი ტესტი რომელიც სინამდვილეშიც არსებობს, არ მიესადაგება იმას, რაც შესაძლოა ნებისმიერ პოლიკლინიკაში შემოგთავაზონ. შესაბამისად, თითქოს თითქოს უმოკლეს ვადაში გიდგენენ, რომ სენი არ გჭირთ, არადა, ამ ტიპის სამედიცინო დასკვნა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, დაიმედებულმა, რომ სენი არ გჭირთ, შესაძლოა მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებამდეც კი არ იფიქროთ სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევის მიღებაზე.
ალბათ ამ თემაზე სერიოზული მოკვლევა ჩატარდება და დეტალურად დადგინდება, რიგ სამედიცინო დაწესებულებებში რა ტესტით და რატომ შეჰყავთ პაციენტები შეცდომაში. მანამდე კი, ჩემი მეგობრის ბედი რომ არ გაიზიაროთ, გთხოვთ, თუ გრიპის შემდგომი მდგომარეობა საეჭვოდ გაგიხანგრძლივდათ, ან სულაც, გრიპის გარეშეც საეჭვოდ გახველებთ, ნუ დაელოდებით მდგომარეობის ისე გამწვავებას, რომ ნახველს სისხლი ამოჰყვეს და შიშმა სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევებისკენ გიბიძგოთ. ტუბერკულოზზე გამოკვლევაც და მკურნალობაც უფასოა. სახელმწიფოს ამ მიმართუელბით იმდენად გამართული სისტემა აქვს, რომ პაციენტებს, ოღონდ ტუბერკულოზის სპეციალიზირებულ დაწესებულებებში სამკურნალოდ იარონ, არათუ უფასო წამალს, გზის ფულსაც კი აძლევენ. გამოიყენეთ ეს სიკეთე და მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ნუ იფიქრებთ, რომ ტუბერკულოზზე კვლევის ჩატარება სამარცხვინოა და თუ დაავადება აღმოგაჩნდებათ, საზოგადოებისგან უნდა გაირიყოთ. პაციენტი, რომელიც მკურნალობს, საზოგადოებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ტუბერკულოზი არ არის ე.წ. ღარიბების დაავადება, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეეყაროს ჰაერის გზით, რადგან ძირითადად უჰაერო ან დაბინძურებულ გარემოში მოძრაობა გვიწევს, სადაც ტუბერკულოზის ჩხირების გასამრავლებლად იდეალური გარემოა. ნუ დაელოდებით საშიშ სიგნალს ორგანიზმიდან და ნუ ეცდებით სამედიცინო გამოკვლევას ტუბერკულოზზე არასპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებბულებებში. ნუ შეაგდებთ საკთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სასწორზე.


რედაქტორის რჩევით